ნიკო კვარაცხელია (სიკვდილის შემდეგ) მაღალი ტექნოლოგიების სფეროს განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის, პირველი ქართული სოციალური პლატფორმა „ფიდსის“ შექმნისათვის, ახალგაზრდების ეკონომიკური და სოციალური აქტივობების განსაკუთრებული მხარდაჭერისა და საერთაშორისო დონეზე საქართველოს პოპულარიზაციისათვის დაჯილდოვდა.
სახელმწიფო ჯილდო პრეზიდენტმა ახალგაზრდა მეწარმის, ნიკო კვარაცხელიას დედას, იზა ომაძეს ორბელიანების სასახლეში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე გადასცა და აღნიშნა, რომ ეს ჯილდო ზოგადად, ნიკოს თაობას გადაეცემა.
,,დღეს ძალიან სიმბოლური და მნიშვნელოვანი დღეა. მე, როგორც პრეზიდენტს, არ ვიცი რამდენი დღე დამრჩა, მაგრამ ჩემთვის ძალიან ღირებული იქნება, თუ ასე დამთავრდა ყველაფერი, რომ ეს ჩემ მიერ ბოლოჯერ გადაცემული ჯილდო იქნება - ასეთი მნიშვნელოვანი ადამიანის და თაობისთვის. მინდა ეს დღე და ეს დაჯილდოება ასე წარმოვიდგინო.
ცხადია, ეს ჯილდო იმ ახალგაზრდის ხსოვნას ეძღვნება, რომელმაც ასეთ მოკლე დროში ძალიან ბევრი შეძლო და ძალიან ბევრი დაუტოვა თავის მეგობრებს, ოჯახს და ამ თაობას. რადგან სწორედ ასეთი მაგალითებია ის, რითიც ჩვენ ვიზრდებით, რითიც საზოგადოება არსებობს და დანახვა იმისა, (რაც ყველაზე უფრო გვიჭირს დღევანდელ დღეს), რომ საზოგადოება არსებობს და ეს საზოგადოება სიცოცხლისუნარიანია. პარადოქსია, რომ ზოგჯერ, სწორედ გარდაცვალება მოიცავს ამ უზარმაზარ სიცოცხლის უნარს. ალბათ, ჩვენი ქვეყნის ისტორია სწორედ ამაშია, რომ ყველაზე დიდი ტრაგედიების შემდეგ იწყება ახალი ეტაპი, ახალი ძალა, ახალი ენერგია; ასე რომ არა, დღეს აქ არ ვიქნებოდით, დღემდე არ მოვიდოდით.
ამიტომ, მე არ მინდა, ჩვენ დღეს ტრაგედიად განვიცადოთ ის, რაც ოჯახისთვის და მისი მეგობრებისთვის ნამდვილად ტრაგედიაა და ამას ვერაფერი წაშლის, მაგრამ ამ ტრაგედიის იქით, მინდა, დავინახო იმედი, მინდა დავინახო ის ახალი თაობა, რომელიც მოდის, რომელიც სადაც არ უნდა იყოს ყველაფერს ფლობს.
იცით, რომ ნიკო უცხოეთში იყო გაზრდილი, ნასწავლი, მოიარა ბევრი ქვეყანა და ეს არის დღევანდელი დღის მოცემულობა, რომ არავინ არაა ერთ ადგილას, არავინაა, რომ არ მოძრაობდეს და არ ხედავდეს მსოფლიოს. ამიტომ დღეს ჩვენ მსოფლიოს ნაწილი ვართ. ჩაკეტილობა არასოდეს იყო ჩვენთვის მიმზიდველი და არასოდეს იქნება ასე.
დიდი იმედი მაქვს, ახალგაზრდები მაინც ჩათვლიან, რომ ეს ქვეყანა მათი ქვეყანაა, რომ მათთვის აქ არის პერსპექტივა, რომ არ ჩაიქნევენ ხელს და არ იფიქრებენ რომ სხვაგან და მხოლოდ სხვაგან უნდა გამონახონ ახალი პერსპექტივა.
ეს ჩვენი გასაკეთებელია, ვინც აქ ვართ და ვისაც გვაქვს რაღაც პასუხისმგებლობა, რათა მათ ისევ დაინახონ, რომ ამ ქვეყანას სჭირდება თავისი ახალგაზრდობა, სჭირდება ახალი თაობა, სჭირდება ნიჭიერი ახალგაზრდები, სჭირდება ისეთი ახალგაზრდები, რომლებიც შორს ჭვრეტენ და ხედავენ, რომ იქმნება ახალი მსოფლიო და ეს ესმით. ეს ყველაფერი მოცემული იყო ნიკოში. სამწუხაროდ, მისი ცხოვრება ძალიან მალე დასრულდა და ჩვენ, ყველას დანარჩენებს დაგვიტოვა გასაკეთებლად“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ნიკო კვარაცხელიას დედამ იზა ომაძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს ნიკოს დაფასებისთვის - ,,ნიკოზე საუბარი მიჭირს. მინდა, მოვიყვანო მისი თანატოლისა და მეგობრის, გიორგი ჩახნაშვილის სიტყვები - ნიკო არ იყო სტივ ჯობსი, ილონ მასკი, ან ჯეფ ბეზოსი, ის იყო უფრო მეტი, ნიკო იყო მომავალი. გიორგი ჩახნაშვილის ეს სიტყვები გახდა სწორედ ინსპირაცია იმისა, რომ ნიკოს საქმიანობა ჩვენ გაგვეგრძელებინა მომავალში, მომავალ თაობასთან ერთად.
ეს დიდი ჯილდო ეკუთვნის მომავალ თაობას, ახალგაზრდებო, გეკუთვნით თქვენ, რომ განათლებით, სწორი ღირებულებებითა და თავისუფალი სამყაროსკენ სწრაფვით შეექმნათ მომავლის საქართველო“, - აღნიშნა იზა ომაძემ.
დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ: მედიაპლატფორმა ,,ბი-ემ-ჯის“ რედაქტორი გიორგი ისაკაძე, რომელმაც სახელმწიფო ჯილდოზე წარადგინა ნიკოლოზ კვარაცხელია და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე.
გიორგი ისაკაძის განცხადებით, საზოგადოებამ იცის, რომ ნიკო კვარაცხელია უმთავრესად, ღირსებითა და ეს ზრდილობით გამორჩეული ადამიანი იყო, რომელიც მისი თაობისათვის მაგალითი გახდა.
,,გადაწვეტილება, რომელიც დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო, ალბათ ხაზს გაუსვამს მის ამ ყველაზე მნიშვნელოვან თვისებას - ღირსებასა და ზრდილობას. მინდა სრულად გავიზიარო ის, რაც დღეს პრეზიდენტმა ბრძანა, რომ ნიკო არის გამორჩეული მაგალითი ამ თაობისათვის. მინდა ყველამ იცოდეს, რომ ამ ქვეყანაში აუცილებლად ხედავენ და აფასებენ ნიჭს და შემართებას.
ძალიან ბევრი რამ, რაც მის სახელს უკავშირდება იქნება ნამდვილად იმის მატარებელი, რაც ყველაზე მეტად მოაკლდა საზოგადოებას, ეს არის მაგალითი. მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იცხოვრო ღირსებით, ზრდილობით და განათლებით. მადლობას ვუხდი ყველას, პირველ რიგში საქართველოს პრეზიდენტს ამ დაფასებისთვის“, - განაცხადა გიორგი ისაკაძემ.