საქართველოს პრეზიდენტმა დღეს NDI-ის წინასაარჩევნო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრაზე საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების მნიშვნელობა განიხილა.
დელეგაციის ხელმძღვანელმა, შვედეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ან ლინდემ საქართველოს პრეზიდენტს ქვეყნისათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცა და ხაზი გაუსვა ამ პროცესში საქართველოს პრეზიდენტის როლს.
თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტი მიესალმა, რომ NDI-ის მისია წინასაარჩევნო პროცესის მონიტორინგს ადრეულ ფაზაში იწყებს, რადგან 26 ოქტომბრის არჩევნებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის წარმატებისათვის.
შეხვედრისას საუბარი შეეხო შემოდგომით დაგეგმილ არჩევნებში დიასპორის მონაწილეობისა და ჩართულობის მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა უნდა შეძლონ საკუთარი საარჩევნო უფლების რეალიზება.
საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე საუბრისას ყურადღება გაამახვილა რუსეთისგან მომდინარე შესაძლო ჰიბრიდულ საფრთხეებზე.
არჩევნების პროცესზე საუბრისას განიხილეს პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის გაძლიერების საკითხი და ის დაბრკოლებები, რომლებსაც ქალები ამ პროცესში აწყდებიან.
საქართველოს პრეზიდენტმა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ქარტიის შექმნის თაობაზე მისი ინიციატივის შესახებ, რომლის მიზანიც ევროპულ მომავალსა და ქვეყნის მთავარ პრიორიტეტებზე თანხმობის მიღწევაა.