საქართველოს რუსეთისათვის სანქციები არ დაუწესებია. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებას უკრაინასთან მიმართებით ამორალური პოზიცია უჭირავს. რატომ არ მოქმედებს საქართველოს ხელისუფლება უკრაინის დასახმარებლად?
ასე არ აღვწერდი პოზიციას, რადგან, პირველ რიგში, საქართველო ბევრი საერთაშორისო სანქციის მონაწილეა, მათ შორის იმ ფინანსური სანქციების, რომელიც საქართველოს ბანკებს შეეხო, ისევე როგორც ნებისმიერ სხვას. ჩვენი ძირითადი სანქციები ადგილზეა. ჩვენ, ქვეყანა, რომლის ტერიტორიებიც ოკუპირებულია, გვაქვს ჩვენი წილი სანქციები, ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, არ გვაქვს ფრენები რუსეთთან. ასე რომ, ესაა საქართველოს მდგომარეობა...
ქალბატონო პრეზიდენტო, ჟურნალისტებმა ვერ შეძლეს დაეტოვებინათ ქვეყანა და წასულიყვნენ უკრაინაში გასაშუქებლად. ასევე, მოვისმინეთ, რომ მოხალისეებს უკრაინაში წასვლის უფლება არ მისცეს, რათა დახმარებოდნენ იქ მყოფ ძალებს. რა დგას ამის უკან, რა არის პოზიცია, რომელიც მაინცდამაინც არაა უკრაინის მხარდამჭერი?
ძალიან დიდ პროპაგანდას აქვს ადგილი. ქართველი მოხალისეები, როგორც სხვა ბევრ ქვეყანაში, თვითონ წავიდნენ როგორც მოხალისეები. ეს არ არის ხელისუფლების საკითხი და ნათლად, ეს შეკითხვები თავად სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერთანაც კი გაჟღერდა. მან კარგად გაიგო და ახსნა, რომ საქართველო, რომლის ტერიტორიებიც ოკუპირებულია და ფრონტის ხაზზე იმყოფება, ვერ მოიქცევა როგორც ნატოს წევრი ქვეყანა, რომელიც მრავალმხრივ დაცულია. მაგრამ ეს, არავითარ შემთხვევაში, არ გამორიცხავს საქართველოს სახელმწიფოს სოლიდარობას, რომელსაც მე გამოვხატავ. ქართველი ხალხი კი, ყოველდღიურად გამოხატავს უკრაინის მიმართ სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას. დღეს მსურს, თქვენი მეშვეობით, გამოვხატო ეს სოლიდარობა კიევში მყოფი ადამიანების, ამ საშინელი დაბომბვების წინა ხაზზე მყოფთა მიმართ და ასევე გამოვხატო ჩემი აღფრთოვანება ძალიან ორგანიზებული და მშვიდი წინააღმდეგობის გამო, რითიც უკრაინელი ხალხი ამ საშინელ აგრესიას უპირისპირდება.
თქვენ ახსენეთ ქართველი ხალხის ქუჩაში გამოსვლა იმის გასაპროტესტებლად რაც უკრაინაში ხდება. ქუჩაშიც ბევრი ადამიანი ასევე შეწუხებული იყო, რომ საქართველოს მთავრობა საკმარისს არ აკეთებს. შეგიძლიათ ამაზე უფრო მეტი ისაუბროთ და არ ფიქრობთ, რომ ქართველი ხალხი შესაძლოა, გააღიზიანოს ხელისუფლების პასუხმა?
არ ვფიქრობ, რომ ასეა. არ ვიცი საიდან იღებთ ამ ინფორმაციას. არ ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხი გაღიზიანებულია. საქართველოში ხალხი თავად აჩვენებს ძალიან დიდ სოლიდარობასა და ბევრ ინიციატივას. როგორც გითხარით, ხელისუფლება და სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რისი გაკეთებაც შეიძლება იმ ქვეყნის მიერ, რომლის ტერიტორიებიც ოკუპირებულია. დანარჩენს აკეთებს თავად მოსახლეობა - აჩვენებს თავის მხარდაჭერას: ექიმები და მოხალისეები მიდიან (უკრაინაში). საქართველოს მხრიდან რაიმე ფორმის პროვოკაციების საჭიროება არ არის, რომელიც შესაძლოა გამოყენებულ იქნას მოგვიანებით. ჩვენ ძალიან კარგი მაგალითი გვაქვს იმისა, რასაც ვოლოდიმირ ზელენსკი აკეთებს, რათა ყველა მიმართულებით პროვოკაცია თავად აირიდოს. ასე რომ, მან რუსეთის არანაირი სახის არგუმენტი არ დაუტოვა და ძალიან ნათელია, რომ რუსეთმა მოტივისა თუ პროვოკაციის გარეშე, დაიწყო სრულმასშტაბიანი აგრესია. ასე რომ, საქართველოც ასევე იქცევა.
თქვენ ახლახან ახსენეთ საქართველოს მდებარეობა და რომ ამ მდებარეობის გამო საქართველოს შესაძლოა, არ ჰქონდეს საშუალება იმოქმედოს ისე, როგორც სხვა ქვეყნები მოქმედებენ. კონკრეტულად რას გულისხმობთ ამაში და ფიქრობთ, რომ თქვენი ხელისუფლება, იმის შიშით თუ რა შეიძლება რუსეთმა საქართველოს გაუკეთოს, შესაძლოა, კრემლის დამშვიდებაში იყოს ჩართული?
არა, არ ვფიქრობ რომ შიშს აქვს ადგილი. მე წარმოვადგენ სახელმწიფოს, ისევე როგორც ხელისუფლება. არ არის შიში, არ არის დამშვიდება [კრემლის]. რასაც ვამბობ ძალიან ნათელია.
ჩვენ არ ვართ იმავე სიტუაციაში, რომელშიც წითელ ხაზს მიღმა არსებული ქვეყნები იმყოფებიან, ეს ხაზი ძალიან ნათლად გაავლო ნატომ და პრეზიდენტმა ბაიდენმა, როცა განაცხადეს, რომ დაცვა მიდის იმ ქვეყნებამდე, რომელთაც ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლი ფარავს.
ჩვენ არაფრით არ ვართ დაცული, ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვაქვს პრინციპები, არ ვიზიარებთ სოლიდარობას. თუ შეხედავთ, დაინახავთ, რომ საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციებში ყველა რეზოლუციის თანასპონსორი იყო, ხმას აძლევდა ყველა რეზოლუციას. ჩვენ საერთაშორისო სანქციების და სოლიდარობის ნაწილი ვართ. ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენ ვაკეთებთ იმას, რასაც ამ მდგომარეობაში ქვეყანა უნდა აკეთებდეს, თავისი წარსულის გათვალისწინებით, იმით რაც საქართველომ იცის, თუ რა არის პატარა ქვეყნის პრინციპები, რომელიც უკვე საუკუნეებია, თავის დამოუკიდებლობას ყველა ფორმის თავდასხმისაგან იცავს.
საქართველო უკრაინასა და მოლდოვას შეუერთდა ევროკავშირის წევრობის მოთხოვნის განკარგულების ხელმოწერაში და მან ეს დააჩქარა. უკრაინაში რუსეთის შეჭრა, რამდენად აძლევს ბიძგს თქვენს სურვილს გახდეს ევროკავშირის ნაწილი?
ჩემი აზრით, უკრაინამ და მისმა ბრძოლამ ევროპელებს თვალი აუხილა და ამ გამო ჩვენ უკრაინის ბევრი გვმართებს. ჩვენ ერთად ვიყავით ამ გზაზე, რადგან ჩამოვაყალიბეთ ასოცირებული ქვეყნების ტრიო, რომელიც გასულ ზაფხულს საქართველოში, ბათუმში შეიკრიბა. მაგრამ, ამ ახალმა სიტუაციამ ევროპულ ქვეყნებში, ევროპელ ლიდერებში და მათ ინსტიტუტებში ახალი აღქმა შექმნა და ამან შესაძლებლობა და (მსვლობა) მისცა კანდიდატობის ახალ განაცხადს, რომელიც სამმა ქვეყანამ წარადგინა. ძალიან იმედიანად ვარ, რომ იქნება შესაძლებლობის ახალი ფანჯარა, რომელიც ნაკლებად ბიუროკრატიული და მეტად პოლიტიკური იქნება, რადგან სწორედ ასეთი პოლიტიკური სოლიდარობა სჭირდება ამ სამ ქვეყანას და ეს არის გზა, რომელიც ხელახლა გაიხსნა და რომელიც უკრაინამ დააჩქარა.
ქალბატონო პრეზიდენტო, უკრაინაში შექმნილი ვითარების, საქართველოს ისტორიის ცოდნითა და 2008 წლის მოვლენების გათვალისწინებით, დღეს დარწმუნებულები ხართ, რომ ვლადიმერ პუტინი საქართველოს უკრაინის მსგავსად არ მოექცევა?
სულელი ვიქნებოდი ასეთი დარწმუნებული რომ ვყოფილიყავი. არავის შეუძლია ამის თქმა. ჩვენთვის მთავარი პრინციპი მტკიცედ დგომა, ევროკავშირთან კავშირების შენარჩუნება, ჩვენი შიდა ერთიანობის შენარჩუნება და ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ ჩვენ გზის გაგრძელებაა. ეს ჩვენი გზაა, რომელიც წლების განმავლობაში ომისა და საოკუპაციო ხაზზე ზეწოლის მიუხედავად ვერავინ შეგვაცვლევინა. ეს ჩვენი გზაა, ჩვენი მომავალია და ჩვენ მას გავაგრძელებთ. წინასწარ ვერავინ გათვლის მომავალს.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. გმადლობთ ჩართვისთვის.
გმადლობთ.