შესარჩევმა კომისიამ განცხადებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად დანიშვნის მიზნით რეკომენდაცია გაუწია გიორგი ბურჯანაძეს და კახა წიქარიშვილს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრობის კანდიდატის შერჩევის მიზნით, 2024 წლის 11 ივლისს  საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შექმნილმა კომისიამ  გასაუბრება გამართა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის კანდიდატურის შესარჩევ კონკურსში მონაწილეებთან: მანუჩარ კაკოჩაშვილთან, გიორგი ბურჯანაძესთან, თამარ ალფაიძესთან, დიმიტრი გაბუნიასთან და კახა წიქარიშვილთან.

გასაუბრების შემდეგ კომისიამ კანდიდატები წინასწარ შემუშავებული და გასაჯაროებული კრიტერიუმების მიხედვით შეაფასა.

შესარჩევმა კომისიამ განცხადებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად დანიშვნის მიზნით, რეკომენდაცია გაუწია გიორგი ბურჯანაძეს და კახა წიქარიშვილს.

საქართველოს პრეზიდენტი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრს არაუგვიანეს  2024 წლის 15 ივლისს დანიშნავს.

გასაუბრების პროცესს ესწრებოდნენ და მონიტორინგს უწევდნენ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) ექსპერტები: ,,დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა დემოკრატიისთვის. საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების პატივისცემის უზრუნველსაყოფად, ODIHR პრეზიდენტის აპარატის მოწვევით მონიტორინგს უწევს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშვნის პროცესებს.

მონიტორინგის დეტალური ანგარიში გამოქვეყნდება ამ წლის ბოლოს, რომელშიც მოცემული იქნება ჩვენი ძირითადი მიგნებები პროცედურის გამჭვირვალობისა და სამართლიანობის შესახებ, ასევე რეკომენდაციები, რათა სამომავლოდ გაუმჯობესდეს დანიშვნის პროცესი.

ODIHR-მა შეიმუშავა მონიტორინგის ღირებული ინსტრუმენტების ნაკრები, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია ეუთოს რეგიონის ქვეყნებში სასამართლო დანიშვნებისა და შემოწმების (ვეტინგის) პროცესების მონიტორინგისთვის“,  - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ODIHR) გაავრცელა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმის მთავარი ნაბიჯები ასახულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ შედგენილ „ქართულ ქარტიაში“. ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების კვალიფიკაციის, კეთილსინდისიერების, დამოუკიდებლობის და მათ შესახებ სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის შეფასება-შემოწმება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი კომისიის მიერ.

პრეზიდენტი უფლებამოსილია დისკრეციულად შეარჩიოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშნოს კონკურსში მონაწილე ერთ-ერთი კანდიდატი, მათგან, ვინც აკმაყოფილებენ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნულის მიუხედავად, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შეიქმნა დამოუკიდებელი შესარჩევი კომისია, რომელიც პრეზიდენტს წარუდგენს რეკომენდაციებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატურის შესარჩევ კონკურსში მონაწილეთა შესახებ.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს უფლებამოსილების ვადა 2024 წლის 22 ივლისს ეწურება;

გასაუბრების სრული პროცესის პირდაპირი ტრანსლირება განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური სოციალური ქსელების ,,ფეისბუქისა“ და ,,იუთუბის“ მეშვეობით, ასევე, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდის საშუალებით.

 

სხვა სიახლეები