საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირისაგან წევრობის კანდიდატის სტატუსის თავისი ქვეყნისათვის მინიჭებას ითხოვს. ,,უარი კონტრსიგნალს გააგზავნის, რასაც რუსეთი გამოიყენებს“, - ამბობს ის.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 30 და 31 მაისს ბრიუსელში ევროპულ ინსტიტუტებს პარიზში გამგზავრებამდე სთხოვა თავის ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ.
2022 წელს საქართველომ 27 ქვეყნის მიერ მხოლოდ თავისი „ევროპული პერსპექტივის“ აღიარება მიიღო, მაშინ როცა უკრაინა და მოლდოვა ოფიციალურად იყვნენ წარდგენილი კანდიდატებად. ევროკავშირმა წინასწარ მოითხოვა, რომ თბილისს გაეტარებინა მთელი რიგი რეფორმები, კერძოდ, სასამართლო სისტემასთან, საარჩევნო სისტემასთან, მედიის თავისუფლების აღდგენასა და ოლიგარქების ძალაუფლებასთან დაკავშირებით.
ფრანგ-ქართველი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი დიპლომატი, პრეზიდენტი ზურაბიშვილი საქართველოს პროკრემლისტურ მთავრობასთან პირისპირ დელიკატურ მდგომარეობაში აღმოჩნდა და დიდი რუსი მეზობლის ინტრიგები, რომელსაც ჯერ კიდევ უკავია საქართველოს ტერიტორიის 20%. მან Le Point-ი ბრიუსელში თავისი ვიზიტის ფარგლებში, ევროპარლამენტში მიიღო.
თქვენ ბრიუსელში თქვენი ქვეყნის სასარგებლოდ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მინიჭების სათხოვნელად ჩამოხვედით. უკვე გაქვთ დადებითი გამოხმაურებები?
30 მაისს შეხვედრა მქონდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან და კომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან. ამ ეტაპისთვის, პასუხი არაა იმედგამაცრუებელი. რა თქმა უნდა, არის რიგი საკითხები, რაც უნდა შესრულდეს, თუმცა ყველას ესმის, რომ ძალიან ცუდი იქნება თუ საქართველო კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე მეორე უარს მიიღებს. საქართველოს მხრიდან მაქსიმუმი ძალისხმევა და კიდევ უფრო დიდი მობილიზაცია უნდა მოხდეს, თუმცა ამავდროულად, უნდა მოვახდინოთ ჩვენი ევროპელი პარტნიორების მობილიზაცია, რათა ამ გზაზე წინ წავიდეთ.
ერთი წლის წინ ევროპამ საქართველოს 12 რეკომენდაციის შესრულება მოსთხოვა, რათა კანდიდატის სტატუსისაკენ წინსვლა განეცადა. არ ჩანს, რომ სწრაფად პროგრესირდა...
შესაძლოა, დავინახოთ ჭიქა ნახევრად ცარიელი, ან ნახევრად სავსე. მაგრამ ეს არაა ზუსტი არითმეტიკული დათვლა. ევროპისთვის მნიშვნელოვანია დარწმუნებული იყოს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდის, რომ კონსოლიდირებულია და განაგრძობს წინსვლას. ეს ბიუროკრატიული დათვლა ყველას შეუძლია. მაგალითად, საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ მან თითქმის ყველა საკითხი შეასრულა. მართალია, მან მიიღო რიგი კანონმდებლობა, რომელიც შეესაბამება თორმეტ რეკომენდაციას, მაგრამ მთავარი წინსვლის არსი - საფუძველი და მიზანდასახულობაა. საქართველოს მთავარი უპირატესობა მისი მოსახლეობაა, რომელიც დაჟინებით მიზანდასახულია, რომ ეს მეორე შანსი ხელიდან არ გაუშვას.
საქართველოს ხელისუფლება არ არის ასე მიზანდასახული...
ხელისუფლებას მოსახლეობა ირჩევს და მომავალ წელს არჩევნები მოდის. როდესაც მათ სცადეს, მიეღოთ კანონი, რომელიც შეზღუდვებს უწესებდა არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას, მოსახლეობა აღშფოთდა და იძულებულები გახდნენ, კანონი უკან გაეწვიათ. ეს კანონი 12 რეკომენდაციის არსის წინააღმდეგ მიდიოდა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების კიდევ უფრო დიდ ჩართულობას მოითხოვს. რეალურად, ჩვენ საკმრისად დემოკრატიული ქვეყანა ვართ, რომ ხალხის შეხედულება და ნება გათვალისწინებული იყოს. მოსახლეობა თავის გაჩუმების საშუალებას არ იძლევა.
ამ კანონს თქვენ ვეტო დაადეთ...
დიახ, ეს არაა ერთადერთი. მაგრამ რეალურად ეს ვეტო სიმბოლურია, რადგან ხელისუფლებას მის დასაძლევად უმრავლესობას ფლობს. თუმცა, ეს მოსახლეობის კუთხით უნდა გაიზომოს, მოსახლეობა ფხიზლადაა.
ბრიუსელის თუ პარიზის გადმოსახედიდან, რთულია საქართველოს პოლიტიკური ხაზის წაკითხვა, რადგან ერთდროულად ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნა, რომელსაც თქვენ მტკიცედ უჭერთ მხარს და ხელისუფლება, რომელიც მოსკოვს უახლოვდება.
რუსეთი უკრაინაში მარცხდება, და შესაბამისად, ცდილობს, რომ საქართველოში თავისი ნიშანი დაატყოს. ამიტომ აღადგინეს მოსკოვსა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენები, მოხსნეს ვიზები... ეს ევროკავშირის დაცინვის ერთგვარი ფორმაა. მე აქ სწორედ იმიტომ ვარ, რომ ყოყმანის წარმოჩენისა და ნაცრისფერი ზონების წინააღმდეგ გაფრთხილება დავაფიქსირო. ჩემი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსზე უარის თქმა კონტრსიგნალს გაგზავნის, რასაც რუსეთი ძალიან კარგად გამოიყენებს. საქართველოს ხელისუფლება ზედმეტ სიფრთხილესა და კეთილგანწყობის შექმნის შორისაა გახლეჩილი. ჩემი ისტორიული გამოცდილებით, ამ კეთილგანწყობის შექმნას არასდროს მოაქვს შედეგი.
სწორედ, რუსეთის მიერაა ოკუპირებული 2008 წლიდან საქართველოს ტერიტორიის ნაწილი, რუსეთის ჯარი თებერვლიდან 25 კილომეტრში დგას. მაშინ, რატომ დაიხიეს უკან რუსებმა?
რეალურად უკან არ დაუხევიათ, ვიტყოდი, რომ წინ აღარ წავიდნენ. მედვედევი იყო პრეზიდენტი და პუტინი პრემიერ-მინისტრი. ვერცერთი გაბედავდა ჯარისთვის ეთქვა გაჩერებულიყო. თუმცა, ნიკოლა სარკოზიმ თავისი შუამდგომლობით, შესთავაზა მათ წინ აღარ წასულიყვნენ, და რადგან გარკვეული საკითხები არ იყო ძალიან ნათელი, ამან მათ საშუალება მისცა დარჩენილიყვნენ ტერიტორიაზე, რომელიც კონფლიქტამდე არ ჰქონდათ ოკუპირებული. თუმცა, იმ დროს ეს ასე არავის აუხსნია.
როგორ ფიქრობთ, პუტინი ცდილობს საქართველოში აანაზღაუროს ის, რაც უკრაინაში დაკარგა?
აანაზღაუროს, ხმამაღალი სიტყვაა, რადგან ისინი არაფერს ანაზღაურებენ. მაგრამ, ისინი ცდილობენ ევროკავშირთან დაპირისპირებას იმ რეგიონში, სადაც ევროკავშირს აქვს ინტერესები. რუსეთს სურს აჩვენოს, რომ ამ რეგიონში არსებობა სრულად არ შეუწყვეტია. ვლადიმერ პუტინს, როგორც კგბ-ს ყოფილ აგენტს, ქართულ ხასიათს კარგად იცნობს. მან იცის ის ელემენტები, რამაც შეიძლება ქართველების რეაქცია გამოიწვიოს. ისინი ცდილობენ ეს გამოიყენონ, მაგრამ მოსახლეობის უმრავლესობაზე ეს არ მუშაობს. რადგან, თუ რუსები კარგად გვიცნობენ, მოსახლეობამაც ძალიან კარგად იცის პროპაგანდისა და დეზინფორმაციის მეთოდები.
ევროკავშირი სანქციების მე-11 პაკეტზე მსჯელობს, რომელიც მიზნად ისახავს იმ ქვეყნების დასჯას, რომლებიც ევროპულ სანქციების გვერდს უვლიან და ამით რუსეთთან ვაჭრობის გაზრდით სარგებლობენ. ეს განსაკუთრებით ეხება საქართველოს...
დიახ, ცოტათი. მაგრამ ის, რაც ბრჭყალებში ,,დასჯადი“ იქნება, იქნება სანქციებისთვის გვერდის ავლის მცდელობა. ხელისუფლების არგუმენტია, რომ ის, რაც არაა აკრძალული დაშვებულია და თუ ის ამას შეწყვეტს, ქართველებს უფრო მეტი დაუჯდებათ, ვიდრე რუსებს. იდეა ისაა, რომ არ მოხდეს სანქციების დარღვევის წახალისება, ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი. და მე, მაგალითად, ოფიციალურად გავაპროტესტე რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენა.
თქვენ თავად გრძნობთ თვალთვალს ან მუქარას მეზობელი რუსეთისგან?
სამი კვირის წინ კიბერშეტევა განხორციელდა პრეზიდენტის კომპიუტერულ სისტემაზე. ეს პირველი და უკანასკნელი შემთხვევა ნამდვილად არაა. დანარჩენს, რაც ეხება, რეალურად, არ ესაჭიროებათ თვალთვალი, რადგან ყველაფერი რასაც ვაკეთებ ძალიან გამჭვირვალეა.
თქვენ არაერთი პოლიტიკური მსჯავრდებული შეიწყალეთ, რატომ არა მიხეილ სააკაშვილი?
მე სამი ადამიანი შევიწყალე, ამას დიდად არ მოუხდენია სიტუაციის დეპოლარიზაცია, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემი ფარული იმედი იყო. შეწყალების ან არშეწყალების მიზეზებს არ ვხსნი, თუმცა, ვფიქრობ, რომ ყოფილ პრეზიდენტს სათანადოდ უნდა მოექცნენ. ამის თქმით, ჩვენ ვიტანჯებით იმის გამო, რომ დამოუკიდებლობის მომენტიდან ჩვენი ისტორიის ფურცლები არ გაგვისწორებია. ეს ხსნის პოლარიზაციას, რადგან არ არსებობს აღიარებული სიმართლე, არის ჩემი, მათი, მისი...
ევროპელები მსჯელობენ უსაფრთხოების გარანტიებზე უკრაინის სასარგებლოდ. საქართველო, რომლის ტერიტორიის ნაწილიც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, დავიწყებულია?
ყველასთვის ნათელი და მისაღებია, რომ პრიორიტეტი უკრაინას უნდა მიენიჭოს. რაც მნიშვნელოვანი იქნება ხვალინდელ დღეს ისაა, რომ როდესაც სამშვიდობო მოლაპარაკებები გაიხსნება - და ჩემთვის ძალიან ნათელია, რომ უკრაინელები არ მიიღებენ არაფერს იმაზე ნაკლებს, რაცა მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა - მოლაპარაკებები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყველა ტერიტორიაზე უნდა გავრცელდეს. ერთი ხელით არ უნდა მიუშვან რუსეთი, რომ განაგრძოს ოკუპაცია და მეორე ხელით დანებება აიძულონ. თუ ასე იქნება 5, 10, 15 წელში, იმ დროში, რაც მას ძალების აღსადგენად დასჭირდება, ის ისევ თავიდან დაიწყებს. და მე მხედველობაში არ მაქვს მხოლოდ ყირიმი, ასევე საქართველოს თუ მოლდოვას ოკუპირებული ტერიტორიები და ა.შ. თუ რუსეთი ერთხელ და სამუდამოდ არ გააცნობიერებს, რომ მას აქვს საზღვრები და არ არსებობს რაღაც სახის უკაცრიელი ადგილები მის ირგვლივ, სადაც შეუძლია რომ შევიდეს როგორც მას სურს, მაშინ ეს გაგრძელდება.
თქვენ თქვით, რომ რუსეთმა უკვე წააგო ომი, ექნება თუ არა ამას პოლიტიკური კომპეტენციები მოსკოვში?
მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვარ ამ თემის სპეციალისტი, ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება უპასუხოდ დარჩეს ეს დამცირება ამ დიდი სამხედრო ძალისთვის... მოსახლეობა აპროტესტებს. წელიწადზე მეტია 700 000-ზე მეტი რუსი, მეტწილად ახალგარზდები, საქართველოს გავლით გავიდნენ, აქედან 70 000 - 80 000 დარჩა ჩვენთან.
ისინი გამძიმებენ?
საკმაოდ კარგად მიდის. არანაირი ინციდენტი არ არის, მაგრამ მე ხელისუფლებას ამ ყველაფრის დასარეგულირებლად ზომების არმიღებაში ვადანაშაულებ. არ უნდა მივუშვათ საკითხები, რომ გაუარესდეს. თუ ეს ხალხი დარჩება, უნდა დაემორჩილოს ქვეყნის წესებს. თუ არადა, სხვაგან წავიდნენ.
როგორ ვიქრობთ, 2008 წლის შემდეგ რუსეთთან დამთმობი ვიყავით, განსაკუთრებით საფრანგეთსა და გერმანიაში?
არა მხოლოდ 2008 წლის შემდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობიდან 1991 წელს. ომი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რეალურად ჩვენი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მოსკოვის მიერ წარმოებული ომი იყო. რუსეთმა წარმატებით შეძლო ამის ადგილობრივ სეპარატისტულ კონფლიქტად წარმოჩენა, თუმცა ეს ასე არ იყო. და დღესაც, გვესმის აქა-იქ საუბარი რუსეთის დამცირებაზე, მის შიშზე, რომ გარშემორტყმული იყოს... საჭიროა, რუკის ნახვა იმის მისახვედრად, თუ ვინ ვის აქცევს წრეში.
როგორ ხედავთ თურქეთის როლს?
თურქეთი ჩვენთვის უდიდესი ეკონომიკური პარტნიორია და მნიშვნელოვანია, რომ ის დარჩეს ნატოსა და ევროკავშირის პარტნიორად. რაც უფრო ევროპულია თურქეთი და რაც უფრო ახლოსაა ნატოს ქვეყნებთან, უფრო მეტადაა უსაფრთხოების შეგრძნება; რაც უფრო შორდება თავს და თამაშობს რუსეთთან, მით მეტია ღელვა. მაგრამ, ამ დროისთვის თურქეთი კარგად მუშაობს, მათ შორის შავ ზღვაში.
ხედავთ თუ არა პროგრესს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ევროპული შუამავლობის შემდეგ?
ის ნელა პროგრესირებს. ყოველთვის არის იმის რისკი, რომ რუსები შეეცდებიან პროცესის რელსებიდან გადაყვანას, მაგრამ ყველაფერი ნათლად მიდის, სომხეთიც მოძრაობს და ის, რაც საქართველოში მოხდება ასევე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელსაც სომხეთი აკვირდება. ჩვენ ერთგვარად მოდელი ვართ იმისა, რა შეიძლება მოხდეს.