პრეზიდენტმა საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის ჩამოყალიბება-განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის გიორგი ტუხაშვილი ღირსების მედლით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის ჩამოყალიბება-განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, ახალგაზრდების სამეწარმეო საქმიანობის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და ქართული სტარტაპ კომპანიების საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაციისა და ხელშეწყობისთვის ,,Startup Grind Tbilisi“-ს თანადირექტორი, სტარტაპ ,,KERNEL“-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ტუხაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების მედლით დააჯილდოვა.

დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა და სახელმწიფო ჯილდო საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი ტუხაშვილის დედას, ნანა კაპანაძეს გადასცა.

,,მე მინდა ვისარგებლო დღევანდელი დღით და სამწუხაროდ, გარდაცვალების შემდეგ, ღირსების მედალი გადავცეთ ადამიანს, რომელიც თქვენთვის ალბათ ერთგვარ სიმბოლოს წარმოადგენს, რადგან გიორგი ტუხაშვილზე საუბარი. ის თავის თავში აერთიანებდა ყველა იმ მიმართულებ, რომელიც სტარტაპებში არსებობს, რომელიც საჭიროდა რომელმაც დღემდე მოგვიყვანა. 10 წლის წინ, პრაქტიკულად, ეს დარგი არ არსებობდა, არ იყო ასეთი განვითარებული და სწორედ ეს ადამიანი იყო ამ განვითარების საწყისებზე. ალბათ მას უნდა ვუმადლოდეთ, რომ ახალგაზრდებიც გაზარდა, მენტორობაც გაუწია ზოგ მეწარმეს, ინვესტიციების მოზიდვაში დაიწყო თვითონაც მოღვაწეობა, გამართა ის ძალიან დიდი შეკრებები, რაც სატრაპებისთვისაა დამახასიათებელი და თბილისში ჩაატარა ასეთი დიდი შეკრება 2019 წელს, თუ არ ვცდები. ამ ყველაფრისთვის, მოტივაცია სწორედ იმაშიცაა, რომ ჩვენ უნდა ვაღიაროთ ადამიანების ღვაწლი იმ საქმეში, რომელიც ესოდენ გვჭირდება, რომელსაც ექნება სამომავლოდ განვითარება იმიტომ, რომ არსებობენ სწორედ სეთი ადამიანები, რომლებსაც სჯეროდათ, სჯერათ და იქნებიან ბოლომდე ჩართული ამ საქმეში და ეს არის ის საქმე, რომელიც ამ ქვეყანას ძალიან ძალიან სჭირდება.“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი ტუხაშვილის დედამ, ნანა კაპანაძემ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს და აღნიშნა - ,,გიორგის გვერდით ყოველთვის ვხედავდი და თქვენში ვხედავ ჭკვიან, მოტივირებულ, მომავლის უკეთესობისკენ შეცვლისთვის მობილიზებულ ახალგაზრდებს, გონიერ ახალგაზრდებს. საქართველო აუცილებლად გაბრწყინდება და გაბრწყინდება თქვენით.“

,,Startup Grind Tbilisi“-ს დირექტორმა კოლინ დონაჰიუმ ხაზი გაუსვა გიორგი ტუხაშვილის მიერ ამ სფეროში შეტანილ უდიდეს წვლილს. ,,ამ დროს ჩვენ არ უნდა დავნებდეთ, არ უნდა დავიხიოთ უკან, ჩვენ უნდა ვიაროთ ჩვენი ოცნებებისკენ. გიორგი იყო უდიდესი ერთობის, გაგების სურვილის მქონე პიროვნება. არა მხოლოდ საკითხების ზედაპირზე შეხების, არამედ სიღრმეებში ჩაძიების სურვილის მქონე. საკუთარ თავს გამოწვევების წინაშე აყენებდა, სხვებისგან ელოდა მეტს, რათა უკეთესები ვყოფილიყავით როგორც პიროვნებები, როგორც საზოგადოება. როდესაც კოვიდის დროს წამოწყება დავიწყეთ, მსოფლიოს ას ათი ორგანიზაციის დირექტორი მუშაობდა ჩვენთან ერთა, მათ ფოკუსი საქართველოზე გააკეთეს, თუ რისი მოტანა შეეძლო საქართველოს მსოფლიოსათვის და გიორგი ამ ურთიერთობებში ცენტრალური ფიგურა იყო.“ - აღნიშნა კოლინ დონაჰიუმ.

სტარტაპ ,,KERNEL“-ის დამფუძნებელმა ბექა დალაქიშვილმა გიორგი ტუხაშვილის საქმიანობაზე ისაუბრა. ,,ის რის გამოც ფასდება დღეს ამ სახით გიორგის სიცოცხლე არის ის რაც გააკეთა, ალბათ, უმეტესობა ჩვენგანისთვის ყველაზე რთულ მომენტში ყოველთვის გვაძლევდა დამატებით ენერგიას, დამატებით მოტივაციას იმისთვის, რომ წავსულიყავით წინ, გვეკეთებინა კეთილი საქმეები.“ - განაცხადა ბექა დალაქიშვილმა. 

სხვა სიახლეები