ინტერვიუ France 24 English-თან
უკვე მეორე დღეა, ათასობით ადამიანი საქართველოს დედაქალაქ თბილისში შეთავაზებულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით თავიათ წინააღმდეგობას გამოხატავს. კრიტიკოსებიც ამბობენ, რომ ეს ავტორიტარიზმისაკენ გადახრის მანიშნებელია და აზიანებს საქართველოს ევროპასთან დაახლოების შანსს.
თუ მოხდება ამ კანონპროექტის მიღების პროცესის გაგრძელება საქართველო იმ სახელმწიფოების რიგებს შეუერთდება, როგორიცაა ბელარუსი და ტაჯიკეთი, რომელთაც მსგავსი კანონები მიიღეს. თქვენ, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი რას ფიქრობთ ამაზე?
საქართველო ნამდვილად არ აპირებს ამ კანონის მიღებას, შესაძლოა, [ამას აპირებდნენ] პარლამენტის წევრები, მაგრამ ნამდვილად არა საქართველო, ნამდვილად არა საქართველოს მოსახლეობა და ნამდვილად არა საქართველოს პრეზიდენტი.
ამ კანონპროექტის ინიცირების პირველივე დღიდან ვთქვი, რომ ამ კანონზე ვეტოს დადებას ვაპირებ. ნათელია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ვეტოს დაძლევს, თუ ისინი ამას გადაწყვეტენ, თუმცა ეს [ჩემი მხრიდან] ხალხის ნების გამოხატვაა, რომელსაც ევროკავშირთან ახლოს ყოფნა სურს. ჩვენ ვიცით, რომ როცა ასეთ გარდამტეხ მომენტში ვართ, როცა რამდენიმე თვეში ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ასეთი სახის კანონი პირდაპირ დაბრკოლებას წარმოადგენს, კანდიდატის სტატუსის მინიჭების კუთხით.
სწორედ ამიტომ გამოდის ხალხი ქუჩაში, მათ იციან, რომ თავად კანონის მიღების ფაქტი და რომ არაფერი ვთქვათ მის შინაარსზე გვაშორებს ევროკავშირს, რომელიც ჩვენი ამბიცია და მისწრაფებაა და ჩვენ ამას არ დავუშვებთ.
და დავუშვათ, რომ ეს მოხდა? რა გართულებები შეიძლბა მოჰყვეს ამას სამოქალაქო საზოგადოებისათვის?
ეს არის მცდელობა, რომ გაკონტროლდეს სამოქალაქო საზოგადოება, რადგანაც მისი აშკარა მიზანია აღრიცხოს არასამთავრობო ორგანიზაციები, ან ნებისმიერი პირი, ვინც სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით უცხოურ გრანტს იღებს. ვინც იცნობს საქართველოს, იცის, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში, ჩვენი დემოკრატიული მშენებლობა მხარდაჭერილია ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისა და სხვადასხვა დონორი საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან. ასე რომ, მასში, შესაძლოა, იგულისხმებოდეს ნებისმიერი [პირი, ან ორგანიზაცია]. ეს კანონი ნადვილად ჰგავს იმ კანონს, რომელიც მიიღეს რუსეთსა და სხვა ქვეყნებში. ეს არ არის დემოკრატიული ქვეყნის კანონი, ეს არ არის ევროპული ქვეყნის კანონი. ვფიქრობ, ხელისუფლებას ბოლო შანსი აქვს, რომ ნამდვილად გადაიფიქროს. ვენეციის კომისია ნამდვილად იტყვის, რომ ეს მიუღებელია, საზოგადოებამ თქვა, რომ ეს მიუღებელია, ჩვენმა კონსტიტუცია ამბობს, რომ ეს მიუღებელია, რადგან ეს უმთავრესი კანონი ყველა ჩვენს ინსტიტუციას - მთავრობას, პარლამენტს და რა თქმა უნდა, მე, გვავალდებულებს, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციისათვის ყველაფერი გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია.
ამ თვალსაზრისით, ეს კანონი ანტიკონსტიტუციურია, მე ეს ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: ამას ამბობს საქართველოს მოსახლეობა ქუჩის დემონსტრაციებით.
მაშინ რატომ მიაჩნია მმართველ პარტიას ,,ქართული ოცნება“, რომ ეს კანონი საჭიროა?
ეს შეკითხვა მათ უნდა დაუსვათ. მე ნამდვილად ვერ ვხედავ ამის ვერანაირ მიზეზს და ვთქვი კიდეც, რომ ეს კანონი არსაიდან მოდის. საქართველოს მოსახლეობას არ ესმის რატომაა საჭირო ეს კანონი და ერთადერთი ახსნა ისაა, რომ ეს კანონი ჩვენი ევროპული მისწრაფებების ყველაზე კრიტიკულ მომენტში გამოჩნდა. ნიშნავს ეს იმას, რომ მისი ერთადერთი მიზანი ამ მისწრაფებიდან ყურადღების გადატანაა? მე კითხვას ვსვამ, არ მსურს პასუხი, რადგან ჩემი პასუხი საქართველოს მოსახლეობის პასუხია - ჩვენ არ გვინდა ეს კანონი, ჩვენ გვინდა 12 რეკომენდაციის შესრულება, ჩვენ გვინდა ევროკავშირი. მინდა ვუთხრა საქართველოს მთავრობასა და ხელისუფლებას, რომ მხოლოდ საუბარი ევროინტეგრაციასა და ევროკავშირში გაწევრიანების სურვილზე უსარგებლოა, თუ ასეთ კანონს იღებ, რომელიც წინააღმდეგობაში მოვა ყველა იმ განცხადებასთან, რაც გაუკეთებიათ. ასე რომ, ხელისუფლებამ მხედველობაში უნდა მიიღოს ხალხის ნება და მანდატი, რომელიც მათ მიენიჭათ, რადგან ხალხმა ეს ხელისუფლება ისევე, როგორც მე და უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის ფასილიტაციისათვის აგვირჩია. სხვა არანაირი მანდატი საქართველოს მოსახლეობისაგან არასოდეს მიგვიღია და ჩვენ ვალდებულნი ვართ, მათ დავემორჩილოთ!
თქვენი საუბრიდან და ჩემი მოკვლევიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი რუსეთის ჩარევაზე მიანიშნებს? ასეა ეს?
რუსეთი არასოდესაა შორს. მას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი, მუდმივად თავს ესხმოდა საქართველოს, უახლესი ისტორიის ორნახევარი საუკუნის განმავლობაში. ასე რომ, ეს რუსეთისათვის მუდმივი ცდუნებაა, სცადოს თავისი ნების თავს მოხვევა. შესაძლოა, ეს ცდუნება გაძლიერებულია, რადგან უკრაინაში აგებს ომს და სურს რომ წარმატებას სადღაც სხვაგან მიაღწიოს, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ იქიდან გამომდინარე, რა სურს, ან არ სურს რუსეთს. დღეს ის სუსტდება, სრულიად ევროპამ და ამერიკამ გაიგო ის, რაც ჩვენ მანამდე ვიცოდით - რუსეთის ნამდვილი არსი. ჩვენ უნდა განვამტკიცოთ და ავაჩქაროთ ჩვენი გზა ევროკავშირისაკენ ჩვენს უკრაინელ და მოლდოველ მეგობრებთან ერთად. ეს რუსეთის ქმედებებზე ერთადერთ პასუხს წარმოადგენს.
ერთერთი თემა, რომელიც შარშან გავაშუქეთ, ეს სამხედრო გაწვევისაგან თავის არიდების მიზნით საქართველოში შემოსული უამრავი რუსი მამაკაცების ამბავი იყო. მაშინ ისმებოდა შეკითხვები - იყო თუ არა გონივრული ქმედება მათი ქვეყანაში შემოშვება, პრეზიდენტ პუტინის ქვეყანაში შემთხვევით ბევრი არაფერი ხდება. არის შანსი, რომ რუსების ამ შემოდინებამ რაიმე სახის ეროვნული საფრთხე წამოშვას?
ჩვენ მრავალი საფრთხე გვაქვს. მთავარი საფრთხე საქართველოს ორ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული რუსული სამხედრო ბაზებია, ასე რომ, ჩვენ სხვა საფრთხეების ძიება არ გვჭირდება. ამ დრომდე ქვეყანაში, რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის მიუხედავად, არ ყოფილა რაიმე მნიშვნელოვანი ინციდენტი. ეს საქართველოს მოსახლეობის გონივრული დამოკიდებულებაა იყოს ტოლერანტული და განაგრძოს საკუთარი გზა. ამას ვაკეთებდით მთელი ეს ათწლეულები, არა იმაზე ფიქრით, რა სურს რუსეთს, არამედ ჩვენი გზის გავლით - ეს გზა კი, ევროპაა! აქ სრულად უნდა დაგვიჭიროს მხარი ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა, ჩვენ ისინი დღეს ისე გვჭირდება, როგორ არასოდეს! მათი სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, ნამდვილად სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, რომელიც უნდა იქნას მიღებული საქართველოს მოსახლეობისათვის, მათ შორის, თუ საჭიროა, მათი ხელისუფლების საწინააღმდეგოდ.
რომ დავუბრუნდეთ ამ კანონპროექტს, თქვენ აპირებთ ამის შეჩერებას, თუმცა არ შეგიძლიათ ამ კანონის შეჩერება...
მე შემიძლია ვეტოს დადება, თუმცა არ შემიძლია პროცესის შეჩერება, თუ საპარლამენტო უმრავლესობა დაძლევს ვეტოს, რასაც სავარაუდოდ, იზამს კიდეც. მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა ხალხის ხმის გარეშე, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის გარეშე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბოლოს ჩვენ ამას გადავლახავთ.