ინტერვიუ i24NEWS en Français-თან
მოგესალმებით გადაცემაში «Malard en Liberté». დღეს საღამოს ვესაუბრები სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს პრეზიდენტს. ელენ კორბიეს მიერ მომზადებული მისი (ს.ზ-ს) პორტრეტი.
ყოფილი ფრანგი დიპლომატი საქართველოს სათავეში, სალომე ზურაბიშვილის არაჩვეულებრივი ისტორია. დაიბადა 1952 წელს პარიზში, ქართულ დიასპორაში ძალიან გავლენიანი ემიგრანტების ოჯახში. ზურაბიშვილებს თავიანთი ადგილი აქვთ ინტელექტუალების, ეკონომისტების და პოლიტიკოსებს რიგებში. ეს უკანასკნელი სფერო იპყრობს სალომე ზურაბიშვილის ყურადღებას. 1972 წელს ის ამთავრებს პარიზის პოლიტიკური მეცნიერებების ინსტიტუტს. საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტი მას დიპლომატიის კარს უღებს. ის იკავებს თანამდებობებს სხვადასხვა საელჩოებში და ვაშინგტონში პირველი მდივნის პოზიციაზე ყოფნის დროს, ის პირველად ჩადის საქართველოში 1986 წელს. 90-იანი წლების დასაწყისში სალომე ზურაბიშვილი არის ბრიუსელში, საფრანგეთის წარმომადგენელი ნატოში, შემდეგ კი, დასავლეთ ევროკავშირის. 1996 წელს ის საგარეო საქმეთა სამინისტროში გადადის, სადაც სხვადასხვა პოზიციებს იკავებს, და 2001 წელს უერთდება პრემიერ-მინისტრის ბიუროს და ხელმძღვანელობს საერთაშორისო საკითხებს. 2003 წელი გადამწყვეტია დიპლომატის ცხოვრებაში. საქართველო პოლიტიკური არეულობის პერიოდშია, ხდება ეგრედ წოდებული «ვარდების რევოლუცია». პრეზიდენტი ჟაკ შირაკი მას საფრანგეთის ელჩად ნიშნავს თბილისში. ამ პოზიციაზე ის 1 წელი რჩება, სანამ გახდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. მოქმედ პრეზიდენტთან ურთიერთობა იძაბება, სალომე ზურაბიშვილს ათავისუფლებენ დაკავებული პოზიციიდან 2 წლის შემდეგ. ამის შემდეგ ის ოპოზიციის დეპუტატი ხდება და შემდეგ კი, რამდენიმე წლით ტოვებს საქართველოს და მუშაობს ნატოში. 2015 წელს ხდება მისი « დიდი დაბრუნება », მას ირჩევენ პარლამენტში. ის უარს ამბობს საფრანგეთის მოქალაქეობაზე და ებმება საპრეზიდენტო რბოლაში. არჩევნებს იგებს 2018 წელს და ხდება საქართველოს პირველი პრეზიდენტი ქალი. მას შემდეგ სალომე ზურაბიშვილს მოღვაწეობა მიმართულია მისი ქვეყნის დასავლეთთან, კერძოდ კი, ევროკავშირსა და ნატოსთან მიახლოვებისკენ.
ქალბატონო პრეზიდენტო, კონფლიქტი უკრაინასა და რუსეთს შორის 16 თვეა გრძელდება. როგორ ხედავთ თქვენ კონფლიქტის გაგრძელებას, თვლით რომ შეიძლება იყოს სამშვიდობო შეთანხმება, როდესაც ვხედავთ ვლადიმერ პუტინის და ვოლოდიმირ ზელენსკის ბოლომდე მიყოლის მზაობას, ისინი არ მიდიან არანაირ ტერიტორიულ დათმობაზე.
კარგად არ მესმის თქვენი შეკითხვა. ვერ ვხვდები, რატომ უნდა წავიდეს ზელენსკი ტერიტორიულ დათმობაზე მის საკუთარ ტერიტორიაზე. მეორე მხრივ, რუსეთი, რომელმაც დაიწყო ომი, აგრესია, რომელიც ფიქრობდა, რომ რამდენიმე დღეში სრულიად გაანადგურებდა უკრაინის მთავრობას, ამბობდნენ რომ მოახდენდნენ უკრაინის დენაციფიკაციას, განადგურებას, არაფერზე დაიხევდნენ უკან, ფაქტია, რომ (რუსეთი) აგებს ამ ომს მრავალი თვალსაზრისით. საქმე არ ეხება ტერიტორიების დათმობას, არამედ მეზობლის ტერიტორიების ოკუპირების მცდელობის შეჩერებას. ეს ეხება უკრაინას, და ასევე, გვეხება ჩვენ.
ვუბრუნდები ამ შეკითხვას, რომელსაც ნაწილობრივ გაეცით პასუხი; მიგაჩნიათ რომ ვლადიმერ პუტინმა უკვე წააგო ომი, რომელიც « ბლიცკრიგი », ელვისებური წარმოედგინა ?
დიახ. იყოს სხვადასხვა სტრატეგიები, პირველი - კიევის ხუთ დღეში აღება, მთავრობის საზღვარგარეთ გაქცევა, შემდეგ იყო სამოქალაქო მოსახლეობის დაბომბვა მათი დემორალიზების მიზნით. მე სულ ვამბობ, რომ მან კაგებეს ომი აწარმოა, არა სამხედრო ომი. მან (პუტინმა) არ მისცა მის სამხედროებს სტრატეგიის შემუშავების საშუალება, აქედან გამომდინარე, ის სამხედრო ხელმძღვანელობას ხშირად ცვლიდა, უკეთესი შედეგის მიღების გარეშე. საბოლოოდ მას სამხედრო მეთაურად შერჩა ბანდიტი, რომელსაც სხვა ბანდიტები ჰყავს დაქვემდებარებაში - პრიგოჟინი, « ვაგნერი », რომელიც მსოფლიოს სხვა ლოკაციებზეც ვნახეთ, რომელსაც ასევე არ აქვს უკეთესი შედეგი. ამ ომმა ვერ მიაღწია ვერც სამხედრო და ვერც პოლიტიკურ შედეგებს და მსოფლიოს დანარჩენმა ნაწილმა და ზელენსკიმ, უპირველეს ყოვლისა, აწარმოა ფანტასტიური კამპანია, რომელმაც საშუალება მისცა მას, გაეკეთებინა ისეთი მხარდაჭერის მობილიზება, როგორსაც ვერავინ წარმოიდგენდა. ჩვენთვის რომ ეკითხათ, წელიწადნახევრის წინ, რა სამხედრო მხარდაჭერას მიიღებდა ზელენსკი დასავლეთის მხრიდან, ვერცერთი ჩვენგანი ვერ იტყოდა იმას, რაც დღეს ხდება; ფინანსური, სამხედრო მხარდაჭერა, ევროპული სამყარო არ დაიყო, შვედები და ფინელები ნატოში გაწევრიანდნენ, ნატოს ახალი ენერგია შეემატა. ეს ყველაფერი რუსეთის, პუტინის მრავალრიცხოვანი მარცხია. არავინ იცის, როგორ დასრულდება ეს ყველაფერი პუტინისთვის, რუსეთის შიგნით, მაგრამ მისთვის ომი უკვე დასრულებულია.
მიიჩნევთ, რომ... ვხედავთ, რომ ვლადიმერ პუტინმა გადაიტანა ატომური იარაღი ბელორუსიაში, ნატოს საზღვრებთან. ეს, თქვენის აზრით დაშინებაა თუ მას შეუძლია გამოიყენოს ატომური იარაღი ?
ყოველთვის ძალიან რთულია თქვა, როდესაც ატომურ იარაღს ეხება, თქვენ ეს ძალიან კარგად იცით. ის განაგრძობს ფსიქოლოგიურ ომს, ის ისევ კაგებეს აგენტია, რომელიც ფსიქოლოგიურ ზეგავლენის მოხდენას ცდილობს. ეს (ატომური იარაღი) უპირველეს ყოვლისა, ფსიქოლოგიური იარაღია. როდესაც საკითხი ატომურ იარაღს ეხება, არასდროს ვთქვათ აღარასდროს, ფრთხილად უნდა ვისაუბროთ, მაგრამ იარაღის ბელორუსიაში გადატანა, ამ საქმის მთელი ეს ანტურაჟი და გარემოება, ანონსი.... როდესაც არის ატომური იარაღის გამოყენების სურვილი, წინასწარ არ არის საჭირო განცხადებების გაკეთება. ამიტომ, ეს უფრო ფსიქოლოგიურია.
ატომური იარაღი, როგორც ამბობდნენ გარკვეული რაოდენობის დიპლომატები, ატომური იარაღის გამოყენება მიგვიყვანს, როგორც ცოტა ხნის წინ მეუბნებოდა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სამყაროს დასასრულამდე.
არა, რადგან თუ რუსები შეეცდებოდნენ ტაქტიკური ატომური იარაღის გამოყენებას, სწორედ ის გადაიტანეს (ბელორუსში), ბევრი არაფერი დარჩებოდა რუსეთისგან, როდესაც ამას მოჰყვებოდა პასუხი ამერიკის მხრიდან, და ამას მოჰყვება პასუხი ამერიკის მხრიდან. ვლადიმერი ცეცხლს ეთამაშება, რომელსაც ვერ მართავს, ისევე, როგორც ვერ წარმართა სამხედრო ომი, ასევე ვერ მართავს ატომურ ომს. მას არ აქვს უპირატესობა და სჯობს არც სცადოს.
ქალბატონო პრეზიდენტო, თვლით, რომ ვლადიმერ პუტინი კვლავ შეპყრობილია ყოფილი საბჭოთა იმპერიის გაცოცხლების იდეით ?
უკეთესი იქნებოდა საკუთარი თავის გაცოცხლების იდეით იყოს შეპყრობილი, რადგან ის ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ყოფილი საბჭოთა იმპერია აღარ არსებობს და რასდროს იარსებებს. პირიქით, მე ვთქვი, რომ ვფიქრობ, ეს ომი დასრულდება სამშვიდობო მოლაპარაკებებით, რომლის თანახმად რუსეთი იძულებული გახდება უარი თქვას ტერიტორიებზე, რომლებსაც იკავებს და აღიაროს, რომ რუსეთისთვის არსებობს საზღვრები, ისევე როგორც მთელი დანარჩენი სამყაროსთვის, საზღვრები, რომლის შესახებაც ვერასოდეს გაიგო და არასოდეს იცოდა. არცერთმა რუსმა არ იცის ის, რაც ჩვენ ყველამ ვიცით - საკუთარი ქვეყნის საზღვრების გავლება ფანქრით. ჰკითხეთ რუსს და ნახავთ.
1991 წლის საზღვრები...
სთხოვეთ მათ (რუსებს) რომ გაავლონ რუსეთის საზღვრები.
(იცინის)… ფიქრობთ რომ ეს კაგებეს ამ პერსონაჟს, მართალი ხართ, რომ ახსენეთ ეს, შეუძლია რომ გაკვეთილები გამოიტანოს მისი სტრატეგიის აშკარა წარუმატებლობისგან, როგორც ეს დღესდღეობით ჩანს ?
არა მგონია. ის, ვისაც გაკვეთილები გამოაქვს, არიან სავარაუდოდ, რუსი სამხედროები, უპირველეს ყოვლისა, რომლებიც გაოგნებულები უნდა იყვნენ, რადგან ეს დიდი არმია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაუმარცხებლად იყო მიჩნეული, მან (პუტინმა) ის მსოფლიოს წინაშე წარმოაჩინა როგორც ფეხსაცმელებისა და საკვების გარეშე დარჩენილი არმია, რომელსაც პრიგოჟინით და მისიანებით ანაცვლებს, ასევე, ის, თუ როგორ მოექცა ის სამხედრო ხელმძღვანელებს, რომლებსაც ისე ცვლიდა, როგორც წინდებს.
ვფიქრობ, რომ ეს არმია სრულიად შეურაცხყოფილია და აღარ არის მისი პოლიტიკური ძალაუფლების მხარდამჭერი. ასევე ოლიგარქების ელიტა, რომელიც ირგვლივ ჰყავდა, მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი მათი და მათი შვილების სასარგებლოდ არ არის, რომლებიც ვეღარ სარგებლობენ ლონდონისა, ან მონაკოს ვილებით, აქაც დაძაბულობა იწყება. ანუ, რა რჩება მას? გარემოცვა, ეგრეთ წოდებული ძალოვანები: ანუ კაგებე, პოლიცია, სპეციალური ძალები. ეს საკმარია ძალაუფლებაში დასარჩენად? რუსეთში არ არის ოპოზიცია, რომელიც ქუჩებში გამოვა, ეს მათ გენებში არ არის. რუსეთში ან უნდა მოხდეს აფეთქება და არავინ იცის რა შედეგით, სხვა შემთხვევაში, ხალხს უჭირს ორგანიზებულად გარეთ გამოსვლა, რუსეთში არ არის ოპოზიცია, ამჟამად, ყოველ შემთხვევაში, მაგრამ უკმაყოფილება ცხადია არსებობს.
საქართველოში ამ წელიწად ნახევრის განმავლობაში, დაახლოებით 800 000 რუსი შემოვიდა, ისინი სხვაგან მიდიოდნენ, აქედან საქართველოში დაახლოებით, 80 000 დარჩა და აქვთ საშუალება, რომ კიდევ 1 წელი დარჩნენ, შემდეგ კი, ეს ვადა გააგრძელონ. ისინი მშვიდად არიან. სხვები წავიდნენ თურქეთში, ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ყველგან, სადაც შეეძლოთ.
ეს მილიონი ადამიანი, (დღეს უკვე მილიონი იქნება) ვინც საქართველოს გავლით სხვა ქვეყნებში გადავიდა, რომელიც მათი ცოცხალი ძალაა, ძირითადად, ახალგაზრდები არიან, რომელიც დისტანციურად მუშაობენ უცხოურ კომპანიებზე, და ეს რაოდენობს ბევრია დიდი ქალაქებისთვის, ისინი ძირითადად მოსკოვიდან და სანქტ პეტერბურგიდან არიან.
ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენ თვლით რომ უკრაინულმა დრონებმა, რომლებმაც ცოტა ხნის წინ მოსკოვს მიაღწიეს, გარდატეხა, ახალი განზომილება შეიტანეს, რასაც (კონფლიქტის) გავრცობამდე მივყავართ ? პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსეთის ტერიტორიაზეა იერიში უკრაინელების მხრიდან.
არ ვარ დარწმუნებული, რომ მათი (უკრაინელების) მხრიდან ამ აქტის აღიარება მოხდა, ეს რჩება... არ მგონია, რომ ახალი განზომილებაა. განზომილება არის ის, რომ რუსებმა ვერ მოახერხეს ბახმუტის აღება, ვერ მიიწევენ წინ, უკრაინელები აღიჭურვნენ კონტრშეტევისთვის. არ ვიცი, ეს ახლა დაიწყება თუ ერთ ან ორ თვეში, ისინი არ გაჩერდებიან. გაფრთხილებები რუსეთის ტერიტორიაზე გაფრთხილებად რჩება, მაგრამ ისინი (უკრაინელები ) არ გაჩერდებიან, სანამ არ დაიბრუნებენ ყირიმსაც კი.
თქვენ პირადად თავს საფრთხეში გრძნობთ, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს პრეზიდენტი?
არა. არა მგონია, როდესაც ამ პოზიციას იკავებ... ყოველ შემთხვევაში, მე ამაზე არ ვფიქრობ. თავდასხმები კი...სამიოდე კვირის წინ, ჩემი ადმინისტრაცია რუსეთის მხრიდან, კიბერშეტევის მსხვერპლი იყო, მანამდეც იყო რამდენიმე შეტევა. ფიზიკურად... არ მაქვს შეგრძნება... მე მიცავს მოსახლეობა, რომელიც განსაკუთრებულად მზრუნველია, ეს არის ქვეყანა, სადაც ყველა ყველას იცნობს, ამიტომ არა მგონია, (ფიზიკური საფრთხე იყოს).
მე ვიცი, რომ წლებია იბრძვით საქართველოს მომავლისთვის ევროპაში. არ გეშინიათ, რომ ამ არეულ სიტუაციაში ეს მხოლოდ ფუჭი სურვილი იყოს, როგორც მაგალითად უკრაინა ნატოში?
ყველა ეს სურვილები, რომლებიც ფუჭი გვეგონა ხდება ერთი მეორეს მიყოლებით. როდესაც მე ჩამოვედი საქართველოში, საფრანგეთის შემდეგ, ელჩად წასვლამდე, და შემდეგ მინისტრობამდე ყველა მეუბნებოდა - სამეზობლო პოლიტიკა საქართველოსთვის, არც კი იფიქროთ ამაზე. 6 თვის შემდეგ, ეს მომხდარი იყო, ამის შემდეგ იყო - ასოცირება საქართველოსთვის არ იქნება. ასოცირების შემდეგ ყველა ევროპელი მაღალი თანამდებობის პირი ამბობდა - არ მიიღოთ ეს როგორც (ევროკავშირში) გაწევრიანების შესაძლებლობა. მაგრამ საქართველოსთვის, სწორედ გეოგრაფიული მდებარეობის საკითხი ისმოდა მუდამ როგორც უარის არგუმენტი... დღეს გვაქვს პერსპექტივა და პერსპექტივა ნიშნავს დიახ,- თქვენ ხართ პოტენციურად ევროპელები. უნდა შესრულდეს სამუშაო...
როდისთვის? გვაქვს წარმოდგენა?
ამას არ აქვს მნიშვნელობა. პერსპექტივის მნიშვნელობა არის ის, რომ დებატები - გეოგრაფია ვერსუს იდენტობა დასრულებულია. გეოგრაფიული მდებარეობა შემაფერხებელი აღარ არის. მას (მდებარეობას) ვერ შეცვლი. დანარჩენი ყველაფრის შეცვლა შეიძლება. ახლა, როდესაც გეოგრაფიული მდებარეობა აღარ არის წინაღობა, ქართველების მხრიდან უნდა მოხდეს იმ სხვადასხვა პირობების შესრულება, რომლებიც წარმოდგენილი იყო. მე საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით. გასაკეთებელი საქმე არის, მოსახლეობა იბრძვის და აჩვენებს ამას, ხელისუფლებაც იძულებული იქნება მოაგვაროს მთელი რიგი საკითხები. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან უარყოფითი პასუხი საქართველოსთვის, და ყველა უკვე ხვდება ამას, ეს იქნება შესაძლებლობა რუსეთისთვის, რომ დაიწეროს ქულა, რომელსაც სხვანაირად ვერ დაიწერს. ეს არ იქნება სამხედრო ქულა, მაგრამ ეს იქნება აღქმული რუსეთის მხრიდან როგორც ნაცრისფერი ზონა, რომელიც ევროპას არ აინტერესებს, და სადაც შეუძლია «გავერთო». ვფიქრობ, არავის არ სურს ამ სიამოვნების მინიჭება რუსეთისთვის, და მისთვის საშუალების მინიჭება რომ «ითამაშოს“ კავკასიაში, სადაც ევროპა დაბრუნდა და ძალიან აქტიურადაც დაბრუნდა. ევროპა დღეს, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, მოლაპარაკებებს აწარმოებს სომხეთს და აზერბაიჯანს შორის, რუსეთი ამ მოლაპარაკებებიდან გააძევეს, ის (რუსეთი) ორივეს (სომხეთს და აზერბაიჯანს) მოსკოვში ეპატიჟება მოლაპარაკებებზე, მაგრამ ნამდვილი მოლაპარაკებები ბრიუსელში შედგა და რეალური ნაბიჯები იქნა გადადგმული. ევროკავშირს აქვს სადამკვირვებლო მისია საოკუპაციო ხაზზე საქართველოში, მას ახლა უკვე მეორე სადამკვირვებლო მისია აქვს სომხეთში. ვინმეს 20 წლის წინ რომ ეთქვა, ევროპელი სამხედროები იქნებოდნენ საქართველოს და სომხეთის ტერიტორიაზე, მიუხედავად იმისა, რომ მათ სამხედრო ფუნქცია არ აქვთ, - უპასუხებდნენ რომ გიჟები არიან. არ არიან გიჟები... (იცინის)
შეიძლება ვცდები, ეს ჩემი აზრია; არ თვლით რომ ამერიკელების მხრიდან თვალთმაქცურ თამაშს აქვს ადგილი, რომლებმაც ვლადიმერ პუტინს უკრაინელების ხელით და ევროკავშირის ჩარევით გამოუცხადეს ომი ?
არა, არა, სიტყვებს მნიშვნელობა აქვს. რუსეთმა გამოაცხადა ომი
აგრესორია
აგრესორია. არავის არ გამოუცხადებია ომი რუსეთისთვის, არავის არ მოუწყვია პროვოკაცია რუსეთისთვის. რუსეთმა დაიწყო თავისი «მწვანე კაცებით» უკრაინის ტერიტორიის მიტაცება. ზელენსკიმ კარგად იმოქმედა, კარგად მოქმედებს ახლა და კარგად მოქმედებდა მანამდეც. ის არ მოქმედებდა და სრული პასუხისმგებლობა ომის გამოცხადებაზე, აგრესიაზე დაუტოვა ვლადიმერ პუტინს, რომ არ ყოფილიყო არანაირი ეჭვი. ვლადიმერ პუტინმა დაიწყო შეტევა და არავისთვის კითხვის ნიშანი არ იყო იმაზე, თუ ვინ დაიწყო - მხოლოდ ვლადიმერ პუტინმა. ცხადი იყო ზელენსკისთვის, რომ ამერიკელები და ევროპელები მისთვის არ იომებდნენ, მას ეს ძალიან კარგად იცოდა. მაგრამ მან მოიპოვა ამერიკელებისგან და ევროპელებისგან ის, რასაც არავინ არ ელოდა, რუსეთთან ომში მყოფი ქვეყნისგან.
შეკითხვა, რომელზეც ბევრი ფიქრობს; ჯო ბაიდენი ცდილობს ვლადიმერ პუტინის ჩამოგდებას ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნებამდე, 2024 წლის ნოემბერში. მას ეს გათვლა აქვს?
ასეც რომ იყოს, მე არ ვარ დარწმუნებული რომ ჯო ბაიდენი წყვეტდეს თუ როგორ უნდა მოხდეს ვლადიმერ პუტინის ჩამოგდება. ეს შიდა საკითხია, ვერავინ იტყვის, სამხედრო დამარცხება, რომელსაც პუტინი განიცდის ახლა უკრაინაში, გამოიწვევს თუ არა რეჟიმის დამხობას. მე, პირადად, ვთვლი, რომ სჯობს პუტინი ამ ომის ბოლომდე მივიდეს და ის ბოლომდე წააგოს, რათა ამ პროცესში მისი ჩანაცვლება მოხდეს. უდავოდ, ზოგიერთი ქვეყანა იტყოდა, რომ შეიძლება დიალოგის დაწყება... ვიცით ეს საშუალებები ზელენსკის მიერ ყირიმის დაბრუნებამდე დახმარების გაგრძელების თავიდან ასაცილებლად. ვფიქრობ, უნდა დარჩეს ყველაფერი როგორც არის და კიდევ ერთხელ, არ ვფიქრობ რომ ბაიდებს შეუძლია დოზირება იმისა, თუ როდის უნდა მას რომ პუტინი წავიდეს.
ნატოს გაფართოებამ ფინეთის გაწევრიანებით და სავარაუდოდ შვედეთის გაწევრიანებით, თუ არ იქნება წინააღმდეგობა უნგრეთის და თურქეთის მხრიდან, შეიძლება გამოიწვიოს ბატონი პუტინის კიდევ უფრო გაჯიუტება ?
გაჯიუტდეს. რატომ უნდა ვიყოთ მუდმივად შეშფოთებული მისი სავარაუდო რეაქციით, დამცირებით, შიშებით? მან წამოიწყო ომი და უნდა მიიღოს შედეგი, და ერთ-ერთი შედეგია ნატო-ს გაფართოება. ბოლო წლების განმავლობაში, ნატო მშვიდად, წყნარად იყო. მხოლოდ რუსეთის მხრიდან აგრესიამ გამოიწვია ნატოს გააქტიურება, სხვა ქვეყნების მხრიდან ნატოს დაცვის ქვეშ ყოფნის სურვილი. ყველა ხედავს, რომ მხოლოდ ამერიკული ქოლგის ქვეშ ვართ რეალურად დაცული. რატომ უნდათ უკრაინას და საქართველოს ნატოში შესვლა? რადგან ხედავენ, რომ ბალტიის ქვეყნებს, პოლონეთს აქვთ მშვიდობა და უსაფრთხოება საქართველოს და უკრაინისგან განსხვავებით. პუტინს თუ არ სურს ნატოს გაფართოება, უნდა გავიდეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, საქართველოდან, უკრაინიდან, აღიაროს ტერიტორიული სუვერენულობა და აწარმოოს სამეზობლო პოლიტიკა, რომელიც თანასწორად აღიარებს მეზობლებს და პატივისცემით მოეპყრობა მათ. ეს მარტივია.
2005 წლის 7 მაისს, 18 წლის წინ, ჩემთვის მოცემულ ინტერვიუში პუტინმა განაცხადა : »ხელი არ ახლოთ უკრაინას, არანაირი ნატოს გაფართოება. » რა უნდა გვექნა, უნდა დაგვეჯერებინა მისი სიტყვებისთვის ამ განცხადების შემდეგ ?
რა შეიცვლებოდა? ის დაესხა თავს.
მას უკვე ჰქონდა ეს აკვიატება..
მერე რა. უნდა ვიფიქროთ მის აკვიატებებზე და დავანებოთ ის ქვეყნები, რომლებსაც აიკვიატებს? ხვალ რომ თქვას, ხელი არ ახლოთ საფრანგეთს, ვიტყვით რომ მან თქვა საფრანგეთს ხელი არ ახლოთო? ეს სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყნებია და ვფიქრობ, გადამწყვეტ მომენტში, როდესაც არჩევანის წინაშე ვართ, რუსეთი აღიარებს და გახდება ნორმალური სახელმწიფო, დიდი ნორმალური სახელმწიფო, ის აკონტროლებს (მსოფლიო) ტერიტორიის ერთ მეექვსედს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რუკას შევხედოთ. ან ის გახდება მის ფარგლებში ნორმალური სახელმწიფო და მასთან გვექნება ნორმალური ურთიერთობები, ან ვერ შეძლებს თავი დააღწიოს ამ შინაგან, დაუოკებელ იმპერიალიზმს, რომელიც მას აქამდე ახასიათებდა.
შესაძლებელია პუტინთან ნორმალური ურთიერთობის დამყარება, ან იმასთან, ვინც მის შემდეგ მოვა ? თქვენ საუბრობდით მის სავარაუდო შემცვლელელბზე, თავდაცვის მინისტრი შოიგუ, საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი, ერთი და იგივე ბანდა არ არის?
მე არ ვიცი ვინ შეიძლება მოვიდეს ხვალ. ძნელია დღეს დაინახო ამ «ელიტის» შიგნით. როგორც ვამბობდი, რუსეთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს; სამხედროების თუ ელიტის აჯანყება პუტინის წინააღმდეგ, რომელმაც რუსეთს სახე დააკარგვინა. ასევე, შეიძლება მოულოდნელად მოხდეს, და ეს მრავალჯერ მომხდარა რუსეთის ისტორიაში, მოსახლეობის აჯანყება, რომელიც არავინ იცის როგორც განვითარდება და რითი დასრულდება. პროგნოზის გაკეთება ძალიან ძნელია და არაფერს ემსახურება, რადგან ეს არ არის ანალიზი, რომლის საფუძველზეც შეიძლება იმ ქმედების განსაზღვრა, რომელიც უნდა გვქონდეს. ჩვენი ქცევით რუსეთს უნდა მივახვედროთ, რომ მან არ შეიძლება გააგრძელოს მეზობლებზე თავდასხმა.
თქვენ ხედავთ საშიშროებას რუსულ-ჩინურ-ირანული ღერძის დაპირისპირებაში ამერიკა-ისრაელი-ევროპასთან ? თქვენი შეფასება ჩვენთვის მნიშვნელოვანია, «ახალი მსოფლიო წესრიგი, შექმნილი რუსეთის და ჩინეთის მიერ », ძალიან კარგად ვიცით, რომ 1945 წლის მსოფლიო წესრიგი სრულიად მოძველებულია.
დაივიწყეთ რუსეთი. ჩინელები მივიდნენ, შეხვდნენ პუტინს, ესაუბრნენ, წავიდნენ გულგატეხილები. რუსეთი არ იქნება ჩინეთის პარტნიორი და არ ვარ დარწმუნებული რომ ჩინეთი ეძებს პარტნიორს. მე არ ვარ ჩინეთის სპეციალისტი, მაგრამ ჩინეთი არ ტოვებს იმ ქვეყნის შთაბეჭდილებას, რომელიც ალიანსს ეძებს და საჭიროებს, პარტნიორს შესაძლოა... მაგრამ არა ალიანსს. ამიტომ არ მგონია, რომ მომდევნო მსოფლიო წესრიგში იქნება მსგავსი ღერძი და ალიანსები. ჩვენ ამას ვიყავით მიჩვეული, მაგრამ ვფიქრობ, რაღაც ახლისკენ მივდივართ.
უკანასკნელი შეკითხვა, რა მესიჯი გინდათ გააჟღეროთ თქვენ, როგორც პრეზიდენტმა ისეთი მნიშვნელოვანი ქვეყნისა, როგორიც საქართველოა ამ ვითარებაში, რომელიც შემაშფოთებელია მთელი მსოფლიოსთვის, ხალხს აინტერესებს ეს ომი დიდი ხანი გაგრძელდება თუ არა, რა მოხდება...
ისინი არ იხდიან ამ საფასურს...
დიახ, მაგრამ..
უკრაინელები იხდიან..
დიახ მაგრამ არის კითხვები, თუ რა მოხდება, მითუმეტეს არის ირანული ატომური საფრთხე. რა მესიჯი გსურთ თქვენ, პირადად, რომ გაავრცელოთ ?
ჩემი მესიჯი შემდეგია: მსოფლიომ, რომელიც ამ საშინელი ომის შემდეგ აღმოცენდება... და კიდევ ერთხელ, უკრაინელებმა გადაიტანეს არა ამ ომის ძირითადი ნაწილი, არამედ მთლიანად ეს ომი, ამიტომ მათ უნდა განსაზღვრონ გამოსავლის პირობები. მსოფლიო, რომელიც აღმოცენდება, თუ გვსურს რომ ის იყოს უფრო სტაბილური, მისაღები, უფრო ნორმალური, ამისათვის რუსეთი უნდა გახდეს ნორმალური სახელმწიფო და ამ შემთხვევაში, ევროპა შეიძენს სავარაუდო პარტნიორს. მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი აღარ იქნება ისეთი, როგორიც აქამდე იყო და ახალი რუსეთი გახდება. წინააღმდეგ შემთხვევაში. მას თვითონ არ აქვს რესურსი რომ აღდგეს, ამისათვის არც ეკონომიკური და არც მორალური ძალა არ აქვს, თუ არ ტრანსფორმირდება.
მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო, სასიამოვნო იყო თქვენი მიღება ჩვენს არხზე, და გმადლობთ, რომ გაგვიზიარეთ მსოფლიოზე თქვენი ხედვა, ხედვა, რომელიც არის შემაშფოთებელი, მაგრამ ძალიან რაციონალური და ნათელი.
გმადლობთ.