ინტერვიუ France 24-თან

გმადლობთ მოწვევის მიღებისთვის. თქვენ საქართველოს პრეზიდენტი ხართ, ქვეყნის, რომელმაც ძალიან კარგად იცის პუტინის მეთოდები. თქვენი ქვეყანა კარგად იცნობს ამ მეთოდებს, რადგან საქართველო ამ მეთოდების შედეგები განიცადა. გვახსოვს 2008 წლის ომი, რუსეთის ამ შემოჭრით საქართველომ ტერიტორიის 20% დაკარგა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონები. საქართველოს რუსეთთან მსგავსი შემთხვევა ოთხჯერ ჰქონდა.

რუსეთი გრძნობდა თავს მუქარის ქვეშ, პარადოქსიც ესაა.

სანამ მიმდინარე მოვლენებზე გადავალთ, რაც უკრაინაში ხდება, ათი ათასობით რუსი სამხედროა წარმოდგენილი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. თქვენ არ გაქვთ სამხედრო შესაძლებლობა, რომ დაიბრუნოთ ეს ტერიტორიები. საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს ამ რეგიონების დამოუკიდებლობას, ამავდროულად, თითქმის არავინაა მზად დაგეხმაროთ მათ დაბრუნებაში. თქვენ გარკვეულწილად უარი თქვით ამ რეგიონებზე, თუ საქართველო არასდროს იტყვის უარს?

არა. ჩვენ უარი არ გვითქვამს ამ ორ რეგიონზე. ჩვენ ოფიციალურად უარი ვთქვით ძალის გამოყენებაზე მათ დასაბრუნებლად, რადგან ძალთა უთანასწორო ბალანსი საბოლოოდ რუსეთის მხრიდან უფრო დიდი ოკუპაციის საშიშროებას ქმნის. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უარი ვთქვით. რუსეთს ამ მიმართებით ორი მთავარი წარუმატებლობა აქვს - ერთი, ის, რომ ეს ტერიტორიები ოკუპირებულია, თუმცა არავის არ უცნია ისინი, გარდა მოსკოვის ვასალი სახელმწიფოებისა, რეალობაში საერთაშორისო საზოგადოებას არ უღიარებია და განაგრძობს საქართველოს ტერტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მეტიც, საქართველოს არ შეუცვლია პერსპექტივა და ორიენტაცია,  და   განაგრძობს წინსვლას [და იმედი მაქვს, რომ წინსვლა დაჩქარდება] ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციისაკენ.  ასე რომ, ეს (რუსეთის) ძირითადი მარცხია, რადგან რეალურად მიზანი არ არის მუქარის არიდება, როგორც ამას კრემლი ამბობს. არც უკრაინის და არც საქართველოს მხრიდან არანაირი მუქარა არ არის რუსეთის მიმართ. მიზანია, უკან დააბრუნოს საბჭოთა რესპუბლიკების ღერძი, რომლებიც იმედი მაქვს, რომ მომავალი ევროპული ქვეყნებია. რუსეთის მორჩილების ქვეშ ამ ქვეყნების დაბრუნება კრემლის მუდმივი იმპერიული ამბიცია იყო, მაგრამ ეს არაა მიზანი, რომელიც შესრულდება.

ბოლო დღეებში სულ უფრო ხშირად გვესმის, რომ რუსეთის მუქარა არ შეწყდება უკრაინაში, და პოტენციურად შესაძლოა მოლდოვასა და საქართველოსაც შეეხოს.  თქვენ გრძნობთ ამ საფრთხეს, თქვენ თავად შესაძლოა, აღმოჩნდეთ იმავე სიტუაციაში როგორშიც თქვენი უკრაინელი კოლეგა პრეზიდენტი ზელენსკია?

ვფიქრობ, რომ ყველა ამ საფრთხის ქვეშ ვართ. ევროპა დიდი ხანი ფიქრობდა, რომ რუსეთი მათთვის საფრთხე არ იყო. ვფიქრობ, რომ დღეს რაც ხდება, ეს ევროპული  ერთობა სავარაუდოდ რეალიზდა, [გასულ საუკუნეში უკვე იყო ამის პრეცედენტი] ისინი რეაქციის გარეშე ვერ დატოვებენ ტოტალიტარულ, დიქტატორულ რეჟიმის წინ წასვლის საკითხს, რადგან მოცემულ მომენტში მას არ აქვს დასასრული და არავინ იცის ვინ იქნება მუქარის შემდეგი სამიზნე.

თქვენ შეხვდით პრეზიდენტ მაკრონს და თქვენი მხარდაჭერა გადმოგცათ. დღეს საქართველო არც ნატო-ს და არც ევროკავშირის წევრი არაა. ფიქრობთ, რომ საფრანგეთი ან ვინმე სხვა თქვენს დასახმარებლად მოვიდოდა, თუ ვლადიმერ პუტინი გადაწყვეტდა, რომ აეღო ქალაქი, რომელთანაც გაჩერდა 2008 წელს.

გააჩნია რას დავარქმევთ ამ დახმარებას. უკრაინაშიც ვხედავთ, რომ არ არის სამხედრო ჩარევა არც ევროპის ქვეყნების და არც აშშ-ს მხრიდან, რადგან ჩვენ არ ვართ ნატო-ში, უკრაინა არ არის ნატო-ში. სად არის საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის უსაფრთხოების საკითხი, რადგან ჩვენ ვიცით, რომ არ ვართ მე-5 მუხლის დაცვის ქვეშ. სამაგიეროდ, ის რისთვისაც ჩამოვედი არის ყურადღება, მხარდაჭერა, რომელიც დღეს გამოხატულია უკრაინის მიმართ და  რომელიც დამატებითი პოლიტიკური ნაბიჯია ევროკავშირის მიმართულებით, რათა ვიგრძნოთ, როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ ,,ჩვენ ერთ-ერთი თქვენგანი ვართ" და ეს მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკურად გადამწყვეტია. ეს ფუნდამენტურია როგორც ქართველებისათვის, ასევე უკრაინელი ხალხისათვის, რომელიც დღეს ჭურვების ქვეშაა.

თქვენ შეხვდით ემანუელ მაკრონს გუშინ, დღეს ბრიუსელში შეხვდებით შარლ მიშელსა და ურსულა ფონ დერ ლაიენს. ეს გარკვეულწილად ორმაგი ოპერაციაა, რადგან არ ივიწყებენ საქართველოს  მიუხედავად იმისა, რაც უკრაინაში ხდება.

არა მიუხედავად. ნათელია, რომ დღეს პრიორიტეტი უკრაინაა, რადგან ჩვენ არ ვართ დაბომბვის ქვეშ. მაგრამ, ამ პრიორიტეტში ძალიან მნიშვნელოვანია, არ მოხდეს სუსტი რგოლის წარმოჩენა, რომ პუტინმა ვერ შეძლოს თქმა: ,,უკრაინაში ცუდად წავიდა საქმე, მოდი ვეცადოთ სხვა ადგილას, რომელიც უფრო შესაძლებელი იქნება", ეს ადგილი მოლდოვა ან საქართველო იქნება. ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი საჯაროდ გააკეთა ზელენსკიმ, რაც ძალიან კარგია. დღეს ეს შესაძლებლობის ფანჯარა ღიაა, რაც ევროპელებისათვის იმის გაცნობიერებაა, რომ ამ ქვეყნებისთვის უნდა გახსნან სხვა ფორმის ინტეგრაცია, რაც არ იქნება ტექნიკური, გაწევრიანების თავების დახურვის ფორმით და შესაძლოა, იყოს უფრო პოლიტიკური ფორმით, არა დაუყოვნებლივი, თუმცა პოლიტიკური ნაბიჯი და ძალიან ნათელი პოლიტიკური სიგნალი ყველასათვის.

შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ ამ დღეებში ყველაფერი ხომ არ დაკარგა ვლადიმერ პუტინმა? ჩვენ ვხედავთ ევროკავშირს, რომელიც არასდროს ყოფილა ასეთი ერთიანი კრიზისში. ვხედავთ, რომ როგორც იქნა ნატო გამოვიდა ტვინის სიკვდილის სტატუსიდან, აღარ არის გაჩუმებული, როგორც ემანუელ მაკრონმა განაცხადა. პუტინმა შეაჯანჯღარა გერმანია, განსაკუთრებით ფრთხილი სამხედრო საკითხებთან დაკავშირებით, რომელმაც არა მხოლოდ მიაწოდა იარაღი (უკრაინას), რაც ძალიან იშვიათია გერმანიისათვის, ასევე გაზარდა თავისი სამხედრო ბიუჯეტი. ვხედავთ, რომ უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს, რღვევას კულტურის, სპორტის და ა.შ. დონეზე. ხომ არ გადალახა პუტინმა ,,არდაბრუნების" წერტილი, საიდანაც ვეღარ შეძლებს საერთაშორისო თანამეგობრობაში დაბრუნებას.

ყოველ შემთხვევაში, ყველაფერი არასწორად იყო გათვლილი, მისი პოლიტიკური თუ სტრატეგიული გათვლები არ აღმოჩნდა ის, რასაც ფიქრობდა. მან ქვეყნის შიგნითაც გაიგო ეს, რასაც ვერ წარმოიდგენდა. უკვე იყო აქციები სანქტ-პეტერბურგში [რომელიც ყოველთვის ცნობილი იყო როგორ უფრო დისიდენტი ქალაქი გარკვეულწილად], მაგრამ არა რუსეთის 25 ქალაქში. დაკავებების რაოდენობა იმის მაჩვენებელია, რომ რუსეთის მოქალაქეებშიც მიმდინარეობს რაღაც პროცესები, რაც ეჭვგარეშეა დაკავშირებულია იმასთან, რომ უკრაინელებთან მიმართებაში არის განსხვავებული სიახლოვის შეგრძნება, ვიდრე ეს იყო ჩეჩნების მიმართ, რომლებიც გაჟლიტეს, ან საქართველოს მიმართ. ასე რომ, აქ დამატებითი ელემენტია. და ასევე დანარჩენ მსოფლიოსაც უნდა შევხედოთ. იზოლაცია არ არის მხოლოდ ევროკავშირის მიმართ. სრულად და კრიტიკის გარეშე ჩინეთიც კი არ უჭერს მხარს კაცობრიობისათის მიუღებელ შემოჭრას. ერდოღანმა მიიღო ზომები შავ ზღვაში, მაშინ როცა ისინი ახლო დიალოგში არიან. ამ ყველაფერზე დაკვირვება ხდება და ვფიქრობ, არა მხოლოდ შთაბეჭდილებაა რომ პუტინი, ვინც გადაწყვეტილებას იღებს და ბევრი მრჩეველი არ ჰყავს ვისაც უსმენს, ძალიან იზოლირებულია შიგნით. თუმცა, ის უფრო და უფრო იზოლირებული ხდება გარე სამყაროსგანაც. ასეთი ქმედებები, რომლებიც რუსეთის იზოლაციას ახდენს ყველა სფეროდან, მათ შორის სპორტულიდან დიდი ზეწოლის მიმტანია და ამას კარგად გაიგებს რუსეთის მოსახლეობა.

დასავლეთზე რომ ვილაპარაკოთ, გასული წლების განმავლობაში მათ მიუშვეს პუტინი? ჩვენ ვიხილეთ ომი თქვენს ქვეყანაში 2008 წელს, ყირიმი 2014 წელს, ასევე დონბასი, ოპოზიციონერების - ნავალნის დაკავება, კრემლის ნომერი ერთი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მკვლელობა. ყოველთვის იყო სიტყვიერი, დიპლომატიური დაგმობა, რეგულარულად სანქციები, თუმცა არასდროს საკმარისად მკაცრი, რათა შეწყვეტილიყო ქმედებები, უარი ეთქვა გაგრძელებაზე. არის ამაში ჩვენი ევროპელების, დასავლეთის პასუხისმგებლობა ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება?

ვიტყოდი კი, იმ გაგებით, რაც ამ წლების განმავლობაში ვიხილეთ. არამხოლოდ ერთობის, ერთიანობის და სიმტკიცის არარსებობით, არამედ პერმანენტული არგაღიზიანების პოლიტიკით. არავის არასდროს პუტინის პროვოცირება არ მოუხდენია. არც ერთი მისი მეზობელი არასდროს დამუქრებია. ეს რუსეთი, თავისი ქმედებებით ახდენს თავის მეზობლების ტრანსფორმირებას, რომლებსაც შეეძლოთ ყოფილიყვნენ ნორმალური და ჰარმონიული მეზობლები...

მათ არაფერი გააკეთეს ამის დასასრულებლად.

მათ არაფერი გააკეთეს ამის დასასრულებლად. ყველაფერი გააკეთეს რუსეთის დასამშვიდებლად, თუმცა ამ ხასიათის მქონე მმართველებს, ეს კი არ ამშვიდებს არამედ ახალისებს.

ჩვენ ვიხილეთ კიევის მიმართულებით მიმავალი რუსული სამხედრო კოლონების ფოტოები. თქვენ პრეზიდენტ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრეთ. როგორია მისი მდგომარეობა და რა არის თქვენი წუხილის ხარისხი?

ღელვა მაქსიმალურია, რადგან ყველა მხრიდან საუბარია კლასტერულ ჭურვებზე, თავდასხმები სამოქალაქო შენობებზე, სამშობიაროებზე. ყველაფერი რაც გვესმის ღელვის უდიდესი საგანია. ზელენსკი ძალიან მტკიცე და მიზანდასახულია, მისთვის მისაღებია მოლაპარაკებები. რაც მნიშვნელოვანია უნდა ითქვას, რომ ამ სიტუაციაში მან და მხოლოდ მან უნდა გადაწყვიტოს რა დროს და რა ფორმის კომპრომისი უნდა იყოს დასაშვები, უკრაინელების ინტერესებს ის წარმოადგენს. არ უნდა იყოს ზეწოლა, ისეთი ფორმის კომპრომისის მისაღებად, რაც მისი ქვეყნისთვის მიზანშეწონილობის მიღმა იქნება. მას უნდა ვენდოთ, მან დაიმსახურა თავისი მოსახლეობის და პარტნიორების ნდობა!

ინტერვიუ France 24-თან 

 

 

სხვა სიახლეები