პრეზიდენტის ინტერვიუ agenzia NOVA-სთან

საქართველოს პრეზიდენტი ზურაბიშვილი ნოვასთან“ საუბარში აცხადებს, რომ ვატიკანის დიპლომატიას შეუძლია ხელი შეუწყოს დიალოგს კავკასიაში.                                                        

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რომში "პირველად" ჩამოსვლა ვატიკანში ექსკლუზიური ვიზიტისათვის გადაწყვიტა.

როგორც „სააგენტო ნოვასთან“ ინტერვიუში განმარტავს, პრეზიდენტმა ამის გაკეთება გადაწყვიტა არა მხოლოდ იმიტომ, რომ „საქართველო ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული სახელმწიფოა და ჩვენთვის ამ ურთიერთობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ქრისტიანობა საქართველოსთვის იდენტობის საკითხია, რომელიც დამოუკიდებლობის შემდეგ კიდევ უფრო გამყარდა, ფაქტობრივად, საქართველო მისი ისტორიის განვითარების ფაზას გადის და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის ახალი თაობები მაქსიმალურად ღია იყვნენ ევროპისა და დანარჩენი მსოფლიოს მიმართ“.

გარდა ამისა, პრეზიდენტის განმარტებით, ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან „ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ რეგიონში, როგორიცაა კავკასია:

„საქართველო წლების განმავლობაში ცხოვრობს თავისი ტერიტორიის ორ ოკუპირებულ რეგიონთან ერთად. ვატიკანის დიპლომატიის როლი ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია, უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა არსებული სიტუაციის დეესკალაცია. მე პაპთან ხაზი გავუსვი, რომ მნიშვნელოვანია კონფლიქტის მოგვარებაში დიალოგის გზით დახმარების გაწევა, რადგან ეს პრობლემის ერთადერთი გამოსავალია“, - თქვა მან. 

„ძალიან ბედნიერი ვიყავი Bambino Gesù საავადმყოფოს ლაბორატორიაში სტუმრობისას: შევხვდი თანამშრომლებს, რომლებიც ხელმძღვანელობენ კვლევით საქმიანობას, ჩვენ შეხედულებების შესანიშნავი ურთიერთგაცვლა გვქონდა ბავშვთა ონკოლოგიასთან დაკავშირებით და შევთანხმდით, რომ ქართველ ექიმებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ამ საავადმყოფოს სასწავლო პროცესში. ეს არის ერთ-ერთი სფერო, რომელშიც საქართველომ ყველაზე მეტი პროგრესი განიცადა, მაგრამ მისი შემდგომი განვითარება მნიშვნელოვანია“.

„მე პაპს ვესაუბრე რეგიონში სხვა კონფლიქტებზე, განსაკუთრებით მთიან ყარაბაღში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტზე: საქართველომ პირველად უახლესი ისტორიის პერიოდში, და ჩვენი ტრადიციის მახასიათებლების წინ წამოწევით, შეძლო შუამავლობა ორ ქვეყანას შორის. ვიმედოვნებთ, რომ ეს მდგომარეობა გაუმჯობესდება, განსაკუთრებით სომხეთში არჩევნების შემდეგ“,- განაგრძო ზურაბიშვილმა.

კონფლიქტის პირველი ეტაპის შემდეგ, გასულ შემოდგომას, საქართველომ „ორი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს შესაძლებლობა მისცა, ჩასულიყვნენ თბილისში დიალოგისთვის და ვიმედოვნებთ, რომ პოზიტიურ როლს შევასრულებთ. მნიშვნელოვანია, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ამ ორ ქვეყანას ჰქონდეს კარგი ურთიერთობა. კიდევ უფრო მეტი ტრაგედია იქნებოდა ამ კონფლიქტის გაფართოება. ჩვენ გვინდა წარმოვადგენდეთ დიალოგისა და სტაბილურობის პლატფორმას. საქართველოსთვის დამახასიათებელი თვისებაა რელიგიური აღმსარებლობისა და ეთნიკური ჯგუფების თანაარსებობის ხელშეწყობა. საქართველოს გადარჩენისა და ზრდის სხვა გზა არ არსებობს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

„პაპი დამეთანხმა რეგიონში კონფლიქტებთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობაზე. დარწმუნებული ვართ, რომ ეს კონტაქტები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მომავლისთვის“, - განმარტა ზურაბიშვილმა.

ვატიკანის გარდა, პრეზიდენტის გეგმებში ასევე შედის იტალიაში ვიზიტი.

„ასევე ვგეგმავ იტალიაში ჩასვლას. 2018 წელს მივიღეთ იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჯო მატარელა და ახლა ნაცვალგებით ჩემი ვიზიტის დროა. ჩვენთვის იტალია ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა და თქვენ იცით, რამდენს ვმუშაობთ ინტეგრაციის მიზნის მისაღწევად. 2024 წელს ჩვენ წარვადგენთ განაცხადს წევრობის შესახებ და ვნახავთ, რა კონსენსუსი იქნება ევროპული სახელმწიფოების მხრიდან ამ მოთხოვნის გარშემო“, - თქვა ზურაბიშვილმა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისტორიული წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერის აღმოჩენა: უფრო ახალი ქვეყნები, რომლებთანაც ყოფილ საბჭოთა კავშირში საერთო წარსული გვქონდა, უფრო მეტად ემხრობიან ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზას და ამ მიზეზით უფრო მნიშვნელოვანია დავარწმუნოთ უფრო „ძველი“ წევრები“, - დასძინა მან. 

„იტალია ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ის ასევე, მნიშვნელოვანია, რადგან თქვენს ქვეყანაში ქართველების დიდი თემია. ბევრმა მათგანმა აქ სხვადასხვა ტიპის გამოცდილება მიიღო და სამშობლოში დაბრუნდა, რომ  ჩვენც გადმოგვცენ. იმ ადგილების მონახულება, სადაც ჩვენი თანამემამულეების მეტი კონცენტრაციაა, მაგალითად ბარის, ჩემი ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი იქნება“, - თქვა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტის იტალიაში ვიზიტის კიდევ ერთი თემა იქნება ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება.

„ჩვენ უკან ვტოვებთ პანდემიას და ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკის განვითარების წახალისება. ბედნიერი ვარ, რომ ბოლო დღეებში რომში ტურიზმის გახსნის ნელი, მაგრამ  პოზიტიური  ნიშნები დავინახე, იგივე ვნახე თბილისშიც. ჩვენ შეგვიძლია გამოცდილების გაცვლა ამ სექტორში, თქვენი მტკიცე გამოცდილების გათვალისწინებით, მაგრამ აქ არის სხვა სფეროებიც, მაგალითად, აგრო-კვებისა და ღვინის სექტორი. საქართველო ახლახანს შემოვიდა ამ ბაზარზე, მაგრამ ჩვენ გვაქვს ღვინის ინდუსტრია, რომელიც ისტორიულია და ამ სფეროში შეგვიძლია ერთად ვიმუშაოთ“, - თქვა პრეზიდენტმა.

„ჩვენი საელჩო რომში ასევე თანამშრომლობს იტალიურ კომპანიებთან, რომლებიც პოტენციურად არიან დაინტერესებულნი, დაგვეხმარონ რამდენიმე მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიების წინ, რომლებსაც უახლოეს წლებში ვუმასპინძლებთ: 2022 წელს ვიქნებით Eurobasket-ის შტაბ-ბინა, ხოლო 2023 წელს თავისუფალი სტილით სათხილამურო და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატებს ვუმასპინძლებთ. ასე რომ, დაგვჭირდება მოწყობილობები და ინფრასტრუქტურა და შესაბამისად, პარტნიორობის განვითარება ევროპის სხვადასხვა ქვეყნებთან ამ სექტორში“, - განმარტა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა შიდაპოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც რამდენიმე კვირის წინ დასრულდა მისი შუამავლობისა და ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის კონტრიბუციის წყალობით.

„საქართველოს მახასიათებელი ის არის, რომ რაღაც ყოველთვის ხდება. პრეზიდენტ შარლ მიშელის შედგენილი დოკუმენტის მიღებამ და ხელმოწერამ პოლიტიკური პარტიების მიერ, მათ პარლამენტში დაბრუნების შესაძლებლობა მისცა. ამ კონტექსტში შეიძლება არსებობდეს ყველანაირი ურთიერთობა, როგორც ეს ხდება ნებისმიერ ქვეყანაში და ამან საშუალება მოგვცა დავუბრუნდეთ ნორმალურ მდგომარეობას. მხარეთა დაბრუნებაზე პარლამენტში ძალიან ვწუხდი და ამიტომ გადავწყვიტე ჩავრთულიყავი მედიაციის პროცესში, მაგრამ ახლა ჩემი ჩართულობა აღარ არის საჭირო“, - თქვა ზურაბიშვილმა.

„ჩვენს ქვეყანას აქვს ორი ოკუპირებული რეგიონი და ამ პოლიტიკურმა დაყოფამ არ შეიძლება დაგვავიწყოს ამ პრობლემის მოგვარება. ახლა, როდესაც ეს გაყოფილი მხარეები მოვაგვარეთ, ამ მიმართულებით უნდა გავაგრძელოთ. საბჭოთა დროიდან დღემდე საქართველო საპრეზიდენტო რეჟიმიდან გადავიდა დემოკრატიულ საპარლამენტო მოდელზე. ასევე ვფიქრობ, რომ შეიძლება მომავალში კოალიციური მთავრობები ვიხილოთ, რადგან ვთვლი, რომ ეს ბუნებრივი მოვლენაა. არ ვიცი როდის მოხდება ეს, მაგრამ ჩვენ ასევე ვუყურებთ სხვა ქვეყნების გამოცდილებას“, - განმარტა მან.

„ჩემთვის და ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ძალიან მკაფიო დაყოფის თავიდან აცილება, სხვა ყველაფერს გავუმკლავდებით. განსაკუთრებით იმ ფაზაში, როდესაც  ეკონომიკური დონე განახლებას იწყებს. ტურიზმის გახსნამდეც კი, ჩვენ დავიწყეთ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების აღრიცხვა, რომლებიც გაცილებით მაღალია, ვიდრე ველოდით“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მიშელის შუამავლობამ საქართველოს პოლიტიკურ კრიზისში აჩვენა, ევროკავშირის განახლებული ინტერესი რეგიონის მიმართ.

„როდესაც გასულ იანვარს ბრიუსელში ვიყავი, მე პრეზიდენტ მიშელს და სხვა ევროპელ ხელისუფლებს ვუთხარი, რომ ევროკავშირი საკმარისად არ იყო წარმოდგენილი  მთიანი ყარაბაღის საკითხში, ისევე როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებებში (სომხეთი აზერბაიჯანი, ბელორუსია, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა). ვფიქრობ, რაც ჩვენ ვნახეთ ბოლო პერიოდში, უფრო აქტიური ჩართულობის ნიშანია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

„რაც შეეხება საქართველოს, ევროკავშირი იმყოფება სადამკვირვებლო მისიით (Eumm). სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ, ამ ტიპის ოპერაციების განთავსება შეუძლებელი ჩანდა. ახლა მიზანი მისიის გაფართოებაა: 2008 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია, რომ მისია უნდა აკონტროლებდეს ყველა ტერიტორიას“, - დასძინა მან.

„ვატიკანის დიპლომატიის წყალობით, პირველი მიზანი შეიძლება იყოს ოკუპაციის ხაზთან რეგულარულად მომხდარი ინციდენტების თავიდან აცილება. ჩვენ გვჭირდება კონკრეტული ნაბიჯები სიტუაციის დეესკალაციისკენ. ეს მხოლოდ დიალოგის გზით შეიძლება მოხდეს“, - განაგრძო საქართველოს პრეზიდენტმა.

„პანდემიის შემდეგ, ჩვენ განვაახლებთ ბათუმის კონფერენციის ტრადიციას, რომელიც ფოკუსირებულია ზუსტად ევროინტეგრაციაზე, ღონისძიება, რომელსაც რამდენიმე საერთაშორისო ლიდერი ესწრება. ამ ღონისძიების კონტექსტში შევეცდებით ყურადღება მივაქციოთ აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში ვითარების განვითარებას, რათა გავიგოთ რა ხდება ამ წუთებში ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, უკრაინა და მოლდოვა. აღმოსავლეთის პარტნიორობა გარკვეულ პრობლემებს აწყდება, ძირითადად ბელორუსის გამო, მაგრამ ამ კონტექსტში შეიძლება კიდევ უფრო მეტი პროგრესი მოხდეს, რაც წევრ ქვეყნებს საშუალებას მისცემს, იგივე სიჩქარით წინ წავიდნენ ევროინტეგრაციისკენ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი ასევე კმაყოფილია ნატოს სამიტის შედეგებით, რომელიც გასულ 14 ივნისს ბრიუსელში გაიმართა.

„სამიტიდან გამოჩნდა სურვილი დაადასტურონ ღია კარის პოლიტიკა. ჩვენ ვნახეთ ჩრდილოეთ მაკედონიის შემთხვევაში, რომ ეს არის კონკრეტული მოქმედება და არა მხოლოდ სიტყვები. საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმის აღიარება, რომ ქვეყანამ პროგრესი განიცადა ინტეგრაციის მიმართულებით. ეს არ იყო სამიტი, სადაც დიდი გადაწყვეტილებები იყო მოსალოდნელი, ასევე იმიტომ, რომ იგი პირველი გაიმართა შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მონაწილეობით, ამიტომ ყურადღება გამახვილდა ტრანსატლანტიკური ურთიერთობებზე. ამასთან, ჩვენ ვნახეთ წინ გადადგმული ნაბიჯები, პროგრესი“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

„საქართველოსთვის დგას საკითხი, გაგრძელდეს თუ არა წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP), რჩევების, დახმარებისა და პრაქტიკული დახმარების პროგრამა, ადაპტირებული ალიანსში გაწევრიანების მსურველი ქვეყნების ინდივიდუალურ საჭიროებებზე. უფრო მეტიც, ამ პროგრამაში მონაწილეობა შეიძლება დაეხმაროს ზოგიერთ წევრ ქვეყანას, ხელი შეუწყონ ჩვენი გაწევრიანების პროცესს ასე რომ, ცხადია, რომ ბრიუსელის სამიტიდან არანაირი რევოლუციური ფიქრი არ გამოვლენილა, მაგრამ არა მგონია, რომ ამას ველოდით. ამასთან, აქტუალური იყო იმის გამეორება, რომ არავის აქვს უფლება ჩაერიოს ჩვენს ინტეგრაციის პროცესში“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, ზურაბიშვილის აზრით, მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ შავი ზღვა გახდა უფრო მთავარი ნატო-ს სტრატეგიაში:

„ეს არის ის საკითხი, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო უშუალოდ მონაწილეობს ამ სცენარში. ჩვენი მონაწილეობის გარეშე შავ ზღვაში არაფერი შეიძლება მოხდეს და იგივე ეხება უკრაინას. შემთხვევითი არ არის, რომ უახლოეს დღეებში ვეწვევი კიევს: ეს არის შემდეგი კონკრეტული ნაბიჯი ნატო-სთან ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებისთვის“, - განმარტა პრეზიდენტმა.

„როგორც ევროკავშირის, ისე ნატო-ს შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ურთიერთობების კონკრეტულად გაღრმავება. ჩვენ ვიცით, რომ ამ ორ ორგანიზაციაში გაწევრიანება პოლიტიკური საკითხია, მაგრამ ამ პრობლემების მიღმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ „დე ფაქტო ინტეგრაცია“ განხორციელდეს. ნატო-ს შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია განვავითაროთ თანამშრომლობა შავ ზღვაში და კიბერუსაფრთხოება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია; ევროკავშირთან დაკავშირებით, მეორეს მხრივ, ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმ ეკონომიკური სექტორების განვითარებაზე, რაც ხელს შეუწყობს ინტეგრაციას, მაგალითად, ინფრასტრუქტურისა და კავშირგაბმულობის (connettività) თვალსაზრისით“, - დასძინა მან.

„მე მჯერა, რომ ბევრი კონკრეტული სამუშაოა გასაკეთებელი, რომ ზოგადად იდეოლოგიური გადაწყვეტილებების მიღება უფრო ადვილი გახდეს“, - ასკვნის საქართველოს პრეზიდენტი.

https://www.nova.news/georgia-la-presidente-zurabishvili-la-diplomazia-vaticana-puo-favorire-il-dialogo-nel-caucaso/

სხვა სიახლეები