ინტერვიუ ZDF heute journal-თან
ბერლინში ახლა ვესაუბრებით საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. საღამო მშვიდობის ქალბატონო პრეზიდენტო. დღეს თქვენ ესაუბრეთ პრეზიდენტ შტაინმაიერს, არ გისაუბრიათ კანცლერ შოლცთან. კმაყოფილი ხართ საუბრის შედეგით?
მე ყოველთვის კმაყოფილი ვარ საუბრით, რადგან უკვე 30 წელია რაც გერმანიასთან დიპლომატიური ურთიერთობა გვაქვს, რაც საქართველოს მხარდაჭერის გამოხატულებაა. მოხარული ვარ დავადასტურო, რომ ჩვენ კვლავ ვსარგებლობთ მხარდაჭერით, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია ევროპულ ცხოვრებაში, როგორც უკრაინის ომის ტრაგედიის კუთხით, რომელიც, რა თქმა უნდა, უშუალო ინტერესის საგანია საქართველოსთვის, ასევე ევროპული ინტეგრაციისკენ ახალი დაჩქარებული გზის კუთხით. ასე რომ, ორივე მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს საქართველოს მიმართ გერმანიისა და გერმანელი მეგობრების მხარდაჭერა.
ცოტა მოგვიანებით მეტს ვისაუბრებთ ევროკავშირზე. ახლა ჩემი შეკითხვა შემდეგია - რუსეთის აგრესიამ კიდევ ერთი ომის, საქართველოში ომის მოგონება წამოჭრა. 2008 წელს საქართველომ რუსეთთან ომის შედეგად დაკარგა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, რუსეთი ამ ტერიტორიების დე-ფაქტო ოკუპაციას განაგრძობს. თქვენ ამბობთ, რომ საქართველო არაპირდაპირ (ირიბად) არის რუსეთის საფრთხის ქვეშ. შეგიძლიათ დააკონკრეტოთ?
არ ვფიქრობ რომ რუსეთი ჩვენ ირიბად გვემუქრება. ჩვენ რუსეთი გვემუქრებოდა, შემოიჭრა საქართველოში და ეს ორი ოკუპირებული ტერიტორია ამის დასტურია. ასე რომ, ვფიქრობ, ეს არის ის, რის მიმართაც საქართველო საკმაოდ მდგრადია, რადგან ბოლოს და ბოლოს, ორი საუკუნის განმავლობაში, ჩვენ გვქონდა ოთხი განსხვავებული ტიპის რუსული შემოჭრა, ჩვენ გამძლეობა ვაჩვენეთ და მოვახერხეთ ამ ძალიან რთული პერიოდების გადატანა, ნამდვილად მოვახერხეთ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალი გზის შენარჩუნება. და ეს გამძლეობის მთავარი ნიშანია.
ქართველი საზოგადოების მხრიდან დიდი მხარდაჭერაა უკრაინისადმი. საქართველოს ხელისუფლება არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს შეცდომა იყო. რატომ? ახლა, როდესაც რუსეთის მხრიდან საფრთხე არსებობს, კარგი აზრი არაა, რუსეთის არაპროვოცირება?
პირველ რიგში, ეს არ არის სიტუაციის ზუსტი აღწერა. საქართველო ყველა საერთაშორისო და ფინანსურ სანქციას შეუერთდა. ეს პირდაპირ ეფექტს ახდენს საქართველოს ეკონომიკაზე. საქართველოს არ დაუწესებია დამატებითი ეროვნული სანქციები, რადგან დამატებითი სანქციების მოფიქრებას ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, დიდი აზრი არ აქვს. თქვენ მართალი ხართ იმაში, რომ საქართველის მოსახლეობა სრულად სოლიდარულია უკრაინის მიმართ, ისევე როგორც მე, საქართველოს პრეზიდენტი და ეს გამოვხატე. საქართველოს მოსახლეობა მასობრივად გამოდიოდა უკრაინის მხარდასაჭერ აქციებზე შეჭრის პირველ პერიოდში. და დღესაც კვლავ, შესაძლებელია თბილისის ქუჩებში უკრაინის უამრავი დროშის ნახვა. და ჩვენ, საკმაო რაოდენობის უკრაინელ ლტოლვილებს ვიღებთ, ამ დრომდე 30 000-ზე მეტი, რაც საქართველოსთვის საკმაოდ დიდი რიცხვია. ეს მოწმობს იმ მხარდაჭერას, რომელსაც უკრაინა იღებს საქართველოში. რა თქმა უნდა, მეორე მხრივ, არსებობს სიფრთხილის გარკვეული გრძნობა, რადგან ჩვენ უშუალოდ ღია სამიზნე ვართ. ჩვენ ვიცით თუ რას ნიშნავს შემოჭრა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან სიგნალი მოდის, რომ სურთ რეფერენდუმის ჩატარება და [რუსეთთან] გაერთიანება, რაც არასდროს ყოფილა, მაგრამ, ,,გაერთიანება“ ეს სიტყვა რუსეთისთვისაა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ზეწოლაა საქართველოზე. მაგრამ ისევ, დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის ელჩს ევროკავშირის კანდიდატობის შევსებული კითხვარი გადასცა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, სიმბოლურად და მოხარული ვარ, რომ ამ დღეს გერმანიაში ვარ, რადგან დარწმუნებული ვარ, შემიძლია კვლავ გერმანიის მხარდაჭერის იმედი მქონდეს ევროკავშირში რაც შეიძლება სწრაფი გაწევრიანებისაკენ სწრაფვაში.
ახლა, ვისაუბროთ ევროკავშირზე. როგორც უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოსაც სურს, ევროკავშირის წევრობა. 2014 წელს, ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას, თუმცა ბევრი არაფერი მომხდარა. რას ელით ევროკავშირის წევრობიდან? რატომაა ეს მნიშვნელოვანი?
პირველ რიგში, ჩვენ ველით, ვიყოთ იმ ოჯახის ნაწილი, რომელსაც ვთვლით, რომ ჩვენი ღირებულებების, ისტორიის და წარსულის გამო ვეკუთვნით. დღეს ვხედავთ, და ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია საქართველოს მოსახლეობისათვის ბოლო გამოკითხვების მაჩვენებელი - საქართველოს მოსახლეობის 88% ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა. და ეს მიზანი ჩვენ კონსტიტუციაშია ჩაწერილი. და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია დღეს, ვიტყოდი უკრაინელების და ამ ტრაგიკული ომის დამსახურებით, რომ ცვლილებაა ევროპის ხელმძღვანელობაში ამ კანდიდატების - უკრაინა, საქართველო, მოლდოვას განხილვისას, რათა განიხილონ ისინი ცოტა განსხვავებულად ვიდრე აქამდე იყო. და რომ ძალიან ბიუროკრატიული და გრძელვადიანი პროცედურიდან გადავინაცვლოთ უფრო პოლიტიკურისკენ [პროცედურა]. განსხვავებული მიდგომაა ევროპელი ლიდერების მხრიდან და ეს გვაძლევს დიდ იმედს, რომ ეს პროცესი, რომელიც მოიცავს იმ რეფორმებს რომელიც ისედაც გასატარებელი გვაქვს, მაგრამ მიიღებს უფრი სწრაფ ტემპს.
ჩემი ბოლო შეკითხვა. რას ფიქრობთ, როგორ დასრულდება ეს ომი უკრაინაში?
ეს რთული შეკითხვაა. რისი თქმაც დღეს შეიძლება ისაა, რომ უკრაინამ უკვე მოიგო ეს ომი, ამდენი ხნის განმავლობაში წინააღმდეგობის გაწევით, როცა საწყის ეტაპზე, ყველა ფიქრობდა, რომ ამ ომს რუსეთი აშკარად მოიგებდა. უკრაინამ დაამტკიცა, რომ ერთიანი და გამძლე ქვეყანაა, რომელიც მზადაა თავისი ტერიტორიის დასაცავად მოკვდეს. და ჩვენ ვიცით, რომ ისტორიაში, ეს მათი მხარეა, ვინც იმარჯვებს. და ვფიქრობ, მხარდაჭერა, რომელიც უკრაინამ მიიღო ყველა პარტნიორისაგან, თავისი ძლიერი წინააღმდეგობის შემდეგ ასევე იმის ნიშანია, რომ უკრაინა ისტორიის სწორ მხარეს დგას!
დიდი მადლობა პრეზიდენტო საუბრისთვის!
გმადლობთ!