ინტერვიუ CNN en Español-თან

ჩვენ პირდაპირ ეთერში საქართველოდან პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გვერთვება. ის იმ ქვეყნის პრეზიდენტია, რომელმაც იცის რას განიცდის უკრაინა. ქალბატონო პრეზიდენტო, მადლობა, რომ დღეს ჩვენთან ხართ. დავიწყოთ პირველი კითხვით - რა გაკვეთილი მიიღო დასავლეთმა 2008 წლის საქართველოს გამოცდილებიდან, რაც ახლა უკრაინასთან მიმართებაში უნდა გაითვალისწინოს?      

დიახ, ალბათ. შეიძლება ითქვას, რომ ის, რაც დღეს ხდება ნასწავლი გაკვეთილები და შესწავლილი გამოცდილებაა - თუ რეაგირებას არ ახდენ, თუ წინ არ აღუდგები ასეთი ტიპის აგრესიას, რომელიც საერთაშორისო სამართალსა და საზღვრებს არღვევს, მაშინ ეს მხოლოდ ხელს შეუწყობს ავტოკრატიული ქვეყნების ლიდერებს გაიმეორონ და გააგრძელონ ის, რაც მათთვის უსასრულო ექსპანსიაა. ამიტომ, ვფიქრობ, დღეს რასაც მართლაც  ვხედავთ არის ევროპული (და არამხოლოდ ევროპული) ქვეყნების, ევროპისა და ამერიკის, და გარკვეულწილად, მთელი მსოფლიოს რეაქციაა იმაზე, რაც დღეს უფრო და უფრო ნათლად ჩანს, რომ არის რუსეთის სრული აგრესია, ტოტალური ომი. შესაბამისად,  არის ერთიანობა, რომელსაც ჩვენ ევროპულ ქვეყნებს შორის ვხედავთ, რომელიც ასეთი მასშტაბით დღემდე არასდროს გვინახავს და არის სანქციების შესახებ ის გადაწყვეტილებები, რაც აქამდე არასდროს ყოფილა.

ეს სანქციები საკმარისია იმისათვის, რომ რუსეთი უკრაინიდან გავიდეს და რუსეთს დიპლომატიური გადაწყვეტის გზისკენ უბიძგოს? საქართველოს შემთხვევაში ეს ასე არ მოხდა. დიახ, სანქცია ახლა განსხვავებულია, მაგრამ თქვენ ამ გზას მაინც მისაღებად მიიჩნევთ?

აქამდე ასეთი მძიმე სანქციები არ ყოფილა, არა ასეთი ტიპის. არასდროს ყოფილა ასეთი ერთობა, პირველ რიგში, ევროპელებს შორის და შემდეგ ევროპელებსა და ამერიკელ პარტნიორებს შორის, რომელსაც ასევე, იზიარებენ რიგი სხვა ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირის და აშშ-ს გარეთ მყოფი ქვეყნები არიან.

ამიტომ, ეს სულ სხვა ისტორიაა. ის სანქციები, რაც მიიღეს, მათ შორის, ბანკებთან და SWIFT-თან დაკავშირებით პირდაპირ აზიანებს იმ საფუძველს, რაზეც პუტინის რეჟიმი დგას. ამიტომ, ეს რთული სათქმელია. ისევ და ისევ, როცა საუბარია ავტოკრატიულ რეჟიმებზე, არასდროს იცი რომელია ისეთი მტკივნეული წერტილი, რომელსაც მას ცვლილების მოტანა შეუძლია. ამიტომ ეს ისაა, რისი წინასწარმეტყველებაც ზუსტად არავის შეუძლია. თუმცა, ნათელია, რომ ამჯერად რეაქციები, რომლებიც თვითონ პრეზიდენტ პუტინისგან ვიხილეთ აჩვენებს, რომ ის "დაჭრილია", არ ელოდა ამას და ის რეაგირებს მოვლენებზე.  

საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას გეგმავს, ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა. ევროკავშირმა ეს პროცესი დაიწყო. არის ეს თავდაცვის ფორმა?

თქვენ ჩემს უკან ევროპულ დროშას ხედავთ და უკვე დიდი ხანია ეს ასეა ყველა ქართულ სახელმწიფო ინსტიტუციაში. ეს ნიშანია იმისა, რომ ჩვენს კონსტიტუციაში ხაზგასმით ჩავწერეთ, რომ ეს ჩვენი მომავალია - ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა. და ეს ისაა, რასაც ჩვენი მოსახლეობის 80% უჭერს მხარს. ეს ისაა, რაც 2008 წელს რუსული აგრესიის მიუხედავად არ შეცვლილა, რაზეც ზოგი ამბობს, რომ მოხდა საქართველოს საგარეო პოლიტიკის კურსის შეცვლის მიზნით. ამიტომ, ეს ისაა, რასაც ძალიან მყარი საფუძველი აქვს, ეს მისწრაფება და ეს გეზი ევროპისაკენ ისაა, რაც ასევე, უკვე დიდი ხანია ჩვენი ისტორიაა, მათ შორის, ასახულია 1918 წელს ჩვენს პირველ დამოუკიდებლობაში. ეს არ არის ის, რაზეც ქართული მოსახლეობა ან სხვადასხვა მთავრობები მარტივად იტყვიან უარს.  ახლა კი, უკრაინის წყალობით (და ეს უნდა ითქვას), ჩვენ ვხედავთ სულ მცირე ევროკავშირისკენ დაჩქარებულ პოლიტიკურ გზას. ეს ისაა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ასოცირებული ტრიოს წევრები არიან, რომლებიც გასულ ზაფხულს საქართველოში შეიკრიბნენ, ჩამოაყალიბეს ინტეგრაციის საერთო პოლიტიკა, რაც ისაა რომლის გაგრძელებასაც ძალიან აქტიურად ვაპირებთ.

ქალბატონო პრეზიდენტო, მე ვკითხულობ (და გთხოვთ ჩამისწოროთ თუ ვცდები), რომ საქართველო ათასობით რუსს იღებს, რომლებსაც არ სურთ თავიანთ ქვეყანაში კონფლიქტის დროს ყოფნა.

მართალია, რუსები საქართველოში ჩამოდიან. ნათელია, რომ ეს ის ხალხია, რომელიც საკუთარი ქვეყნის პოლიტიკას არ იზიარებენ და ისინი საქართველოში ჩამოდიან. გაუგებარია ისინი დასარჩენად ჩამოდიან თუ გზად, სხვა ქვეყნებისკენ მიმავალნი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ისინი მივიღოთ ისე, როგორც ამას ქართული სტუმარმასპინძლობის ტრადიცია გვკარნახობს. ჩვენ მათ მიმართ საქართველოს მოსახლეობის მხრიდან გარკვეული რეაქციები ვნახეთ. მათ (რუსებმა) თავიანთი ქვეყანა დატოვეს და სავარაუდოდ, არ ეთანხმებიან მათი ქვეყნის მიერ მეზობელი უკრაინის ოკუპაციასა და მის წინააღმდეგ აგრესიას, მათ შორის ქალებისა და ბავშვების მკვლელობებს,  და ალბათ, ესაა მათ მიერ ქვეყნის დატოვების მიზეზი

დასასრულს, ქალბატონო პრეზიდენტო, რატომ უნდა მიაქციოს მსოფლიომ ყურადღება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, იმას რაც რეგიონში, რუსეთის საზღვრებზე ხდება? რატომ უნდა მიაქციოს მსოფლიომ ყურადღება კონფლიქტს და რა შედეგების მომტანი იქნება რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა თუ ეს არ შეჩერდება?

ეს იგივე კითხვაა რაც ავტორიტარული და ტოტალიტარული რეჟიმების შესახებ სხვადასხვა დროს დაისვა. თუ არ რეაგირებ, თუ ცდილობ მათ დამშვიდებას, ეს დამატებით ექსპანსიასა და აგრესიას იწვევს. შემდეგი სამიზნეები სულაც მხოლოდ ის ქვეყნები იქნებიან, რომლებიც ჩვენსავით, რუსეთის გარშემო არიან.  ისინი შეიძლება უფრო შორს წავიდნენ.

ამიტომ, ვფიქრობ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი დროა. ვფიქრობ, არ შეიძლება რუსეთმა თავი დააღწიოს ასეთ მასიურ აგრესიას, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებების ყველა წესს, საერთაშორისო ხელშეკრულებებს, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებსა და ყველა იმ პრინციპს, რომლებიც რეალურად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქვეყნებს შორის ურთიერთობებს მართავდა. თუ ამას მივიღებთ, მაშინ აღმოვჩნდებით მსოფლიოში, რომელიც შეიცვალა, სადაც ძალის გამოყენება ანაცვლებს კანონს და საერთაშორისო ურთიერთობების ამ სამართლებრივ საფუძვლებს. შემდეგ კი, ჩვენ არ ვიცით საით მივდივართ და რა მოხდება. 

მოელით, რომ როგორც საკითხის გადაჭრის პროცესის ნაწილი, ნატო რუსეთთან პირდაპირ კონფლიქტში აღმოჩნდება?

ვფიქრობ, რომ ნატო, აშშ და ევროპელები ყველაფერს აკეთებენ შესაძლებლობების ფარგლებში, რათა ნათლად აჩვენონ, რომ პირდაპირ არ ერთვებიან. დიახ, ისინი მხარს უჭერენ უკრაინელებს, მაგრამ ისინი არ თამაშობენ ესკალაციის თამაშს და ომში პირდაპირ არ არიან ჩართულნი. ყველა ბოლოდროინდელი სიგნალი, მათ შორის, აშშ-ს უარი სამხედრო თვითმფრინავების უკრაინისთვის გადაცემის შესახებ, იმის ნიშანია, რომ მათ არ სურთ გადავიდნენ იმ ზღვარს, რომლის შემდეგაც მოვლენების შეჩერება შეუძლებელია და რომელიც შესაძლოა გადაიზარდოს ნატოსა და რუსეთის პირდაპირ ომში.

ამიტომ, დიდი სიფრთხილე არსებობს როგორც ევროპელი მოკავშირეების, ასევე აშშ-ს მხრიდან. ეს ყველაფერია, რისი თქმაც შეიძლება, რადგან არ არის ცნობილი რუსეთის გეგმა და თამაშობს თუ არა რუსეთი ასეთი ესკალაციით.

გმადლობთ!


სხვა სიახლეები