აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (Ultimate Fighting Championship, UFC) გამარჯვებული ქვემსუბუქ წონაში, ქართველი პროფესიონალი მებრძოლი ილია თოფურია საქართველოში შერეული საბრძოლო ხელოვნების პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისა და წარმატებული სპორტული საქმიანობისთვის დაჯილდოვდა.
დაჯილდოების ცერემონია დღეს ორბელიანების სასახლეში გაიმართა და სახელმწიფო ჯილდო საქართველოს პრეზიდენტმა ილია თოფურიას პირადად გადასცა.
“მინდა ყველას მოგესალმოთ. გაგიზიაროთ ჩემი და მთლიანად საქართველოს სიხარული. მე მოეცა იმის საშუალება, რომ დღეს გადმოგცეთ ეს ჯილდო, რომელიც ბევრი ასპექტით ძალიან სამაგალითოა. ახალგაზრდებისთვის ეს მაგალითია, თუ რა სიმაღლეებს შეიძლება მიაღწიონ - არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს საქართველოში თუ საზღვარგარეთ იმიტომ, რომ სპორტი არის მართლაც საერთაშორისო დარგი. საიდანაც არ უნდა იწყებდე მთავარი ისაა, რომ ახვიდე მაღალ ადგილზე და ამის მაგალითი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ახალგაზრდებისთვის იმ დროს, როცა უნდა გაიგონ, რომ ჯანსაღი ცხოვრება და სპორტი მათი მომავლისთვის ამის განსახიერებაა, მიუხედავად იმისა შემდგომში სპორტს გაჰყვებიან თუ არა და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა თქვენ. თქვენსავით გამარჯვებული სპორტსმენები არიან მათთვის ცოცხალი მაგალითები და ჩვენს საზოგადოებას ზოგადად აკლია მაგალითები, ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
მეორე, არანაკლებად მნიშვნელოვანი ასპექტია, რომ თქვენ საქართველოს მოქალაქეობის დროულად შენარჩუნება მოისურვეთ. დღევანდელ დღეს ესეც ძალიან სერიოზული გზავნილია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც უცხოეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს, რათა მათ დროულად გამოიჩინონ ეს სურვილი - დაიბრუნონ ან შეინარჩუნონ [მოქალაქეობა]. ამის სხვადასხვა ფორმა არსებობს და ახლა არ შევალ ამ იურიდიულ დეტალებში, მაგრამ ეს სურვილი მათგან, თქვენგან, ნიშნავს, რომ ინარჩუნებთ კავშირს ქვეყანასთან, ნიშნავს, რომ რაც არ უნდა წარმატებული იყო მაინც გინდა, რომ ატარო საქართველოს დროშა და იყო საქართველოს წარმომადგენელი. ამისთვის, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელს, მინდა, უღრმესი მადლობა მოგახსენოთ იმიტომ, რომ თქვენი მეშვეობით ეს გზავნილი გავა და უკვე გავიდა. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანისგან, ძალიან ბევრი ახალგაზრდისგან ატაცებული იქნება. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ [მოქალაქეობის] შენარჩუნების, აღდგენის, მინიჭების სხვადასხვა ფორმაა და ეს შემდგომ თქვენ თავად უნდა (თუ გინდა ჩვენთან ერთად) გაარკვიოთ. მაგრამ, მთავარი ნება და ეს ნება გამოიჩინეთ, დღეს ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს არის ქართველობა და ეს არის ერთგულება საკუთარი ქვეყნისადმი - სადაც არ უნდა იყო და როგორც არ უნდა იყო წარმატებული. ამისთვის კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა თქვენ.
დღეს მინდა ისიც ვთქვა, რომ ძალიან ბედნიერი ვარ თქვენი გამარჯვების აღნიშვნით, მაგრამ, რადგან დღევანდელი დღე ასევე ძალიან მნიშვნელოვანი შეჯიბრის დღეა, მინდა წინსწრებით ჩვენს ნაკრებს ამ საღამოს გამარჯვება ვუსურვო, სადაც თქვენც იქნებით, მეც ვიქნები და ძალიან ბევრი ხალხი იქნება.
ძალიან დიდი მადლობა ყველას მოსვლისთვის და ძალიან დიდი მადლობა თქვენ ყველაფრისთვის!“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
დაჯილდოების ცერემონიაზე ილია თოფურიამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს სახელმწიფო ჯილდოსთვის:
„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ამ ტიტულის მიღება. საქართველოდან წავედი როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე და დღეს, აქ რომ ვბრუნდები თქვენ წინაშე და ასეთი სახის ტიტულს რომ ვღებულობ სიამაყით მავსებს. მადლობა მინდა გადაგიხადოთ ასეთი კარგი სიტყვებისთვის. როგორც ახსენეთ ახლა მალე წავალთ, საქართველოს ნაკრებს დავუჭერთ მხარს და აუცილებლად გავამარჯვებინებთ!
უდიდესი მადლობა ყველას მოსვლისთვის, გაუმარჯოს საქართველოს!“,- განაცხადა ილია თოფურიამ.