ინტერვიუ Le Point-თან

ინტერვიუ Le Point-თან

,,რა რეაქცია ექნება დაჭრილ დათვს? 

მისმა ქვეყანამაც განიცადა რუსული აგრესია. საქართველოს პრეზიდენტისთვის შავი ზღვის უსაფრთხოება ევროკავშირთან დაჩქარებულ კავშირებს გულისხმობს

რუსეთის ევროპელი მეზობლებიდან არავინ გრძნობს უკრაინის ტრაგედიას ისე მძაფრად, როგორც პატარა საქართველო, რომლისთვისაც დღეს კიევში 2008 წლის საკუთარი დრამა მეორდება. უკრაინაში (რუსეთის) შეჭრის პირველ დღეებში, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელსა და პარიზს მიაშურა ევროპის მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად. სამოცდაათი წლის წინ პარიზში ემიგრანტების ოჯახში დაბადებული ყოფილი ფრანგი დიპლომატი, ჯერ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, 2018 წელს კი, სახელმწიფოს მეთაურად აირჩიეს. ის პოლიტიკურ რისკზე წავიდა. თბილისში, უმრავლესობის პარტია ,,ქართულ ოცნებაში“, რომლის მხარდაჭერამაც განაპირობა ამ თავისუფალი ელექტრონის არჩევა, ზოგიერთი პირი  ცუდი თვალით უყურებს ინიციატივებს, რომლებმაც შეიძლება მოსკოვის რისხვა გამოიწვიოს. სხვები, ოპოზიციაშიც კი, მას  იმის გამო აქებენ, რომ შეძლო მკაფიოდ გამოეხატა  ქართველების სოლიდარობა შავი ზღვის მეორე მხარეს მყოფი მოძმე ხალხის მიმართ. Le point-ს, რომელსაც ის თავის კაბინეტში იღებს, მან გაუზიარა დასავლეთის ამ შორეული აღმოსავლეთის შეშფოთებები და იმედები. 

ემუქრება თუ არა ომი უკრაინაში საქართველოს მშვიდობასა და სტაბილურობას ?

ომის შედეგი განსაზღვრავს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი ევროპის და შავი ზღვის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. საფრთხე არ არის მყისიერი და პირდაპირი, მაგრამ ცხადია, თუ რუსეთი დასუსტდება და დემორალიზდება ომის შედეგით და სანქციებით, ეს გავლენას მოახდენს რეგიონზე. 

რუსეთის გამარჯვებაც შეშფოთებას გამოიწვევს?

დიახ, კიდევ უფრო მეტად. მაგრამ რუსეთის აბსოლუტური გამარჯვება, რისიც გვეშინოდა, უკვე შეუძლებელია. სანქციები დაწესებულია. ერთ თვეში რუსეთმა ვერ მოიგო ომი, ვერ აიღო უკრაინის დიდი ქალაქები. ეს უკვე დამარცხებაა.

შიშობთ რომ დასუსტებული რუსეთი უფრო მტრული, უფრო აგრესიული იქნება?

შესაძლებელია. როგორი რეაქცია ექნება დაჭრილ დათვს? შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ იგი ამ დამარცხების სხვაგანნაზღაურებას შეეცდება. მაგრამ, ამავე დროს, მას აღარ ექნება იგივე საშუალებები.  რეჟიმის სტაბილურობაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას: სერგეი შოიგუ, თავდაცვის მინისტრი, აღარ არის სცენის წინა ხაზზე [ის არ გამოჩენილა საზოგადოებაში მარტის შუა რიცხვებიდან. ამბობენ, რომ მას გულის შეტევა აქვს, რედაქტორის შენიშვნა], ანატოლი ჩუბაისმა [ოლიგარქმა] დატოვა ქვეყანა. ყველაზე პესიმისტური პროგნოზებიც არ არის ყველაზე სავარაუდო. იმის ნაცვლად, რომ შეპყრობილი ვიყოთ რუსული საფრთხით, უკეთესი იქნება დავუკვირდეთ (ომის) შედეგებს შავი ზღვის და კავკასიის უსაფრთხოებაზე, რაც ევროპის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ელემენტია ენერგეტიკული თვალსაზრისით, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთზე გამავალი სატრანსპორტო ხაზები კავკასიაზე გადაუხვევს. 

თქვენ უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეთ. გიფიქრიათ კიევში წასვლა ვოლოდიმირ ზელენსკის შესახვედრად?

მე არ მქონდა იქ წასვლის საშუალება და არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი ვიზიტი აუცილებელია. ზელენსკი ცდილობდა ევროპელი ლიდერების და ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლების ჩაყვანას.  ჩვენი მხარდაჭერა განსხვავებულია. ეს არის იმ ქვეყნის მხარდაჭერა, რომელმაც გაიარა ზუსტად ისეთივე გზა, რაც უკრაინამ იმ პერიოდიდან მოყოლებული, როდესაც ჩვენ ძალით შეგვიყვანეს რუსეთის იმპერიაში, გავიარეთ საბჭოთა რეჟიმის ოკუპაცია და რეპრესიები, შემდეგ დამოუკიდებლობა და სეპარატისტული კონფლიქტები, დაბოლოს, რუსეთის მიერ პროვოცირებული ომი საქართველოში 2008 წელს და ყირიმში 2014 წელს. ჩვენ იმდენი საერთო გვაქვს, რომ ჩვენი სოლიდარობა აშკარაა. ამის ნახვა შეგიძლიათ თბილისის ქუჩებში [სადაც ყველგან უკრაინის დროშა ფრიალებს, რედაქტორის შენიშვნა]. 

უკრაინაში დაღუპული ორი ქართველი მოხალისე მებრძოლის ცხედარი 24 მარტს გადმოასვენეს. თქვენ დახვდით მათ და მიაგეთ სამხედრო პატივი. ამან შეიძლება მოსკოვის მხრიდან მტრული რეაქცია გამოიწვიოს?

პირველ რიგში, აუცილებელია, ძალიან მკაფიოდ განვასხვავოთ ხელისუფლების ქმედებები და მოქალაქეების არჩევანი. ისინი იყვნენ მოხალისეები, არ ყოფილა ოფიციალური მოწოდება, ან წახალისება (რომ წასულიყვნენ). არ შეიძლება მუდმივად იმაზე ფიქრი, რუსეთის პროვოცირებას გამოვიწვევთ თუ არა.  რუსეთის მხრიდან ომები და აგრესია არასოდეს არავის გამოუწვევია. ხვალ თუ რუსეთი თავის ქმედებებს განახორციელებს საქართველოში, ეს იმიტომ არ მოხდება, რომ ამის პროვოცირება მოხდა. აბსურდია იმის თქმა, რომ საქართველოს,  3,5 მილიონიან ქვეყანას შეუძლია რუსული მონსტრის პროვოცირება. ჩვენი თავის «გაფინეთებას» ვერ მოვახდენთ. დიახ, უსარგებლო პროვოკაციებში არ უნდა ჩავერთოთ, მაგრამ თუ ჩვენ უარს ვიტყვით ჩვენს პრინციპებზე და ჩვენს დამოუკიდებლობაზე - უარს ვიტყვით ყველაფერზე. 

როგორ შეიძლება უკრაინის კონფლიქტის რეგიონული ესკალაციის თავიდან აცილება?

ამის თავიდან აცილების საუკეთესო გზა უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებაა. გაერთიანებული დასავლური ფრონტი დროთა განმავლობაში არ უნდა შესუსტდეს.  სანქციები არ უნდა იყოს შეზღუდული, როგორც ეს ადრე იყო, მასშტაბით ან ხანგრძლივობით. აქაც, ისევე როგორც სხვაგან, დასავლეთის სიმტკიცეა გადამწყვეტი. 

რა შეიძლება გააკეთონ საფრანგეთმა და ევროკავშირმა რუსეთის იმ მეზობლების მეტი მხარდაჭერისთვის, რომლებიც საკუთარი უსაფრთხოების საკითხზე არიან შეშფოთებული?

უმთავრესია შავი ზღვის უსაფრთხოება, რომლის მნიშვნელობაზეც კიდევ ერთხელ ისაუბრა ემანუელ მაკრონმა. ამ მხრივ, საფრანგეთი ძალიან აქტიურია რუმინეთთან და ბულგარეთთან ერთად. ჩვენთვის ეს აბსოლუტურად ფუნდამენტურია, რადგან ეს არის ფიზიკური კავშირი ევროკავშირთან. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ყველა ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტი შავი ზღვის ამ რეგიონს ეხება. მეორე საკითხი ევროინტეგრაციის მხარდაჭერაა. უკრაინის წყალობით გაიხსნა შესაძლებლობის ფანჯარა, რომელიც საქართველოსა და მოლდოვას  კანდიდატობის დაჩქარებული განაცხადის წარდგენის საშუალებას აძლევს. ევროკავშირის ძირითადი წევრი ქვეყნების, მათ შორის, საფრანგეთის, მაგრამ ასევე გერმანიის და რა თქმა უნდა, პოლონეთის მხარდაჭერის წყალობით, ეს ახალი შესაძლებლობა არ უნდა დაემსგავსოს იმ ძალიან გრძელ, ბიუროკრატიულ პროცედურებს, რომლებიც სხვა კანდიდატებს შეეხოთ. 

რა ვადებში ელოდებით პასუხს, ან სულაც ინტეგრაციის განხორციელებას?

ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და გავზარდოთ ჩვენი ძალისხმევა და რეფორმები, რათა ხელიდან არ გავუშვათ ეს შანსი. პრეზიდენტმა ზელენსკიმ პირდაპირ ისაუბრა. იმედი გვაქვს, რომ წლები არ მოგვიწევს ლოდინი, რომ ეს (ინტეგრაცია) რეალობა გახდება პოლიტიკურად მაინც, თუნდაც  რეფორმის პროცესი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღმა გაგრძელდეს. 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოდან საჩივრები 2008 წლის კონფლიქტთან დაკავშირებით. ესჭრილობა“, თქვენი ერთ-ერთი წიგნის სათაური რომ მოვიშველიოთ, ჯერ კიდევ ღიაა?

ჭრილობა არ არის იმდენად ის პასუხისმგებლობა, რაზეც იმ საჩივრებში იყო საუბარი. ჭრილობა ის ოკუპაციის ხაზია, რომელიც კვეთს საქართველოს ტერიტორიას დედაქალაქიდან 40 კილომეტრში, რაც გავლენას ახდენს საქართველოს ევროპულ მომავალსა და მის ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე.  ამის დაძლევა უნდა მოხდეს, ეს არის ჩვენი ნამდვილი ჭრილობა დღეს. 

თქვენ გაგაკრიტიკეს თქვენს ქვეყანაში იმის გამო, რომ აღიარეთ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების პასუხისმგებლობა 2008 წლის კონფლიქტში.

ორი განსხვავებული რამ არის; საქართველოში შიდა დისკუსია მიმდინარეობს იმის შესახებ, თუ როგორ მართა კონფლიქტი ხელისუფლებამ, და ეს დისკუსია ექსპორტისთვის არ არის გამიზნული. და არის რუსეთის საერთაშორისო პასუხისმგებლობა. საქართველოსთვის, ისევე როგორც უკრაინისთვის, უდავოა, რომ ეს არის აგრესია საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით. რუსეთი თავს დაესხა საქართველოს. საქართველო არასოდეს არ დასხმია თავს რუსეთს. ხელისუფლების მხრიდან მართვას რაც შეეხება, ზელენსკიმ ისწავლა წინა კონფლიქტების გაკვეთილები და მის მიერ ომის წინა პერიოდის მართვა უკიდურესად ფრთხილი იყო. ის არ წამოეგო რუსეთის სხვადასხვა პროვოკაციას, რომლებიც მიზნად ისახავდა მისთვის გარკვეული პასუხისმგებლობის დაკისრებას, ყოველ შემთხვევაში, პროპაგანდით მაინც. ეს ხსნის დღეს მისი პოზიციის ძალიან დიდ სიმტკიცეს საერთაშორისო დონეზე და მის მიერ შეძენილ ავტორიტეტს. მან მოახდინა თავის ქვეყანაში არაჩვეულებრივი ერთობის ჩამოყალიბება. ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ მოახერხა ამ ახალგაზრდა, გამოცდილების არმქონე ლიდერმა, სრულად გაეერთიანებინა თავისი ქვეყანა. 

სალომე ზურაბიშვილი, კავშირი საფრანგეთთან

1952 წელს დაიბადა პარიზში. 1974 წელს მუშაობა დაიწყო საგარეო საქმეთა სამინისტროში. 2003-2004 წლებში იყო საფრანგეთის ელჩი თბილისში. 2004-2005 წლებში კი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. 2016-2018 წლებში- საქართველოს პარლამენტის წევრი. 2018 წელს გახდა საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტი.

დიახ, ჩვენ არ უნდა ჩავერთოთ უსარგებლო პროვოკაციებში, მაგრამ თუ ჩვენ უარს ვიტყვით ჩვენს პრინციპებზე და ჩვენს დამოუკიდებლობაზე, ჩვენ უარს ვიტყვით ყველაფერზე »...70 | 2022 წლის 31 მარტი | Le point 2590

 

 

სხვა სიახლეები