- მივმართავ ქართულ ბიზნესს - ვიქნები იქ, სადაც მათ დასჭირდებათ!
- ქართული ღვინისა და ქართული ბიზნესის პოპულარიზაციის პროცესში ჩემი კონტაქტების გამოყენება არა მხოლოდ ჩემი უფლება, არამედ ჩემი მოვალეობაა!
- ინიციატივა - დაწესდეს ქართული ქვევრის ღვინის დღე
ინტერვიუს უძღვება ჟურნალისტი გიორგი ისაკაძე:
- ქალბატონო პრეზიდენტო, გმადლობთ რომ დრო გამონახეთ ,,ფორბსთან“ და ,,ჩექფოინთთან“ სასაუბროდ. ჩემი პირველი კითხვა ეხება თქვენი ვიზიტის მიზანს (მონაკოს სამთავროში, მონტე კარლოში), რისთვისაც ქართული ღვინის ინდუსტრია მადლობელია. გუშინ ჩვენ „ასკანელის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დავესწარით, სადაც ყველაზე გამოჩენილი და გავლენიანი ფიგურები ვიხილეთ, არა მხოლოდ მედიის წარმომადგენლები, არამედ ღვინის ინსდუსტრიის ექსპერტები და პროფესიონალები. რამდენად მნშვნელოვანია ევროპაში ქართული ღვინის ინდუსტრიის აბსოლუტურად განსხვავებულ, მაღალ დონეზე პოზიციონირება?
- ბოლო რამდენიმე წელია ჩვენ ვაკვირდებით ევროპაში ქართული ღვინის ინდუსტრიისა და ზოგადად, ქართული ღვინის შესახებ ცნობიერების ზრდის ტენდენციას. ზრდის ტემპი ნამდვილად ჩქარი და დასაფასებელია. ახლა ჩვენ მეორე ეტაპზე უნდა გადავიდეთ. ერთია, იყო ცნობილი და აღიარებული, როგორც უძველესი ღვინის ქვეყანა, (ეს ყველამ იცის ფრანგების ჩათვლით), რაც უდიდესი წარმატებაა, მაგრამ მეორეა, თავად ღვინის პოპულარიზაცია, რაც ძალიან გვჭირდება. დისტრიბუცია კიდევ ერთი გამოწვევაა, გვჭირდება უფრო მეტი მსგავსი ღონისძიება, რადგან სწორედ აქ გვეძლევა შანსი გავეცნოთ ღვინის გლობალურ ინდუსტრიას, ქართული ღვინო გავაცნოთ როგორც კონკურენტებს, ისე ექსპერტებს. ასეთი ტიპის ნებისმიერი ღონისძიება მნიშვნელოვანია.
- ქალბატონო პრეზიდენტო, გუშინ, როდესაც ინტერვიუებს ვიღებდი სხვადასხვა სტუმრისგან, სამწუხაროდ გამოვტოვე ის ნაწილი, სადაც თქვენ განაცხადეთ ქართული ღვინის ახალი დღესასწაულის დაწესების შესაძლებლობის შესახებ. რა ინიციატივაზე და იდეაზეა საუბარი?
- იდეა არის დაწესდეს ქართული ღვინის ერთი დღე, რადგან ის მართლაც უნიკალურია საქართველოსთვის. ქვევრის ღვინო ევროპაში უფრო და უფრო პოპულარული ხდება, ზოგი მას ფორთოხლის ღვინოს უწოდებს, ეს შეიძლება ძალიან მიმზიდველი იყოს ტურიზმისათვის. ვფიქრობ, ასეთი ტიპის პრომოციაში მონაწილეობის კუთხით პრეზიდენტს თავისი როლი აქვს. მსურს ერთი პრიზი დაწესდეს წლის საუკეთესო ქვევრის ღვინისთვის და ცალკე პრიზი წლის საუკეთესო ქალი მეღვინისათვის. უფრო და უფრო მეტი ქალი ერთვება ღვინის ინდუსტრიაში, რაც ძალზედ სასიხარულოა და საქართველოს უფრო კულტურულად მიმზიდველს ხდის.
- ვფიქრობ, ამ ინიციატივასაც დადებითი შეფასებები მოჰყვება ქართული ბიზნესსაზოგადოებიდან. თქვენ ახსენეთ, საქართველოს პრეზიდენტის როლი ქართული ღვინის პოპულარიზაციაში. საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში, რა მიმართულებით ხედავთ თქვენს როლსა და ჩართულობას ქართული ბიზნესის მხარდაჭერაში?
- მე ვარ ყველგან, სადაც ჩემი ყოფნა საჭიროა. პრეზიდენტის მოვალეობაა ხელი შეუწყოს ქართული კულტურის, სპორტის და ბიზნესის განვითარებას ქვეყნის გარეთ. მე მზად ვარ ამ პროცესში ჩართულობისათვის, რადგან ვფიქრობ რომ ჩემი, როგორც პრეზიდენტის ჩართულობა პოპულარიზაციის პროცესს კიდევ ერთ განზომილებას მატებს, რომელიც არ არის წმინდად კომერციული. ამ მხრივ, ჩემი კონტაქტების გამოყენება არა მხოლოდ ჩემი უფლება, არამედ ჩემი მოვალეობაა. ჩემი, როგორც პრეზიდენტის მოვალეობაა, წარმოვადგინო ქვეყნის სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები.
- გეთანხმებით, რომ მაღალი დონის სამთავრობო ორგანოების მხარდაჭერა ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
- მივმართავ ქართულ ბიზნესს - ვიქნები იქ, სადაც მათ დასჭირდებათ!