დიდი მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო. ნატოს ლიდერები შესახვედრად ემზადებიან, იმ ყველაფერზე დაყრდნობით, რაც თქვენ გაიარეთ და რაც ახლა უკრაინაში ხდება რა უნდა იცოდეს მსოფლიომ ვლადიმერ პუტინის შესახებ?
ვფიქრობ, ამ დროისათვის მსოფლიომ ყველაფერი იცის, რაც უნდა იცოდეს ვლადიმერ პუტინზე. თუ მანამდე არ იცოდნენ, 2008 წელს საქართველოში ომის დროს არ ესმოდათ, ყირიმში შეჭრისას არ ესმოდათ, ახლა უკვე ყველამ გაიაზრა, რომ ეს ექსპანსიის ინსტინქტია, რუსეთის ეს ძველი იმპერიალისტური ტენდენცია, რომელიც არ მთავრდება, თუ მას სიმტკიცე და ძალა არ უპირისპირდება. ვფიქრობ, უკრაინელებმა შესანიშნავი სიმტკიცე გამოიჩინეს ამ შეჭრის საპირისპიროდ. დასავლეთმაც დაინახა ეს და ამ დროისათვის უკვე იცის, რომ მხარი უნდა დაუჭიროს უკრაინას. დასავლეთი გაერთიანდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანი და სიგნალია რუსეთისთვის, რომ მას აღარ შეუძლია უბრალოდ შეიჭრას ქვეყანაში და არ მიიღოს პასუხი.
თქვენი აზრით, მთავარი მასთან ძალით დაპირისპირებაა?
მთავარია იმის ჩვენება, რომ უპასუხოდ არ ჩაივლის და პასუხი შესაძლოა, ძალისმიერი არ იყოს. პასუხი გაეცა დასავლეთის ამ ერთიანობით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ევროპა არასდროს ყოფილა ასეთი ერთიანი, ერთიანი სანქციებში, ერთიანი აშშ-სთან ერთად. ვფიქრობ, ის რაც ნატოში ხდება ამ ერთიანობის დემონსტრირებაა. ერთიანობის, რომელიც პირველ რიგში, პოლიტიკური ერთიანობაა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რუსეთმა დაინახა უკრაინელების ერთიანობა, დაინახა, რომ არ შეუძლია უკრაინის დაყოფა არც აღმოსავლეთს და დასავლეთს შორის, არც პრორუსებად და ანტირუსებად. ეს უკრაინისაგან ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია. ევროპული ერთიანობა კი, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიგნალი.
თქვენ საქართველოში რუსეთის ყოფნასთან დაკავშირებით რუსეთთან მიმდინარე მოლაპარაკებებში თავად იყავით ჩართული. რა ისწავლეთ რუსებთან მოლაპარაკებების შესახებ?
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ეს სხვა დრო იყო და ალბათ, სხვა პუტინი. მიუხედავად ამისა, მოლაპარაკებებისას უნდა იყო მტკიცე, უნდა იცოდე სად არის შენი წითელი ხაზები, უნდა იცოდე რისი დადება შეგიძლია კომპრომისზე. ძალიან მნიშვნელოვანია წინასწარი ცოდნა თუ რისი მიღება გსურს მოლაპარაკებიდან. ვფიქრობ, იმ დროს, ჩვენთვის ძალიან ნათელი იყო, რომ გვსურდა რუსეთის სამხედრო ბაზების ქვეყნიდან გაყვანა და ეს შედეგი მივიღეთ. თუმცა, უნდა ვთქვა, ვფიქრობ ეს გამონაკლისია, ეს აღარსად განმეორებულა და დარწმუნებული არ ვარ, რომ დღეს რუსეთი ამ სახის მოლაპარაკების განმეორებისთვის მზადაა.
რაც თითქმის ყველა უკრაინელისაგან მესმის ისაა, რომ თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს ის უკრაინაზე არ გაჩერდება. ეთანხმებით ამას და თქვენ თავად ხომ არ შიშობთ საქართველოსთან მიმართებით თუ პუტინი აქ, უკრაინაში წარმატებას მიაღწევს?
მთლიანობაში სიმართლეა. ვფიქრობ, რუსეთმა უკრაინაში უკვე ბევრი დაკარგა და ეს უკვე უკრაინელების გამარჯვებებია, რადგან რუსეთმა ვერ აჩვენა, რომ ძლევამოსილია, რომ შეუძლია უკრაინელების დამარცხება რამდენიმე დღეში. არ უჩვენებია, რომ სამხედრო ძალები ისეთი ეფექტიანია, როგორიც მსოფლიოს ეგონა. ეს ყველაფერი უკვე უკრაინელების გამარჯვებაა. თუმცა ვფიქრობ მნიშვნელოვანია, რომ ეს ერთიანობა ნარჩუნდება - უკრაინელების ერთიანობა, გარე სამყაროს ერთიანობა, სანქციები. რუსეთი სავარაუდოდ ელოდება, რომ სანქციები არ გაგრძელდება, ამჯერად ეს ასე არ იქნება, რაც რუსეთისათვის კიდევ ერთი იმედგაცრუება იქნება.
იქნება თუ არა საქართველო შემდეგი. ეს რთული შეკითხვაა. იმედი მაქვს, რომ არა. ჩვენ პირველი ვიყავით, ასე რომ, იმედი მაქვს აღარ განმეორდება. თუმცა, ვერავინ ვერაფერში იქნება დარწმუნებული. ვერავინ იქნება დარწმუნებული თუ რა იქნება რუსეთის რეაქცია დამარცხების შემთხვევაში. არავინ იცის რა იქნება რუსეთის რეაქცია შედეგის ნახევრად მიღების შემთხვევაში. ასე რომ, ჩვენ აქ ვართ, ძალიან ახლოს. ჩვენი ტერიტორიები უკვე ოკუპირებულია, ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ორი სამხედრო ბაზაა. ასე რომ, დაუცველები ვართ და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, მსოფლიომ ყურადღება მიაქციოს საქართველოსაც და მოლდოვასაც. ჩემი მოწოდებაა საქართველო არ დაივიწყონ! ეს იყო ბრიუსელში ჩემი ვიზიტის მიზეზი, დავლაპარაკებოდი ჩვენს პარტნიორებს და დავრწმუნებულიყავი, რომ საქართველო ახსოვთ.
ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენ პირველები ხართ საქართველოში, ვისაც არ სურს რომ საქართველო შემდეგი იყოს. ეს კარგად მესმის. დიდი მადლობა ინტერვიუსათვის.
დიდი მადლობა.