ინტერვიუ Washington Post Live-თან
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Washington Post Live-ში. მე ვარ დევიდ იგნატიუსი, Post-ის მიმომხილველი. პატივი მაქვს, რომ დღეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს პრეზიდენტს ვუმასპინძლო, რომლის ქვეყანაშიც რუსეთი 2008 წელს შეიჭრა და რასაც ბევრი ანალიტიკოსი უკრაინაში შეჭრის წინამორბედად მიიჩნევს.
ქალბატონო პრეზიდენტო, გმადლობთ, რომ შემოგვიერთდით დღეს Washington Post Live-ზე.
გამარჯობა. მოხარული ვარ და გმადლობთ მოწვევისთვის.
ქალბატონო პრეზიდენტო, ვიცი, რომ თქვენ ახლახან დაბრუნდით ვაშინგტონის საკათედრო ტაძარიდან, სადაც მადლენ ოლბრაიტის დაკრძალვის ცერემონია გაიმართა. როგორც თქვენ, სახელმწიფო მდივანი ოლბრაიტიც იყო მორწმუნე და ლიდერი ქალი. დასაწყისისთვის მინდა დაგისვათ პირადი შეკითხვა: როგორ ფიქრობთ, რას იტყოდა დღეს მადლენ ოლბრაიტი უკრაინაში არსებულ ვითარებაზე და რუსეთის შეჭრაზე?
ვფიქრობ, გააკეთებდა იმას, რასაც მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში აკეთებდა - თავისუფლების, დემოკრატიისა და სიმტკიცის მხარეს იდგებოდა. ვფიქრობ, მისი ცხოვრება ლტოლვილის ცხოვრების ისტორიაა, რომელიც მაშინ ფაშიზმს გაექცა და მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში თავისუფლების, დემოკრატიისა და ქალი ლიდერებისათვის ბრძოლას განაგრძობდა.
ასე, რომ ვფიქრობ, ეს ის დროა, როდესაც მისნაირი ლიდერები კიდევ უფრო მეტად სჭირდება მსოფლიოს. ვფიქრობ, ჩვენ უნდა განვაგრძოთ მისი მემკვიდრეობა და რომ ოცდამეერთე საუკუნეში ქვეყანაზე განხორციელდეს აგრესია, შეჭრა, როგორც ეს დღეს უკრაინაში ხდება, როგორც ეპყრობიან მის [უკრაინის] მოსახლეობას, სამოქალაქო პირებს, ქალებს და ბავშვებს და არასდროს დავუშვათ, ის რომ მათ არ მიეცეთ შესაძლებლობა აირჩიონ ალიანსები - რაც დამოუკიდებლობის დიდი ნაწილია.
სახელმწიფო მდივანი ოლბრაიტი ცოცხალი რომ ყოფილიყო, რა თქმა უნდა, ის მიესალმებოდა თქვენს გამბედაობას, მადლობას მოგახსენებდათ შეერთებულ შტატებში ჩამოსვლისათვის და სიტუაციის შესახებ ასე მკაფიოდ საუბრისათვის. მინდა უკრაინის ომის ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ გკითხოთ. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში იყო ნგრევა დნესტრისპირეთში, მოლდოვას სეპარატისტულ რეგიონში - რაც მე 2008 წელს საქართველოში მოვლენებს მახსენებს.
მსურს გკითხოთ - ხედავთ თუ არა ამ პროვოკაციას, როგორც რუსეთისათვის წინაპირობას უკრაინის სანაპიროზე დნესტრისპირეთისა და საქართველოს მიმართულებებით წინ წასაწევად. და თუ ასეა, რა უნდა მოიმოქმედონ დასავლეთმა და შავი ზღვის აუზის ქვეყნებმა ამასთან დაკავშირებით?
ვფიქრობ, ეს, ამ დროისათვის, ჩვენთვის ნაცნობი ხასიათის მანიპულაციებია. რუსეთს სჩვევია ზეწოლა და ამ ზეწოლის გამოყენება. ცხადია ეს ისაა, რაც დღეს მოლდოვაში ამ დროისათვის ხდება - დნესტრისპირეთის მეშვეობით ხდება ზეწოლა მოლდოვას მთავრობაზე საზოგადოებაში შიშის გაღვივების მიზნით.
ჩვენს შემთხვევაშიც რუსეთი სეპარატისტ ოკუპირებულ ტერიტორიებს ეთამაშება და ისინი [ოკუპირებული ტერიტორიები] აცხადებენ, რომ მათ რუსეთთან შეერთებისათვის რეფერენდუმის ჩატარება სურთ. ასე რომ, ეს ყველაფერი მოლდოვასა და საქართველოს ნერვებზე თამაშია, ორ ქვეყანაზე, რომელიც რუსეთთან ყველაზე ახლოსაა, რომელიც უკრაინასთან ერთად ევროკავშირთან ასოცირებულ ტრიოს წარმოადგენს და სურს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება, რომლესაც არ იცავს ნატოს მე-5 მუხლი, ან ევროკავშირის პირდაპირი სოლიდარობა.
ნათელია, რომ ეს დაუცველობაა, თუმცა ვფიქრობ, ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა მივიღოთ მეტი ყურადღება და მეტი მხარდაჭერა. ცხადია, აქცენტი უკრაინაზეა, რომელიც უნდა იყოს, პირდაპირი მხარდაჭერის მიმღები, მაგრამ არც ჩვენ უნდა ვიყოთ დავიწყებულნი. ამიტომ მადლენ ოლბრაიტის (რომელსაც მე პირადად ვიცნობდი) დაკრძალვის ცერემონიაზე დასწრებასთან ერთად, სწორედ ესაა ჩემი ვაშინგტონში ვიზიტის აზრი.
ეს ის დროა, რომელსაც მე მესიჯის გასაგზავნად ვირჩევ - საქართველო არ უნდა იყოს დავიწყებული; თუ მოსკოვი მიიჩნევს, რომ მოლდოვასა და საქართველოს მიმართ ნაკლები ყურადღებაა - ამან შეიძლება რუსეთის ხელისუფლება აცდუნოს, რომ ყურადღება ამ ორ ქვეყანაზე [საქართველო და მოლდოვა] გადაიტანოს.
ქალბატონო პრეზიდენტო, ნება მომეცით გულწრფელად გკითხოთ, პირველ რიგში, ფიქრობთ თუ არა რომ საქართველო შესაძლოა, პრეზიდენტ პუტინის თავდასხმის შემდეგი სამიზნე გახდეს? და მეორე, კონკრეტულად რა სთხოვეთ პრეზიდენტ ბაიდენსა და მის ადმინისტრაციას საქართველოს დასახმარებლად ამ შესაძლებლობის თავიდან ასაცილებლად?
პირველ რიგში, არასდროს ვიტყვი, რომ მეშინია, რომ ჩვენ ვიქნებით შემდეგი, რადგან მომავლის გამოცნობას არ უნდა ვცდილობდეთ. არ მინდა ასეთი პროგნოზების გაკეთება. ფრთხილად უნდა ვიყოთ. ჩვენ არ უნდა დავკარგოთ როგორც ჩვენი ევროპელი, ისე ამერიკელი პარტნიორების ყურადღება.
ასე რომ, მთავარი მოწოდება, რომელსაც ვაშინგტონში ვაკეთებ არის ის, რომ საქართველო უფრო მეტად იყოს წარმოდგენილი იქ, სადაც ადმინისტრაცია რიგ საკითხებთან დაკავშირებით საუბრობს და იმ ყურადღების ნაწილი იყოს, რომელსაც ადმინისტრაცია ჩვენს რეგიონში განვითარებული მოვლენებზე იჩენს.
ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მეტი მხარდაჭერა გვჭირდება. ეს ნიშნავს მხარდაჭერას რესურსების გამოყოფაში, საკითხი რომელიც ახლა განიხილება - „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ ისაა, რისთვისაც ჩვენ ცალსახად ძალიან მადლიერები ვართ. გვჭირდება მხარდაჭერა ევროინტეგრაციის ახალი გზისადმი, რომელსაც ევროპული ხელმძღვანელობა ხსნის უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვისთვის. ესაა პასუხები ნებისმიერი ფორმის საფრთხესა თუ გამოწვევაზე, რომელიც რუსეთმა შეიძლება ჩვენს ქვეყანას, ან ამ შემთხვევაში მოლდოვას შეუქმნას.
ერთი კითხვა მსურს დაგისვათ - როდესაც ვუყურებთ რუსეთის აქტივობებს უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში... არის თუ არა რუსეთის ჯარი საკმარისად ძლიერი მისი ბანაკის დასავლეთით ოდესისა და მოლდოვას მიმართულებით გადაყვანისათვის. მინდა გკითხოთ, რა არის თქვენი და საქართველოში თქვენი მრჩევლების აზრი, როდესაც რუსეთის ჯარის მოქმედებას აკვირდებით, როგორ შეფასებას მისცემდით მათ ქმედებებს? აქ, აშშ-ში ამ დრომდე ბევრისთვის მოულოდნელობა იყო რუსების წარუმატებლობა. თქვენი გენერლები და მრჩევლები იგივენაირად ფიქრობენ?
ვფიქრობ, ყველას მცდარი პროგნოზი ჰქონდა იმაზე, თუ რამდენად ძლიერი იქნებოდა რუსეთი უკრაინაში. ყველა, მათ შორის რუსეთი ცდებოდა საკუთარი წარმატებული მოქმედების თაობაზე. ამიტომ, ყველა გათვლა არასწორი იყო და უკრაინელებმა დაამტკიცეს, რომ როდესაც საკუთარ ტერიტორიასა და საკუთარ ქვეყანას იცავ ბევრად უფრო ეფექტიანად იბრძვი, ვიდრე როდესაც იჭრები და არ იცი რა მიზეზით იჭრები ქვეყანაში, რომელიც ძმურ ქვეყნად აგიღწერეს - რაც, ამ შემთხვევაში, რუსი ჯარისკაცებთან მიმართებით მოხდა.
ამიტომ ყველა გათვლა მცდარი იყო. რაც შეეხება ამ მეორე ფაზას, რომელიც ახლა უფრო კონცენტრირებულია აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაზე, ჩვენ არ ვიცით როგორ წარიმართება ის. მაგრამ ნათელია, რომ აქაც, გათვლები არასწორია, რადგან აღმოსავლეთ ნაწილზე არც ეს მასიური აგრესია არ გამოიყურება წარმატებულად. ყველა, განსაკუთრებით საქართველოში, ვიმედოვნებთ, რომ ის არ იქნება წარმატებული, განსაკუთრებით ოდესისა და დნესტრისპირეთის მიმართულებით, რადგან ეს იმის ნიშანი იქნება, რომ რუსეთს შეუძლია სრულიად შავი ზღვის სანაპიროს კონტროლის ქვეშ მოქცევა და ეს დიდი მღელვარების საგანი იქნება.
ეს მღელვარების საგანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირისა და ყველა პარტნიორისათვის, რადგან ნათელია, რომ შავი ზღვა სტრატეგიული ზღვაა, სტრატეგიულია ყველა ჩვენი სამომავლო გეგმებისათვის: ტრანზიტის, ენერგოტრანზიტების, კომუნიკაციისა, თუ კავშირის მიმართულებით, ეს არის იმ თანამშრომლობის გეგმები, რომლებიც 21-ე საუკუნისთვის გვქონდა და არა ახალი ომი და კონფრონტაცია, რომელსაც რუსეთი იწყებს თითქოს, სადღაც მე-20-ე საუკუნეში ვიყოთ.
ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენ ძალიან ღია ხართ თქვენს რუსეთის ქმედებების კრიტიკაში. თუმცა, ყველას საქართველოში არ სურს მსგავსად ისაუბროს. რასაც ვკითხულობ, რამდენი განცხადების შემდეგ, თქვენ გარკვეული კრიტიკა მიიღეთ თქვენივე მმართველი პარტიისგან. გასულ თვეში [აშშ-ს] ეროვნულ რადიოში მიცემულ ინტერვიუში თქვენმა ფრაზამ ჩემი ყურადღება მიიპყრო. მინდა უბრალოდ წაგიკითხოთ ის და გთხოვოთ თუ შეგიძლიათ მისი განვრცობა. თქვენ ბრძანეთ: „ ჩვენ დილემის წინაშე ვდგავართ - ერთი მხრივ, არ მოვახდინოთ რუსეთთან კონფრონტაცია და რუსეთის მხრიდან რეაქციების პროვოცირება, და ამავდროულად, შევინარჩუნოთ ჩვენი პრინციპები - რაც უკრაინისადმი სოლიდარობას, ნატოსა და ევროკავშირთან სიახლოვეს მოიცავს“. შეგიძლიათ ეს დილემა აღწეროთ და გვითხრათ დგახართ თუ არა საქართველოს შიგნით რუსეთის მცდელობების წინაშე თქვენს პოზიციას სირთულეები შეუქმნან.
ქვეყანამ რუსეთთან 2008 წლის ომი გაიარა და ეს არ იყო ერთადერთი ომი - ჩვენ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 1991-1992 წლებშიც გამოვიარეთ ომი, როდესაც რუსეთმა სეპარატისტული ძალები ახლადდამოუკიდებლობაგამოცხადებული საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენა. იგივე შემთხვევა იყო 1921 წელსაც, საქართველოს პირველი დამოუკიდებლობის დროს, როდესაც ჩემს ოჯახს საქართველოდან რუსული ოკუპაციისგან გაქცევა მოუწია. ეს ახალი არ არის და ქვეყანა, რომლის ტერიტორიის 20%-იც ოკუპირებულია, ცხადია, რომ ვერ დაუშვებს დაპირისპირების დაწყებას, პროვოცირებას, რომ რაიმე სახით ვიყოთ პასუხისმგებლები რუსეთის მცდელობებზე ხელახლა დაესხას თავს ჩვენს დამოუკიდებლობას, ან ჩვენს ტერიტორიას. მაგრამ, ჩვენი ისტორია, საქართველოს 26 საუკუნოვანი სახელმწიფო ისტორია, ნიშნავს იმას, რომ არ შეიძლება საკუთარ პრინციპებზე თქვა უარი, და თუ ასე მოიქცევი, შენ დაკარგავ შენს დამოუკიდებლობას, დაკარგავ შენს იდენტობას. საქართველომ, 26 საუკუნის განმავლობაში, შეძლო შეენარჩუნებინა ეს იდენტობა, ეს ტერიტორია, თავისი სარწმუნოება - მართლმადიდებლური სარწმუნოება. ყველაფერი ეს არის ის, რაც ქმნის საქართველოს. ასე რომ, რთული ზღვარია და ზოგჯერ შესაძლოა, არ არის ზუსტად იგივე ფორმულირება ჩემსა და მთავრობის განცხადებებს შორის იმისათვის, რომ ბალანსის ეს ხაზი ვიპოვოთ. მაგრამ ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში საქართველო ძალიან ერთიანია, საქართველოს მოსახლეობა 100%-ით ერთიანია უკრაინის მიმართ სოლიდარობაში. იმიტომ, რომ მას ესმის, რომ ეს სოლიდარობა უკრაინასთან არის სოლიდარობა ჩვენი საკუთარი პრინციპების, ჩვენი ისტორიისა და ჩვენი დღევანდელი დამოუკიდებლობის დაცვის მიმართ.
ნება მომეცით გთხოვოთ, ქალბატონო პრეზიდენტო, ცოტა ხნით ვისაუბროთ რუსეთის პრეზიდენტ პუტინზე. თქვენ გაქვთ უნიკალური ხედვა, ვინაიდან ხართ რუსეთის მეზობელი და რუსული აგრესიის საგანი. გაგვიზიარეთ თქვენი აზრი პუტინის შესახებ, რას ფიქრობს ის ძალის გამოყენებაზე. ამ ქვეყანაში ხშირად ჩნდება კითხვა, არის თუ არა პუტინი რაციონალური აქტორი და ასევე, მაინტერესებს თქვენი აზრი იმის შესახებ, მოქმედებს თუ არა პუტინი რაციონალური და პროგნოზირებადი გზებით.
უპირველეს ყოვლისა, ძალიან ნათლად უნდა განვაცხადო, რომ მას არასოდეს შევხვედრილვარ. ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან. ასე რომ, მე არ მაქვს პირდაპირი შეხება იმისათვის, რომ ზუსტად განვსაჯო. რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ საქმეთა მინისტრმა, რუსეთთან შეთანხმებაზე მოლაპარაკებები ეწარმოებინა რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ სერგეი ლავროვთან, რომელიც იყო და ახლაც არის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. და ეს იყო ერთადერთი შეთანხმება, რომელიც რუსეთმა დაიცვა.
ეს იყო ის შემთხვევა, როდესაც ეს თანხმობა რაციონალური იყო. შეიძლება თუ არა დღეს რაციონალურობის დანახვა რუსეთის ქცევაში? (შევაფასებ არა პიროვნებას, არამედ ქვეყნის ქცევას) - რუსეთის ქმედებები არ მეჩვენება რაციონალურად. იმიტომ, რომ მას ჰქონდა და აქვს ბევრად უკეთესი შანსები განავითაროს საკუთარი ეროვნული ინტერესები, ეკონომიკა, მოსახლეობის მდგომარეობა ევროკავშირთან თანამშრომლობით, რომელიც ამას ცდილობს; შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით და მის მეზობლებთან ახლო სამეზობლო ურთიერთობების გამოძებნის გზით, რაც ძალიან განსხვავდება შენს გარშემო მტრების შექმნისაგან მათი ტერიტორიების დაპყრობის გამო. ეს ნამდვილად არ არის საჭირო, რადგან რუსეთის გარშემო არსებული არცერთი ქვეყანა არ იყო მიდრეკილი ყოფილიყო მისი მტერი. იყო ბევრი შანსი, რომელიც რუსეთმა არ გამოიყენა თავის გარშემო მშვიდობიანი კავშირების დასამყარებლად. ძალაუფლების გარდა, რატომ და რა სარგებელი მოაქვს ამას ჩემთვის არც ისე ნათელია.
თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთი გამოცანაა იქნებოდა თუ არა ისტორია განსხვავებული დასავლეთს 2008 წელს, როდესაც რუსეთი შემოიჭრა საქართველოში, რუსეთისა და პუტინისათვის უფრო ძლიერი წინააღმდეგობა რომ გაეწია, ჩვენ შეიძლება არასოდეს მოვსულიყავით უკრაინის ამ საკმაოდ საშიშ ომამდე. როგორია თქვენი შეფასება? როგორ ფიქრობთ, დაუშვა თუ არა შეცდომა დასავლეთმა, რომ არ ჩაერია უფრო აგრესიულად, რათა [რუსეთს] ნათლად დაენახა, რომ ეს საქციელი მიუღებელი იყო 2008 წელს?
დიახ, ვფიქრობ, ისტორიის შეცვლა ძალიან რთულია. ეს ყოველთვის რთული რამაა. მაგრამ, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, დასავლეთი უფრო მკაფიო რომ ყოფილიყო მის განცხადებებში,(რადგან ამაზე მეტის გაკეთება დასავლეთს არც 2008 წელს საქართველოში და არც 2014 წელს ყირიმში შეჭრის დროს შეეძლო) - შესაძლოა, დღეს რუსეთის გათვლები სხვანაირი ყოფილიყო. მაგრამ ისევ და ისევ, ეს რუსეთის ხელმძღვანელობის რაციონალური ნაბიჯებზეა დამოკიდებული. და ჩვენ არ ვიცით, რაციონალურია თუ არა რუსეთის ხელისუფლების ნაბიჯები, და ეს ნაბიჯები სათავეს კიდევ უფრო ადრე იღებს არა საბჭოთა კავშირში, არამედ რუსეთის იმპერიაში და როგორ ექცეოდა და როგორ პოლიტიკას ატარებდა ის მის გარშემო სხვადასხვა ხალხების მიმართ. იმ დროს, როცა მთელი რუსეთი სამხრეთით მოძრაობდა, კავკასიაში მცხოვრები ეთნოსების უმეტესობა პრაქტიკულად განადგურდა, - ეს არის ისტორიის ის გაკვეთილი, რომელიც ჩვენ არ გვისწავლია.
ქალბატონო პრეზიდენტო, ნება მომეცით გკითხოთ მომავლის შესახებ. საქართველო ისწრაფვის ევროკავშირისა და ნატოს წევრობისაკენ. ევროკავშირის პროცესი როგორც ჩანს წინ მიიწევს. საქართველომ ახლახანს მიიღო ევროკავშირის წევრობის კითხვარი. გვითხარით ამის მნიშვნელობის შესახებ და რა ისმის ევროპელ ლიდერებისგან, როგორ წარიმართება პროცესი და რამდენად სწრაფად იქნება შესაძლებელი საქართველოს მიღება, თუ ისინი მხარს დაუჭერენ?
ვფიქრობ, ეს განსაკუთრებულია და აჩვენებს, რომ ბევრჯერ, კრიზისისა და ტრაგედიის დროს ახალი შესაძლებლობები ჩნდება. და ეს ასეა ევროკავშირის შემთხვევაშიც, ორივე ერების, ისევე როგორც კომისიისა და საბჭოს ევროპელი ლიდერების იმ ახალი განწყობით, რომ გაეხსნათ ეს, დაჩქარებული გზა ევროკავშირისკენ. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით ზუსტად რას მოიცავს ის, რა იქნება თავად პროცესი. მაგრამ ვფიქრობ, რომ ის, რაც მე მოვისმინე ნიშნავს იმას, რომ ეს არის ახალი, უფრო პოლიტიკური მიდგომა და არა ის ძალიან ბიუროკრატიული პროცედურული მიდგომა, რომელიც აქამდე არსებობდა. ეს საშუალებას მისცემს ამ სამ ქვეყანას და ვფიქრობ, დასავლეთ ბალკანეთსაც, უფრო სწრაფად გავხდეთ ის, რასაც ქალბატონმა ფონ დერ ლაიენმა „ერთ-ერთი ჩვენგანი“ უწოდა. „ერთ-ერთი ჩვენგანი“ ნიშნავს თუ არა სრულ წევრობას, ან სხვა ტიპის წევრობას ან კონკრეტულად რას და როდის, ეს ჯერ ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის. მაგრამ ახალი შანსია და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, გავაკეთოთ ზოგიერთი რამ, რაშიც აქამდე საკმარისად სწრაფები, ან ეფექტურები არ ვიყავით. და მე ვსაუბრობ სასამართლო სისტემის რეფორმაზე, ყველა იმ ღრმა რეფორმაზე, რომელიც გააძლიერებს დემოკრატიას; ეს ახალი იმპულსი და ჩემი ქვეყნისთვის შესანიშნავი შანსია.
და როგორც მე მესმის, ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენ ამბობთ, რომ რაიმე ფორმის სწრაფი, გარდამავალი ან ასოცირებული წევრობა ევროკავშირის სრული წევრობისკენ მიმავალ გზაზე მისაღებია საქართველოსთვის, თუ ეს შესაძლებელი იქნებოდა?
ყველაფერი მისაღებია, რაც ჩვენი პოლიტიკურად წინ წაწევას ნიშნავს, ევროპელი ლიდერების ახალი დამოკიდებულებას და იმის გაგებას, რომ ჩვენ არ შეგვიძლია მუდმივად გარეთ ვიყოთ და პერსპექტივას ველოდოთ, როგორც გასულ წელს იყო მოძრავი ჰორიზონტი, როდესაც მივუახლოვდით და უფრო შორს მიდიოდა. ვფიქრობ, თუ გვინდა შევინარჩუნოთ მოსახლეობის ეს მხარდაჭერა და მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოში საქართველოს მოსახლეობა 80%-ით მხარს უჭერს ევროკავშირის ამ პერსპექტივას და წევრობას და წლების განმავლობაში ის არ შეცვლილა. მაგრამ დროის რაღაც მომენტში აშკარად ჩანს რომ განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენს ირგვლივ საფრთხეები გროვდება საჭიროა, რაც შეიძლება მალე ვიყოთ მიჩნეულნი, როგორც „ერთ-ერთ ჩვენგანი“.
დაბოლოს, ნება მომეცით დარჩენილ დროში გკითხოთ საქართველოს ნატოში გაწევრიანების სურვილის შესახებ. საქართველოს თხოვნა განხილვის რეჟიმშია, ნატომ მხარდაჭერის პირველადი ნიშნები აჩვენა, მაგრამ ეს დიდი ხნის წინ იყო. არიან ისეთებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს არ არის რეალური შესაძლებლობა. მინდა გკითხოთ, რა გსმენიათ ნატოს ლიდერებისგან საქართველოს გაწევრიანების სურვილზე. და მეორეც, როგორც ჩანს, შვედეთი და ფინეთი ნატოში გაწევრიანების სწრაფ გზას ადგებიან. მალე შეიძლება მიმართონ და დიდი ალბათობით მიმართავენ გაწევრიანებისთვის, რას იფიქრებდა საქართველო, რომ ისინი სწრაფად შევიდნენ და თქვენ არა?
ეს არ არის კონკურენცია ამ ქვეყნებთან. ჩვენი ნატოში გაწევრიანების სურვილი ნათელია. ძალიან ნათელია, რომ ჩვენნაირი ქვეყნებისთვის უსაფრთხოების საკითხი და მით უმეტეს, იმის შემდეგ, რაც უკრაინაში ხდება, ამა თუ იმ გზით დაცვა კიდევ უფრო აქტუალური ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა ცხადია, რომ რუსეთი დღეს ან ხვალ არ შეიცვლის თავის პოზიციას და არ აღიარებს მის მეზობლებს თანაბარ პარტნიორებად და ქვეყნებად რომელთა ტერიტორიებზეც არ უნდა შეიჭრას. ასე რომ, უსაფრთხოებისთვის ძიება არ შეიცვლება. ჩვენ არ ვიცით, რას გადაწყვეტენ ნატოს ლიდერები და ნატოს ორგანიზაცია. უახლოეს კვირებში მადრიდის სამიტი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რათა დაგვანახონ, რას ფიქრობენ ნატოში. მაგრამ საქართველოს, და ვფიქრობ, ნათლად ვამბობ უკრაინის სურვილია მეტი უსაფრთხოების მიღება და არა ნაკლების.
ქალბატონო პრეზიდენტო, გმადლობთ მკაფიო, მტკიცე პასუხებისთვის, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც ვაშინგტონი დაემშვიდობა ყოფილ სახელმწიფო მდივანს ოლბრაიტს. დიდი მადლობა, რომ შემოგვიერთდით!
მადლობა!