საქართველოს პრეზიდენტის Op-ed-ი საერთაშორისო მედიაკავშირ Euractiv-ში

 

საქართველო მსოფლიო დიპლომატიის ხელახლა ამუშავებისკენ ისწრაფვის

მას შემდეგ, რაც COVID-19-მა ჩვენი ცხოვრება შეცვალა, უფრო დიდი სახელმწიფოები გლობალური გამოწვევების პირისპირ ვირტუალურად მარტო დარჩნენ, უფრო პატარა სახელმწიფოები კი, როგორიც საქართველოა, ცდილობენ განაახლონ უფრო ფართო დებატების მექანიზმი, - წერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ექსკლუზიურ op-ed-ში.

სალომე ზურაბიშვილი ქართველი პოლიტიკოსი და ყოფილი ფრანგი დიპლომატია, რომელიც 2018 წლის დეკემბრიდან საქართველოს მე-5 პრეზიდენტია.

საზოგადოებაზე პანდემიის ზეგავლენა განუზომელია. 2 მილიონზე მეტი გარდაცვლილი, მილიარდობით ფინანსური ზარალი, რომელიც იზრდება, ფსიქოლოგიური საზღაური, რომელსაც ბოლომდე ჯერ ვერ აღვიქვამთ. სინათლე გვირაბის ბოლოს მოსჩანს, თუმცა ჩვენ ჯერ გაურკვევლობაში ვრჩებით.

პანდემიის ერთ-ერთი ყველაზე გაუცნობიერებელი მსხვერპლი დიპლომატიის მრავალფეროვანი, მრავალმხრივი სამყარო იყო. სანამ COVID-19 ჩვენს ცხოვრებას შეცვლიდა, ჩვენ მსოფლიოს ერთად მივმართავდით გაეროს სამიტებზე, ვცვლიდით მოსაზრებებს საერთაშორისო კონფერენციებზე და ვხვდებოდით ვიზიტების დროს. დიპლომატიის კარგად გამართული მექანიზმი ისტორიულად სწრაფი ტემპით მოქმედებდა. სწორედ ამ მექანიზმმა მიიყვანა მსოფლიო ლიდერები ყველაზე აქტუალურ საკითხებზე ერთობლივი გამოსავლების შემუშავებამდე.

ჩემი პრეზიდენტობის პირველ წელს, მე ვეწვიე 15 ქვეყანას, იაპონიიდან დაწყებული აშშ-ს ჩათვლით და სიტყვით გამოვედი ათეულობით საერთაშორისო კონფერენციაზე, ნიუ-იორკში გაეროს დარბაზებიდან ასობით ბიზნესმენამდე, რომლებიც პარიზში შეიკრიბნენ MEDEF- ის ყოველწლიური კონფერენციაზე.

ეს მექანიზმი დაპაუზდა, როდესაც ახალი კორონავირუსი გამოჩნდა. ამის ნაცვლად ახალი ტენდენცია გაჩნდა. უფრო დიდი სახელმწიფოები, რომლებმაც შეინარჩუნეს კომუნიკაციის ხაზები ვირტუალურად მარტო არიან გლობალური გამოწვევების წინაშე, მაშინ როდესაც მომცრო ქვეყნები, როგორიც საქართველოა, ისწრაფვიან, რომ უფრო ფართო განხილვებში მიიღონ მონაწილეობა.

ჩვენ მოგვიწევს ამ საკითხის მოგვარება. პატარა ქვეყნებს, მსოფლიოს გარშემო, სჭირდებათ საერთო ხმის პოვნა, რათა გლობალურ დონეზე რელევანტურები დარჩნენ. გასულ პარასკევს, ირლანდიის პრეზიდენტს ჰიგინსთან საუბრისას, გაერთიანებისა და ერთობლივი ხმით დიდი გავლენის მოხდენის მნიშვნელობას გავუსვი ხაზი.

ევროპისაკენ მიმავალ გზაზე

რადგან პანდემია შესაძლოა, გარკვეული დროით დარჩეს, საქართველოსთვის ახლა ვიდრე ოდესმე, მნიშვნელოვანია დიპლომატიური მექანიზმის აღდგენა.

ამ კონტექსტში, მე ავირჩიე ბრიუსელი, ამ ახალ რეალობაში ჩემი პირველი ვიზიტის ადგილად.

1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგაც, საქართველოს თავის დიდ ევროპულ ოჯახში დაბრუნება სურდა, რომლისგანაც საბჭოთა ოკუპაციამ 70 წლით დააშორა. ჩვენ მივყვებით ჩვენს გზას ევროკავშირისა და ნატოსაკენ და ჩვენი სიმტკიცე იმდენად ძლიერია, რომ ამ პანდემიამ ვერ შეანელა.

ბრიუსელში მოვისმინე სოლიდარობის სიტყვები. სოლიდარობა ერთადერთი კონცეფციაა, რაც არსებული კრიზისიდან გამოგვიყვანს. არცერთ ქვეყანას, არცერთ რეგიონს არ შეუძლია პანდემიის მარტო გადალახვა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მთელი ჩვენი თანამედროვე საზოგადოება ასე მჭიდროდაა დამოკიდებული ურთიერთკავშირზე. პანდემიის პირველივე დღეებიდანვე ევროკავშირმა აჩვენა ეს სოლიდარობა, საჯარო და არასამთავრობო სექტორებისათვის ფინანსური და ლოგისტიკური დახმარების სახით.

ახლა, როდესაც ვირუსზე რეაგირების ახალ ეტაპზე გადავდივართ, ეს სოლიდარობა ვაქცინებში უნდა გადაიზარდოს.

რამდენიმე დღის წინ, საქართველომ მიიღო დასტური, რომ ფაიზერის ვაქცინის პირველ დოზას თებერვლის დასასრულისთვის მიიღებს. მას გამოიყენებენ ჩვენი სამედიცინო პერსონალისთვის, რომლებიც უხილავი მტრის წინააღმდეგ ამ ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფებიან.

თუმცა, ნამდვილად სამართლიანი და გლობალური რეაგირებისათვის მსოფლიოს  მეტი სოლიდარობის გამოვლენა სჭირდება. საქართველოს, უფრო დიდი ევროპული ოჯახის ნაწილს, სჭირდება ევროპის მხრიდან ამ სოლიდარობის მეტად ჩვენება.

2024 წელს, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანას აპირებს. ეს აჩვენებს არა მხოლოდ იმას, რომ საქართველომ ზედმიწევნით, გადახვევის გარეშე გააგრძელა თავისი გზა, სიმტკიცისა და მიზანდასახულობის მეშვეობით, ასევე იმასაც, რომ საქართველო მზადაა დასახოს საბოლოო მიზნისაკენ მიმავალი კონკრეტული ჰორიზონტი. საქართველო მომდევნო რამდენიმე წელს სექტორული ინტეგრაციისთვის მაქსიმალურად გამოიყენებს.

ეს გულისხმობს ევროკავშირის ერთიან ბაზარზე წვდომას, TEN-T პროგრამის ირგვლივ დაგეგმვაში ჩართულობას, ქართველი სტუდენტებისათვის ევროპის მასშტაბით უმაღლესი განათლების მიცემას ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტუდენტებისათვის დაწესებული საფასურით. ეს გულისხმობს იმის უზრუნველყოფას, რომ საქართველო ბრიუსელისათვის მაღალ პრიორიტეტად რჩება და ღრმავდება კულტურული, ინსტიტუციური და გარემოსდაცვითი თანამშრომლობა.

აღმოსავლეთ პარტნიორობის დაწყებიდან თითქმის 12 წლის შემდეგ, ჩვენ ახალ რეალობას უნდა შევხედოთ. საქართველო წინსვლისათვის მზადაა. მოლდოვაში ჩემი კოლეგის მაია სანდუს არჩევა შესაძლებლობაა, რომ ვიპოვოთ თანამშრომლობის ახალი გზები ევროკავშირში გაერთიანებისაკენ მიმავალ გზაზე, რომელიც ჩვენ ორივემ ავირჩიეთ.

ბრიუსელში ჩემი ვიზიტი ასევე ნატო-სთვის ჩვენი ერთგულების კიდევ ერთხელ დადასტურების შესაძლებლობა იყო.

გასული წელი მთელი კავკასიისათვის ტრაგიკული აღმოჩნდა. საქართველოს ორ მეზობელსა და მეგობარს შორის ომმა აჩვენა გაყინული კონფლიქტების უგულებელყოფის საშიშროებები.

მან ასევე აჩვენა, რომ ევროპა და ნატო არ უნდა ჩამორჩნენ, უნდა გააძლიერონ თავიანთი საქმიანობა მშვიდობისა და სტაბილურობისათვის, იქნება ეს მინსკის ჯგუფის გაძლიერება, თუ საქართველოს დახმარება კონფლიქტების მოგვარებაში - ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მაღალი პოლიტიკური დონის განხილვებით შევსებით, რომელიც ახლა ტექნიკური საკითხებსაც კი ძლივს აგვარებს. 

საქართველო რეგიონში ალიანსის ყველაზე ძლიერი მოკავშირეა, სტაბილურობის, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების კუნძული. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ჩვენ ვნახეთ მზარდი, მკაფიო მხარდაჭერა ნატო-ს თითოეული დონიდან. ჩემს ქვეყანაში ვუმასპინძლე გენერალურ მდივანს, გენერალური მდივნის მოადგილეს, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეს და ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს, თითოეულმა მათგანმა ნათლად გამოხატა, რომ საქართველო წინსვლისათვის მზადაა.

აშშ-ს ახალი საპრეზიდენტო ადმინისტრაციამ გააჟღერა ახალი ხედვა ტრანსატლანტიკური პარტნიორობის კუთხით. გენერალურმა მდივნმა ბლინკენმა ახლახან თქვა, რომ აშშ მხარს დაუჭერს საქართველოს თავის გზაზე. მომდევნო ნაბიჯი ალიანსის მიერ შავი ზღვის, როგორც სატრანსპორტო, სავაჭრო,კომუნიკაციისა და დამაკავშირებელი ზღვის სტაბილურობასა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში ინვესტირებაა.

საქართველოს პრეზიდენტის Op-ed-ი საერთაშორისო მედიაკავშირ Euractiv-ში

 

სხვა სიახლეები