საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის პრეზიდენტთან გიტანას ნაუსედასთან სატელეფონო საუბრისას საქართველოში განვითარებული მოვლენები განიხილა და ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
საქართველოს პრეზიდენტმა ლიეტუველ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ ლიეტუვის ურყევი მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის მიმართ ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერის უდიდესი მნიშვნელობა.
საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა რამდენად უალტერნატივოა ქვეყნისთვის არჩევნებამდე სტაბილურობის შენარჩუნება და საქართველოს ევროპული მომავლის არჩევნების გზით დაცვა. “დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი კვლავ აუცილებლად მისცემს ხმას ჩვენს ევროპულ მომავალს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ლიეტუვის პრეზიდენტმა შეშფოთება გამოხატა „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით და იმაზე, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე. მისი განცხადებით, ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას ევროპული მომავლისაკენ სწრაფვაში.