- თქვენს წინაპრებს 1921 წელს, რუსი სამხედროების საქართველოში შემოსვლის გამო, ქვეყნიდან წასვლა მოუწიათ. საქართველოში საფრანგეთის ელჩად ყოფნის შემდგომ, თქვენ გახდით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. ამ სტატუსით, თქვენი მოლაპარაკებების შედეგად, რუსეთის ჯარებმა დატოვეს ტერიტორია. შეგიძლიათ გვესაუბროთ თქვენს ცხოვრებაში ასეთი გამორჩეული ეტაპების შესახებ?
საბჭოთა ჯარის მიერ საქართველოს დამოუკიდებელი, დემოკრატიული რესპუბლიკის დაპყრობის გამო ჩემი ოჯახი იძულებული გახდა 1921 წელს დაეტოვებინა საქართველო და კომუნისტური რეჟიმისაგან გამოქცეული პოლიტიკური დიასპორის უდიდეს ნაწილთან ერთად, წასულიყო საფრანგეთში.
ბავშვობიდანვე დარწმუნებულები ვიყავით, რომ საქართველო მოიპოვებდა დამოუკიდებლობას; არასოდეს დასმულა შეკითხვა „თუ“, ვფიქრობდით - „როდის?“ (მოხდებოდა ეს).
Science Po-სა და კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლის შემდეგ, 1970-იანი წლებიდან საფრანგეთის დიპლომატიურ სამსახურს შევუერთდი და ვმუშაობდი რომში, ნიუ-იორკში, ნჯამენაში, ვენასა და ბრიუსელში, 2003 წლამდე, როცა უკვე საქართველოში საფრანგეთის ელჩი გავხდი.
ვარდების რევოლუციის შემდეგ, როდესაც საქართველოში ახალი მთავრობა მოვიდა, ჩემდა მოულოდნელად, ამ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრად დავინიშნე. ჩემი დანიშვნა საქართველოს პრეზიდენტისა და საფრანგეთის პრეზიდენტისაგან ორმაგი აგრემანის მიღებით იყო გამორჩეული.
იმ ფაქტმა, რომ მე საბჭოთა კავშირს მიღმა დავიბადე და მივიღე დასავლური განათლება, რა თქმა უნდა, უდიდესი როლი ითამაშა ჩემ მიერ გაკეთებულ არჩევანსა და პრიორიტეტებზე - სვლა ევროპასა და ნატოსკენ, რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება რუსეთის სამხედრო ბაზების გასვლის მოლაპარაკებების მეშვეობით. შეთანხმება, რომელზეც მოვილაპარაკეთ ჩემს რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან ერთად, განხროცილედა და 2005 წელს მომსწრე გავხდი, როგორ გავიდა ბათუმიდან გემი უკანასკნელი რუსული ტანკით, იმ ადგილიდან, საიდანაც რუსეთის საოკუპაციო ჯარების შემოსვლის ფონზე, 1921 წელს ჩემს ოჯახს მოუწია საქართველოს დატოვება. ეს იყო ისტორიული თვალის ჩაკვრა...
იმ პერიოდში, ვერავინ იფიქრებდა, რომ მე დავბრუნდებოდი ჯერ როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი და შემდგომ, საქართველის დამოუკიდებლობის 100 წლისთავზე, როგორც საქართველოს არჩეული პრეზიდენტი, პირველი ქალი პრეზიდენტი ქვეყნისა, რომელსაც საუკუნით ადრე პირველ დამფუძნებელ კრებაში უკვე ჰყავდა არჩეული 5 ქალი.
- 2018 წლის ნოემბრეში აგირჩიეს საქართველოს პრეზიდენტად, ამ სტატუსით, თქვენი პირველი ვიზიტი ბრიუსელში შედგა, შემდეგ კი, პარიზში. რა ურთიერთობები აქვს საქართველოს საფრანგეთთან, განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში?
საქართველოსათვის საფრანგეთი არ არის მხოლოდ იმ ევროპული ღირებულებების გზამკვლევი ქვეყანა, რომლებსაც ჩვენ ვიზიარებთ და პატივს ვცემთ. საფრანგეთი ჩვენი ძველი მეგობარია, რომელთანაც რიგ საკითხებზე სიღრმისეული ურთიერთობა გვაკავშირებს. მას შემდეგ, რაც წითელმა არმიამ საქართველო დაიპყრო, სწორედ საფრანგეთი იყო ის ქვეყანა, რომელმაც მიიღო გადასახლებაში მყოფი საქართველოს მთავრობა და რომელმაც ცნო ახალი სსრკ საქართველოს ანექსიის აღიარების გარეშე, 1934 წლამდე, როდესაც ლავალ-ლიტვინოვის პაქტზე დაყრდნობით მიღებული შეთანხმების შემდგომ საქართველოს წარმომადგენლობას დახურვა მოუწია. ჩვენ გვახსოვს 2008 წელს პრეზიდენტ სარკოზის გადამწყვეტი ჩართულობა. მან მონაწილეობა მიიღო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში, როდესაც რუსეთის ჯარები შემოიჭრნენ საქართველოში.
პრეზიდენტად არჩევიდან ცოტა ხანში, ჩემი ერთ-ერთი პირველი ვიზიტი პარიზში შედგა, სადაც პრეზიდენტ მაკრონთან ერთად, ხელი მოვაწერე ,,დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის დეკლარაციას“, რამაც თბილისსა და პარიზს შორის შექმნა პოლიტიკის, დიპლომატიის, კულტურის, განათლების, უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიმართულებით დიალოგის ახალი ფორმატი.
უნდა აღვნიშნო, რომ საფრანგეთსა და საქართველოს შორის სამხედრო ურთიერთობა ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის ურთიერთობაა. საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და სენ-სირის სამხედრო სკოლის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, რეგულარულად მონაწილეობენ სტუდენტები გაცვლითი პროგრამებში, საქართველო მუშაობს ფრანგულ სამხედრო-ინდუსტრიულ საწარმოებთან, ასევე, ვთანამშრომლობთ ნატოს ფარგლებში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაფასებთ საქართველოში ნატო-ს სამხედრო წვრთნებში საფრანგეთის მონაწილეობას და იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს ეს წვრთნები უფრო გაფართოვდება.
საქართველოში საჩხერის სამთო მომზადების სკოლა, რომელიც საოკუპაციო ზოლთან ახლოს ფუნქციონირებს აღიჭურვა და განვითარდა საფრანგეთის დახმარებით. ქართული არმია მონაწილეობს საფრანგეთის მხარდამხარ საერთაშორისო უსაფრთხოების მისებში, კონკრეტულად მალისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.
ჩვენი ურთიერთობები საფრანგეთთან ასევე მოიცავს განათლების, კულტურისა და ეკონომიკის სფეროებს. გასულ წელს ჩვენ მივესლამეთ ქართულ ბაზარზე „Air France“-ის შემოსვლას და მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ფრთხილად ვუდგებით საერთაშორისო ფრენების გახსნის საკითხს, „Air France“-ი განაგრძობს ორ ქვეყანას შორის პირდაპირ ფრენებს.
კიდევ მრავალი რამის თქმა შეიძლება, თუმცა, ერთსაც დავამატებდი, საფრანგეთი და საქართველო გააგრძელებენ ერთობლივ მუშაობას როგორც ორი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა.
- თქვენ გჯერათ საქართველოს ევროპული ბედის? ანუ, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია რეალისტური პროექტია?
რა თქმა უნდა! საქართველო ყოველთვის იყო ევროპული სახელმწიფო და ევროკავშირში ჩვენი ინტეგრაცია სხვა არაფერია, თუ არა, ჩვენს დიდ ევორპულ ოჯახში დაბრუნება, რომელსაც საბჭოთა ოკუპაციამ დაგვაშორა.
დღეს, ევროკავშირი მრავალი დიდი გამოწვევის წინაშეა. COVID-19-ის პანდემია ერთმნიშვნელოვნად უახლესი და უმძიმესი გამოწვევაა, რომელიც შეცვლის ევროპის მომავალს. ამ პანდემიამ ევროპა აიძულა საკუთარი თავისთვის შეეხედა და გადაეწყვიტა იზოლაციით დაპირისპირებოდა ამ ტრაგედიას, თუ საერთაშორისო სოლიდარობით.
თუმცა, ევროპა იმ ინსტიტუციების ისტორიაა, რომელთაც გამოწვევების ფერფლიდან აღდგომა შეუძლიათ. წარსულის თითოეულმა კრიზისმა უფრო ძლიერი, მეტად გაერთიანებული და მომავლისაკენ მომზირალი ევროპა წარმოაჩინა. პანდემიაც არაა გამონაკლისი.
მესმის, რომ ახლა ბრიუსელში შესაძლოა, ჯერ კიდევ არ იყოს შესაფერისი დრო ახალ კანდიდატებზე პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად. ლოდინის ამ პერიოდში, ევროპაში სექტორული ინტეგრაციის მისაღწევად, ჩვენ დავაკაკუნებთ ყველა კარზე და გადავაბრუნებთ თითოეულ ქვას.
საქართველო უკვე სარგებლობს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით, შენგენის ზონასთან უვიზო მიმოსვლით, ასოცირების შეთანხმებით და ამავდროულად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი მთავარი წევრია. ევროპა საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია, ათასობით ჩვენი სტუდენტი ყოველ წელს სარგებლობს „ერაზმუსის“ პროგრამით. ჩვენ შემდგომი ეტაპისათვის სრულიად მზად ვართ.
გასულ წელს მე შევთავაზე ,,ad hoc“ ინტეგრაციის სისტემა, რომელიც საშუალებას მოგვცემს დავიწყოთ მოლაპარაკებები გაწევრიანების თავებზე, სანამ კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მივიღებთ. ეს პრაგმატული მიდგომაა, რომელიც განხილვას იმსახურებს. ასე რომ, დიახ, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია არამხოლოდ რეალისტური პროექტია, არამედ ჩვენი ერთადერთი პერსპექტივაცაა. ჩვენთვის ევროკავშირს ალტერნატივა არ გააჩნია!
- რამდენად შესაძლოდ გესახებათ საქართველოს ნატოში გაწევრიანება, მაშინ როდესაც ქვეყანას რუსეთთან 700 კმ-იანი საზღვარი აქვს?
საქართველოს ნატოში გაწევრიანება იმ საკითხთა შორისაა, რომელზეც საქართველოს მოსახლეობას საერთო აზრი აქვს. თითოეული გამოკითხვა აჩვენებს, რომ ყველანაირი პოლიტიკური ფონის მქონე ქართველთა მინიმუმ 70%-ს სურს ნატოში გაწევრიანება. მეორე მხრივ, სენტიმენტებიც ნათელია: წლებია საქართველო ნატოს ერთ-ერთი ყველაზე ახლო და სანდო პარტნიორია. გენერალურმა მდივანმა იან სტოლტენბერგმა დაადასტურა, რომ საქართველო, ადრე თუ გვიან, შეუერთდება ალიანსს.
წელს ჩრდილოეთ მაკედონია ნატოს 30-ე წევრი გახდა. რაც გვაჩვენებს, რომ არსებობს ალიანსის გაფართოების სურვილი და ჩვენ პრივილეგირებულ მდგომარეობაში ვართ. ჩვენ მუდმივად შესაბამისობაში მოვდივართ ნატოს სამხედრო დანახარჯების სტანდარტთან, მუდმივად ვანახლებთ ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობებს და საქართველოს შეიარაღებული ძალები ავღანეთში ალიანსის მისიის ერთ-ერთი უდიდესი კონტრიბუტორია.
დიახ, 2008 წელს ჩვენ მოგვიწია რუსეთთან უთანასწორო და ტრაგიკულ ომში დაპირისპირება; დიახ, ჩვენ კვლავ გვიწევს ცხოვრება გადაუჭრელ კონფლიკტებთან ერთად, რომლებიც მოიცავენ ადამიანის უფლებების დარღვევას, ფართომასშტაბიან ოკუპაციასა და ჩვენი ტერიტორიის ბოერდერიზაციას. თუმცა, რუსეთმა ვერ მიაღწია თავის მთავარ მიზანს, ვერ გადაგვახვევინა დასავლეთისაკენ მიმავალი გზიდან. საქართველომ დაამტკიცა თავისი სიმტკიცე. სიმტკიცე, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში შექმნა ჩვენი იდენტობა და რომლითაც ვამაყობთ.
საქართველო ნატოსთან ისე ახლოსაა როგორც არასდროს და საერთაშორისო საზოგადოება მუდმივად აქვეყნებს ჩვენი ეროვნული სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერ განცხადებებს. ჩვენმა მოკავშირეებმა ასევე, განაცხადეს, რომ ვერც ერთი მესამე ქვეყანა ვერ შეძლებს ვეტო დაადოს ჩვენს გზას.
- 2008 წლიდან საქართველოს 20% - სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ოკუპირებულია რუსეთის ჯარის მიერ. კონფლიქტი გაყინულად რჩება თუ არსებობს მისი დარეგულირების შესაძლებლობა?
რთულია ამ კონფლიქტის გაყინულად კვალიფიცირება, როდესაც ვხედავთ რა ხდება უშუალოდ ადგილზე. გამშვები პუნქტების დაკეტვის შედგომ ათობით ქართველი გარდაიცვალა ჯანდაცვის მომსახურებებზე წვდომის არარსებობის გამო, ჩვენი მოქალაქეები საკუთარ სახლებში მძევლებად არიან. ადამიანის უფლებათა დარღვევა ყოველდღიურ ბრძოლად გადაიქცა, ხოლო ბორდერიზაცია განაგრძობს ოჯახების დაშორებას.
ეს პროცესები კვლავ გრძელდება, მიუხედავად პანდემიის პერიოდში მსოფლიოში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გენერალური მდივნის ანტონიუ გუტერეშის მოწოდებისა. თუმცა ამ პანდემიამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთ დაანახა, რომ საქართველოს შესწევს ძალა მართოს გლობალური კრიზისი და დაიმსახუროს საერთაშორისო საზოგადოების შექება. ქართულმა საავადმყოფოებმა მიიღეს პაციენტები ოკუპირებული ტერიტორიებიდან და მათ საქართველოს მეშვეობით მიიღეს საერთაშორისო დახმარება.
საბოლოო ჯამში, კონფლიქტის გადაჭრის ერთადერთი გზა დიალოგია. ჩვენ ვიცით, რომ ომი არაა გამოსავალი და საქართველომ აირჩია მშვიდობის გზა. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებმა გადამწვეტი როლი ითამაშა დიალოგის შენარჩუნების მიმართულებით, თუმცა ის ძალიან ტექნიკური გახდა და არ იძლევა ძირეული საკითხების განხილვის საშუალებას.
სწორედ ამიტომ, მე მოვუწოდებ მოლაპარაკებების მეტად პოლიტიკურ საფეხურზე გადასვლისაკლენ. დიპლომატიასა და დიალოგს შეუძლია დაგვეხმაროს უდიდესი პრობლემების გადაჭრაში. 2005 წელს სწორედ დიალოგის მეშვეობით შევძელით საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანა. ამ კონფლიქტის გადასაჭრელად ჩვენ გვესაჭიროება პოლიტიკური დიალოგი, ჩვენი დასავლელი პარტნიორების ზედამხედველობით.
მე იმედიანად ვარ!
ეს არ არის საქართველოს ოკუპირების პირველი შემთხვევა, მიუხედავად ამისა ჩვენ ყოველთვის ვპოულობთ ჩვენს ერთიანობას. ჩემთვის, გასულ წელს, საქართველოში პრეზიდენტ შტაინმაიერის ვიზიტისას, გადმოცემული ბერლინის კედლის ნაწილი ძალიან სიმბოლური იყო. თუ რკინის ფარდით გაყოფილმა ევროპამ შეძლო გამთლიანება და უფრო ძლიერი გახდა, ამას საქართველოც შეძლებს!