საქართველოს პრეზიდენტი: აქ რუსეთისადმი კუთვნილების ნოსტალგია არ არსებობს
კეტრინ დიურანი
პარიზში ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “მარი კლერს“ იმ საფრთხეებზე ესაუბრა, რომლებიც დღეს, როგორც არასდროს,
მის ქვეყანას ემუქრება და რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება აქვს გადაწყვეტილი. პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ კონფლიქტების მოგვარებისას ქალები მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა ისხდნენ.
საფრანგეთთან ძლიერი კავშირი
საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტი, რომელიც 2018 წელს აირჩიეს, კარგად იცნობს საფრანგეთს. ის არის კიდეც "ერთი ქალი ორი ქვეყნისთვის", როგორც ეს მისი ავტობიოგრაფიის სათაურია (გამომცემლობა Grasset, 2006 წელი).
იგი დაიბადა საფრანგეთში, სადაც მისი მშობლები, ქართველი ემიგრანტები, საბჭოური შემოჭრის შემდეგ დასახლდნენ. იქ სწავლობდა, შემდეგ განაგრძო დიპლომატიური კარიერა, სანამ მას ჟაკ შირაკი 2003 წელს საქართველოში საფრანგეთის ელჩად დანიშნავდა.
ვარდების რევოლუციიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ახალმა მთავრობამ ის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა. ისტორიული თვალის ჩაკვრა: მან, რომლის წინაპრებიც რუსეთის არმიამ განდევნა, 2005 წელს მისი ქვეყნიდან რუსული ჯარების გაყვანის მოლაპარაკებაში მიიღო მონაწილეობა. ეს ხანმოკლე გამარჯვება იყო; 2008 წელს ვლადიმერ პუტინის არმია შეიჭრა საქართველოში და ხუთდღიანი ომის შემდეგ, ორი რეგიონი - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დაიკავა, რუსეთმა აღიარა მათი დამოუკიდებლობა, რის შედეგადაც საქართველომ დაკარგა ტერიტორიის 20%.
რამდენიმე თვით ადრე კი, უარი ეთქვა ქვეყნის განაცხადს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ამიტომ, მაშინ, როდესაც უკრაინაში ომი გრძელდება, იმის თქმა, რომ სალომე ზურაბიშვილი შეშფოთებულია, არასაკმარისია. დღეს, როგორც არასდროს, ის აპირებს თავისი ქვეყანა ევროკავშირის ქოლგის ქვეშ შეაფაროს. საქართველოს წევრობის შესახებ განაცხადის განხილვა ორშაბათს, 6 მარტს დაიწყო.
ქალთა უფლებების დაცვის ერთგულ სალომე ზურაბიშვილს სჯერა შვედეთისა და საფრანგეთის მიერ წამოწეული ფემინისტური დიპლომატიის. ის ივნისში თბილისში, საქართველოს დედაქალაქში, მოაწყობს საერთაშორისო კონფერენციას, WE Dialogue*, „ჩვენ ქალთა გაძლიერებისთვის“, რომელიც გააერთიანებს ქალ ლიდერებს მთელი მსოფლიოდან იმ რწმენით, რომ მშვიდობა შეუძლებელია მოლაპარაკების მაგიდასთან ქალების არსებობის გარეშე.
თქვენ ბრუნდებით ვაშინგტონიდან, სადაც დაესწარით მადლენ ოლბრაიტის დაკრძალვას. ამერიკულ პრესაში თქვით: „საქართველო არ უნდა დაივიწყოთ“...
ყველა ამერიკელმა ჟურნალისტმა, ვისაც შევხვედი, მკითხა: "იქნება თუ არა საქართველო შემდეგი?“
მნიშვნელოვანია პოლიტიკურ გზავნილებში საქართველოს მოხსენიება, რათა არ იფიქრონ, რომ მთელი მხარდაჭერა უკრაინისკენაა მიმართული და ადვილი იქნება ქართველების წინააღმდეგობის უნარის გამოცდა; ეს პრევენციაა.
ქართველებს ეშინიათ. თქვენ?
ლოგიკურია შეშფოთება, რადგან საქართველომ ორი საუკუნის განმავლობაში ოთხჯერ უკვე განიცადა რუსეთის შემოსევა. უკანასკნელი 2008 წელს იყო. მას შემდეგ, ორი ოკუპირებული რეგიონიდან ერთ-ერთი დედაქალაქიდან 30 კილომეტრშია. ჩვენ ყოველთვის მიგვყავს უცხოელი მაღალი თანამდებობის პირები იქ, რომ ბინოკლით ნახონ, თუ რამდენად ახლოსაა. მე ამაზე უარს ვამბობ, რადგან მიმაჩნია, რომ პრეზიდენტის მხრიდან ღირსეული საქციელი არაა შეხედოს ოკუპირებულ ტერიტორიას და ვერაფერი გააკეთოს.
პანიკაში არ უნდა ჩავვარდეთ. ამ შეშფოთებაზე რეალური პასუხი არის ის, რაც დღეს ხდება თბილისში; ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარის შევსება. არაფერი შეცვლის ჩვენს გადაწყვეტილებას გავაგრძელოთ ჩვენი გზა ევროკავშირსა და ნატოსკენ. რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნების, საქართველოსა და მოლდოვას სისუსტე ისაა, რომ არ არიან დაცული მე-5 მუხლით და შესაბამისად, არ სარგებლობენ ევროპული სოლიდარობით.
საქართველო ძალიან მკაფიო არჩევანს აკეთებს ევროპის მიმართულებით...
ოციოდე წელია, გამოკითხვების შედეგები არ იცვლება: ქართველების 80% მხარს უჭერს ევროინტეგრაციას, ხოლო 74% ნატოს. ეს არის ისტორიის არსი.
ჩვენი სტუდენტები, ასევე ჩვენი ემიგრანტები, ლეგალური თუ არალეგალური გზით მიდიან ევროპასა და შეერთებულ შტატებში. რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წლიდან აღარ გვაქვს. აქ რუსეთისადმი კუთვნილების ნოსტალგია არ არსებობს.
საქართველო და უკრაინა
თქვენ ხართ პრეზიდენტი 2018 წლიდან, შეხვედრიხართ ვლადიმერ პუტინს?
არა. როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი, საქართველოს პრეზიდენტს ვახლდი საერთაშორისო შეხვედრაზე. ვლადიმირ პუტინი შორიდან დავინახე.
მეორე მხრივ, იმ პერიოდში, 2005 წლის მაისში, მე მოლაპარაკება მქონდა რუსული სამხედრო ბაზების (ბათუმისა და ახალქალაქის, რედაქტორის შენიშვნა) გაყვანის თაობაზე სერგეი ლავროვთან, მის (პუტინის) საგარეო საქმეთა მინისტრთან. ეს ფაქტი აღარ განმეორებულა, ანუ ფაქტი, როდესაც რუსეთმა კეთილსინდისიერად აწარმოა მოლაპარაკება, სიტყვა შეასრულა და მოლაპარაკების ბოლოს ფაქტობრივად გაიყვანა სამხედრო ბაზები. ეს იყო 2008 წლამდე და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციამდე.
თქვენი და მოლდოვას პრეზიდენტის, მაია სანდუს წინაშე ვლადიმერ პუტინი ტოქსიკური მამაკაცურობის სიმბოლოა...
აბსოლუტურად. ის ფოტოები, რომელიც მან გაავრცელა, სადაც მოშიშვლებული ნადირობს, გადმოსცემს მამაკაცურობის ყველა სტერეოტიპს. არ შეიძლება არ გაინტერესებდეს, რა მოხდებოდა რუსეთის სათავეში არა საბჭოთა კავშირიდან მემკვიდრეობით მიღებული მამრობითი სქესის წარმომადგენლები, არამედ ქალი რომ ყოფილიყო.
მასპინძლობს თუ არა საქართველო ბევრ უკრაინელ ლტოლვილს?
დღეს საქართველოში 25 000-მდე უკრაინელი ლტოლვილია. ჩვენ უკრაინასთან ძალიან მეგობრული და ძალიან ხანგრძლივი ურთიერთობა გვაქვს, რომელიც სათავეს ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდამდე იღებს. ჩვენ გვაქვს კავშირები, რომლებიც მათ თავს კარგად აგრძნობინებს, ჩვენთან ბევრი უკრაინელი ტურისტად ჩამოდიოდა.
ჩვენ ასევე გვყავს რუსი ლტოლვილები, რომლებიც თავიანთი რეჟიმის ოპოზიციაში არიან, ან ყოველ შემთხვევაში, ასე აცხადებენ, რომ ოპოზიციაში არიან. თავიდან დიდი უნდობლობა იყო, პირველ ჩამოსულებს უკრაინის დროშებით და წარწერებით ხვდებოდნენ: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, თუ არ უჭერთ მხარს პუტინს“. არანაირი ინციდენტი არ ყოფილა.
კარგად იცნობთ ვოლოდიმირ ზელენსკის. ოპტიმისტურად ხართ განწყობილი ამ ომის დასასრულთან დაკავშირებით?
კონფლიქტამდე ხშირად ვხვდებოდი მას, გასულ ზაფხულს ოფიციალური ვიზიტით ვიყავი კიევში და მას შემდეგ ბევრჯერ გვქონდა სატელეფონო კავშირი. ჩვენ ვერ ვიწინასწარმეტყველებთ მომავალს, მაგრამ ერთიანობა, წინააღმდეგობა, რუსეთის აგრესიის ბარბაროსობის ხაზგასმა ქალების, ბავშვების, მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ, აძლიერებს უკრაინის სამაგალითოობას. მან არ გამოიწვია ომის პროვოცირება, პირიქით, ყველაფერი გააკეთა მის თავიდან ასაცილებლად, მათ შორის, დიალოგის გზით, მოლაპარაკებების გაგრძელებით შეტევის ყველაზე უარეს პერიოდებშიც კი.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაჩვეულებრივი ომი აწარმოა პიარის კუთხით. მაშინ როდესაც მისი სამხედროები ომში იყვნენ, ის კამპანიას აწარმოებდა ეკრანებზე, ინფორმაციით რეალურ დროში. ასეთი სტრატეგია იშვიათად მინახავს და ის მხარდაჭერა, რომელსაც დღეს ამერიკისგან იღებს, ამ კამპანიის შედეგია. მსგავსი მხარდაჭერით შეიძლება ჰქონდეს ოპტიმისტური განწყობა.
,,მატრიარქალური ტრადიციის ქვეყანა“
მომავალ ივნისში თქვენ მოაწყობთ თბილისში, WE Dialogue, მთელი მსოფლიოდან ლიდერ ქალთა საერთაშორისო კონფერენციას. თქვენ, საქართველოს პირველ პრეზიდენტ ქალს, გჯერათ ფემინისტური დიპლომატიის მსოფლიოს ფალოკრატიული ხედვის წინააღმდეგ ...
თბილისში მშვიდობის შესახებ მოსაუბრე ქალები ძალიან კარგი პრევენციაა. ეს არის შესაფერისი ადგილი, საჭირო დრო და სწორი ადამიანები.
ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) ეგიდით, ჩვენ მოვიწვიეთ ევროპელი, ამერიკელი და აზიელი ქალები კულტურის, ეკონომიკისა დარგების ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ეს არ იქნება ტიპიური კონფერენცია გამოსვლებით, არამედ იქნება გაზიარებულ გამოცდილებაზე დაფუძნებული საუბრები. მაგალითად, მე მინდა, რომ სომეხმა და აზერბაიჯანელმა ქალებმა ისაუბრონ სამეზობელო კონფლიქტზე. იმედი მაქვს, რომ კრისტინ ლაგარდი ჩამოვა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის, შემდეგ კი ევროპის ცენტრალური ბანკის სათავეში მყოფ კრისტინ ლაგარდს აქვს როლი მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის.
ქალებს სხვა ხედვა აქვთ. მე არ ვამბობ, რომ კაცები ქალებით უნდა ჩავანაცვლოთ, მაგრამ მათ სხვა განზომილება მოაქვთ. ვფიქრობ, მათ შეუძლიათ სხვა როლის შესრულება.
რა პრობლემები აწუხებთ დღეს ქალებს საქართველოში?
მოიმატა ოჯახური ძალადობის შემთხვევებმა. მე თეორია მაქვს, რომ საქართველოში მამაკაცებმა სტატუსი დაკარგეს. მათ, ქალებისგან განსხვავებით ცუდად გადაიტანეს პოსტსაბჭოთა ცვილელებები.
ბევრი ქალი გაემგზავრა საზღვარგარეთ ლეგალურად, ან არალეგალურად სამუშაოდ. ისინი არიან საფრანგეთში, იტალიაში, საბერძნეთში, თურქეთში და უგზავნიან ფულს მეუღლეებს. მათი ეგოსთვის ეს სულაც არ არის კარგი.
დაიწყეთ პოლიტიკა ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ?
შემოვიღეთ ახალი კანონმდებლობა, კერძოდ, მოძალადე მეუღლის საცხოვრებლიდან განრიდება. პოლიცია არ აქტიურობდა, მაგრამ ჩვენ ეს თანდათან დავაწესეთ, ეს დღეს ჩვევების ნაწილი გახდა.
დღეს პოლონეთში უკრაინელ ლტოლვილებს ეკრძალებათ აბორტი, ეს აკრძალულია ამ ევროპულ ქვეყანაში. ნებადართულია თუ არა აბორტი საქართველოში?
დიახ, აბორტი ლეგალურია. ჩვენ ვართ მატრიარქალური ტრადიციის მქონე ქვეყანა. საქართველო გააქრისტიანა ქალმა, გვყავდა მეფედ მიჩნეული დედოფალი თამარი, შემდეგ რამდენიმე წამებული დედოფალი.
ხელისუფლებაში მყოფი ქალი გასაკვირი არ არის, ეს ჩემთვის უპირატესობაც კი იყო, მაშინ, როდესაც ქართველ კაცებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან “მაჩო“ ქცევები ახასიათებთ. ქალები კარიერას იკეთებენ მედიცინაში, მართლმსაჯულებაში, ბიზნესში, მაგრამ იშვიათად პოლიტიკაში, რადგან ეს ძალიან მძიმე სფეროა, ის სწრაფად გადადის სიტყვიერ ძალადობაში. არ არის აღიარება, ქალები არ აღწევენ უმაღლეს პოზიციებს.