ინტერვიუს უძღვება ჟურნალისტი კრისტიან მალარდი:
კრისტიან მალარდი: მოგესალმებით გადაცემა „Malard en liberté“-ში. დღეს სტუმრად მყავს სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი, წარმოგიდგენთ მის პორტრეტს, რომელიც ლიზა ლემაგემ მოამზადა.
- ქალბატონო პრეზიდენტო, გადავიდეთ უშუალოდ საკითხზე. 1945 წლის შემდეგ წარმოქმნილი მსოფლიო წესრიგი - ამერიკული დომინანტობა დღეს უკვე მოძველებულია. გრძნობთ თუ არა რუსეთის მზარდ და პროვოკაციულ გავლენას მთელ კავკასიაში? განსაკუთრებით აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ, კონფლიქტის, რომლითაც ვლადიმერ პუტინს სურდა ეჩვენებინა, რომ ის იყო მეპატრონე.
- ეს არ არის რაიმე ახალი. რუსეთი წარმოდგენილია კავკასიაში, წარმოდგენილია ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მრავალი წლის განმავლობაში აძლიერებდა წარმომადგენლობითობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, პროვოკაციებს ადმინისტრაციულ ხაზთან. სახეზეა გატაცებები, ბორდერიზაცია, ყველაფერი რისი წარმოდგენაც შეიძლება მდგომარეობის კიდევ უფრო გასამწვავებლად. რუსი ჯარისკაცების, ისევე როგორც სამხედრო ბაზების რაოდენობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე გასაოცარია. კიდევ უფრო შთამბეჭდავია რუსი სამხედროების რაოდენობა თვითონ რუსეთის საზღვარს მიღმა, ჩრდილოეთ კავკასიის მხარეს, სადაც რუსეთის ბაზების გაძლიერება მიმდინარეობს. ასე რომ, ის, რაც ხდება მთიან ყარაბაღში რადიკალურად არ ცვლის მდგომარეობას, ეს უკვე არსებული, დაძაბული მდგომარეობის, უკვე მძიმე სამხედრო წარმომადგენლობის დანამატია და რეგიონის სტაბილურობის მიმართ პროვოკაციული მიდგომაა.
თუმცა, რაც ეხება საქართველოს, უკეთესი საკითხი, ვიტყოდი არის ის, რომ ამის მიუხედავად შევძელით გაგვეგრძელებინა ჩვენი ევროპული გზა, ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზა და დღეს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში იმყოფება, აქვს შეხვედრები ნატო-ში, ასოცირების საბჭოსთან. ჩვენს ორ მეზობელს შორის მთიანი ყარაბაღის ომმა ვერ შეძლო მთლიანი რეგიონის დესტაბილიზაცია. მჯერა, რომ ახლო მომავალში ვიმოძრავებთ ევროკავშირის მხრიდან მეტი პირდაპირი ჩართულობის მიმართულებით. ევროკავშირი, მინსკის ჯგუფის სახით, უფრო მეტად უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი ამ კონფლიქტში. ვფიქრობ, რომ ეს საკითხი ევროკავშირისთვის ნამდვილად საგარეო პოლიტიკის საკითხია, რომელმაც არ უნდა მისცეს რუსეთს უფლება იყოს ერთადერთი ძალა რეგიონში.
- ირანი თქვენი ერთ-ერთი მეზობელია. თქვენი აზრით, რა როლს თამაშობთ კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში, იცით რა, რომ ის გახდა ნამდვილი დენთი.
- ირანი კავკასიაში ასე არ არის წარმოდგენილი, როგორც ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე იყო, დღეს ის ტემპის შენარჩუნებას ცდილობს. სწორედ ამ მიზეზით ეწვია ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი სამ რესპუბლიკას თვენახევრის - ორი თვის წინ. ვფიქრობ, რომ ეს უფრო რეაქტიული იყო, ვიდრე პროაქტიული.
ირანმა დაინახა რა აზერბაიჯანის აქტივობები თურქეთთან ერთად და ასევე, რუსეთის ქმედებები, მისი პოზიცია გარკვეულწილად იყო - „არ დაივიწყოთ ჩვენ შესახებ, ჩვენც ახლოს ვართ ამ რეგიონთან და გვაინტერესებს ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც შეიძლება განვითარდეს ამ რეგიონში“.
ასე, რომ დღეს ირანის პოზიციაა - გარეშე აქტორი, რომელიც ცდილობს უფრო გააქტიურდეს რეგიონში. აქვე კვლავ ვიტყვი, არ ვფიქრობ, რომ ეს რეგიონი მომავალში ვინმეს გამომრიცხველი უნდა იყოს, თუმცა იგი უნდა იყოს ჩვენი მთავარი პარტნიორების ევროკავშირისა და აშშ-ს მიმართ ინკლუზიური.
- ქალბატონო პრეზიდენტო, საქართველო ჯერ კიდევ ტრავმირებულია 2008 წელს რუსეთთან ომით, რომლის შედეგადაც ორი პრორუსული რეგიონი - აფხაზეთი და ოსეთი დაკარგეთ, რომელიც საქართველოს ტერიტორიის 20%-ს წარმოადგენს.
- მე ამ რეგიონებს პრორუსულად არ განვიხილავ. ეს რეგიონები წარმოადგენენ რეგიონებს, რომლებიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ისინი არ არიან პრორუსულები და როგორც ფაქტი, რეგიონების შიგნით ბევრი სხვადასხვა აღქმაა, თუ როგორი უნდა იყოს მათი მომავალი, როგორ ხედავენ თავიანთ გამოცხადებულ დამოუკიდებლობას, ესეც კი აუცილებლად პრორუსული არაა. ასე, რომ ნამდვილად არ ვეთანხმები კვალიფიკაციას და როგორც დასაწყისში აღვნიშნე, რუსეთი წარმოდგენილია რეგიონში, წარმოდგენილია ძალიან აგრესიული ფორმით ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ადმინისტრაციულ ხაზზე, რომლებიც საქართველოსგან ჰყოფს ამ ოკუპირებულ ტერიტორიებს. ეს ჩვენი ტერიტორიებია, თუმცა მათზე წვდომა არ გვაქვს, არც ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად და არც დახმარების გასაწევად მძიმე კოვიდვითარების ფონზე.
ეს რა თქმა უნდა, ძალიან ყურადსაღებია, თუმცა რასაც მინდა ხაზი გავუსვა არის ის, რომ ეს რეგიონთან ურთიერთობის წარსული საუკუნეების მიდგომაა. ჩვენ ამას მიჩვეულები ვიყავით კავკასიაში, ჩვენ ვნახეთ რუსეთის იმპერია, საბჭოთა კავშირის ქმედებები და იგივეა რუსეთის შემთხვევაშიც. ისინი ცდილობენ წარმოდგენილნი იყვნენ ძალის გამოყენებით, რასაც არსად მიჰყავხარ, რადგან ოკუპირებული ტერიტორიები იმავე მდგომარეობაში არიან, საქართველო კი, პროგრესს განიცდის, წინ მიიწევს და ამან თავისი გზიდან ვერ გადაახვევინა. თუ მიზანი იყო საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის სვლის შეჩერება, ამაში წარმატებას ვერ მიაღწია. ძალიან მძიმე და მტკივნეული იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველი მოსახლეობისათვის, თუმცა ამან სტრატეგიულად არ შეცვალა საქართველოს მიმართულება და შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ აქაა ჩვენი გამარჯვება ამ უთანასწორო მდგომაროებაში, რადგან, ძალთა ურთიერთობის კონტექსტში, ჩვენ ახლოსაც კი არ ვართ იმასთან, რომ რუსეთის მაქსიმალურად მძლავრ სამხედრო ზეწოლებს წინააღმდეგობა გავუწიოთ. თუმცა მაინც, ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი პოლიტიკური ორიენტაცია, ჩვენი გზა დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ.
- თქვენი აზრით, ქალბატონო პრეზიდენტო, არის რისკი, რომ ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის ცივი ომი დაბრუნდეს? მით უფრო, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ამერიკულ ტელეარხთან ABC მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ პრეზიდენტი პუტინი მკვლელია.
- ამ რეგიონში სხვადასხვა დროს მრავალი რამ ვნახეთ და მოვისმინეთ, მათ შორის პოლიტიკური დეკლარაციებიც. ახლა ახალი ადმინისტრაციაა და პოლიტიკური დეკლარაციები აუცილებლად არ ნიშნავს, რომ ცივი ომის პერიოდს ვუბრუნდებით. ცივი ომის შემდეგ მრავალი რამ შეიცვალა მსოფლიოში. გეოპოლიტიკური ბალანსი სრულიად გნსხვავებულია. ამ მსოფლიოში არის ჩინეთი, რომელიც ძალიან ძლევამოსილი გახდა და უფრო და უფრო ძლიერდება, კოვიდის შემდგომაც, და ამან გაზარდა ჩინეთის ეკონომიკური ძალა და გაჩნდა და კიდევ უფრო ძლიერდება სხვადასხვა ბალანსის დარღვევის შესაძლებლობა.
ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენ ვიმყოფებით იმ მსოფლიოში, რომელშიც ბევრი დაძაბულობაა და არ გამოვრიცხავ მეტ დაძაბულობას რუსეთსა და აშშ-ს შორის, ისევე როგორც არ გამოვრიცხავ აშშ-სა და ჩინეთს შორის და ერთ დღეს სავარაუდოდ, რუსეთსა და ჩინეთს შორის. თუმცა, ამ ყველაფერთან ერთად მნიშვნელოვანია პოლიტიკა და სწორედ ამას ველით ახალი ადმინისტრაციისგან - მის პოლიტიკაში მეტ სიმტკიცეს, განსაკუთრებით იმ ქვეყნებთან ურთიერთობისას როგორიც საქართველოა, რომლებიც ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციისაკენ მიდიან, ეს მხარდაჭერილი უნდა იყოს აშშ-ს მიერ. რუსეთის პროვოკაციასა და აგრესიაზე პასუხის გაცემის გზა არა რუსეთის მსგავსად პასუხია, არამედ იმ ქვეყნების გაძლიერებაა, რომლებიც ყველაზე მეტად განიცდიან.
რუსეთის უახლოეს სამეზობლოში, ჩვენ გვჭირდება გაძლიერება, გვჭირდება მეტი სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერა და იმის დანახვა, რომ ინტეგრაციისაკენ მიმავალი ჩვენი გზა ძალიან ნათელია, რადგან სწორედ ეს უნარჩუნებს საქართველოს მოქალაქეებს მოტივაციას და ერთობას.
- ეს ახალი არაა. თქვენ მხარს უჭერთ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას. სად ხართ დღეს?
- ამ პროცესს ენტონი ბლინკენმა კონგრესის წინაშე პირველი მოსმენისას დაუჭირა მხარი. ამ პროცესს, ცოტა ხნის წინ, ასევე, მხარი დაუჭირა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და როდესაც იანვარში ნატო-ში ვიმყოფებოდი, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მხრიდანაც დიდი მხარდაჭერა მქონდა. ასე რომ, ჩვენ წინ მივიწევთ, ჩვენი სამხედრო ძალა წინ მიიწევს, ჩვენ შევასრულეთ უმეტესი ნაწილი რასაც მოელიან აპლიკანტი ქვეყნისგან. ჩვენი სამხედრო ძალის სტანდარტიზაცია ძალიან მაღალი და დაფასებულია.
ჩვენი ჯარები არიან ავღანეთში და ბოლო წლების განმავლობაში, საქართველო ერთ-ერთი ის ქვეყანაა, რომელსაც ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდი კონტიგენტი ჰყავს გაგზავნილი.
- გულწრფელად ფიქრობთ, რომ პუტინი თავს დაგანებებთ?
- წინა ინტეგრაციების დროს მეორე მხარეს ვიმყოფებოდი, მათ შორის „Big Bang“ ინტეგრაციისას და როდესაც მეორე მხარეს ვიმყოფებოდი, როდესაც ევროპელი, ფრანგი დიპლომატი ვიყავი და ეს საკითხები განიხილებოდა, ბევრი მსგავსი რამ მოვისმინე.
ხალხი ამბობდა - რუსეთი არასდროს მისცემდა უფლებას, მაგალითად ბალტიის ქვეყნებს ნატო-ში ინტეგრაციის საშუალებას, მაგრამ ეს განხორციელდა. ასე რომ, ჩვენ არასდროს უნდა ვთქვათ არასდროს! ეს ერთი ძალიან დიდი გაკვეთილია, რომელიც ჩემი გამოცდილებიდან მაქვს.
სხვა გაკვეთილი არის ის რომ, რაც უფრო მტკიცეა გზა, მით უფრო არ არის ამ გზაზე შეჩერებები და სვლები. რაც უფრო მტკიცეა ეს გზა, რომელიც ერთი მიმართულებით მიდის, ნაბიჯ-ნაბიჯ, ყოყმანის გარეშე, მით უფრო ნაკლებია რუსეთიდან რეაქციები.
მესამე, ჩემი და ჩვენი აზრით, ეს ინტეგრაცია არა არის მიმართული რუსეთის მიმართ რაიმე სახის კონფრონტაციისაკენ. ეს არის რაღაც, რაც შექმნილია იმისათვის, რომ საქართველოს შემატოს უსაფრთხოება და განვითარება, იქნება ეს სამხედრო, პოლიტიკური თუ დემოკრატიული კუთხით. ასე რომ, ეს მდგომარეობა არაა მოწყობილი ვინმეს წინააღმდეგ.
- ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენ გასულ იანვარს ბრიუსელში იმყოფებოდით და ცოტა ხნის წინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს დედაქალაქ თბილისში იყო. სად ხართ ევროპასთან ურთიერთობაში და მოახდენთ ევროპის კავშირთან ინტეგრაციას?
- ეს მხოლოდ კარგს ნიშნავს. პირველ რიგში, შარლ მიშელი თბილისში ჩემი მოწვევით ჩამოვიდა, რადგან მე ბრიუსელში სწორედ იმის სათქმელად ვიყავი, რასაც აქ ვამბობ - ევროკავშირი ბოლო პერიოდში კავკასიაში, საქართველოში საკმარისად არ იყო წარმოდგენილი. მათ შორის, ჩვენს ორ მეზობელს შორის კონფლიქტისას. ჩვენ, სამივე ქვეყანა ევროკავშირთან აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრები ვართ, რაც მოიცავს ევროკავშირის პასუხისმგებლობას რეგიონში მეტად იყოს წარმოდგენილი და ჩართული.
ეს რეგიონი, ამ კონფლიქტისა და ოკუპირებული ტერიტორიების მიუხედავად, ინფრასტრუქტურის კუთხით უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რაც ხვალინდელი ევროპისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ისევე როგორც ცენტრალური აზიისთვის.
ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ეს რეგიონი მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის. ამ რეგიონში საქართველო წარმოადგენს ქვეყანას, რომელიც სწრაფად მიიწევს წინ დემოკრატიული განვითარების, სტაბილურობის, ეკონომიკური განვითარების კუთხით და ეს ასევე მხარდაჭერილი უნდა იყოს, როგორც წარმატების ისტორია.
ხალხის გარკვეული ნაწილი ყარაბაღის კონფლიქტის შემდგომი არეულობის შემდეგ ამბობდა - „რუსეთი დაბრუნდა, თურქეთი იქაა. სხვა ყველა - ევროკავშირი და აშშ იქ აღარ არიან“. ჩემი მტკიცე რწმენა ამ ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით აჩვენებს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. თუ გვსურს ასე ვთქვათ, ევროკავშირი დაბრუნდა, თუმცა ის აქაა და არსად მიდის, ძალიან ჩართული რჩება და აქვს ბევრი ინტერესი რეგიონში, იქნება ეს საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი თუ თურქეთი. ყველა ეს ქვეყანა და რა განვითარებებიც იქნება ამ რეგიონში მომდევნო წლებში, ევროკავშირისათვის უდიდესი ინტერესის სფეროა და ეს ამის მანიშნებელია.
- ბევრი დამკვირვებელი ამბობს, რომ საქართველო გზაჯვარედინზე იმყოფება, ის ირჩევს ან დემოკრატიის გზას კანონის უზენაესობის ქვეშ, ან ბრუნდება უკან რუსეთისაკენ. ეთანხმებით?
- არა, ნამდვილად არა, რადგან საქართველო უკან არსად არ ბრუნდება. ვფიქრობ, მრავალი გზაჯვარედინი გავიარეთ, მათ შორის არც თუ ისე დიდი ხნის წინ - ომი რუსეთთან, ოკუპირებული ტერიტორიებით, ძალიან ბევრი სირთულეებით, ეს ოდითგან საქართველოს ბედია.
ჩვენ ახლახანს გავიხსენეთ 1921 წელს, პირველი დამოუკიდებლობის შემდეგ, რუსეთის მიერ საქართველოს პირველი ოკუპაციის ასი წლისთავი, როდესაც ჩემს ოჯახს მოუწია საქართველოს დატოვება. ჩვენ გვქონდა საბჭოთა ოკუპაციის ხანგრძლივი 70 წელი, 26 მაისს აღვნიშნავთ მეორე დამოუკიდებლობის მოპოვების 30 წლისთავს, 9 აპრილს კი, დამოუკიდებლობის გამოცხადებას.
ეს ძალიან რთული ისტორია იყო. 1918 წლიდან დღემდე - საქართველოს არასდროს უღალატია თავისი პირველი კონსტიტუციისთვის, რომელიც იმ პერიოდის ევროპაში მოდელს წარმოადგენდა. ამ კონსტიტუციით ქალებს ჰქონდათ როგორც ხმის მიცემის და ასევე, არჩევნებში კანდიდატებად კენჭისყრის უფლება. 1918 წელს საქართველოს პარლამენტში პირველი მუსლიმი ქალი აირჩეს. ჩვენ არასდროს, მათ შორის საბჭოთა კავშირის დროსაც კი, არასდროს წავსულვართ უკან. საქართველო მთელ საბჭოთა კავშირში შედარებით ღია და თავისუფალი საზოგადოება იყო. მე ნათქვამი მაქვს, რომ ნებისმიერ დროს, თუ დავინახავ ნიშნებს, რომ საქართველო გადადის დემოკრატიისა და ევროინტეგრაციის გზიდან და უკან უბრუნდება რაღაცას, ან რუსეთს, იმ დღეს მე აღარ ვიქნები საქართველოს პრეზიდენტი.
- როგორ აფასებთ კავკასიაში, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, ლიბიაში, სირიაში თურქეთის პოლიტიკურ მიდგომას? მრავალჯერ თქმულა, რომ ცალი ფეხი ნატო-ში აქვს, ცალი ვლადიმერ პუტინთან.
- ურთიერთობას თურქეთსა და რუსეთს შორის ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით. უცნობია, რა იქნება გრძელვადიან პერსპექტივაში, რადგან თურქეთსა და რუსეთს შორის არსებული ინტერესები აუცილებლად ერთი და იგივე არაა შორეულ პერსპექტივაში. თუმცა, როგორც მანამდე ვთქვი, კავკასია ვერ იქნება გამორიცხვის რეგიონი, ის ძალიან პატარაა, მას ბევრი სხვადასხვა ეთნიკური წარმომადგენლობა ჰყავს და ბევრი ენა აქვს. ეს არის (როგორც 26 საუკუნის განმავლობაში იცოდნენ ქართველმა ებრაელებმა) ტოლერანტობის რეგიონი.
ასე რომ, ყველას აქვს შესაძლებლობა იყოს, ჰქონდეს ურთიერთობა რეგიონთან და მოვიდეს რეგიონში. რაც მნიშვნელოვანია არის ის, რომ ამ რეგიონისთვის ჩვენ შევინარჩუნოთ სტაბილურობა და ყველას მიეცეს რეგიონში გარკვეული როლის თამაშის საშუალება. კვლავ, ვფიქრობ, ჩვენთვის, საქართველოს თვალსაწიერიდან, ამ სტაბილურობის საუკეთესო გარანტია ევროკავშირისა და აშშ-ს მეტად პირდაპირი ჩართულობაა.
- შევცვალოთ თემა. როგორ შეაფასებდით ისრაელთან თქვენს ურთიერთობას?
- შესანიშნავად! ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს ისტორიული კავშირი, რომელიც მრავალ წელს ითვლის, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არასდროს გვქონია პრობლემა ქართულ-ებრაულ და ქართულ-მუსლიმურ თემებს შორის. ეს ის ერთ-ერთი იშვიათი ქვეყანაა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ტოლერანტობის მაგალითს იძლეოდა და ამაზე დაყრდნობით ისრაელთან შესანიშნავი ურთიერთობა ავაგეთ, რომელიც მუდამ ვითარდება.
ახლახან დავდეთ ხელშეკრულება ისრაელთან ფრენების აღდგენის შესახებ, რათა ნება მივცეთ ტურისტებს, მათი მონდომების შესაბამისად, ჩამოვიდნენ საქართველოში. ჩვენ გაგვიხარდება ისრაელიდან ბევრი ტურისტის ნახვა. ვფიქრობ, ეს კავშირები მხოლოდ განვითარდება. ჩვენ არც თუ ისე შორს ვართ, მხოლოდ სამი საათის ფრენაა, ასე რომ, საკმაოდ ახლოსაა, მიუხედავად იმისა თუ ზოგჯერ სხვადასხვა მიმართულებით ვიყურებით. დარწმუნებულები ვართ, რომ ისრაელთან ჩვენი ურთიერთობები მომავალი 26 საუკუნის განმავლობაშიც იქნება ისეთი ახლო და თბილი, როგორც დღემდე იყო.
- ქალბატონო პრეზიდენტო, ისრაელსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის ურთიერთობების ამჟამინდელი ნორმალიზაცია მშვიდობისაკენ მიმავალი ღია კარია თუ არის რისკი, რომ ხელახლა ჩამოყალიბდება ბლოკები, ერთი მხრივ ისრაელი, აშშ, საუდის არაბეთი და მეორე მხრივ რუსეთი, ირანი, ჩინეთი და სამხრეთ კორეა?
- მე ამ შეთანხმებებზე რეაგირება მოვახდინე მაშინვე და მივესალმე, რადგან ნებისმიერი რამ, რაც აუმჯობესებს ურთიერთობებსა და სტაბილურობას, ვფიქრობ, წინ გადადგმული ნაბიჯია რეგიონისა და სტაბილურობისათვის. არ ვფიქრობ, რომ ეს უცილობლად რაიმე დაპირისპირებამდე, გაზრდილ აგრესიამდე მიგვიყვანს, პირიქით. ეს ჩემი მტკიცე რწმენაა და აქაც მსურს მივესალმო ამ შეთანხმებებს.
- ქალბატონო პრეზიდენტო, როდესაც მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდებით, არ გაქვთ განცდა, რომ სახეზეა მესამე მსოფლიო კონფლიქტის ყველა შემადგენელი ნაწილი?
- ასეთ პროგნოზებს არ გავაკეთებდი. ზოგადად, წინასწარმეტყველებებს არ ვემხრობი. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ გვაქვს დაძაბულობები, ეს ძალიან ცხადია და ასევე, მონეტის მეორე მხარეა, უდიდესი საერთო გამოწვევები, რომელთაც მარტო ვერავინ გაუმკლავდება.
კოვიდის ფონზე ვნახეთ, როგორ შეიძლება საერთო გამოწვევა ამოიფრქვეს ნებისმიერი წინასწარი პროგნოზის გარეშე. ჩვენ კლიმატური ცვლილების საერთო გამოწვევა გვაქვს, რომელიც ჯერ ვერ გავზომეთ, რამდენად შეუძლია ამ გამოწვევას შეცვალოს ჩვენი ცხოვრება და სხვადასხვა ქვეყანას შორის ურთიერთობა. ვფიქრობ, შეგვიძლია ვფოკუსირდეთ დაძაბულობის ერთ მხარეზე, რაც იზრდება და კონფლიქტისა და დაპირისპირების შესაძლებლობებზე, რომლებიც ნამდვილად არსებობს.
ისტორია არ დასრულებულა, ის გაგრძელდება და ამავდროულად, მთლიანად მსოფლიოს გარკვეულ საერთო გამოწვევებთან დასაპირისპირებლად ერთად დგომისათვის დღეს მეტი მიზეზი აქვს, ვიდრე ოდესმე, წარსულ საუკუნეებში. ასე რომ, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გადაწყვიტოს საით ვიყურებით და რას ველით.
- კარგით, ჩვენ გადაცემის დასასრულს მივუახლოვდით. ქალბატონო პრეზიდენტო, გმადლობთ ჩვენს შეკითხვებზე პასუხებისათვის და მათ საპასუხოდ დროის გამოყოფისთვის. ვხედავთ რა რეგიონსა და კავკასიაში მოვლენების განვითარებას ვიცი, რომ ძალიან, ძალიან დაკავებული ხართ.
ინტერვიუ ჩაიწერა 16 მარტს, ეთერში გავიდა 6 აპრილს.