საქართველო მანიფესტაციებმა მოიცვა. თბილისში, მის დედაქალაქში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა. მათი სიბრაზის მიზეზია კანონპროექტი, რომელიც პრესას და არასამთავრობო ორგანიზაციებს ეხება და რომელიც პირდაპირ შთაგონებულია რუსეთში მოქმედი ნორმებით.
კანონპროექტი, ჯარიმის მუქარით აიძულებს უცხოეთიდან ერთი მეხუთედის დაფინანსების მიმღებ ორგანიზაციებს, დარეგისტრირდნენ უცხო ქვეყნის აგენტებად.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გვერთვება ნიუ იორკიდან. მოგესალმებით ქალბატონო პრეზიდენტო!
საღამო მშვიდობისა.
თქვენ საჯაროდ უპირისპირდებით ამ კანონპროექტს. თქვენი აზრით, ის საქართველოში აზრის თავისუფლებისთვის საფრთხეს წარმოადგენს?
ეს (კანონპროექტი საფრთხეა არა მხოლოდ აზრის და გამოხატვის თავისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობისთვის, რომელიც ესოდენ აუცილებელია დემოკრატიული განვითარების პროცესში მყოფი ქვეყნისთვის, რომელსაც ევროპული მისწრაფებები აქვს, არამედ პირდაპირი საფრთხეა ჩვენი ევროპული მომავლისთვისაც. როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ, საქართველომ, უკრაინის და მოლდოვის პარალელურად, ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი. მეორე ეტაპი, მე ვიტყოდი, მეორე შანსი არის წელს, და ამ დროს, ყველანაირი მიზეზისა და ლოგიკის გარეშე მთავრობამ და პარლამენტმა წარმოადგინეს კანონი, რომელიც პირდაპირ შთაგონებულია თქვენ თვითონ თქვით, რუსული კანონით, და რომელიც მავნებლური კანონია ევროკავშირისთვის. ცხადია, ეს დემონსტრირებაა იმისა, რომ ჩვენ ევროპის საწინააღმდეგოდ მივდივართ, ვშორდებით ევროპას იმ მომენტში, როდესაც გვთხოვენ მასთან დაახლოებას. ამას აკეთებს საქართველოს მოსახლეობა დღეს: გამოდის ქუჩაში იმის სათქმელად, რომ ჩვენ გვინდა დაახლოება, ჩვენ გვინდა კანდიდატის სტატუსი, და როგორც მრავალჯერ მის ისტორიაში, საქართველოს მოსახლეობა თავად აჩვენებს რა უნდა მისი მომავლისთვის, მისი შვილებისთვის. ამ მომავლის დასაცავად მოვედი მე საქართველოში, ეს იყო ერთადერთი მიზეზი, რისთვისაც გავხდი პრეზიდენტობის კანდიდატი და რა თქმა უნდა, ეს ის მომავალია, რომელსაც მე ვიცავ და დავიცავ მოსახლეობის მხარდაჭერით, რომელიც ქუჩაში გამოვიდა გუშინ, დღეს, გამოვა ხვალ და იქნება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება იმისათვის, რომ არ მოხდეს ამ კანონის მიღება. მე მას დავადებ ვეტოს. მე ეს პირველი დღიდანვე გამოვაცხადე. სამწუხაროდ, მე არ მაქვს ძალაუფლება ვაიძულო პარლამენტი. პარლამენტს აქვს უმრავლესობა იმისათვის, რომ გვერდი აუაროს ჩემს ვეტოს. მნიშვნელოვანია ვანახოთ, სად არის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა. ამის ჩვენება მოხდა დღეს.
თქვენის აზრით, ხელისუფლებაში მყოფი პარტია, უმრავლესობა რას განიზრახავს ამ კანონით: რუსეთთან შეუქცევად დაახლოვებას ? ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისათვის ხელის შეშლას?
ყოველ შემთხვევაში, ასეთია მსგავსი კანონის შედეგი, რომელიც გაუგებარია ყველა ჩვენი პარტნიორისთვის. დღეს განცხადება გააკეთა ყველამ: ყველა ჩვენმა ძირითადმა ამერიკელმა და ევროპელმა პარტნიორმა, რომ ეს კანონი მიუღებელია, რომ ის არ მიდის სწორი მიმართულებით. მათ ან ვერაფერი გაიგეს, ან სხვა განზრახვები აქვთ. ეს მათ უნდა ვკითხოთ. მთავარი ხალხის მისწრაფებებია. მოვუწოდებ ევროპელ და ამერიკელ პარტნიოებს, აღიარონ საქართველოს მოსახლეობა თანამოსაუბრედ და პარტნიორად. ის განსაზღვრავს თავის მომავალს. ეს არის დემოკრატია.
თქვენ თქვით, რომ მმართველ პარტიას ხმების უმრავლესობა აქვს პარლამენტში და შეძლებენ თქვენი ვეტოს გადალახვს, რომელსაც ამ კანონს დაადებთ. თქვენ მოუწოდებთ საქართველოს მოსახლეობას, რომ გააგრძელონ მანიფესტაციები იმ რისკის ფასად, რომელიც ჩვენ ვნახეთ ამ ბოლო 48 საათის განმავლობაში ?
მე არ მოვუწოდებ, მოსახლეობა მოუწოდებს და მეც მომიწოდებს, რომ ვიყო მათ გვერდით, მე ვპასუხობ ამ მოწოდებას. მე ასევე, მოვუწოდებ მთავრობას და პარლამენტს მიიღონ აზრის თავისუფლება და დემოკრატია, რომელიც თითქოს თავადაც უნდათ, რომ «ჩვენ გვსურს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება» არ იყოს ცარიელი სიტყვები. მათ კიდევ აქვთ შანსი აჩვენონ, რომ გაიგეს საქართველოს მოსახლეობის ხმა, გაიგეს პრეზიდენტის ხმა, შეუძლიათ სწორ გზაზე დაბრუნება. ამისკენ მოვუწოდებ მე და არავითარ შემთხვევაში, ძალის გამოყენებისკენ, ეს რუსული ინსტრუმენტია და ეს იქნებოდა ნათელი გზავნილი იმისა, თუ რად გადაიქცა საქართველოს ხელისუფლება დღეს.
დღეს მოხდა ძალის გამოყენება. ოპოზიციური პარტია ,,გირჩი“ აცხადებს, რომ მისი ლიდერი ხელკეტით იყო ნაცემი. ოპოზიციისთვის ძალისმიერი მეთოდის გამოყენებით ლაგამის ამოდების მცდელობას აქვს ადგილი?
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ეს მოძრაობა არ არის მართული ოპოზიციის მიერ, მიუხედავად ხელისუფლების განცხადებისა, რომ თითქოს, მას რადიკალური ოპოზიცია მართავს. ეს მოძრაობა ძალიან სპონტანურია; ძირითადად ახალგაზრდები და სტუდენტები არიან და მის სათავეებში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების არ ჩანან. ოპოზცია გარკვეულწილად მხარს უჭერს და მიჰყვება მოსახლეობის სპონტანურ გამოვლინებას. სწორედ ეს უნდა გაიგოს მთავრობამ. იმის ნაცვლად, რომ დაუბრუნდეს ძველ სქემებს, რომლის მიხედვითაც რადიკალური ოპოზიცია მათ თავს ესხმის , მათი დამხობის მიზნით. ეს ასე არ არის. დღეს სასწორზეა დემოკრატია და მოსახლეობის ევროკავშირთან გაერთიანების ნება. მთავრობამ და პარლამენტმა უნდა აღიარონ ხალხის ნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი აღმოჩნდებიან საქართველოს ისტორიის მიღმა.
ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობა ხელისუფლებაში მოვიდა, ისევე როგორც პარტია ,,ქართული ოცნება“, რომელიც უმრავლესობას წარმოადგენს პარლამენტში, რაც ნიშნავს რომ ეს იყო საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილი..
დიახ. იმ დროს, როცა ,,ქართული ოცნება“ აირჩიეს და მან პარლამენტში უმრაველსობა მოიპოვა, მათი პროგრამა სწორედ ევროკავშირში რაც შეიძლება სწრაფი გაწევრიანება იყო. ამ პარტიამ ჩაწერა კონსტიტუციაში, რომ ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. ისინი ღალატობენ თავიანთ მანდატს და ამომრეჩეველს. და არა პირიქით. ისინი უნდა დაუბრუნდნენ იმას, რაც კონსტიტუციით არის გათვალისწინებული, რომლიც გარანტიც მე გახლავართ. შეასრულონ საქართველოს მოსახლეობასთან დადებული დაპირებები და ვალდებულებები.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა განცხადება თქვენს ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე და თქვა, რომ სურს, ვციტირებ , ,,დემოკრატიული წარმატება მანიფესტანტებისთვის საქართველოში“. როგორია თქვენი რეაქცია ამ სიტყვებზე
ჩვენ სოლიდარულები ვართ უკრაინის მიმართ. მე მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ზელენსკის საქართველოს მოქალაქეების მიმართ გამოხატული სოლიდარობისთვის. ეს ჩვენი წარსულია, ჩვენი მომავალი ბედისწერა. სამწუხაროდ, ჩვენ ერთად ვიყავით რუსული და საბჭოთა წნეხის ქვეშ, და საბედნიეროდ, ჩვენ ერთად ვიქნებით ევროკავშირშიც. მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ზელენსკის და ვუსურვებ შემართებას და სიმამაცეს, რომელიც მას და მის მოსახლეობას აქვთ და ამას დღესაც აჩვენებენ. ის მოიპოვებს გამარჯვებას, რომელიც ჩვენიც იქნება.
დაბოლოს, ქალბატონო სალომე, ბოლო წლების, ბოლო თვეების უკრაინის მოვლენებიდან გამომდინარე, თქვენ ამ თავსმოხვეული კანონის უკან, რუსეთის ხელს ხედავთ და შიშობთ, რომ მომავალშიც ეცდება რუსეთი, რომ უფრო მეტად შემოიჭრას ქართულ პოლიტიკურ პეიზაჟში?
საქართველო მიჩვეულია რუსეთის მცდელობებს. ეს მისი ისტორაა ბოლო ორ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში. საქართველო და საქართველოს მოსახლეობა დათმობაზე არასოდეს წასულა. ყველაფრის მიუხედავად, მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი პირდაპირ ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ჩვენ არასდროს გვიქვამს უარი ჩვენს ევროპულ ორიენტაციაზე, ჩვენ არასდროს გვიქვამს უარი ამ გზისთვის, რომელიც გრძელი, მაგრამ ძალიან მტკიცე იყო. მას 1991 წლიდან, ჩვენი დამოუკიდებლობიდან მოყოლებული, ჩვენი მოსახლეობის 80 პროცენტის მხარდაჭერა აქვს, ცვლილებების გარეშე, და ეს უნდა აღიაროს საქართველოს ხელისუფლებამ. ჩვენ არ გვჭირდება კითხვის დასმა - რუსეთი კარნახობს თუ არა. ჩვენი გზა სხვაგანაა და ჩვენ მას უნდა მივყვეთ.
გმადლობთ, ქალბატონო პრეზიდენტო, რომ France 24-ის პირდაპირ ეთერში ეს განცხადებები გააკეთეთ.