ჩვენი სტუმარია საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მოგესალმებით.
მოგესალმებით.
თქვენ ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნა გააკეთეთ, ისევე როგორც მოლდოვამ. ამით გარკვეულწილად შველას სთხოვთ ევროპას და ნატოს, რადგან შეშფოთებული ხართ იმით, რაც რუსეთმა შეიძლება გააკეთოს?
ვფიქრობ, რომ ყველა შეშფოთებულია, და მართებულად შეშფოთებული იმასთან დაკავშირებით, რაც რუსეთმა შეიძლება მოიმოქმედოს. იქიდან გამომდინარე, რომ ის ტოტალურ ომს მიმართავს, ეს შეიძლება შეეხოს რუსეთის მთელ რიგ მეზობელ რეგიონებს. ეს არ ნიშნავს, რომ წონასწორობა უნდა დავკარგოთ, ან ორიენტაცია შევიცვალოთ. ამიტომ ევროკავშირში გაწევრიანების ეს დაჩქარებული მოთხოვნა გამოხატავს ჩვენს ურყევ არჩევანს და ამავდროულად, პასუხობს ევროპის ახალ დამოკიდებულებას, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან. ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ და ევროპის მმართველმა ინსტანციებმა გააცნობიერეს უფრო მტკიცე პოლიტიკური პასუხის საჭიროება.
ევროპის მხრიდან ვხედავთ გარკვეულ უძლურებას, გაუგონ ვლადიმერ პუტინს, ეს თავდასხმა მის არც ეკონომიკურ და არც გეოპოლიტიკურ ინტერესებში არ არის. ნატო უფრო ძლიერია დღეს ვიდრე გუშინ. შესაძლებელია მისი (პუტინის) კონკრეტული არგუმენტებით შეჩერება? რამ შეიძლება შეაჩეროს რუსეთი ამ შემთხვევაში?
ვფიქრობ, რომ ეს არავინ იცის; მხოლოდ უკრაინელებმა იციან, თუ როგორ შეაჩერონ ის. უკრაინელებმა უკვე ძალიან ბევრი ნათელი ნიშანი მოგვცეს იმისა, რომ რეალურად აჩერებენ რუსეთს, რუსეთმა ვერ მოახერხა თავისი საომარი მიზნების მიღწევა, რაც გულისხმობდა უკრაინის დანებებას ორ, ან სამ დღეში. უკრაინელები წინააღმდეგობას უწევენ, ისინი წარმატებას აღწევენ და ეს უკვე რუსეთის შეჩერებაა. კითხვა, რომელიც უნდა დაისვას არის ის, თუ კიდევ რას მოიმოქმედებს რუსეთი.
ქალბატონო პრეზიდენტო, ვნახეთ კადრები, რომლებიც გვიჩვენებენ საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას ერთად, ერთი წლის წინ; ისინი ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების სურვილს გამოხატავდნენ. სწორედ ამაზე აკეთებს აქცენტს რუსეთი; ჩვენ დაგვამცირეს, ჩვენ გვემუქრებიან, ნატო აგრძელებს გაფართოებას. რას უპასუხებთ თქვენ მსგავს ბრალდებებს?
პასუხის გაცემა საჭირო არ არის, საკმარისია შევხედოთ მსოფლიო რუკას; რუსეთი შეადგენს ხმელეთის ერთ მეხუთედს, ან ერთ მეექვსედს, და შეხედეთ საქართველოს რუკაზე, დავინახავთ, თუ ვინ ვის აყენებს შეურაცხყოფას, ვინ ვის ერტყმის გარსს, საიდან მოდის მუქარა. პასუხი, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე, რუკაზეა.
მთელი ამ წლების განმავლობაში დასავლეთი ცოტა ბრმა იყო? რუსეთის დამშვიდებას ცდილობდნენ? უფრო ადრე უფრო მტკიცე უნდა ვყოფილიყავით, მაგალითად, ყირიმის მაგალითის შემდეგ?
უდავოდ. ეს არის პასუხი თქვენს წინა შეკითხვაზე. წლების განმავლობაში, საქართველოსა და ყირიმზე რუსეთის თავდასხმის მიუხედავად, დასავლეთის პასუხი ყოველთვის იყო რუსეთის დამშვიდება, მისი პროვოცირების თავიდან არიდება, და ამ მიდგომამ შედეგად მხოლოდ მისი წახალისება მოიტანა. ერთხელ და სამუდამოდ, რუსეთი მხოლოდ ძალთა დაპირისპირებას ცნობს, და ეს ძალების დაპირისპირება დღეს მას მტკიცე უკრაინამ აჩვენა.
გმადლობთ ქალბატონო პრეზიდენტო.
მადლობა თქვენ.
საქართველოს პრეზიდენტი ფრანგულად გვესაუბრებოდა, ის პარიზში, ქართულ დიასპორაშია დაბადებული.
ინტერვიუ Radio Television Suisse-თან