ჩვენ შორიდან ვხედავთ, რომ თქვენი ქვეყანა რთულ სიტუაციაშია. ახლახან ვიხილეთ ბოლო 24 საათის განმავლობაში განვითარებული მოვლენები. როგორც მივხვდით, ინიცირებული იყო ,,უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ძალიან სადავოა. ევროპელებმა ეს კანონპროექტი დაგმეს, ამერიკელებმა კი, თქვეს, რომ ის უკავშირდება იმას რაც რუსებმა წარსულში გააკეთეს. ახლა ეს კანონპროექტი გაიწვიეს
თქვენ რა პოზიცია გაქვთ ამ კანონპროექტის მიმართ?
ახლა ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია, ველოდებით ევროკავშირის პასუხს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე თვის წინ უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭა, წლის ბოლოს ამავე გადაწყვეტილებას ველოდებით ჩვენთვისაც. შესასრულებლად გადმოგვეცა რეკომენდაციები, რათა დავიმსახუროთ კანდიდატის სტატუსი. ჩვენ მოგვენიჭა ევროპული პერსპექტივა, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რადგან ეს ნიშნავს, რომ ყველა განხილვა საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობასთან დაკავშირებით დასრულდა. ჩვენ ევროპული პერსპექტივა გვაქვს, მაგრამ ჩვენ შედეგი უნდა დავდოთ. სწორედ აქ ჩნდება ეს კანონი სრულიად არსაიდან და ეწინააღმდეგება ევროკავშირის ყველა რეკომენდაციას - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაზრდას, გამჭვირვალობას, ევროპული მომავლის შესახებ პოლიტიკურ დისკუსიებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას, - ეს საქართველოს მოსახლეობამ ანტიევროპულ კანონად შეაფასა. ამ შეფასებაში აბსოლუტურად ერთსულოვანი იყვნენ როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ასევე ქართული საზოგადოებაც, რომელიც მან უკვე მესამე დღეა ქუჩიდან აჩვენა. როგორც კი ამ კანონის ინიცირება მოხდა, საჯაროდ განვაცხადე, რომ მე მას ვეტოს დავადებდი და მხარი დავუჭირე თბილისში მიმდინარე დემონსტრაციებს და საბოლოოდ, ხელისუფლება დანებდა და კანონის გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ჯერ კიდევ არავის ესმის უცებ რატომ გადაწყვიტეს მათ, რომ სასარგებლო გადაწყვეტილება იქნებოდა.
ეს ბრძოლაა. ეს არ არის ამ გზის დასასრული, რომელსაც ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანებისათვის კანდიდატის სტატუსის მიღებისათვის გავდივართ. ასე რომ, ეს საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია. მე საერთოდ არ მესმის საქართველოს საპარლამენტო პოლიტიკა, თუმცა როგორც გავიგე, ამ კანონის განხილვა საკმაოდ ღრმად შევიდა პროცესში და რაღაც ეტაპზე იყო განცდა, რომ მას მიიღებდნენ.
ფიქრობთ, რომ ამ პროცესის გაღრმავებამ დააზიანა საქართველოს პოზიციები ევროკავშირთან?
არა, ვფიქრობ, რომ პირიქით. ყველამ იცის, რომ პარლამეტში უმრავლესობას ,,ქართული ოცნებას“ აქვს, შესაბამისად, ყველაფერი, რისი ინიციატორებიც ისინი იქნებიან, ყველაფრის იმპლემენტაცია და განხორციელება შეუძლიათ. რეალურად არავის შეუძლია ამ წინ აღუდგეს პროცესს, მათ შორის, არც პრეზიდენტის ვეტოს. ამ შემთხვევამ იმის დემონსტრირება მოახდინა, რომ როცა საზოგადოება ერთიანია, მას საპარლამენტო უმრავლესობის დამარცხებაც კი შეუძლიათ. ესაა მთავარი. ამან ძალიან ეფექტიანად აჩვენა სადაა საქართველოს მოსახლეობა, რომელმაც უკვე არაერთხელ დაამტკიცა თავისი პროევროპულობა. ყველა გამოკითხვის მიხედვით 80 პროცენტი ევროკავშირის მომხრეა, ხალხს აქეთ სურს წასვლა, სწავლა - ნათელია, რა პოზიცია აქვს საქართველოს მოსახლეობას. ამ ბოლო პერიოდში რაც ნაკლებად ნათელი იყო - ეს ხელისუფლების პოზიციაა, რადგან სწორედ მათ ჩაწერეს კონსტიტუციაში საქართველოს ევროატლანტიკური პროცესი, რომ საქართველო განაცხადს 2024 წლისათვის გააკვეთებდა, უეცრად კი ნაბიჯებს სხვა მიმართულებით დგამენ. ასე რომ, მათი პოზიცია გაურკვეველია, საქართველოს პოზიცია კი, ძალიან ნათელია.
თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია საიდან მოვიდა ეს კანონი? ხომ არ არის რუსეთის პირდაპირი, თუ არაპირდაპირი გავლენა, რადგან ახლოს ხართ რუსეთთან და ეს კანონი მათი კანონების გამოძახილია?
დიახ, ის ახლოსაა რუსულ და უნგრულ კანონებთან. რატომ გადაწყვიტეს ხელისუფლებამ თუ პარლამენტმა ამ მიმართულებით წასვლა, ეს მათ უნდა ჰკითხოთ. მე ვთქვი და გავიმეორე, რომ ეს პროცესი საწინააღმდეგო მიმართულებით მიდიოდა და რომ ეს არ იყო პროევროპული კანონი. დღეს, ცოტა ხნით ადრე განვაცხადე, რომ ვეტოს დავადებ და შევეწინააღმდეგები ყველა კანონს რომელიც წავა ევროკავშირის რეკომენდაციების წინააღმდეგ და დავადე კიდეც ვეტო მოსმენების კანონს, რომელიც ასევე არასწორი მიმართულებით მიდიოდა. ასე რომ, ამ ვითარებაში ვიმყოფებით და ვერ გამოვიცნობთ რატომ იღებენ პოლიტიკური ლიდერები ასეთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს - ელექტორალური მიზნებისათვის, რუსეთთან კავშირის გამო, თუ ფიქრობენ, რომ რუსეთი მარტივი პარტნიორია, როცა ნაკლებად დემოკრატიული ხარ, ვიდრე ევროკავშირი - ეს თქვენ უნდა გამოიცნოთ.
ქალბატონო პრეზიდენტო, როგორც ვიცი, წარსულში თქვით, რომ შეწუხებული იყავით საქართველოში რუსების შემოდინებით, ეს თქვენ კიდევ გაღელვებთ? ახლა უფრო ფრთხილები ვართ იმასთან დაკავშირებით, რაც უკრაინაში ხდება. ეს უკვე მოხდა საქართველოში. რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და წაიღო საქართველოს ტერიტორიის ნაწილი.
ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რას ნიშნავს ეს. სწორედ ამიტომ საქართველოს მოსახლეობა სრულად სოლიდარულია უკრაინის მიმართ და პირადად მეც - ჩემი სოლიდარობა ბევრჯერ გამოვხატე, რადგანაც ჩვენ მსგავს მდგომარეობაში ვართ. დღეს უკრაინა იბრძვის როგორც საკუთარი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის, ასევე, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს ერთობა შენარჩუნდეს ქვეყნის შიგნით და ასევე საქართველოსა და უკრაინას შორის. თქვენ ახსენეთ საქართველოში შემოსული რუსების საკითხი, მათ უმეტესობას ეშინოდა რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის. ან არ ეთანხმებოდნენ უკრაინის წინააღმდეგ საკუთარი პრეზიდენტის აგრესიას. ჩემი წუხილის საგანი იყო ის რომ უნდა შეგვენარჩუნებინა ამ პროცესის კონტროლი. ჩვენ ვერ დავკეტავთ ჩვენს საზღვრებს, ეს არ იქნება სწორი და არ მოდის თანხვედრაში საქართველოს სტუმარმასპინძლობის ტრადიციასთან, თუმცა უნდა ვაკონტროლოთ რაც ხდება, ვინ შემოდის და რამდენი ხნით რჩება, რა სახის სამსახურს იწყებს. ჩვენ ვალდებულნი ვართ ეს გავაკეთოთ ჩვენი მოსახლეობისათვის, რათა მათ იცოდნენ, რომ მათი ხელისუფლება სიტუაციას აკონტროლებს. იმ პირობებში, როცა ჩვენ გვყავს უკრაინელი და რუსი ლტოლვილები, არანაირი ინციდენტი არ გვქონია არც ქართველებსა და რუსებს შორის, არც რუსებსა და უკრაინელებს შორის. თუმცა ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა ხდება და არ უნდა მივუშვათ ვითარება ინერციაზე.
ეს იყო საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი