პრეზიდენტმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ქვეყანაში განვითარებული მოვლენები განიხილა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ისაუბრა.
ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპულ გზაზე საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ რუსეთის მიზანია ქვეყანაში დესტაბილიზაცია და საზოგადოების დაყოფა, რასაც საქართველოში არ უნდა მიაღწიოს.
,,თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის და განაგრძეთ ეს მხარდაჭერა“,- მიმართა ელჩებს პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია ასევე ევროპელი ლიდერების მაღალი დონის ვიზიტების გააქტიურება, რაც თავისთავად იქნება მხარდაჭერის გამოხატულება.
პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში შექმნილ ამ ვითარებაში მნიშვნელოვანია ასევე, რომ არჩევნებზე ხალხმა თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და გააკეთოს არჩევანი.
ევროკავშირის ელჩის განცხადებით, ეს კანონი ეწინააღმდეგება და საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას.