საქართველოს პრეზიდენტმა ეუთო/ოდირის დირექტორთან მატეო მეკაჩისთან საქართველოში მიმდინარე მოვლენები, რუსული კანონის მიღებით საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე და დემოკრატიულ განვითარებაზე შესაძლო შედეგები განიხილა.
ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე რუსულ კანონის ვეტოზე საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი ვეტოს დაადებს ყველა იმ კანონს, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციას და დემოკრატიულ განვითარებას.
პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია 26 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებამდე სტაბილური და მშვიდობიანი გარემოს შენარჩუნება, რათა ქართველმა ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი გააკეთოს.
ეუთო/ოდირის დირექტორმა გამოთქვა აბსოლუტური მზაობა, გააძლიეროს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობა და მხარდაჭერა.
პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია ამ პროცესში საქართველოს პარტნიორების მხარდაჭერა და მაღალი დონის ვიზიტების გაგრძელება, რაც ქართველი ხალხისთვის ძალიან დიდი სტიმული და იმის ნიშანი იქნება, რომ საქართველო ევროპისკენ მიმავალ გზას ჩვენს პარტნიორებთან ერთად და მათი მხარდაჭერით გადის.
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუციების და ადამიანის უფლებათა ოფისი მზადაა როგორც გრძელვადიანი ისე მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისია მოავლინოს საქართველოში და ამ საკითხზე მიმდინარე წლის დასაწყისიდან აქტიურად მუშაობს სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად.
ეუთო/ოდირის დირექტორმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის მტკიცე მხარდაჭერისათვის.