პრეზიდენტი აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან შეხვედრაზე: ეს ქვეყანა არასოდეს იყო და არასოდეს იქნება პრორუსული!

საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, უზრა ზეიასთან ქართულ - ამერიკული ურთიერთობები და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები განიხილა.

შეხვედრაზე, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა, საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის ევროპულ მომავალზე საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო არასოდეს იყო არასოდეს იქნება პრორუსული, ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის უალტერნატივო არჩევანი ქვეყნის ევროპული გზაა.

საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს მადლობა გადაუხადა საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან, ათეული წლების განმავლობაში სხვადასხვა სფეროში ქვეყნის განვითარების მტკიცე მხარდაჭერისათვის.

საუბარი შეეხო მომავალ საპარლამენტო არჩევნებს და როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, არჩევნებზე იქნება საზოგადოების სრული მობილიზაცია, არასამთავრობო სექტორის და ახალგაზრდებისა და ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ დაადასტურებს საკუთარ ევროპულ არჩევანს.

შეხვედრაზე ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განხილვისას საუბარი შეეხო სამხედრო წვრთნების გადადებას და მის შესაძლო შედეგებს.

განხილულ იქნა „ქართული ქარტიის“ მნიშვნელობა, რომელიც წარმოადგენს პრეზიდენტის მიერ შედგენილ სამოქმედო გეგმაა, რათა უმოკლეს ვადაში შესრულდეს ევროკავშირის რეკომენდაციები.  ქარტიაზე ხელმომწერმა პარტიებმა აიღეს პასუხისმგებლობა, რათა შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები, საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ გზას.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს ქვეყნის ევროპული გზის ლიდერობისათვის და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი იმის დადასტურებაა, რომ ამერიკისათვის მნიშვნელოვანია ქართველ ხალხთან სიღრმისეული პარტნიორობა და აშშ კვლავაც გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას.

მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების საკმაო გამოწვევებით აღსავსე ანტიდემოკრატიულმა ცვლილებებმა საფრთხის ქვეშ ჩააგდო ქვეყნის ევროატლანტიკური გზა, რომელიც ქართველის ხალხის ნებას გამოხატავს.

 

სხვა სიახლეები