ინტერვიუ NPR-თან

საქართველოს პრეზიდენტს სურს, რომ ომის დროს მსოფლიოს უკრაინის მეზობელი ქვეყნები ახსოვდეს

მერი ლუის კელი 

დიპლომატებს, მაღალი თანამდებობის პირებსა და ყველა მნიშვნელოვან პერსონას შორის, რომლებიც ეროვნული საკათედრო ტაძრის ვიტრაჟის ქვეშ, აქ, ვაშინგტონში ამ კვირას შეიკრიბნენ იყო საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ის ხელმძღვანელობს პატარა ქვეყანას ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში, ქვეყანას, რომელსაც რუსეთთან საერთო საზღვარი  და თავისი ბევრად უფრო დიდი მეზობლის მიერ შემოჭრის ისტორია აქვს.

პრეზიდენტს გასულ თვეს მის დედაქალაქში შევხვდი, ინტერვიუ მან თბილისში,  პრეზიდენტის სასახლეში, თავის კაბინეტში მოგვცა და ღიად ისაუბრა როგორც საქართველოში, ასევე მეზობელ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე. პრეზიდენტი ზურაბიშვილი საერთაშორისო ასპარეზზე ქალთა უფლებების დამცველიცაა, ამიტომ, ჩვენ ის ისევ მოვიწვიეთ.

ქალბატონო პრეზიდენტო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვაშინგტონში. მოხარული ვარ, რომ კვლავ გესაუბრებით.

გმადლობთ. სასიამოვნოა თქვენთან საუბარი.

ვიცი, რომ აქ მრავალი მიზეზის გამო ხართ, მაგრამ პირველ რიგში მადლენ ოლბრაიტის დაკრძალვის გამო. ვისურვებდი, რომ ის აქ ყოფილიყო ჩვენთან ერთად ძლიერ ქალ ლიდერებზე სასაუბროდ, რადგან ის ნამდვილად ერთ-ერთი მათგანი იყო. იცნობდით მას?

დიახ, ვიცნობდი. მე ის ჩემს წინა პოზიციებზე მუშაობისას გავიცანი. ის ხელს უწყობდა ქალთა ლიდერობას იმ გაგებით, როგორც ეს ჩვენ გვესმის.

ის ასევე ძალიან ღიად საუბრობდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების უფლებაზე მოეპოვებინათ და დაეცვათ დამოუკიდებლობა. ამიტომ ჩვენ ბევრი საერთო გვქონდა - როგორც დევნილს, რომელმაც ტოტალიტარული ქვეყანა დატოვა, მას ძალიან კარგად ესმოდა რას ნიშნავს ადამიანისა და ერის უფლებები. ასე რომ, ძალიან ბევრი საერთო წერტილი არსებობდა.

როგორ ფიქრობთ, როგორია ქალი ლიდერების როლი კონფლიქტში? თქვენი აზრით, რა არის ის განსხვავებული ფაქტორი, რასაც ისინი გვთავაზობენ?

ვფიქრობ, ისინი განსხვავებულ პერსპექტივას გვთავაზობენ. 21-ე საუკუნეში, იმის ნახვა, თუ როგორ იჭრება ერთი ქვეყანა მეორეში, ჩემთვის ძალიან ანაქრონულად გამოიყურება. ვფიქრობ, შესაძლოა, ქალებს აქვთ უფრო რეალისტური ხედვა იმაზე, თუ რისი გაკეთება შეუძლია სამყაროს კონფლიქტების გადაწყვეტასა და პოსტკონფლიქტურ სიტუაციებში, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.

დიახ. ალბათ, შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ არსებობდნენ რუსეთის ყოფილი ძლიერი ქალი ლიდერები, რომლებიც ასე შეიჭრნენ სხვა ქვეყნებში. ეკატერინე დიდი (იცინის) ბევრი უკრაინელის გონებაში გაიელვებს.

(იცინის) მართალია. მნიშვნელოვანია არა ქალ ლიდერად ყოფნა, არამედ ის, ვმატებთ თუ არა განსხვავებულ ხედვას და დამოკიდებულებას იმ სხვადასხვა საკითხს, რომელსაც ვუმკლავდებით. ეს ნამდვილად არ ყოფილა ასე ეკატერინე დიდისა, თუ სხვა ყოფილი ქალი ლიდერების შემთხვევაში.

როდესაც ქალ ლიდერებზე ვსაუბრობთ.. თქვენ სხვადასხვა შეხვედრა გამართეთ დღეს კაპიტოლიუმში, მათ შორის,  წარმომადგენელთა პალატის სპიკერთან ნენსი პელოსისთან.

დიახ, კიდევ ერთი ქალი ლიდერი.

ნამდვილად. რა არის ის, რაც გსურთ, რომ ამერიკელმა კანონმდებლებმა, პელოსიმ თუ სხვებმა იცოდნენ თქვენი ქვეყნის შესახებ, მსოფლიოში მისი ახლანდელი ადგილის შესახებ?

მე აქ, ვაშინგტონში, ძალიან მარტივი გზავნილი მაქვს: ჩვენ უკრაინის გვესმის და მის მიმართ სრულიად სოლიდარულები ვართ. ჩვენ უკრაინისთვის შეერთებული შტატების მაქსიმალური მხარდაჭერა გვინდა, რადგან უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს.

მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ვარ, სწორედ იმ დროს, როდესაც პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინისთვის 33 მილიარდი დოლარის მხარდაჭერის შესახებ გააკეთა განცხადება. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან სწორი და დროული გადაწყვეტილებაა.

მნიშნელოვანია, რომ იმ დროს, როდესაც უკრიანის საკითხს ვუმკლავდებით და უკრაინას გამარჯვებაში ვეხმარებით, არ დავივიწყოთ (ასოცირებული ტრიოს) დანარჩენი ორი ქვეყანა - მოლდოვა და საქართველო. ევროკავშირთან ასოცირებულ ამ ორ ქვეყანას, რომლებსაც ძალიან სენსიტიური ადგილმდებარეობა აქვთ: ერთი კავკასიის რეგიონში მდებარეობს, მეორე კი, უკრაინის ომის რეგიონთან ახლოს. ეს ის ორი ქვეყანაა, რომლებსაც არ იცავს არც ნატოს მე-5 მუხლი და არც ევროკავშირის პირდაპირი სოლიდარობა, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.

ასე რომ, ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეერთებული შტატების მხარდაჭერა ორივე ჩვენი ქვეყნის მიმართ მკაფიოა. მოლდოვა - და მე რამდენიმე საათის წინ ვესაუბრე მაია სანდუს...

მოლდოვას ქალი პრეზიდენტი, თქვენი კოლეგა...

დიახ. ჩვენ გვჭირდება, რომ ჩვენმა პარტნიორებმა ღიად გამოხატონ თავიანთი მხარდაჭერა ჩვენი პოზიციების მიმართ. ჩვენ არ გვაქვს განზრახული ვიყოთ ომში, მაგრამ ჩვენ უნდა ‘ვიყოთ რუკაზე’.

ერთ-ერთი მიმართულება, რითაც უკრაინის ომმა უკვე იქონია გავლენა თქვენს ქვეყანაზე  არის ლტოლვილები. საქართველო ათიათასობით ლტოლვილს მასპინძლობს, რაც ყოველდღიურად იზრდება, მათ შორის, უმეტესობა ქალია. რას აკეთებთ მათი საჭიროებებისათვის და მათ დასახმარებლად?

ჩვენ მათ ვთავაზობთ სასკოლო განათლებას, სამედიცინო დახმარებას და ყველაფერს, რაც სჭირდებათ. დამატებით, მათ ძალიან კარგად ხვდებიან, რადგან საქართველოს და უკრაინას ძველი, ისტორიულ - კულტურული კავშირები აქვთ. ასე რომ, ვფიქრობ, ისინი შესაძლებლობების ფარგლებში, როგორც საკუთარ სახლში, ისე გრძნობენ თავს და ჩვენც ეს გვსურს.

და ბოლოს, ქალბატონო პრეზიდენტო, ამ ომის შესახებ ბევრი პროგნოზი მცდარი აღმოჩნდა, მათ შორის, ის რომ რუსეთი გაიმარჯვებდა და გაიმარჯვებდა ძალიან მარტივად და სწრაფად. რას უყურებთ ახლა, როდესაც  (სამწუხაროდ)  ჩვენ ამ ომის მესამე თვეს ვაკვირდებით?

მე ვუყურებ ომის ტრაგედიას, მაგრამ ამავდროულად, იმ ფაქტს, რომ მან [ომმა] მართლაც შეცვალა ყველას გათვლა, მათ შორის, რუსეთის ხელმძღვანელობის გათვლები, რომ ისინი მარტივად მოიგებდნენ. ახლა კი, მეორე ეტაპია, როცა ფიქრობდნენ, რომ სულ მცირე აღმოსავლეთ მხარეს მაინც ადვილად აიღებდნენ - ეს კი არ ხდება.

ასე რომ, მათი ყველა პროგნოზი მცდარია, მათ შორის, იმის შესახებ, რომ დასავლეთი არ იქნებოდა ერთიანი. დღეს (დასვლეთი) არაა დაყოფილი და ყველაფერს აკეთებს შესაძლებლობების ფარგლებში. ვფიქრობ, ეს უკრაინის გამარჯვების იმედის რეცეპტია.

სალომე ზურაბიშვილი - ვაშინგტონში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი. ქალბატონო პრეზიდენტო, სასიამოვნო იყო თქვენი ნახვა. გმადლობთ!

დიდი მადლობა!

 

სხვა სიახლეები