სტატია - The Hill

სტატია - The Hill 

საქართველო, რუსეთის ომების შიშის ფონზე, ამერიკისგან მეტ მხარდაჭერას ითხოვს

ლაურა კელი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვაშინგტონში მისიით იმყოფება -მისი ქვეყნისთვის მხარდაჭერა გააძლიეროს, როგორც საკვანძო საყრდენი იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინის საზღვრებს მიღმა აგრესიის გააფართოებას შეეცდება.

საქართველო, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლამდე, უკრაინის მსგავსად, მისი ნაწილი იყო  და მოსკოვს სეპარატისტული რეგიონების გამო ებრძოდა, ღელავს, რომ რუსეთის ომი უკრაინის საზღვრებს გასცდება.  

ამ კვირაში მოლდოვაში, რუსეთის მხარდაჭერილ სეპარატისტულ დნესტრისპირეთის რეგიონში, მომხდარმა იდუმალმა აფეთქებებმა გამოკვეთა დაძაბულობა რეგიონის სხვა ქვეყნებში. 

როგორც The Hill-თან ინტერვიუში, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა თქვა, მას სჯერა, რომ მოსკოვს შესაძლებლობა არ აქვს გადაიყვანოს თავისი სამხედროები სხვა ოპერაციების დასაწყებად, მაგრამ „მას მაინც შეუძლია ნერვებზე თამაში და ეს ისაა, რასაც აკეთებს დნესტრისპირეთში, ცდილობს შიშის გაჩენასა და დესტაბილიზაციას“.

„ამ გზით რუსეთი აჩვენებს: იმის მიუხედავად, რომ ის უკრაინაზეა კონცენტრირებული, მას მოლდოვა და [საქართველო]არ ავიწყდება. ასე რომ, კიდევ ერთხელ, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, თავის მხრივ, საქართველო არ უნდა დაივიწყონ,“- თქვა მან. 

2008 წლის შემდეგ საქართველოს ორი ტერიტორია რუსეთის ძალების მიერაა ოკუპირებული, რაც ერთ-ერთი პირველი ნიშანი იყო იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავის საერთაშორისო სტრატეგიას ცვლიდა. მომდევნო წლებში ბრძოლები იყო დნესტრისპირეთსა და უკრაინაში, ყირიმის რეგიონში, რომლებიც ახლა რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

გასულ კვირას საქართველოს ჩრდილოეთით, რუსეთის მხარდაჭერილ სამხრეთ ოსეთში, სეპარატისტმა ლიდერმა, რეფერენდუმის ჩატარება მოითხოვა. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ  ეს 2014 წლის ყირიმის ანექსიისას  პუტინის მიერ გამოიყენენული თამაშის წესებია.

როგორც აშშ-მა მიანიშნა, ის ღელავს, რომ მოსკოვი გასცდება უკრაინის საზღვრებს.  სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ხუთშაბათს კანონმდებლებს უთხრა, რომ აშშ-ი დნესტრისპირეთში ამ კვირაში განვითარებულ მოვლენებს ქორივით აკვირდება.

პრეზიდენტი ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ საქართველო ბაიდენის ადმინისტრაციის დღის წესრიგში იქნება. ის ამბობს, რომ ეს მოსკოვისთვის „მნიშვნელოვანი სიგნალი“ გახდება.

„დღეს ჩვენ არ ვსაუბრობთ სამხედრო დახმარების გაზრდაზე, არამედ საქართველოსა და მოლდოვასთვის მეტი პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატვაზე,“- თქვა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.   

მოსკოვის ქმედებებმა ევროკავშირს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვასთვის წევრობის „დაჩქარებულ“ გზაზე გადასვლის შესაძლებლობის მიცემისაკენ უბიძგა.

საქართველო ასევე ნატოში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის, რასაც პუტინი ეგზისტენციალურ საფრთხედ აღიქვამს. საქართველოს ალიანსთან მჭიდრო ურთიერთობა აქვს და მარტში ნატოს ერთობლივ წვრთნებში მიიღო მონაწილეობა.  

თვის დასაწყისში, ნატოს გენერალურმა მდივანმა იან სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი თბილისისთვის, ნატო-საქართველოს ერთობლივი პაკეტის ფარგლებში, მხარდაჭერას გაზრდის, რათა მოიცვას ქვეყნის სიტუაციური ცნობიერების, უსაფრთხო კომუნიკაციისა და კიბერ ოპერაციების გაძლიერება.

გაურკვეველია, უახლოეს მომავალში აშშ და ნატოს წევრი სხვა ქვეყნები აპირებენ თუ არა საქართველოს წევრად მიღებას. ეს ისაა, რაც აშშ-თან მწვავე ურთიერთობების ფონზე, მოსკოვის მიერ ესკალაციად იქნება აღქმული.  

მაგრამ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მისი მისწრაფებებისგან უკან დახევას არ აპირებს.

„ამ თვალსაზრისით, ჩვენ გადაწყვეტილების მიმღები პირები არ ვართ. რისი თქმაც შემიძლია ისაა, რომ ჩვენ უსაფრთხოების გარანტიებს ვეძებთ და როგორც რუსეთის გვერდით მდებარე პატარა ქვეყანა,  რომლის ორი ტერიტორიაც მას აქვს ოკუპირებული, უსაფრთხოების გარანტიებზე უარს ვერ ვიტყვით,“ - თქმა მან.

საქართველო ასევე ნატოსა და ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო პოლიტიკური მოთხოვნების შესრულების გამოწვევის წინაშეა.

Freedom House-მა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით სამოქალაქო თავისუფლებებსა და დემოკრატიის ხარისხს უწევს მონიტორინგს, 2022 წლის ანგარიშში საქართველო შეაფასა, როგორც „ნაწილობრივ თავისუფალი “ - ანგარიშში ნათქვამა, რომ ბოლო წლებში დემოკრატიულმა თავისუფლებებმა უკან დაიწია, სამოქალაქო უფლებები „არათანაბრადაა დაცული“ და პოლიტიკური ოპოზიცია ხშირად დაშინებასა და შევიწროვებას განიცდის.

ჩვენ უნდა მოვემზადოთ ზოგიერთ ისეთ საკითხში, რაშიც შესაძლოა, საკმარისად სწრაფები, ან ეფექტურები არ ვიყავით, “ - თქვა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა The Washington Post-თან ინტერვიუში. „და მე ვსაუბრობ სასამართლო რეფორმაზე, ყველა იმ ღრმა რეფორმაზე, რომელიც დემოკრატიას განამტკიცებს, რაც ნიშნავს, რომ ეს არის ახალი იმპულსი ამის გასაკეთებლად,  და ეს ჩემი ქვეყნისთვის შესანიშნავი შანსია.“

სენატის ასიგნებების ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა კრის ქუნსმა (დელავერი), რომელიც საზღვარგარეთ აშშ-ის ოპერაციებს აფინანსებს, ცოტა ხნის წინ, საქართველოს მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და ასევე აღნიშნა, რომ რეფორმებია საჭირო.

„ისევე როგორც უკრაინაში, მსოფლიომ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა უნდა მოითხოვოს და პუტინის მხრიდან საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგის აშკარა უგულებელყოფა დაგმოს,“ - განაცხადა ქუნსმა აპრილში ქვეყანაში ვიზიტისას.

„საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მოვუწოდებ, შესაძლებლობათა ეს ფანჯარა გამოიყენონ პოლიტიკურ კომპრომისის მიღწევისა და დემოკრატიული ინსტიტუტების რეფორმების (მათ შორის სასამართლო რეფორმის) გატარების მნიშვნელოვანი წინ წაწევის უნარის დემონსტრირებით. ეს ნაბიჯები შეერთებულ შტატებთან უსაფრთხოების კუთხით უფრო ღრმა თანამშრომლობასა და მჭიდრო ეკონომიკურ კავშირებს შეუწყობს ხელს.“

ამ კვირას პრეზიდენტი ზურაბიშვილი სენატის კომერციის კომიტეტის წევრს, როჯერ ვიკერს შეხვდა (მისისიპი).

„მიხარია საქართველოს პრეზიდენტთან [სალომე ზურაბიშვილთან] შეხვედრა. მისი ქვეყნის წინააღმდეგობამ რუსული ტირანიის მიმართ ჩვენ ყველა უნდა შთაგვაგონოს. მე ამაყად ვდგავარ საქართველოს გვერდით“,- დაწერა ვიკერმა „ტვიტერზე“. 

ის ასევე შეხვდა სპიკერ ნენსი პელოსის (კალიფორნია), რომელმაც ,,ტვიტერზე“ დაწერა, რომ „კონგრესი ამაყად დგას ქართველი ხალხის გვერდით და ჩვენი მხარდაჭერა რუსული აგრესიის პირისპირ მყოფი სუვერენიტეტის მიმართ ურყევი რჩება“.

სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ბაიდენის ადმინისტრაციამ $88 მილიონი გამოყო საქართველოს მხარდასაჭერად, რაც საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკური განვითარებაში, ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და „კრემლის მავნე გავლენასთან დასაპირისპირებლად მედეგობის განვითარებაში“ დაეხმარება.  

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა თქვა, რომ მის მოქალაქეებს აშშ-თან უფრო მჭიდრო კავშირები სურთ და რომ აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული მედია, როგორებიცაა „ამერიკის ხმა“ და „რადიოთავისუფლება“, საქართველოში სარწმუნო ინფორმაციის გავრცელების რეპუტაციით სარგებლობენ ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც ქვეყანა რკინის ფარდის მიღმა იყო.

„ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ აღფრთოვანება ყოველთვის არსებობდა და ეს კვლავ ასე რჩება“,- თქვა მან. „არ მგონია, რომ საბჭოთა - რუსული, უკაცრავად, დეზინფორმაციის კამპანიას გავლენა ჰქონდეს საზოგადოების დიდი ნაწილის აზრზე“.

 

სხვა სიახლეები