პრეზიდენტმა დღეს ორბელიანების სასახლეში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს უმასპინძლა, რომლებიც ხელმოწერების კამპანიას ,,ჩვენი ხმა ევროპას“ შეუერთდნენ.
ხელმოწერების კამპანია 8 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო და საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოთხოვნით ევროკავშირის ლიდერებისადმი მიმართვას ითვალისწინებს.
,,მოხარული ვარ თქვენი აქ მობრძანებით. ვთვლი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კამპანია - „ჩვენი ხმა ევროპას“ [რომელიც თხუთმეტ დეკემბერამდე დასრულდება] ყოფილიყო სრულყოფილი კამპანია, რომელიც მოიცავდა საქართველოში ყველა წარმოშობის მოქალაქეს, რადგან ევროპა სწორედ მოქალაქეობაა. მოქალაქეს კი, არ აქვს ეროვნება, უფრო სწორად - თავისი ეთნიკური წარმოშობით, თავისი რელიგიური მრწამსით, თავისი ძირით და ფესვებით სრულყოფილი მოქალაქეა და ევროპული ტიპის სახელმწიფოში ყველას უნდა ჰქონდეს წარმატებისა და სრულყოფილად არსებობის საშუალება.
ამის საშუალება საქართველოში ყოველთვის იყო და დღესაც არის. სწორედ ამით და თქვენით, საქართველო ევროპელი იყო სანამ ევროპა ევროპელობდა და ევროპული იქნება იმიტომ, რომ საქართველოს კულტურაში ეს ფასეულობა ყოვეთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ყველას ჰქონოდა თავისი იდენტობის, თავისი ენის, თავისი მრწამსის შენარჩუნების და განვითარების საშუალება. ამით თქვენ ჩვენთან ერთად და ჩვენ თქვენთან ერთად ვუგზავნით ჩვენს ხმას ევროპას - რომ ეს არის ის საფუძველი, რომელზეც გვინდა, რომ მომავალი სახელმწიფო აშენდეს. ჩვენ ერთად შევალთ ევროკავშირში, ეს უთუოა, რამეთუ ეს ჩვენი ქვეყნისთვის ერთადერთი რეალური პერსპექტივაა, რათა იქ, სადაც ჩვენ ვართ, მშვიდობიანად განვვითარდეთ და მივიღოთ ყველა ის კეთილდღეობა, რაც ევროპას მოაქვს. პირველ რიგში, გამყარდეს ის თავისუფლება, რომელიც ყველას ინდივიდუალურად საშუალებას მოგვცემს, რომ კიდევ უფრო წარმატებულები ვიყოთ. მინდა ყველას ასეთ ხვალინდელ საქართველოში ცხოვრება გისურვოთ.
მინდა დღევანდელი დღე - აქ ერთად ყოფნის დღე, ყველას მოგილოცოთ. მინდა ებრაელ თანამოქალაქეებს მოგილოცოთ ხანუქას დაწყება. მომავალი კვირის დღესასწაულს ვულოცავ ეზიდებს, ხოლო კათოლიკებსა და მართლმადიდებლებს მომავალ შობას. ყველა დღესასწაულს ჩვენ ყველა ერთად ვზეიმობთ, რადგან ერთად ცხოვრება ნიშნავს, რომ ჩვენ ერთამნეთს არა მხოლოდ პატივს ვცემთ, არამედ ერთად ვზეიმობთ და ერთად ვგლოვობთ, გლოვის ჟამს. დღეს მინდა ვახსენო სომხებისთვის ეს მძიმე დღე - სპიტაკი, რომელიც 35 წლის წინ მოხდა და ეს არ უნდა დავივიწყოთ, რადგან ის ჩვენი მეზობელი ქვეყანაა და აქ მცხოვრები სომხური წარმოშობის ქართველი მოქალქეები ამ დღეს ძალიან მძიმედ იხსენებენ და მათთან ერთად ჩვენც.
მინდა ყველას სასიამოვნო საღამო გისურვოთ. ეს იმ ტოლერანტობის ზეიმი იქნება, რომელიც ჩვენი ნიშანია, იყო და არის კავკასიის ნიშანი და მომავალშიც, ევროპულ კავკასიაში, ჩვენი დამახასიათებელი ნიშანი იქნება.“ - განაცხადა პრეზიდენტმა.