ინტერვიუ რადიო France Inter-თან

გამარჯობა ქალბატონო სალომე,

გმადლობთ, რომ მიიღეთ France Inter-ის მოწვევა. 2018 წლიდან თქვენ საქართველოს პრეზიდენტი ხართ, პრეზიდენტი იმ ქვეყნისა, რომელიც 1991 წლიდან დამოუკიდებელია. ქვეყანა, რომელსაც 4 მილიონზე ნაკლები მოსახლეობა ჰყავს, დასავლეთით ესაზღვრება შავ ზღვას, ჩრდილოეთით კი, რუსეთს, რომელსაც 2008 წლიდან ოკუპირებული აქვს საქართველოს ორი რეგიონი - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.

თქვენ ძალიან ძლიერი პირადი კავშირები გაქვთ საფრანგეთთან. თქვენი ოჯახი წარმოშობით საქართველოდანაა, მაგრამ თქვენ დაიბადეთ საფრანგეთში, იყავით საფრანგეთის ელჩი საქართველოში, სანამ ქვეყნის პოლიტიკაში ჩაერთვებოდით და პრეზიდენტად აგირჩევდნენ.

2008 წელს ვლადიმერ პუტინი თავს დაესხა თქვენს ქვეყანას, ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანიდან რამდენიმე თვეში, რაზეც იმ დროს უარი თქვეს.  გაქვთ თუ არა დღეს განცდა, რომ პუტინი ხელახლა ახორციელებს უკრაინაში იმ გეგმას, რომელიც 2008 წელს თქვენი ქვეყნის მიმართ გამოიყენა?

დიახ, გეგმა, რომელიც მან კიდევ უფრო გააუმჯობესა. მან 2008 წლის ომის გაკვეთილი ისწავლა. მაშინ მან აღნიშნა, რომ თავისი ავიაცია არასაკმარისი იყო, თუნდაც პატარა ქვეყანასთან მიმართებით, რომლის შესაძლებლობებიც აშკარად არაპროპორციულია რუსეთის ძალებთან, მაგრამ იმ დროს რუსეთის არმიას ჰქონდა წარუმატებლობები, განსაკუთრებით, ავიაციის კუთხით. სწორედ 2008 წელს დაიწყო პუტინმა გენერალური გადაიარაღება და არმიის რეორგანიზაცია, რომლის შედეგებსაც და უშედეგობასაც დღეს ვხედავთ. ასე რომ, საკმარისი არ არის ისეთი შესაძლებლობების ქონა, რომელიც ზედმეტად აღემატება იმ ქვეყნისას, რომელშიც ხდება შეჭრა და ვისზეც ხორციელდება შეტევა. სიმტკიცე მნიშვნელოვან როლს თამაშობს. 

რა იყო ეს, გენერალური რეპეტიცია, პირველი მოქმედება იმისა, რაც ხდება დღეს  უკრაინაში?

ეს არის რუსული პოლიტიკის კონსტატა.  ეს არ არის პირველი მოქმედება, საქართველოსთვის ეს მეოთხე მოქმედებაა. ეს იწყება რუსეთის იმპერიით, გაგრძელდა 1921 წელს მთელი საქართველოს ოკუპაციით და საბჭოთა რესპუბლიკად გადაქცევით, 1992 წელს კონფლიქტები აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში, რომლებიც ეთნიკურ კონფლიქტებადაა წარმოდგენილი, მაგრამ სხვა არაფერია თუ არა რუსეთის პასუხი საქართველოს დამოუკიდებლობაზე, ეს რეალურად რუსეთ-საქართველოს ომია, და შემდეგ მოდის 2008 წელი. ასე რომ, ახალი არაფერია რუსეთის მიერ თავისი საზღვრების ირგვლივ მყოფ მეზობლებთან შეჭრის პრაქტიკაში, ალყაში მოქცევის საფრთხის არგუმენტზე დაყრდნობით. 

ცოტა პარადოქსულია, როცა რუსეთს უკავია დედამიწის ფართობის მეექვსედი, და ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიც საქართველოა 3,7 მილიონი მოსახლეობით, ან უკრაინა, რუსეთზე ბევრად პატარა, შეიძლება დაემუქროს ამ ზედმეტად მილიტარიზებულ რუსულ ძალას. 

აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უზარმაზარი სამხედრო ბაზებია, რაც არაფერში არ ჯდება. ერთ მხარეს არის 50 000 ჯარისკაცი, მეორე მხარეს 30 000, თითქმის იმდენი, რამდენიც ადგილობრივი მოსახლეობაა ამ რეგიონებში. ეს ჩრდილოეთ კავკასიის დიდი სამხედრო ბაზების დანამატია, რაც რუსეთისათვის სამხრეთ სამხედრო ბაზაა და განკუთვნილია მთელი ამ სამხრეთ რეგიონისთვის, ამას დამატებული ის, რაც მას დღეს ყირიმში და შავ ზღვაში აქვს - ასე რომ, ეს სრული ზემასშტაბურობაა.

და ზუსტად, რუსული ჯარების თქვენს მიწაზე ყოფნა, კარგი პარალელია უკრაინასთან. თუ უკრაინა დაეცა, ეს იქნება საქართველოს სახელმწიფოს სტატუსის დასასრული? შემდგომ ეს მოხდება? 

სულაც არა. ჯერ ერთი, უკრაინა არ დაეცემა! ვფიქრობ, რასაც დღეს ვხედავთ არის ის, რომ უკრაინა გაძლებს და გაძლებს როგორც სახელმწიფო, როგორიც არ უნდა იყოს ომი, როგორიც არ უნდა იყოს მოლაპარაკებების შედეგი, რომელიც დღეს იწყება და რომელიც უდავოდ მხოლოდ პირველი თავი იქნება. 

ის, რაც რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ ომითაც უნდა ესწავლა, ისაა რომ, საქართველო არამარტო არ გაქრა როგორც სახელმწიფო, არამედ მას არ შეუცვლია ორიენტაცია ომის შემდეგ. მან დაკარგა თავისი ტერიტორიების 20%. ეს არის ყოველდღიური ტრაგედია, ეს არის ყოველდღიური ზეწოლა საოკუპაციო ხაზზე, რადგან გვყავს მძევლები, რომლებსაც ხშირად იტაცებენ და გვაქვს სისტემატური ზეწოლა ბორდერიზაციით - ,,საზღვარი", რომელიც საზღვარი არ არის და რომელიც მუდმივად იცვლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველომ შეაჩერა თავის ევროპულ, ევროატლანტიკურ გზაზე სვლა, ეკონომიკური ზრდა, დემოკრატიზაცია. ეს მსვლელობა გრძელდება და გაგრძელდება.

შიშობთ, რომ თუ პუტინი უკრაინაში თავის მიზანს მიაღწევს, გარკვეულწილად სიაში შემდეგი თქვენ იქნებით?

მე არ ვშიშობ, რომ პუტინი თავის მიზნებს მიაღწევს უკრაინაში, უკვე აშკარაა, რომ მისმა ოპერაციამ წარმატებას ვერ მიაღწია, უდავოდ იქნება მოლაპარაკებები და უდავოდ კომპრომისები ორივე მხრიდან. თუმცა პუტინი უკვე დაეცა, რადგან მან დასაბამი მისცა ძლევამოსილ ევროპას და თავდაცვის ევროპას. ის ამას არ ელოდა და ეს არის უკრაინაში მის შეჭრაზე რეალური პასუხი.

რუსეთის ჯარებმა განაცხადეს, რომ დაიბრუნეს საჰაერო უპირატესობა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, კიევის მოსახლეობას თავისუფლად შეუძლია ქალაქის დატოვება. ამ ბოლო ინფორმაციის მიხედვით, რამდენ ხანს შეძლებს უკრაინა გაძლებას? 

ძალიან რთულია ამის პროგნოზირება. უნდა გვახსოვდეს, რომ უკრაინამ გარკვეული პერიოდი გაუძლო ტოტალიტარულ, ნაცისტურ და საბჭოთა მონსტრს და უკრაინა  ამისათვის მომზადებულია მორალურად და ორგანიზების კუთხითაც - თავისი წვრთნებით. მას შეუძლია შეინარჩუნოს და დიდი ხნით გაძლოს საბოლოო სამხედრო გამარჯვებამდე, რომლის დროც ეჭვგარეშეა რომ მოვა. თუმცა ამ გადამწყვეტ მომენტში ევროპის ერთიანობა განამტკიცებს უკრაინის გამძლეობას. რადგან უკრაინელებმა იციან, რაც უფრო დიდხანს იქნებიან მტკიცედ, მით უფრო მეტი ევროპული მხარდაჭერა იქნება.

თქვენ უკვე ახსენეთ კომპრომისის შესაძლებლობა. თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს ეს კომპრომისი ომის შესაწყვეტად? 

კომპრომისზე მე ვერ ვისაუბრებ, ერთადერთი, ვისაც უფლება აქვს იცოდეს, სად შეიძლება გადიოდეს კომპრომისი -  უკრაინელები არიან. ასევე მსურს ჩემი პატივისცემა გამოვხატო მათი სიმტკიცის, გამძლეობისა და პრინციპების მიმართ. დღეს ისინი ნამდვილად არიან მაგალითი, რომელიც ყველას თვალში აღფრთოვანებას უნდა იწვევდეს. დღეს არავინ არ უნდა უბიძგოს მათ ისეთი კომპრომისისაკენ, რომელიც იმ ინტერესების მიღმა იქნება, რაც ითვლება, რომ მისაღებია მომავალი უკრაინისათვის. 

ბოლო დღეებში თქვენ ესაუბრეთ პრეზიდენტ ზელენსკის. შესაძლოა გავიგოთ რა უთხარით?

ძირითადად სიტუაციის შესახებ ვისაუბრეთ. გადავეცი მას სოლიდარობა ქართველი ხალხის სახელით, რომელიც აგრესიის დაწყებიდან ყოველ საღამოს გამოდის თბილისის ქუჩებში. 

ის რაც დღეს უკრაინაში ხდება, ამან განამტკიცა თქვენს ქვეყანაში ანტირუსული სენტიმენტები? 

ქვეყანაში ანტირუსული განწყობები ისედაც ძლიერია.

თქვენ ხართ საქართველოს პრეზიდენტი, ერთი წუთის წინ თქვენ საუბრობდით ევროპელების რეაქციაზე, დიმიტრი მედვედევი, წინა კვირას ამბობდა ევროპის შესაძლო რეაქციაზე, ვციტირებ: „მე მახსოვს 2008 წელი, როდესაც ჩვენ გადავწყვიტეთ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება, ვიცით რა მოხდება, რა სანქციები და ზეწოლა მოჰყვება ამას, მაგრამ ასევე ვიცით როგორ ვუპასუხოთ მათ. თუ მოთმინებას გამოვიჩენთ ევროპელები დაიღლებიან და მობრუნდებიან ჩვენსკენ სტრატეგიულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე სასაუბროდ. რუსეთმა უნდა აღიაროს დონბასის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. გამოცდილება გვიჩვენებს რომ დაძაბულობა დაიწევს. მართალია  თუ არა ის, როდესაც ფსონს დებს ევროპელების დანებებაზე?

არა, ის არ არის მართალი, რადგან, უპირველეს ყოვლისა, ამის არანაირი ნიშანი არ არსებობს, არავის არ უღიარებია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რესპუბლიკები მოსკოვის ვასალი (ქვეყნების) გარდა. არცერთ ევროპულ ქვეყანას, არცერთ დემოკრატიულ ქვეყანას არ უღიარებია ეს ორი სეპარატისტული რესპუბლიკა. არანაირი იმედის მიზეზი არ არსებობს, იმისა, რომ რაიმე სხვანაირად მოხდება დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკებთან დაკავშირებით. მედვედევის სიტყვები უნდა იყოს გაგებული, იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირმა აჩვენა მნიშვნელოვანი ერთობა და მხარდაჭერა, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ხანმოკლე.

თქვენ გაქვთ განცდა, რომ 2008 წელს ეს ხანმოკლე იყო?

ეს ძალიან ხანმოკლე იყო, ჩვენთვის არ ყოფილა მსგავსი მობილიზაცია, მაგრამ ასევე უნდა ითქვას, რომ ჩვენ არ გვქონდა დრო ამ მობილიზაციისათვის; ზელენსკიმ არაჩვეულებრივი რამ გააკეთა რუსეთის შემოჭრის წინა პერიოდში, შემოჭრისა, რომელსაც ყველა ელოდებოდა, რომელიც დაანონსებული იყო. მან გაუძლო ყველა პროვოკაციას და გამოიყენა ეს დრო გარეთა მხარდაჭერის მობილიზაციისათვის. ძალიან კარგად იმუშავა დიპლომატიური კუთხით, მან ნაწილობრივ დაკავებული კიევიდან განაგრძო დიპლომატიური მუშაობა, შეინარჩუნა კონტაქტები ყველა ლიდერთან და გააგრძელა მათზე ზეწოლა. ეს ზეწოლა უნდა გაგრძელდეს და არ უნდა იყოს ეპიზოდური აალება, რუსეთი უნდა მიხვდეს, რომ მსგავსი აგრესიისთვის  ფასის გადახდა მოუწევს.

ამ ზეწოლის ძალასთან დაკავშირებით... გერმანია შეიარაღებას ანახლებს ისე, როგორც არასდროს 1945 წლის შემდეგ, ევროკავშირი მოამარაგებს უკრაინას შეიარაღებით, მსგავსი რამ ჯერ არასდროს მომხდარა. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს შესაბამისობაშია? თვლით, რომ ამ ზეწოლამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ვლადიმერ პუტინის ტრაექტორიაზე?

ის ხვდება, რომ მან გააჩინა მონსტრი, ისეთი ძლევამოსილი ევროპა, როგორიც არასოდეს ყოფილა ევროპის კონტინენტზე. ის მიიღებს რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა; მის საზღვრებთან ერთიან და ძლიერ სახელმწიფოებს.

მასიური ეკონომიკური სანქციები, ეროვნული ბანკის SWIFT-დან გათიშვა; ამ ზომებსაც დიდი როლი აქვთ?

ვფიქრობ, რომ დიდი როლი აქვს. ასევე არის სხვა საკითხი, რაც პუტინმა ვერ გაითვალისწინა, ეს არის რუსეთის მოსახლეობა, რომელიც აღარ არის მის სრულ მორჩილებაში, ვხედავთ, რომ ეს დაუმორჩილებლობა ვრცელდება და გრძელვადიანი იქნება.

რა გაძლევთ ამის თქმის საშუალებას?

დღეს ვხედავთ მანიფესტაციებს არამხოლოდ მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში. ვიცით, რომ ეს ქალაქი დანარჩენ რუსეთთან შედარებით ინტელექტუალურად თავისუფალი ქალაქია, მაგრამ ის, რომ ეს ვრცელდება რუსეთის სხვა 35 ქალაქში, ეს ჯერ არ მომხდარა. არასდროს გვინახავს ამდენი ადამიანი აპროტესტებდეს აგრესიას, მსგავსი რამ არ გვინახავს საქართველოში შემოჭრის დროს, ის თავისი თამაშის მახეში გაება; არ შეიძლება თქვა, რომ უკრაინელები მოძმე ხალხია, და იმავდროულად დაბომბო ეს მოძმე ხალხი. როდესაც ვხედავთ კიევის ცათამბჯენების და სამოქალაქო შენობების დაბომბვას ეს კადრები ძალიან ჰგავს 11 სექტემბრის კადრებს, რუსეთის მოსახლეობისთვისაც კი, ეს გაუგებარი და მიუღებელია.

ჩვენ ვნახეთ ევროკავშირის შემოტრიალება, დღეს თქვენ მოგვიანებით ემანუელ მაკრონს შეხვდებით, რას ეტყვით მას, რა შეუძლია ევროკავშირს გააკეთოს იმაზე მეტი, ვიდრე, როგორც თქვენ თქვით, მყარად იდგეს.

მყარად იდგეს - ეს ერთი, მეორე საკითხია პერსპექტივა, რომელმაც გამოიწვია რუსეთის მხრიდან ქმედება, მცდელობა, რომ შეეცვალა მეზობელი ქვეყნების, საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის პერსპექტივა, ისინი ყველაზე წინ არის ევროკავშირის გზაზე, უნდა გაეცეს რუსეთს პოლიტიკური და არა კონფრონტაციული პასუხი, რაც იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი ამ ქვეყნებისთვის; როგორი უნდა იყოს ეს ნაბიჯი, როგორ იქნება ის ფორმულირებული, ეს საკითხი უნდა განიხილონ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა. ვფიქრობ, რომ დღეს წევრი ქვეყნები მზად არიან, იმისათვის, რომ იყოს სიმბოლური და პოლიტიკური ჟესტი უკრაინისა და ორი ასოცირებული ქვეყნის მიმართ.

ურსულა ვან დერ ლეიენმა გუშინ თქვა, რომ „ეს უკრაინელები ჩვენიანები არიან''. გხედავთ, რომ ხელი პრაქტიკულად გაწვდილია.

დიახ, ხელი გაწვდილია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელი გაუწოდონ საქართველოსაც, უკრაინამ არ დაგვავიწყოს რომ ჩვენ ასოცირებული ქვეყნების ტრიოში ვართ. ჩვენთვის ეს ორმაგად მნიშვნელოვანია; უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ორიენტაცია და პერსპექტივაა...

თქვენი სურვილი ევროკავშირში გაწევრიანებაა?

გაწევრიანებისკენ გადადგმული ნაბიჯი! (მე არ მაქვს ილუზია, რომ ეს ხვალ დილას მოხდება), ძალიან მკაფიო ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ.

ნატოს მიმართულებითაც?

ნატოს მიმართულებითაც. ეს ჩაწერილია ჩვენს კონსტიტუციაში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს რომ არ მოხდეს, შეიძლება ცუდად იქნეს მოსკოვის მიერ ინტერპრეტირებული, რომ თითქოს ყურადღება გადატანილია უკრაინაზე სხვა ქვეყნების საზარალოდ, რომ თითქოს სხვა ქვეყნები ნაკლებად მნიშვნელოვანია.

როგორ ფიქრობთ, იმის ნაცვლად რომ პუტინმა შეაფერხოს თქვენი შესვლა ნატოსა და ევროკავშირში, ის ამას აჩქარებს?

ვფიქრობ, რომ ის იმის პროვოცირებას ახდენს, რისი თავიდან არიდებაც უნდოდა.

გასაგებია. გუშინ მან კიდევ ერთხელ გააჟღერა ატომური იარაღით მუქარა.  ეს მუქარა სერიოზულად აღსაქმელია?

არის ფსიქოლოგიური ომის ნაწილიც იმაში, რასაც ის აკეთებს და რაც გაუკეთებია, არ უნდა დაგვავიწყდეს მისი წარსული. ფსიქოლოგიურ ომს ის შესაძლოა, უკეთ ფლობს, ვიდრე სამხედრო ომს. სანამ ეს მოვლენები დაიწყებოდა, მე მივიჩნევდი, რომ ის უფრო ფსიქოლოგიურ ზეწოლას განახორციელებდა, ვიდრე ამგვარ ყოველმხრივ შეტევას. ფსიქოლოგიური ომის ფარგლებში ხორციელდება ეს მუქარები, მაგრამ აქაც, მან ვერ გათვალა პასუხები, რომლებსაც მიიღებდა. ევროპელების პასუხები ძალიან მკაფიოა, უფრო მკაფიოა ვიდრე ოდესმე. მე არ მახსოვს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც იტყოდა  „ჩვენც გვაქვს ატომური იარაღი".

ჟან ივ ლედრიანმა ისაუბრა ვლადიმერ პუტინის მიერ ატომური იარაღით პირველი მუქარის შემდეგ გასულ კვირას, ბევრს პოლიტიკოსს უჩნდება კითხვები ვლადიმერ პუტინის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ, მისი პარანოია, კოვიდის აკვიატებული შიში, მისი მარტოობა შეკითხვებს ბადებს, თქვენ იზიარებთ ამ ანალიზს?

მე ქვეყნის პრეზიდენტი ვარ და არა ანალიტიკოსი, ვერ გავაკეთებ რუსეთის პრეზიდენტის ფსიქოლოგიურ ანალიზს. ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რა პირობებში იღებს ის გადაწყვეტილებებს.

ის იღებს გადაწყვეტილებებს აბსოლუტური იზოლაციის პირობებში. დღესდღეობით მას რუსეთში ვერავინ შეეწინააღმდეგება და ვერ გააჟღერებს განსხვავებულ აზრს. ჩვენ ეს ვნახეთ იმ დადგმაში, რომელიც შემოგვთავაზეს და რომლის მიზანი იყო ეჩვენებინა, რომ ის თავადაა ერთადერთი გადაწყვეტილების მიმღები და სხვას არავის აქვს სიტყვის უფლება და რა თქმა უნდა, ძალაუფლებაში იზოლაცია ყოველთვის ძალიან საშიშია.

ქალბატონო სალომე, მსმენელის შეკითხვა: შეიძლება თუ არა განვიხილოთ ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებიდან ჩამოშორების შესაძლებლობა გენერლების, დეპუტატების, მიერ, და ასევე, მეორე მსმენელი კითხულობს, რამდენადაა შესაძლებელი გადატრიალება რუსეთში?

ვფიქრობ ყველაფერი შესაძლებელია. ძნელია ვიწინასწარმეტყველო, მაგრამ მნიშვნელოვანია  ერთიანი ევროპული ფრონტი და მძიმე სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რომლებსაც შეიგრძნობს მოსახლეობაც და პუტინის გარემოცვაც. არ უნდა გვქონდეს ილუზიები, რომ რეჟიმის შეცვლა რუსეთში აუცილებლად გამოიწვევს პოლიტიკის შეცვლას. არის სეკულარული ტრადიცია, რომელიც გადასახედია, ამას ახალი რუსული თაობა გააკეთებს, შესაძლოა, ის თაობა, რომელიც დღეს გამოდის რუსული ქალაქების ქუჩებში.

საქართველოს პრეზიდენტი, ,,დიდი ინტერვიუს" სტუმარი, შეკითხვას სვამს მსმენელი პარიზიდან, მოგესალმებით ლიდი: მოგესალმებით ქალბატონო პრეზიდენტო, მინდოდა შემდეგი შეკითხვა დამესვა თქვენთვის: სადამდე წავა პუტინი, რა მიზანი აქვს მას? სურს მისი ჰეგემონიის გავრცობა მთელს ევროპაზე? პარიზამდე? რას ფიქრობთ თქვენ ამაზე?

ძალიან გამიჭირდება პასუხის გაცემა, ამისთვის პუტინის თავში უნდა ვიყო. ვფიქრობ, ამ მიდგომით, რაც უფრო შორს მივდივართ, უფრო ნაკლებ უსაფრთხოდ ვართ. რადგან მსგავს აგრესიას მოჰყვება ქმედებები. უკრაინელები აღარასდროს აღარ იქნებიან რუსების მეგობრები. დონბასის რეგიონის რუსებიც კი, რომლებიც რუსეთთან უფრო ახლოს იყვნენ ენით და კულტურით, დღეს ნაკლებ სიახლოვეს უნდა გრძნობდნენ რუსეთთან, უფრო მეტიც, მეტად უკრაინელებად და პატრიოტებად უნდა გრძნობდნენ თავს, ვიდრე ამ მოვლენებამდე.

დღეს დილას მოვისმინეთ რუსული ჯარის განცხადება, „კიევის მოსახლეობას შეუძლია თავისუფლად დატოვოს ქალაქი". რუსული მხარე ადანაშაულებს უკრაინის ხელისუფლებას, რომ ის მოსახლეობას ცოცხალ  ფარად იყენებს, რას იტყვით ამ განცხადებაზე?

ეს მოწოდებაა მოსახლეობისთვის, რუსებმა კარგად იციან, რომ კიევში და სხვა ქალაქებში ორგანიზებული სამოქალაქო წინააღმდეგობის პროცესი მიმდინარეობს. ეს მათთვის ძალიან საშიშია, რადგან ეს წინააღმდეგობა შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს, ისინი არ იცნობენ ქუჩებს და ვერ ფლობენ ქუჩის ომს; ამიტომ მათთვის ეს ძალიან რთული იქნება და მათ ინტერესებშია  სამოქალაქო მოსახლეობა წავიდეს. ეს არ ხდება მათზე ზრუნვით, არამედ თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე.

არსებობს უკრაინული ქალაქების მასობრივი დაბომბვის რისკი რუსეთის მხრიდან, როგორც ეს მოხდა გროზნოში, ჩეჩნეთში, სირიაში? ეს სცენარი შესაძლოა განმეორდეს?

ვფიქრობ, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. ძალიან ძნელია გარედან გავარკვიოთ, თუ სამხედრო სტრატეგია გამოიყენება, გამოწვევები სახეზეა.

ფილიპის შეკითხვა გვაქვს ექს-ან-პროვანსიდან: კოვიდის პერიოდიდან გამოვდივართ, უდიდესი ვალი გვაქვს და ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან საშიშია ეს ყველაფერი. რას ფიქრობთ უახლოეს 6 თვეზე ეკონომიკური თვალსაზრისით?

გავლენა ყველაზე იქნება. ჩვენ ძირითადად ვმარაგდებით უკრაინული და რუსული ხორბლით. სანქციები, რომლებიც აისახება ევროპაზე, ჩვენზეც გავრცელდება, რადგან ჩვენი მთავარი ეკონომიკური პარტნიორი თურქეთი და სხვა ევროპული ქვეყნები არიან. ყველა დაზიანდება, მაგრამ მთავარია ვიცოდეთ, რომ თავისუფლებას თავისი ფასი აქვს.

შეკითხვა იყო იმის შესახებ, თუ რამდენად არის მზად ევროპული საზოგადოებრივი აზრი რომ გადაიხადოს ეს ფასი.

ვფიქრობ, უკრაინა გვაძლევს მაგალითს - თუ გვინდა გვქონდეს მომავლის უფლება, სამშობლოს შენარჩუნების უფლება, დამოუკიდებლობის შენარჩუნების უფლება, ზოგჯერ საჭიროა ამისთვის ფასის გადახდა. ძალიან პირდაპირი ვიქნები - ის, რომ დღეს აქამდე მოვედით, ეს წლების განმავლობაში ევროპული ეგოიზმისა და ევროპული მოსახლეობების ეგოიზმის ბრალია.

როგორც გითხარით ჩვენ 4 კონფლიქტი გვქონდა რუსეთთან, ჩვენ უფრო შორს ვართ ვიდრე უკრაინა, ამასობაში იყო საბჭოთა რუსეთის აგრესია აღმოსავლეთ ევროპის ბლოკზე,  და არასოდეს ყოფილა ისეთი სოლიდარობა, როგორიც უნდა ყოფილიყო. სხვა შემთხვევაში, დღეს ამ მდგომარეობაში არ ვიქნებოდით.

გმადლობთ, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი იყო France Inter-ის სტუმარი.

 

ინტერვიუ რადიო France Inter-თან

 

სხვა სიახლეები