ინტერვიუ Visible Community-სთან

ხანდახან საკუთარ თავს ვუსვამ კითხვას, პუტინი რომ ქალი ყოფილიყო,  გვექნებოდა თუ არა იგივე კონფლიქტები ყოფილი საბჭოთა კავშირის პერიფერიებში? ეს ის კითხვებია, რომლებზეც პასუხის გაცემას მხოლოდ მაშინ შევძლებთ, როდესაც საკმარისი რაოდენობის ქალი იქნება საპასუხისმგებლო თანამდებობებზე.

რამდენად დადებითად აფასებთ მამაკაცსა და ქალს შორის პასუხისმგებლობის განაწილებას?

ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, ქალებს სხვა, ბუნებრივი ხედვა აქვთ. ეს იმიტომ, რომ ქალებს აქვთ მთავარი პასუხისმგებლობა შვილებსა და ოჯახზე. მშვიდობიანი გარემო მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ძალაუფლების ამბიციები. ვფიქრობ, რომ აქ არის არსებითი განსხვავება. როდესაც უყურებთ დღევანდელ კონფლიქტს უკრაინაში, მას ერთი ადამიანი  ,,ოსტატურად“  უძღვება. ამ მიმართულებით, მე გამოვედი ინიციატივით, რომ  25 მაისს, თბილისში საერთაშორისო კონფერენციაზე მომეწვია ქალი პოლიტიკური ლიდერები; არამხოლოდ პოლიტიკური ლიდერები, არამედ ისინიც, ვინც საერთაშორისო ორგანიზაციების სათავეში არიან, ვინც კულტურულ სფეროში მოღვაწეობენ და არიან ლიდერები სხვადასხვა სფეროებში, მათ შორის, ბიზნესში, რადგან ამ სფეროში სულ უფრო და უფრო მეტი ქალია, ბევრი ქალია ასევე საერთაშორისო კომპანიებში აღმასრულებელი დირექტორიების პოზიციებზე.

ეს უკრაინის კონფლიქტამდე მოხდა და არ არის მასთან პირდაპირ კავშირში, მაგრამ ზოგადად განპირობებულია იმით, რომ ჩვენ ვცხოვრობთ იმ რეგიონში, სადაც მრავალი კონფლიქტი ხდება, მათ შორის, ბოლო დროს განვითარებული სომხეთ - აზერბაიჯანის კონფლიქტი.

ამ კონფერენციის მიზანია იმაზე მსჯელობა, აქვთ თუ არა, ან შეიძლება თუ არა ჰქონდეთ ქალებს კონკრეტული როლი კონფლიქტების გადაწყვეტაში.  ვგულისხმობ კონფლიქტს ფართო გაგებით. არა მხოლოდ ტერიტორიულ კონფლიქტებს, არამედ იმას, რასაც დღეს ჩვენს საზოგადოება აწყდება; შიდა კონფლიქტი, პოლარიზაცია. აქაც, ძალიან ხშირად, მთავარი მსხვერპლნი ქალები არიან. სიძულვილის ენა ხშირად მიზანმიმართულად გამოიყენება ქალების მიმართულებით და ამა თუ იმ პოლიტიკური, თუ ეკონომიკური მოტივაციის გარდა, ისინი სამიზნე ხდებიან როგორც ქალები. ეს პოლარიზაცია ძლიერად ჰყოფს საზოგადოებებს, ოჯახებს და ხელს უშლის შერიგების ელემენტების პოვნას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის, სხვა სოციალური საკითხების გადასაჭრელად. ასე რომ, ვნახოთ, რა მოხდება. მე თვითონ ძალიან მაინტერესებს იმის ნახვა, რა თუ გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამას.

რა გავლენას ახდენს ომი ქალებზე?

ქალებს ეკისრებათ მთელი პასუხისმგებლობა არა კონფლიქტზე, არამედ კონფლიქტის შედეგებზე, კონფლიქტის მიმდინარეობაზე. ქალებზე აისახება კონფლიქტების ეკონომიკური შედეგები. სამწუხაროდ, ქალები ჯერ კიდევ არ არიან საკმარისად ჩართულები კონფლიქტების მოგვარებაში. საქართველოში ორი კონფლიქტი იყო.  ეს იყო დამოუკიდებლობის (გამოცხადების) დროს და 2008 წელს.  ყოველივე ამან გამოიწვია 300 000 იძულებით გადაადგილებული პირი, რომლებიც დღესაც ნაწილობრივ არ არიან საკუთარ სახლებში და არ აქვთ საშუალება დაბრუნდნენ თავიანთ რეგიონებში. ამ სიტუაციაშიც ქალები აკისრიათ დიდი პასუხისმგებლობა. ამ ქალებიდან ბევრი  ემიგრანტი გახდა: ისინი მუშაობენ მეზობელ ქვეყნებში: საბერძნეთში, იტალიაში, ძირითადად ევროპაში, ზოგი ლეგალურად და ცოტაც არალეგალურად, და ამ საშუალებით თავიანთ ოჯახებს საარსებო წყარო გაუჩინეს. ქალებმა უფრო ადვილად, უფრო ენერგიულად, მოახერხეს ეპოვნათ გზა თავიანთი ოჯახების გადასარჩენად. ხშირად ქალებმა, რომლებმაც კონფლიქტები გამოიარეს, იძულებული არიან სხვა გზები იპოვონ იმისათვის,  რომ მოახერხონ თავიანთი ოჯახებისთვის საარსებო საშუალების შექმნა.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვლადიმერ პუტინმა წააგო ეს ომი?

რასაც ჩვენ უკვე ვხედავთ არის ის, რომ ამ ტიპის წინააღმდეგობა აბსოლუტურად გაუთვალისწინებელი იყო, ამას ვერავინ  იწინასწარმეტყველებდა, ვერც პუტინი და ვერც ევროპელები. (უკრაინელების) ეს წინააღმდეგობა გვავალდებულებს გავერთიანდეთ, გამოვხატოთ სოლიდარობა, არ დავნებდეთ. ის აყალიბებს სულისკვეთებას. რუსეთის თავდაპირველი, იდეოლოგიური პრეტენზიები, როგორიც იყო - ჩვენ ერთი ხალხი ვართ, ერთი ისტორია... მათ ეს მოკლეს. თუ მართლაც არსებობდა ისტორიული ნათესაობა ორ ხალხს შორის, ქვეყნის გარკვეული ნაწილისთვის, ენობრივი ნათესაობაც ამ შემოსევის სისასტიკის გათვალისწინებით, ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. კოლექტიურ მეხსიერებაში დარჩება,  არა ისტორიული ფესვები, არამედ დღევანდელი რეალური ფაქტი. ომზე მეტად არაფერი არ ყოფს ხალხებს. ევროპული ერების ისტორიაც გვიჩვენებს, რომ ომები ერებს ბევრად უფრო მყარად აყალიბებს, ვიდრე სხვა რამ.

რა არის თქვენთვის თითოეული მოქალაქის მთავარი უფლება?

მიმაჩნია, რომ მთავარი უფლება არის უფლება იცხოვრო მშვიდად საკუთარ ქვეყანაში და აირჩიო  ქვეყნის მომავალი, რომელ საერთაშორისო თანამეგობრობაში გვინდა ვიცხოვროთ, რა ალიანსები, რა სტილის ეკონომიკური თუ პოლიტიკური წყობა გვინდა ავირჩიოთ. ეს ყველაფერი 21-ე საუკუნეში, როდესაც ჩვენ უზარმაზარი გლობალური გამოწვევების წინაშე ვდგავართ, აღარ უნდა იყოს მართული ამა თუ იმ ქვეყნის იმპერიალისტური ამბიციებით.

 

სხვა სიახლეები