ჩვენ გვსურს თქვენთან საუბარი, რადგან თქვენ განსაკუთრებული ხედვა გაქვთ იმაზე თუ რა ხდება ამ ომში. თქვენ იცით რას ნიშნავს ვლადიმერ პუტინის სამიზნედ ყოფნა, თქვენ პირდაპირ ნახეთ 2008 წელს რუსეთის შემოჭრა. როგორ ფიქრობთ, ვლადიმერ პუტინი გააგრძელებს ამ აგრესიას, სანამ უკრაინაში რეჟიმის ცვლილებას არ მიაღწევს?
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ვლადიმერ პუტინის გონებაში არ ჩამიხედავს, რომ ვიცოდე როდის და სად გაჩერდება. მე ორი გამოცდილება მაქვს. ერთი 2008 წლის ომი რუსეთთან, რომელიც ახსენეთ, რომელიც საქართველოს ორი რეგიონის და ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციით დასრულდა. მეორე გამოცდილება 2005 წელს მქონდა, მოლაპარაკებები რუსეთთან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანასთან დაკავშირებით. ასე რომ, ყველაფერი შესაძლოა, მოხდეს მსოფლიოში, სადაც პროგნოზირებადი არაფერია. ვფიქრობ, დღეს მნიშვნელოვანია, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას, რომელიც დღეს ნამდვილად აჩვენებს სამაგალითო სიმტკიცეს ამ უკიდურესად არასამართლიანი ომის მიმართ და სწორედ ეს უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ომი არასამართლიანია. დღეს, რამდენიმე წუთის წინ, როდესაც პარლამენტის წინ ათასობით ქართველი იყო შეკრებილი, პრეზიდენტმა ზელენსკიმ, ევროპის რამდენიმე სხვა ქალაქსა და ქართველ ხალხს მიმართა და მე მივმართე ჩემს ხალხს ზუსტად მის შემდეგ და ვთქვი, რომ ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინას, რადგან ეს ის ღირებულებაა, რასაც საქართველო იცავდა - თავისუფლება და დამოუკიდებლობა! ვფიქრობ, ეს ის ღირებულებებია, რასაც მთელი დემოკრატიული სამყარო იცავდა და უნდა დაიცვას ყველა საშუალებით. ჩვენ არ ვართ მეომრები, ჩვენ არ ვართ ისინი, ვინც ქვეყნებს ანგრევენ, ჩვენ დემოკრატიული ქვეყნები, ვართ ისინი, ვინც თავისუფლებას შიშველი ხელებით, მაგრამ ძალიან ძლიერი მიზანდასახულობით ვიცავთ, სწორედ ამას აჩვენებს უკრაინა.
ქალბატონო პრეზიდენტო, შიშობთ რომ ეს საქართველოშიც გადმოიზრდება? ჩვენმა მსმენელებმა და მაყურებლებმა უნდა იცოდნენ, რომ თქვენ ზუსტად შავ ზღვაზე იმყოფებით, სადაც რუსეთს სამხედრო ხომალდები ჰყავს და საიდანაც ფაქტობრივად ახორციელებს თავდასხმებს უკრაინის სამხრეთზე. თქვენ რუსეთთან ასევე გრძელ საზღვარს იზიარებთ. რა არის უფრო ფართო რეგიონული კონფლიქტის რისკი?
თქვენ იცით, რომ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია 2008 წელს მოხდა. რუსეთთან ომი გვქონდა 1991-1992 წლებში დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე, ჩვენი ქვეყანა ოკუპირებული იყო 1921 წელს, ჩვენი სამეფო ანექსირებული რუსეთის მიერ 1801 წელს. ასე რომ, ჩვენ ყველას გვაქვს ღელვის მიზეზი, თუმცა ასევე გვაქვს ყველა მიზეზი, ვიყოთ დარწმუნებული, რომ საქართველოს სიმტკიცე და საქართველოს ძლიერი რწმენა დამოუკიდებლობასა და თავისუფლებაში არის ის, რაც უფრო ძლიერია, ვიდრე ეს თავდასხმები დამოუკიდებელ სახელმწიფოებზე. მე ვფიქრობ, რომ ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ ერთიანად და მტკიცედ დაწესებული სანქციები აჩვენებს რუსეთს და რუს ხალხს, რომ არ შეუძლიათ გააკეთონ რაც, როგორც და როცა უნდათ.
ქალბატონო პრეზიდენტო, მსურს გკითხოთ ევროკავშირში წევრობაზე. თქვენ თქვით, რომ ევროკავშირმა უნდა მიიღოს თქვენი ქვეყანა, უკრაინა და მოლდოვა. ეს როგორ გააუმჯობესებდა თქვენს უსაფრთხოებას?
ამან შესაძლოა, არ გააუმჯობესოს უსაფრთხოება, ყოველ შემთხვევაში დასაწყისში, თუმცა ჩვენი ღირებულებები ესაა, ესაა ჩვენი ოჯახი და ადგილი, სადაც ყველა მიზეზის გამო უნდა ვიყოთ, რადგან ჩვენ ევროპელ ხალხთან ჩვენს წარსულს, ჩვენს ცივილიზაციას, ჩვენს ქრისტიანულ ცივილიზაციას და მომავალს ვიზიარებთ. ასე რომ, უსაფრთხოება გარანტირებული იქნება, რადგან არავინაა იქ, ვინც შეძლებს, რომ დაუპირისპირდეს ძლიერ და უფრო და უფრო ძლიერ ევროპას. ვფიქრობ, ახალი ევროპა ამ ბოლო დღეებში აღმოცენდა, რაც სავარაუდოდ, არ იყო ვლადიმერ პუტინის გეგმებში, თუმცა ევროპა, რომლის გათვალისწინებაც მას მოუწევს, ევროპა, რომელიც არ საუბრობს იარაღით, რომელიც საუბრობს ეკონომიკით, განვითარებით, კეთილდღეობით, დემოკრატიული ღირებულებებით, ადამიანის უფლებებით. და ამის მხედველობაში მიღება მოუწევს.
დასავლეთით გახედვისას, პოლონეთი, რომელიც ესაზღვრება უკრაინას, უკრაინიდან დიდი რაოდენობით, ასობით და ათასობით მიგრანტთა შედინებას ხედავს. ქალბატონო პრეზიდენტო, მესმის, რომ თქვენთანაც ათასობით რუსი კვეთს საზღვარს. რატომ მოდიან ისინი მანდ და წარმოადგენს თუ არა ეს უსაფრთხოების გამოწვევას?
არ ვფიქრობ, რომ ისინი უსაფრთხოებისათვის გამოწვევას წარმოადგენენ, არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას. ვფიქრობ, რუსები, რომლებიც საზღვარს კვეთენ საქართველოში ჩამოსასვლელად, სავარაუდოდ, არ არიან კმაყოფილი იმ იმიჯით, რასაც თავიანთი ხელისუფლებისგან იღებენ და სავარაუდოდ, მეტად იზიდავთ მეზობელი ქვეყანა, რომელიც სხვათა შორის, ყოველთვის იყო ძალიან ტოლერანტული ქვეყანა. ეს ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა. ასე რომ, თუ ისინი მოდიან მშვიდობიანი და არა დამახინჯებული ზრახვებით, მისაღები იქნება. რადგან ვფიქრობ, დღეს, რომ რუსი ვყოფილიყავი, დიდად ამაყი არ ვიქნებოდი და არ მენდომებოდა რუსეთში ცხოვრების გაგრძელება.
გასაგებია. ქალბატონო პრეზიდენტო, გმადლობთ, თქვენი მოსაზრებისათვის დღეს ბლუმბერგთან.