სტატია - PolskieRadio24.pl

 „ნუ დაივიწყებთ საქართველოს!“ ზურაბიშვილი აშშ-ს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

მარეკ ვალკუსკი

ამჟამად ვაშინგტონში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „უკრაინა მიმდინარე სიტუაციაში უდავოდ პრიორიტეტი უნდა იყოს, მაგრამ ისეთი ქვეყნებიც არ უნდა დავივიწყოთ, როგორიც საქართველოა“. საერთაშორისო ჟურნალისტების ჯგუფთან შეხვედრისას ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთი ეცდება ნატო-ს უსაფრთხოების გარანტიებს მოუსინჯოს კბილი. 

საქართველოს პრეზიდენტთან გამართულ დისკუსიაში „პოლონური რადიოს“ კორესპონდენტი მარეკ ვალკუსკიც მონაწილეობდა.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ რუსული ჯარის უკრაინაში კონცენტრირების გამო, ნაკლებად სავარაუდოა, მოსკოვმა კიდევ ერთი ფრონტის გახსნა გადაწყვიტოს. მიუხედავად ამისა, მოსალოდნელია ისეთი ქვეყნების დესტაბილიზაციის მცდელობები როგორებიცაა, საქართველო და მოლდოვა. მან დნესტრისპირეთის რეგიონში რუსულ პროვოკაციებზე მიუთითა.

„ვინაიდან საქართველო და მოლდოვა არ არიან ნატო-ს გარანტიებით მოცულნი და არ განეკუთვნებიან ევროკავშირის ქვეყნების რიცხვს – ისინი ყველაზე უფრო მოწყვლადები არიან“. ასკვნის პრეზიდენტი ზურაბიშვილი. იგი მოუწოდებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა დასავლურ ქვეყნებს, რომ არ დაივიწყონ საქართველო და პოლიტიკური მხარდაჭერა აღმოუჩინონ მას. 

„შესანიშნავად გვესმის, რომ ახლა პრიორიტეტი უკრაინაა და ასეც უნდა იყოს, თუმცა გვინდა, რომ ჩვენც არ დაგვივიწყონ და ინტერესთა რუკაზე დავრჩეთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა „პოლონური რადიოს“ დასმულ შეკითხვაზე.

ნატოს მე-5 მუხლი

სალომე ზურაბიშვილმა ვარაუდი გამოთქვა, რომ „კრემლმა შესაძლოა, სცადოს ჩრდილოატლანტიკური პაქტის მე-5 მუხლში განსაზღვრული გარანტიების „გატესტვა“ – თუმცაღა ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთის ქმედებების გამო, შიშით უნდა ვიყოთ პარალიზებულნი“, – ასკვნის ზურაბიშვილი. 

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიესალმება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ უკრაინის მხარდასაჭერად 33 მილიარდ დოლარიანი დახმარების პაკეტის მომზადებას.

ვაშინგტონში პრეზიდენტ ზურაბიშვილთან გამართულ დისკუსიას ორგანიზება გაუწია ამერიკულმა ჟურნალმა „Christian Science Monitor“-მა. შეხვედრაში აგრეთვე მონაწილეობდნენ: „New York Times“-ის, „Newsmax“-ის, „ამერიკის ხმის“, „Der Tagesspiegel“-ის (გერმანია), HRT-ს (ხორვატია) და „პოლონური რადიოს“ ჟურნალისტები.

 

სხვა სიახლეები