სტატია - The Hill

საქართველოს პრეზიდენტი ნატოსა და უკრაინის შესახებ რენდ პოლის „რუსულ ხაზს“ სასაცილოს უწოდებს 

ლაურა კელი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხუთშაბათს სენატორ რენდ პოლის (კენტუკი) განცხადებას, რომ ნატო-ს გაფართოება ვლადიმერ პუტინის პროვოცირებას ახდენს, სასაცილო უწოდა და აღნიშნა, რომ სენატორი რუსულ პროპაგანდას იმეორებდა.

„ეს არის ჩვეულებრივი რუსული ხაზი“, - განაცხადა ზურაბიშვილმა „ჰილსისათვის“ მიცემულ ინტერვიუში, რომელიც კაპიტოლიუმში შედგა, სადაც ის კანონმდებლებს ხვდება.

“ყველაფერი, რაც მეზობლის უსაფრთხოების განმტკიცებას ეხება, რუსეთისთვის პროვოკაცია და საფრთხეა, რაც საკმაოდ სასაცილოა“ .

სენატორი პოლი, სამშაბათს სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან გამართულ მოსმენაზე, ეცადა გაეკრიტიკებინა აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის ნატოში გაწევრიანების მისწრაფებების მიმართ, როგორც პუტინის მიერ დასმული წითელი ხაზების გადაკვეთა - ეს მოსაზრება ბლინკენმა უარყო და თქვა, რომ ეს ძირს უთხრის სუვერენული ქვეყნების უფლებას, თავად გადაწყვიტონ საკუთარი საგარეო პოლიტიკა.

როდესაც სენატორმა პოლმა დააზუსტა, რომ ის არ ამართლებდა რუსეთის შეჭრას მისი მეზობლის ტერიტორიაზე, აღნიშნა, რომ უკრაინაში შეჭრა იყო რუსეთის ყოფილ საბჭოთა ქვეყნებზე თავდასხმის ჩვევა და ამასთან, რუსეთის შეჭრა და ტერიტორიების ოკუპაცია მოლდოვასა და საქართველოში იმიტომ მოხდა, რომ „ისინი 1920-იანი წლებიდან საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყვნენ.“  

ბლინკენმა უარყო სენატორ პოლის მოსაზრება და თქვა, რომ „ამ ქვეყნების ფუნდამენტური უფლებაა, თავად გადაწყვიტონ საკუთარი მომავალი და ბედი.“

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მას შესახვედრად არ მიუმართავს სენატორ პოლისთვის, მაგრამ კენტუკის სენატორი საქართველოში მიიწვია „რომ ნახოს რა გვაქვს სათქმელი.“

პრეზიდენტი ზურაბიშვილი ვაშინგტონშია და კანონმდებლებს ხვდება, რათა აშშ-მა, რუსეთის უკრაინასთან ომისას, საქართველოსთვის მეტი პოლიტიკური მხარდაჭერა გამოხატოს. რუსეთი საქართველოში 2008 წელს შეიჭრა და ჩრდილოეთ საზღვართან მისი ორი ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინა.

ვიცე-პრეზიდენტ ჰარისთან შეხვედრა გაუქმდა, რადგან მას ამ კვირაში COVID-19 დაუდასტურდა. პრეზიდენტი ზურაბიშვილი ხუთშაბათს წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ნენსი პელოსის (კალიფორნია) და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრ ქრის ქუნსს (დელავერი) შეხვდა, რომელიც გასულ კვირას სტუმრობდა თბილისს.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა იმ საფრთხეს, რომ რუსეთს შეუძლია ხელი შეუწყოს დესტაბილიზაციას საქართველოსა და მოლდოვაში მაშინ, როცა ის იბრძვის უკრაინაში და მოუწოდა ვაშინგტონსა და ევროპელ პარტნიორებს უფრო მკაფიოდ გამოხატონ თავიანთი მხარდაჭერა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მიმართ.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენმა პარტნიორებმა ამ დროს ყურადღება მიაქციონ იმას, რაც ხდება ორივე ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ, რა თქმა უნდა, პრიორიტეტი... უკრაინის მიმართ მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს და გაძლიერდეს,“ თქვა მან.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ყურადღება გაამახვილა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, რუსეთის მხარდაჭერილი, სეპარატისტი ლიდერის რეფერენდუმის წინადადებაზე, როგორც რუსეთის მიერ ტერიტორიის ანექსიის მცდელობის საფრთხეზე, რაც მან 2014 წელს უკრაინაში, ყირიმის ნახევარკუნძულზე დადგმული რეფერენდუმის შემდეგ გააკეთა.

მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ბოლოდროინდელი აფეთქებების ფონზე, მეზობელი მოლდოვას სეპარატისტული დნესტრისპირეთის რეგიონში, რომელიც რუსეთის მიერაა მხარდაჭერილი, მნიშვნელოვანია, აშშ-ს და ევროპის მიერ მოლდოვას მიმართ მხარდაჭერის გამოხატვა.

„ჩვენ ვართ ორი ქვეყანა ოკუპირებული ტერიტორიებით, რომლებიც ყველაზე ახლოს ვართ რუსეთთან... და სადაც რუსეთს შეუძლია... თამაში,“- თქვა მან.

„ყურადღება უნდა მიექცეს ამ ორ სხვა წერტილსაც, სადაც შესაძლოა, რუსეთის მხრიდან იყოს მცდელობები... შექმნას დესტაბილიზაციის განცდა“.

 

 

სხვა სიახლეები