საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუ მაუწყებელთან "France 24"
ესაუბრა კაროლინ დე კამარე
ინტერვიუში საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, აცხადებს, რომ სურს, რაც შეიძლება, მეტად დაუახლოვდეს ევროპასა და ევროპულ ნორმებს. ის ასევე საუბრობს ფრუსტრაციაზე, რომელსაც რუსეთი ქართველებში იწვევს. გარდა ამისა, მწუხარებას გამოთქვამს იმ ცუდი მაგალითის გამო, რომელსაც ბორის ჯონსონის დიდი ბრიტანეთი გვაძლევს თავისი დამოკიდებულებით საპარლამენტო დემოკრატიისადმი.
- გამარჯობა, დღეს ჩვენს ყურადღებას საქართველოს, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას მივაპყრობთ, კავკასიის პატარა ქვეყანას, რომელიც სტალინის აკვანი იყო და რომლის მოსახლეობაც 3,7 მილიონ მოსახლეს შეადგენს. საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონი ამჟამად რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. დღეს ჩვენ სტუდიაში სტუმრად გვყავს ქალბატონი, რომელიც პირველი ქალია ქვეყნის სადავეებთან. საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტი, ცოტა არ იყოს, ფრანგიც არის. მოგესალმებით ქალბატონო სალომე ზურაბიშვილო, მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ. ქალბატონო სალომე, იმისათვის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მიგეღოთ მონაწილეობა თქვენ უარი თქვით თქვენს ფრანგულ პასპორტზე.
- 2018 წლის 28 ნოემბერს ხმათა 59%-ით აგირჩიეს საქართველოს პრეზიდენტად. შემდეგ თქვენ პარიზში ჩამობრძანდით, სულ ახლახანს, რომ კალამბურის სახით გეთქვათ, რომ თუკი დიდ ბრიტანეთს ევროპიდან გასვლა სურს, თქვენ მზად ხართ, მისი ადგილი დაიკავოთ ევროპის კავშირში. მართალია, ეს კალამბურია, მაგრამ მასში მაინც ჩანს ევროპაში გაწევრების სურვილი.
- დიახ, მასში ჩანს ევროპაში გაწევრების სურვილი. ეს არის კალამბური, მაგრამ იმ სამყაროში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ხშირად ხუმრობა რეალობად იქცევა ხოლმე და რეალობა ხუმრობად...საქართველოსთვის ევროპისაკენ სწრაფვა სიახლეს არ წარმოადგენს. ჩვენს ქვეყანას ევროპისკენ სწრაფვა 1991 წელს, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ აქვს, თუმცა, ეს სურვილი გაცილებით ძველია და მოდის, როგორც პირველი რესპუბლიკის ეპოქიდან, რომელიც 1918 წელს გამოცხადდა, ისე - ქვეყნის ისტორიიდან. ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ დავუახლოვდეთ ევროპას და არ ვიყოთ მხოლოდ ხიდი, რომელიც ევროპას გზას აძლევს იმ სამყაროსკენ, რომელიც ისტორიულად არაქრისტიანული სამყარო იყო. საქართველო ქრისტიანული ქვეყანაა, ძველი ისტორიით და მას სურს, ახლოს იყოს ევროპასთან, მასთან იურთიერთოს იმ თავისი კულტურული ღირებულებებით, რომლებიც ევროპულ ხასიათს ატარებს.
- ამდენად, ლოგიკურია, რომ ჩვენ გვსურს მაქსიმალურად შევაღწიოთ ევროპაში, რომელიც ჩვენთვის, ისევე, როგორც ყველასთვის, განასახიერებს მშვიდობას, განვითარებას, ეკონომიკურ და დემოკრატიულ წინსვლას. ჩვენ ვნახეთ, რომ ქვეყნები, რომლებიც ევროპული დემოკრატიის ნიმუშები იყვნენ და არიან ჩვენთვის, პარლამენტს უფლებამოსილებას უწყვეტენ... ვფიქრობთ, რომ მსგავსი რამ ჩვენ რომ გაგვეკეთებინა, მე დღეს აუცილებლად მოვისმენდი ძალიან მაკრიტიკებელ კითხვებს თქვენი მხრიდან და თქვენ მკითხავდით : - რა ხდება, ქართული დემოკრატია შეფერხდა? უკან იხევს? ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, წუხილის მიზეზია.
- თქვენ, ესე იგი, შოკირებული ხართ ბორის ჯონსონის მანევრით?
- წუხილს იწვევს ის ფაქტი, რომ ასეთი რამ ევროპაში ხდება. ევროპა ჩვენთვის განასახიერებს დემოკრატიული სტაბილურობის მაგალითს, რომელსაც ჩვენ ვესწრაფვით. ...და ევროპა ასეთი მაგალითია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ, მსოფლიოს დიდი ნაწილისთვის. თუმცა, ევროპას ხანდახან ეს ავიწყდება, იმიტომ, რომ თავის პრობლემებშია ჩაფლული.
- თუმცა, მან, 2014 წელს ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას სამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკასთან, რომელთაგან ერთი საქართველოა.
- არ მომწონს ტერმინი „ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა“. რამდენ ხანს უნდა ვიყოთ „ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა“? უმჯობესია, ვიყოთ „მომავალი ევროპელი რესპუბლიკა...“
- ცოტა იმედგაცრუებული ხომ არ ხართ, რომ თქვენი ურთიერთობები ევროპასთან კიდევ უფრო მაღალ ხარისხში არ გადავიდა? [თავისუფალი ვაჭრობის თვალსაზრისით] თქვენ ხართ 30%, 35% და 40%-ს შორის ევროპის კავშირთან, მაშინ, როდესაც უკრაინისთვის ეს მაჩვენებელი 50%-ს აღწევს, მოლდოვასთვის - 60%-ს. რა ხდება? რა უშლის ხელს თავისუფალ ვაჭრობას განვითარებაში? ეს ხომ თქვენი სურვილით მოხდა?
- ხელისშემშლელი ფაქტორი ორია. ჩვენ ჯერ კიდევ ვერ მოვახდინეთ ჩვენი პროდუქციის ადაპტირება... საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ჯერ კიდევ რჩება სოფლის მეურნეობის ქვეყნად. ჩვენ ახლა ვახდენთ მოდერნიზაციას. ღვინომ უკვე გაჭრა გზა და ამას ყველა აღიარებს. მიმდინარეობს ჩვენი სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია, საჭიროა, რომ ის ადაპტირდეს, მოერგოს ევროპულ სტანდარტებს... ბევრი საქმე გვაქვს, იმისათვის, რომ ეს დაბრკოლებები გადავლახოთ...
- დღესდღეობით ეს დაბრკოლებები ძირითადად არასატარიფოა და ჩვენგან მოითხოვს ევროპული ბაზრის გაგებას. მე ბევრს ვმოგზაურობ საქართველოს რეგიონებში და შევხვდი ბევრ ფერმერს, რომლებიც ძალიან საინტერესოდ ავითარებენ ქართულ პროდუქციას. ხანდახან ისინი მეუბნებიან, რომ უჭირთ ბაზარზე მუდმივად გაჩერება. რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ბაზარზე აღწევენ, მაგრამ დიდხანს ვერ რჩებიან იქ. რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ გვჭირდება განვითარება.
- ალბათ, გარდა ამისა, არსებობს დაბრკოლებები თქვენი დიდი მეზობლის, რუსეთის მხრიდანაც... შევახსენებ ჩვენს მაყურებელს, რომ 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთმა დაიპყრო სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, საქართველოს ორი სეპარატისტი რეგიონი. საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსების 7000 ჯარისკაცის მიერ. ეს ალბათ თქვენი ყოველდღიური პრობლემაა...
- დიახ, ეს ყოველდღიური პრობლემაა, მაგრამ მინდა დავასრულო წინა საკითხზე საუბარი. არა მგონია, რომ ეს საკითხები ერთმანეთს უნდა დავუკავშიროთ.
- საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის ნელი ტემპი დაკავშირებული არ არის რუსეთთან და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ ოკუპაციის პრობლემა ყოველდღიური პრობლემაა, ეს არის არამარტო ყოველდღიური სიმძიმე, არამედ - ყოველდღიური ტკივილი, იმიტომ, რომ ჩვენი მოსახლეობის ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს და დაცული არ არის მათი უფლებები მრავალი კუთხით, იქნება ეს თავისუფალი გადაადგილების უფლება თუ ქართულ, ოსურ და აფხაზურ ენებზე სწავლის უფლება... ყველაფერი არის ძალიან რთული, რთულია მავთულხლართებიც, რომელსაც ახლა აჩვენებენ ...
- და აფხაზეთში, რომელსაც საქართველო, ბუნებრივია, დამოუკიდებლად არ აღიარებს, გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი და მეორე ტური... აღსანიშნავია, რომ მხოლოდ რუსეთმა, ნიკარაგუამ, ვენესუელამ და სირიამ აღიარეს მისი დამოუკიდებლობა.
- დიახ, საქმე გვაქვს არააღიარებულ სეპარატისტულ რეჟიმებთან თავიანთი ყველა მახასიათებლით, მართავენ არჩევნებს, აკეთებენ განცხადებებს, ხშირად უწევენ ტონს... გუშინ ულტიმატუმი მივიღეთ სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული მთავრობისაგან.
- ეს ყველაფერი მძიმეა, მაგრამ, ჩემი აზრით, უკიდურესად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველომ, ამ ყველაფრის მიუხედავად, თავის ევროპულ გზას მაინც არ გადაუხვია. მართალია, ამან მისი წინსვლა ამ გზაზე გარკვეულ მომენტში შეაფერხა, ზოგჯერ ეს შეიძლება კიდევ გართულდეს, მაგრამ ჩვენ ამ გზაზე სვლას მუდმივად ვაგრძელებთ... სამეზობლო პოლიტიკა, პარტნიორობის შეთანხმება, ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, ვიზალიბერალიზაცია... ვფიქრობ, რომ ეს მოძრაობა არ უნდა შეჩერდეს.
- ამავდროულად, ჩანს, რომ ქართველები წუხან რუსული გავლენის გამო. 2019 წლის 21 ივნისს თქვენი პარლამენტის ტრიბუნაზე რუსი, კომუნისტური პარტიის დეპუტატის გამოსვლამ დიდი პროტესტი გამოიწვია... ამ ფაქტმა ნამდვილ ანტირუსულ მოძრაობას ჩაუყარა საფუძველი, ქართველებში რუსეთი ფრუსტრაციას იწვევს... როგორ ფიქრობთ, ბიძინა ივანიშვილის პარტია „ქართული ოცნება“, რომელიც ქვეყანას მართავს, არის თუ არა საკმარისად გაწონასწორებული? თქვენ ამბობთ ხოლმე, რომ წონასწორობა უნდა მოიძებნოს რუსეთსა და ევროპას შორის?
- მე ეს არ მითქვამს, არ მიხსენებია „წონასწორობა“ ევროკავშირსა და რუსეთს შორის. ჩვენ გადაჭრით გვსურს და ვდგევართ ევროპულ გზაზე, რუსეთი წარმოდგენილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ეს არის საქართველოს ხელისუფლების წუხილის უწყვეტი მიზეზი. მაგრამ არ შეიძლება, რომ ამ ფაქტმა განსაზღვროს ჩვენი იდენტობა და აგვაცდინოს ჩვენს მიზნებს.
- ეს არის ჩვენი ორი ძირითადი საწუხარი. ჩვენ კარგად ვიცით, რომ დღეს ხელთ არა გვაქვს პრობლემის გადაჭრის საშუალება. ჩვენ უარი ვთქვით სამხედრო გზაზე, მოლაპარაკების საშუალება კი არ გვაქვს, იმიტომ, რომ 2008 წელს, ომის შემდეგ, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა შევწყვიტეთ. როგორც იცით, ცეცხლი ევროპისა და საფრანგეთის პრეზიდენტ სარკოზის ჩარევის შემდეგ შეწყდა. ამდენად, ვიცით, რომ ამ საკითხის მოგვარებასა და საქართველოს გაერთიანებას მარტოები ვერ მივაღწევთ და გვჭირდება ჩვენი პარტნიორები...
- თქვენს საზოგადოებას ხომ არ უჩნდება ეჭვი, რომ მილიარდერს, რომელიც დღეს მის პირმშო „ქართულ ოცნებას“ მართავს, უნდა უფრო მეტი რამ დაუთმოს რუსებს, იმიტომ, რომ მისი წარსული საქმიანობა რუსეთს უკავშირდება? ხომ არ დგას ეს საკითხი?
- საკითხი ასე არ დგას, იმიტომ, რომ არ არსებობს რაიმე ნიშანი ჩანს, რომ რუსეთს რამეს ვუთმობთ. რუსეთთან დისკუსიას ვერ ვაწარმოებთ. არსებობს საჭიროება, რომ არ გავებათ იმ ხაფანგში, რომელსაც რუსეთის სტრატეგია წარმოადგენს, რათა შეცდომისკენ გვიბიძგოს. რაც მდგომარეობს იმაში, რომ პერმანენტულად ახდენს სიტუაციის ესკალაციას, რათა გვაიძულოს, რომ ტონი შევცვალოთ და ჯერ ვერბალურ, შემდეგ კი - არ ვიცით, რა ტიპის, კონფრონტაციაში ჩაგვითრიოს... თქვენ მართებულად გაიხსენეთ 20 ივნისი, იმიტომ, რომ ეს არის ძირითადი თემა.
- თუკი, ომიდან 11 წლის შემდეგ, ოკუპირებული ტერიტორიები რჩება ოკუპირებულ ტერიტორიებად, რომლებისთვისაც არ ჩანს პერსპექტივა, იმიტომ რომ ამისი საშუალება არ არსებობს... მოქალაქეთა ფრუსტრაცია შეიძლება გადაიზარდოს ამ ტიპის მანიფესტაციებში, რომელიც მთელი მოსახლეობისთვის კონსენსუსის საგანი იყო.
- შესაბამისად, აუცილებელია, ვეძებოთ გამოსავალი. ჩვენ არ გვაქვს საშუალება, რომ რუსეთთან ვიპოვოთ გამოსავალი და დამოკიდებული ვართ ჩვენს პარტნიორებზე, რომლებსაც წარმოადგენს ევროპა, საფრანგეთი, რომელიც ახალ ინიციატივებს იღებს, და ამერიკის შეერთებული შტატები. ჩვენ მათთან ერთად და მათ გარემოცვაში შეგვიძლია გამოსავლის ძიება და არა რუსეთისა და საქართველოს პირისპირ დარჩენაში.
- ანუ თქვენ ითხოვთ დახმარებას რუსეთთან მოლაპარაკებაში...
- მე ვფიქრობ, რომ საფრანგეთმა და ევროპამ უნდა დაასრულონ ის საქმე, რომელიც 2008 წელს დაიწყეს და შეაჩერეს კონფლიქტი. მაგრამ კონფლიქტის შეჩერება საკმარისი არ არის. საჭიროა, მოიხსნას ყველა ის ფაქტორი, რაც იწვევს ფრუსტრაციას და შეიძლება დამატებით დაძაბულობაში გადავიდეს. ეს დაძაბულობა კი საზღვართან არ ჩერდება. ეს არის დაძაბულობა ევროპისთვის და ევროპის ფარგლებში და ეს არ არის მარტივი.
- რომ დავასრულოთ, თქვენ გსურთ, რომ დაუახლოვდეთ ევროპას, მაგრამ პერსპექტივა მეტწილად შორეულია და უფრო სწრაფად გინდათ, დაუახლოვდეთ ნატოს, იმიტომ, რომ თქვენ ყველაზე დიდი კონტინგენტი გყავს ავღანეთში...
- ასევე, ცენტრალურ აფრიკაშიც, ევროკავშირთან ერთად...
- ...ეს, რასაკვირველია, ძალიან აწუხებს რუსეთს, ვიცით, რომ ნატოს თემა მისთვის ძალიან მგრძნობიარე თემაა. რამდენად გჯერათ ნატოში გაწევრების?
- ევროკავშირში და ნატოში ჩვენი გაწევრების საკითხები ერთმანეთის პარალელურია. ორივე შემთხვევაში, საქმე გვაქვს საქართველოს წინსვლასთან, იმიტომ, რომ საქართველო, თავის მხრივ, აკეთებს ყველაფერს, რაც შესაძლებელია: ნერგავს სტანდარტებს ევროპული კანონმდებლობის, თუ სამხედრო სტანდარტების თვალსაზრისით, რათა ინტეროპერაციული გახდეს.
- ჩვენ ძალიან კარგი მოსწავლეები ვართ. ალბათ ჩვენი ხვედრია, რომ კარგი მოსწავლეები ვიყოთ... მაგრამ ჩვენ რეალისტი მოსწავლეები ვართ და, ევროკავშირის შემთხვევაში, ვიცით, რომ შიდა გარემოებების გამო, დღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული ვერ იქნება, ამიტომ, ჩვენ გვსურს, რომ შევაღწიოთ ყველა იმ სივრცეში, სადაც შესაძლებელია. ზუსტად ისე, როგორც დღეს ვიქცევით და არსებობს ამისი გეგმა. შემდეგ კი ვიღაც აღმოაჩენს, რომ ჩვენ უკვე ევროპაში ვართ.
- ნატოს რაც შეეხება, მასთან დაკავშირებითაც იგივე შეგვიძლია ვთქვათ. პოლიტიკური გადაწყვეტილების მოლოდინი დღეს ან ხვალ საქართველოს ნატოში გაწევრების შესახებ რეალისტური არ იქნება. სამაგიეროდ, წვრთნები, ინტეროპერაციულობა, ჩვენი ჯარისკაცები მისიებში, ჩვენს არმიას საშუალებას აძლევს პროფესიულად კიდევ უფრო მოიკიდოს ფეხი და ეს ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ კიდევ უფრო გვაახლოებს ნატოსთან... ეს დაახლოება მიზნად არ ისახავს ვინმესთან დაპირისპირებას, ჩვენი მიზანი ეს არ არის, როგორც ცდილობენ ხოლმე, რომ დაგვაბრალონ... ჩვენი მიზანია ქართული სახელმწიფოს გაძლიერება, მისი დამოუკიდებლობა, სუვერენობა და ევროპულობა.