პრეზიდენტი - დროა, პარტიებმა მიიღონ გადაწყვეტილება, არიან თუ არა ,,ქართული ქარტიის“ არამხოლოდ სულისკვეთების, არამედ მისი ყველა სიტყვის ერთგულნი

ყველას წაკითხული გაქვთ [,,ქართული ქარტია]? ხოო? ძალიან კარგი!

არჩევნებამდე 14 დღე რჩება და ყველაფერი ძალიან კარგად არის, რადგან საზოგადოების წინაშე რა პირობაც დავდე - შევასრულე! ,,ქართული ქარტია“ შედგა! ეს არის ჩვენი სამოქმედო გეგმა, რათა დავუბრუნდეთ ჩვენს ევროპულ მომავალს და გადავურჩეთ რუსულ წარსულს, თუ მომავალს, თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს შეიძლება მომავალი იყოს და გარანტია მივცეთ საქართველოს დამოუკიდებლობასა და წინსვლას.

მინდოდა შეხვედრები, მე კონსულტაციები არ ჩავატარე, ეს არ იყო არც კონსულტაციები, არც მოლაპარაკებები. მინდოდა, იმ 4 პარტიასთან ერთად, რომლებიც დღეს პროევროპულ პლატფორმას შეადგენენ, გამევლო ამ ქარტიის ყველა პუნქტი და მათგან კიდევ ერთხელ მიმეღო დაზუსტებული პირობა, რომ ეს ქარტია სრულიად იქნება შესრულებული, და რატომ? იმიტომ, რომ მე ამ ქარტიით წავედი ევროპაში, შევხვდი ყველა პასუხისმგებელ პირს, მათგან მივიღე პირობა, რომ თუ ეს ქარტია რაღაც დონეზე შესრულდება, (ცხადია, მერე არავინ დამიწყებს... ეს ერთი პუნქტი, თუ მეორე პუნქტი..)  თუ იქნება მთლიანობაში პოლიტიკური ნება და ამ ქარტიით მსვლელობა, ჩვენ სასწრაფო ტემპით დაგვაბრუნებენ იქ, სადაც უნდა ვყოფილიყავით, ამ მოლაპარაკებების გახსნის კართან - მე მივიღე ეს პირობა და ავიღე ეს ჩემს პასუხისმგებლობად.

ამ მხრივ, საზოგადოებისა და ჩვენი პარტნიორების წინაშე ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაქვს და ვარ ჩემი სიტყვის სრულიად ერთგული.

ეს გავიარე ყველა პარტიასთან, ყველასგან მივიღე დასტური, რომ ისინი არიან ამ პროცესში, არიან ამ ქარტიის ერთგულნი და მზად არიან ბოლომდე მიიყვანონ ეს პროცესი, ამით მე ძალიან კმაყოფილი ვარ.

თუმცა, რჩება სხვადასხვა ინტერპრეტაციები ერთ საკითხზე და მე მინდა, რომ რადგანაც მე ანგარიშვალდებული ვარ საზოგადოების წინაშე და მიმაჩნია, რომ ქარტია პასუხია საზოგადოების დაკვეთაზე, ყველაფერი ძალიან ნათელი იყოს. ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ დავტოვოთ გაურკვეველი, ან რაღაც სპეკულაციების საკითხები.

ინტერპრეტაციები ეხება ამ ქარტიის (ამიტომ გკითხეთ წაკითხული გქონდათ თუ არა) ბოლო წინადადებას: - „ვდებთ პირობას, რომ მთავრობა, რომელიც ამ სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე იქნება პასუხისმგებელი, წარდგენილი იქნება საქართველოს პრეზიდენტის მიერ. “ მე ვაპირებ, წარვადგინო ტექნიკური მთავრობა. საზოგადოებას 26 მაისს განვუცხადე, რომ რადგან საზოგადოების დაკვეთა არ არის პოლიტიკოსების მიერ მანდატების გადანაწილება და ამ გარდამავალ ეტაპზე მთავრობის შექმნა, მე შევქმნა ეს ტექნიკური, ადმინისტრაციული მთავრობა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ პასუხისმგებელი იქნება იმაზე, რომ აღასრულოს ის, რაც წერია ქარტიაში და მომდევნო თვეებში მიგვიყვანოს ევროპის კართან. მე უნდა წარვადგინო ეს არაპოლიტიკოსებისგან შედგენილი ტექნიკური მთავრობა.

და რადგანაც ჩემი წარსადგენია, მიმაჩნია, რომ არჩევნებამდე უნდა წარვადგინო, რათა საზოგადოებამ იცოდეს ვინ იქნება პასუხისმგებელი მავრობაში, ცხადია, პარლამენტისა და პოლიტიკური პარტიების კონტროლის ქვეშ, ვინ წაიყვანს ამ ქვეყანას ამ ქარტიის გზაზე.

შეგიძლიათ დაუბრუნდეთ 26 მაისის სიტყვას, სადაც ეს ძალიან გაშლილად ავხსენი, სანამ პარტიებს მოვიყვანდი ხელმოსაწერად. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს არ შეიძლება გაურკვეველი დარჩეს. დღეს არის რაღაც სხვადასხვა ინტერპრეტაციები და დროა, პარტიებმა მიიღონ გადაწყვეტილება - რამდენად არიან ქარტიის, არამხოლოდ სულისკვეთების, არამედ მისი ველა სიტყვის ერთგულნი, რადგან ეს ისეთი დოკუმენტია, რომელშიც არ შეიძლება შემდეგ რაღაც გაუგებრობა იყოს.

ამ ქვეყნის სტაბილურობა დამოკიდებულია მაზე, კარგად ვიცოდეთ, რომ იმ დროს, როცა ამ 4 პარტიას შორის არის წარსული და ჯერ არ არის შექმნილი მომავალი, (დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტში მათ ურთიერთნდობა ედგება) საჭიროა, გაირკვეს ვინ დგას ბოლომდე ერთგულად ამ ქარტიის უკან. ამიტომ ველოდები - პარტიებმა კიდევ ერთხელ დაადასტურონ, რომ ამ ყველაფერს ეთანხმებიან და ვინც არ ეთანხმება შეუძლიათ წაიღონ უკან ხელმოწერა. საჭიროა, რომ როცა ხმას მისცემს საზოგადოებამ იცოდეს, რომელ პარტიას აძლევს ხმას და რომელი პარტიაა სრულიად, ბოლომდე, თანმიმდევრობით ამ ქარტიის უკან.

დარწმუნებული ვარ, ამით სტაბილურად, ძალიან გარკვევით მივალთ და გადავლახავთ ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც მომავალ წელს, ივნისში საქართველოს ევროკავშირის იმ მოლაპარაკებების გახნამდე მიიყვანს, რომელიც ჩემი პასუხისმგებლობ და რის შემდეგაც, ჩემი პასუხისმგებლობა უკვე მოხსნილი იქნება.

სხვა სიახლეები

პრეზიდენტი - მნიშვნელოვანია ის არჩევანი, რომელიც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, რათა ქვეყანა არ დაბრუნდეს ისეთ მდგომარეობაში, სადაც იქნება ცენზურა, სადაც შეზღუდული იქნება ჩვენი არჩევანი, სადაც შეზღუდული იქნება გამოხატვის თავისუფლება და სადაც შეზღუდული იქნება ის უფლებები, რომლებიც თავისუფალ საზოგადოებას ქმნის

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი: მოვუწოდებთ ცესკო-ს დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნის შესახებ და ხელი შეუწყოს ემიგრანტებს შეუფერხებლად განახორციელონ კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო უფლება