ინტერვიუ Brut.-თან

ჩვენ თავს დაგვესხნენ 1991 წელს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების შემდეგ. ეს იყო ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შეზღუდვის მცდელობა. დღეს, ისევე როგორც 2014 წელს ყირიმში, რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ ხორციელდება. რუსეთი ეძებს საბაბს. ამ შემთხვევაში, საბაბად გამოიყენა, ის, რომ თითქოს უკრაინა არ არსებობს და (რუსები და უკრაინელები) იგივე ხალხია, და (უკრაინელები) ნაცისტები არიან. ისინი ყველა სახის საბაბს ეძებდნენ, მაგრამ მათ რეალურად, ერთი მიზანი აქვთ ექსპანსია და ბატონობა.
როგორც რუკაზე ვხედავთ, რუსეთი უზარმაზარი ძალაა და მას მშვიდობიანი გზები რომ აერჩია, რა თქმა უნდა, ყველა ამ რეგიონში დომინანტური ძალა იქნებოდა. რუსეთმა მუდმივი გაფართოების, მეზობლებისადმი აგრესიის გზა აირჩია და ახლა გველის პოზიციაშია, რომელიც საკუთარ კუდს კბენს. მისი მეზობლები ბუნებრივია, ნაკლებად შემრიგებლურები ხდებიან და რუსეთს აქვს განცდა, რომ ის გარშემორტყმულია ადამიანების მიერ, რომლებიც მის მიმართ კარგად არ არიან განწყობილნი. ეს უდავოდ მართალია, მაგრამ ეს მისივე ქმედებების შედეგია. წარმოიდგინეთ, როგორი განწყობა ექნებათ უკრაინელებს ხვალ, კონფლიქტის შედეგის მიუხედავად, როდესაც მათი ეკლესიები, მართლმადიდებლებლური რელიგიის წარმომადგენლებმა დაბომბეს, რომელიც უკრაინელებსა და რუსებს აერთიანებდა. ეს, რა თქმა უნდა, დაამახსოვრდება უკრაინის მოსახლეობას ძალიან, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში.
როგორ ფიქრობთ, რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს უკრაინის წინააღმდეგობა?

რუსეთი, რა თქმა უნდა, ფიქრობდა, რომ ეს ყველაფერი 2-3 დღეში დასრულდებოდა და მე მჯერა, რომ უკრაინელ პარტნიორებსაც არ უფიქრიათ რომ... და ზოგიერთი ამერიკული პროგნოზის თანახმად, კიევის წინააღმდეგობა არ გაგრძელდებოდა 2 ან 3 დღეზე მეტს. უკრაინელებმა გადააჭარბეს ყველა პროგნოზს.  ეს კი იმის ნიშანია, რომ როდესაც საკუთარ ქვეყანას იცავ, სხვა მდგომარეობაში ხარ. რუსებმა ეს უნდა იცოდნენ საკუთარი ისტორიიდან გამომდინარე. როდესაც ნაპოლეონი რუსეთს თავს დაესხა, მათ წინააღმდეგობა გაუწიეს სწორედ იმიტომ, რომ საკუთარ ტერიტორიას იცავდნენ.
თქვენ ხშირად გაქვთ კონტაქტი პრეზიდენტ ზელენსკისთან, რა შინაარსის არის თქვენი საუბრები?
ჩემი მხრიდან, ძირითადად, სოლიდარობის და მხარდაჭერის გამოხატვა, მორალური მხარდაჭერაა. საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელსაც არ გააჩნია ისეთი შეიარაღების რესურსი, როგორც ევროპულ ქვეყნებს;  უკრაინას დიდი მხარდაჭერა აქვს მათი, განსაკუთრებით კი, პოლონეთის მხრიდან. ჩვენი სახით მათ აქვთ იმ ქვეყნის მხარდაჭერა, რომელმაც იგივე განიცადა და რომელსაც შეუძლია სხვებზე უკეთ გაიგოს ის, თუ ხდება დღეს უკრაინაში.

არის თუ არა დღეს თქვენი ქვეყნის მოსახლეობაში ანტირუსული განცდა?

ჩვენს ქვეყანაზე მრავალი თავდასხმა მომხდარა სხვადასხვა ძალების მხრიდან.  რადგან დედაქალაქი 26-ჯერ გადაიწვა და პრაქტიკულად ყველა ჩვენი მეზობელი იმპერია, დიდი ენთუზიაზმით იჭრებოდა საქართველოში. მიუხედავად ამისა, საქართველო ყოველთვის იყო და დარჩა ძალიან ტოლერანტულ ქვეყანად. არსებობს მტრული დამოკიდებულება რუსული პოლიტიკის მიმართ, ამ პოლიტიკას კი, განასახიერებს რუსეთის ლიდერი, პუტინი.
თქვენი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, როცა ვხედავთ თუ რა ხდება უკრაინაში, გეშინიათ რომ თქვენთანაც შეიძლება იგივე მოხდეს?

შეიძლება გვეშინოდეს, რადგან ჩვენზე უკვე განხორციელდა თავდასხმა და გვაქვს ორი ოკუპირებული ტერიტორია, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიის 20%-ს შეადგენენ.  ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ორ დიდ რუსულ სამხედრო ბაზასთან, მესამე მდებარეობს კავკასიონის მეორე მხარეს.
საქართველომ 2008 წელს, ისევე როგორც 1991 წელს, გადაწყვიტა გაეგრძელებინა წინსვლა და უზრუნველეყო თავისი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი სხვა გზებით; ევროპული სწრაფვით, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციით. ასე წარმოგვიდგენია ჩვენ ჩვენი მომავალი.
   
ფიქრობთ, რომ თქვენმა ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნამ შესაძლოა გააბრაზოს მოსკოვი?

ნებისმიერ შემთხვევაში, მოსკოვი გაბრაზებულია,  ამიტომ ეს ბევრს არაფერს ცვლის. არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეიცვალოს ის, რაც ქვეყანას, ერს სურს თავისი მომავლისთვის. ასე იყო საქართველოს შემთხვევაში, ომისა, სხვადასხვა სახის ზეწოლის მიუხედავად, ეს საქართველოს მოსახლეობის 80%-ის ნებაა.  ევროპა წარმოადგენს იმ ღირებულებებს, რომლებიც საუკუნეების მანძილზე იყო ქართველი ერის ფუძემდებლური ღირებულებები. ურსელა ფონ დე ლაიენმა უკრაინელებს უთხრა: „თქვენ ერთ-ერთი ჩვენთაგანი ხართ“. ეს ეხება სხვა ქვეყნებსაც, ასოცირებულ კანდიდატებს, როგორიცაა მოლდოვა და საქართველო. არ ვიცი, რა ფორმით მოხდება ეს, მაგრამ ეს დიალოგი რომელიც გახსნილია უნდა გამოვიყენოთ და ამას უკრაინელებსა და ახალ ევროპელებს უნდა ვუმადლოდეთ.

სხვა სიახლეები