ინტერვიუ ჩრდილოეთ მაკედონიურ ტელევიზიასთან „სიტელი“

ინტერვიუს უძღვება ჟურნალისტი სანია სეიზოვა:

 

- ქალბატონო პრეზიდენტო, კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება ჩვენს ქვეყანაში. თქვენ საქართველოს პირველი პრეზიდენტი ხართ, რომელიც მაკედონიას ეწვია. გუშინ, პრეზიდენტ პენდაროვსკისთან ერთად ხელი მოაწერეთ ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებას. რა ნაბიჯებია შემდეგი ჩვენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის წინსვლის კუთხით?

- ჩვენ ორ დოკუმენტს მოვაწერეთ ხელი. პრეზიდენტთან ერთად მე მოვაწერე ვიზალიბერალიზაციას, ხოლო ჩვენი ქვეყნების კულტურის მინისტრებმა - კულტურისა და განათლების სფეროებში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ორი შეთანხმება, ჩვენი მოქალაქეებისათვის გაამარტივებს, პირველ რიგში, მოგზაურობას, ერთმანეთის გაცნობას, თუმცა ასევე ვაჭრობის, საერთო პროექტების, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის დაწყებას. ეს პირველი ნაბიჯია და მჯერა, ჩვენ ვიხილავთ ამის შედეგებს. სხვათაშორის, დღეს დილით, საქართველოს მოქალაქეების მონაწერები მივიღე - „თქვენ ჩრდილოეთ მაკედონიაში იმყოფებით, ეს ის ერთი ქვეყანაა, რომელთანაც არ გვაქვს ვიზალიბერალიზაცია, რას აკეთებთ?“ და მე ვთქვი - კარგით, ეს შესრულებულია!

- ერთი წლის წინ მაკედონია ნატო-ს წევრი გახდა და როგორც ვიცი თქვენც ამ გზაზე ხართ. რისი გაკეთება შეუძლია მაკედონიას რათა ნატო-ში გაწევრიანებაში დაგეხმაროთ. რას ნიშნავს ნატო თქვენი ქვეყნის უსაფრთხოებისათვის და რა გავლენა ექნება მას იმ რეგიონზე, რომელშიც თქვენ ცხოვრობთ?

- პირველ რიგში, თავად ის ფაქტი, რომ წინა წელს ჩრდილოეთ მაკედონია ნატო-ს შეუერთდა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ნიშნავს, რომ ღია კარის პოლიტიკა, რომელიც კვლავ და კვლავ ცხადდებოდა რეალური ღია კარია. ეს საქართველოს მოსახლეობისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ინტეგრაციის ამ პროცესს ველით და ის, რომ ეს სხვა პატარა ქვეყნისათვის, როგორიც მაკედონია ან საქართველოა მიღწევადი ჩანს, ჩვენთვის ნიშნავს, რომ შეგვიძლია ამას მივაღწიოთ. ასე, რომ ამან [ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანებამ] მხოლოდ განამტკიცა მოლოდინები. როგორც იცით, საკმაოდ ბევრს მივაღწიეთ სტანდარტიზაციის, ნატო-სთან თავსებადობის კუთხით და პრაქტიკულად, ორგანიზაციაში გვეუბნებიან, რომ ყველა ნაბიჯი გავიარეთ, რაც წევრობისთვისაა საჭირო, თუმცა, პოლიტიკური საკითხები კვლავ რჩება.   

- პანდემიაა. ჯანდაცვის კრიზისი მიმდინარეობს და ყველაფერი გაჩერებულია.

- ყველაფერი გაჩერებულია და ეს ყველაფერს მეტად რთულს ხდის, განსაკუთრებით პატარა ქვეყნებისთვის. ვნახეთ, რომ ჩვენი ვიზიტები ლიმიტირებულია, სწორედ ამიტომ ძალიან მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები და ვაჩვენებ, რომ ამ პროცესს ხელახლა ვიწყებთ. თუმცა ამ მდგომარეობამ მრავალი რამ ნამდვილად შეანელა. თუმცა, ჩვენ ველით ნატო-ს სამიტს, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტის მონაწილეობით 14 ივნისს გაიმართება. საქართველო-ნატო-ს შესახებ ძალიან იმედისმომცემი განცხადებები მოვისმინეთ ახალი ადმინისტრაციის მხრიდან (ადმინისტრაციების ცვლის პერიოდში). ჩვენ ვფიქრობთ, რეგიონში - კავკასიაში, ასევე უკრაინის საზღვართან მიმდინარე მოვლენებზე, რუსეთის მიერ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ვითარებაზე, ბორდერიზაციაზე, ადამიანების გატაცებებზე პასუხი ინტეგრაციის პროცესში პროგრესი უნდა იყოს. ეს არის ერთადერთი ძალიან რეალური, ძალიან არაკონფრონტაციული პასუხი ყველა პროვოკაციაზე. ჩვენ ოპტიმისტები ვართ, ჩვენ ვიცდით. ვიცით, რომ ეს არ მოხდება უცბად, თუმცა ჩვენ ამ მიმართულებით ვიყურებით და ეს ჩვენი ძალიან კონკრეტული ამბიციაა და ამიტომ, ეს საქართველოსთვისაც ისევე მოხდება, როგორც ჩრდილოეთ მაკედონიისთვის მოხდა.

- ჩვენი ორი ქვეყანა ევროკავშირში შესვლისაკენ მიისწრაფის. მაკედონია თითქმის თხუთმეტი წელია კანდიდატი ქვეყანაა და საქართველო წევრობის განაცხადის შეტანისათვის ემზადება, როგორც ვიცი 2024 წელს. როგორ უნდა დავარწმუნოთ ჩვენი ევროპელი პარტნიორები, რომ ახალი წევრებისთვის კარი ღია დატოვონ?

- ესეც იგივე საკითხია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩრდილოეთ მაკედონიისთვის ეს მალე მოხდება. ვიცი, რომ არსებობს დაბრკოლებები, თუმცა დარწმუნებული ვარ, მათ გადალახავთ და ეს კიდევ ერთხელ მტკიცებულება იქნება საქართველოსთვის, რომ ევროკავშირის კარი ღიაა. გაწევრიანების პროცესი ბევრად რთულია ევროკავშირთან, ვიდრე ნატო-სთან. მიუხედავად იმისა, რომ შევასრულეთ უმეტესობა იმ საკითხთაგან, რაც უნდა შესრულებულიყო, ვაცნობიერებთ, რომ ეს რეფორმები და სხვადასხვა ზომები, რომლებიც უნდა მივიღოთ ხარჯიანია დროისა და ბიუჯეტის მხრივ და სწორედ აქ გვჭირდება მხარდაჭერა. ასე რომ, ვიტყოდი ევროკავშირთან მიმართებით რაც მნიშვნელოვანია დღეს არის, რომ ჩვენ ახლა გვჭირდება მხარდაჭერა. ჩვენ დარწმუნებულები ვართ იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ცოტა ხნის წინ ევროკავშირის ჩართულობა ვიხილეთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა, რათა დაგვხმარებოდა პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში, რომელიც ქვეყნის ბლოკირებისა და პარალიზების საფრთხეს ქმნიდა. ის ფაქტი, რომ მან თავის თავზე აიღო ჩამოსვლა და საკითხის მოგვარება, დაგვეხმარა პრობლემის მედიაციაში, ცხადყოფს, რომ საქართველო ევროკავშირისათვის მნიშვნელოვანია, რადგან ასეთი რამ სხვაგან არ მომხდარა. თავისთავად ეს ჩვენ დიდ იმედს გვაძლევს, რადგან ეს აჩვენებს, რომ ევროკავშირი რეგიონით, რეგიონის პოლიტიკური სტაბილურობით და ეკონომიკური განვითარებითაა დაინტერესებული. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ახლო პერიოდში ევროკავშირთან ერთად მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვიხილავთ. ჩვენ ევროკავშირთან ფიზიკური დაახლოება უნდა დავინახოთ, რაც ევროინეტგრაციისაკენ მიმავალი გზა იქნება.

- ჩვენ ბულგარეთმა დაგვბლოკა, იცით ისტორია.

- ამის შესახებ ვიცი.

- შემდგომი გაფართოებებისათვის ევროკავშირში ვეტოს ძალა გაღელვებთ?

- ჩვენ არ ვართ ევროკავშირში, ასე რომ, ჩვენთვის გარედან რთულია იმის თქმა, თუ რა უნდა იყოს ევროკავშირის შიგნით გადაწყვეტილების მიღების პროცედურების წესები. მაგრამ, რადგან ოპტიმისტი ვარ, მხოლოდ წარსულს შემიძლია შევხედო, თქვენ მსგავსი ვეტოს მცდელობები დაძლიეთ ნატო-ში შესვლისას, სწორედ ამიტომ, საკმაოდ დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ რეალიზმი გაიმარჯვებს და ეს ვეტოები, როდესაც ისინი სერიოზულ პოლიტიკურ ნიადაგს არ ეფუძნება, საბოლოო ჯამში დიდხანს ვერ გაძლებს, ამიტომ გისურვებთ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ადრეულ განახლებას. 

- მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველა რეფორმა გავატარეთ, ეს ახალი მოცემულობაა.

- ვიცი და ეს არის ორგანიზაცია, რომელშიც თავის შიდა წესებთან და შიდა პროცედურებთან ერთად უნდა შევიდეთ, რომელთა შეცვლა გარედან არ შეგვიძლია, თუმცა ვფიქრობ, რომ უმრავლესობას საბოლოო ჯამში გარკვეული გავლენა აქვს ყველას გადაწყვეტილებაზე, სწორედ ამიტომ ვფიქრობ, საბოლოოდ შედეგებს ვიხილავთ და თქვენთან ერთად აღვნიშნავთ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას. 

- ქალბატონო პრეზიდენტო, ბოლო შეკითხვა. როგორ უმკლავდება თქვენი ქვეყანა ჯანდაცვის ამჟამინდელ კრიზისს და როგორ მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი თქვენს ქვეყანაში?

- თუ ვაქცინაციით დავიწყებთ, ჩვენ ყველა სხვა პატარა ქვეყნის მსგავსად ვართ. გარკვეული იმედგაცრუება განვიცადეთ, რადგან გვქონდა შეთანხმებები, რომლის შესრულებაც დაგვიანდა. ჩვენ ვიხილეთ სოლიდარობის დონე, რომელსაც მოველოდით, მათ შორის ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან. ჩვენ გვიწევს მდგომარეობასთან გამკლავება, რომელშიც საბოლოოდ ჩინური ვაქცინები ავიღეთ, რადგან სხვა პროდუქტი ვერ მივიღეთ. თუმცა, საბოლოო ჯამში, ამ დროის განმავლობაში, ანტივაქსერები აღარ საუბრობენ ისე ხმამაღლა, როგორც ადრე, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში საკმარისი არ არის ვინმეს დააძალო, თანდათანობით კი, ისინი იაზრებენ, რომ ალბათ ეს იმ რისკებზე უკეთესია, რომლის წინაშეც ვდგავართ. ჩვენ ჯერ კიდევ ვიმყოფებით ე.წ. მესამე ფაზაში. გაგვიმართლა, რომ გვქონდა ძალიან დაბალი პირველი ტალღა, მაგრამ მეორე უფრო სერიოზული იყო, მესამე კვლავ კონტროლის ქვეშაა, თუმცა არ ვიცით მიაღწევს თუ არა კიდევ ერთ პიკს. ჩვენ გაგვიმართლა იმ მხრივ, რომ ჩვენმა ჯანდაცვის სისტემამ გაუძლო, ასე რომ, არ გვინახავს ის სცენები რაც სხვაგან ხდებოდა - გადატვირთული საავადმყოფოები. თუმცა, თითები გადაჯვარედინებული უნდა გვქონდეს. ჩვენ გაგვიმართლა, ვიმედოვნებ, რომ შევინარჩუნებთ ამ გამართლებას და იმედია ამ კრიზისის დასასრულს ვიხილავთ. რადგან, ჩვენთვის, ტურისტული ქვეყნისთვის...

- აპირებთ ქვეყნის გახსნას?

- უკვე გავხსენით მათთვის, ვინც ვაქცინაცია და PCR ტესტირება ჩაიტარა და თანდათანობით ვხედავთ ტურისტულ სექტორში მომუშავეთა ხელახალ ამოქმედებას, თუმცა ძალიან ნელა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ასე რომ, ახლა როდესაც ვიზალიბერალიზაცია გვაქვს, ვიმედოვნებ, ჩრდილოეთ მაკედონიელი ტურისტები ჩამოვლენ და ამ ზაფხულს საქართველოს აღმოაჩენენ. 

- ქალბატონო პრეზიდენტო, გმადლობთ ინტერვიუსთვის.

- ასევე, გეპატიჟებით საქართველოში.

 

სხვა სიახლეები