საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე:
მოგეხსენებათ დღეს ,,ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომელიც უკავშირდება ეროვნული ბანკის საქმიანობას.
პირველი, საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობა არ ზიანდება. ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას დღეს ასრულებს ერთ-ერთი კვალიფიციური და პროფესიული კადრი. არ ფერხდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნის პროცესი. ბანკის საბჭოს დღესვე შეუძლია წარმოადგინოს ბანკის ხელმძღვანელის კანდიდატურა. პრეზიდენტის მიერ დაწყებული საბჭოს წევრების შერჩევის პროცესი ამ წარდგინებასთან კავშირში არაა და არც რაიმეს შემაფერხებელია.
რაც ეხება მოქმედი ფინანსთა მინისტრის, ბატონი ლაშა ხუციშვილის წარდგენას საქართველოს პრეზიდენტი მის კანდიდატურას ნამდვილად განიხილავდა და მიიჩნევდა, რომ მისი პროფესიონალიზმი, გამოცდილება და კვალიფიკაცია აკმაყოფილებდა კრიტერიუმებს. თუმცა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი კანდიდატის დამოუკიდებლობა კითხვებს აჩენდა, რაც გამყარდა მთავრობის მხრიდან ლაშა ხუციშვილის წარდგენის კატეგორიული მოთხოვნით, პრეზიდენტზე მუდმივი ზეწოლითა და შანტაჟით.
ის, რაც ნამდვილად აზიანებს და აფერხებს ეროვნული ბანკის საქმიანობას არის მმართველი პარტიის დღევანდელი განცხადება, რამაც საბოლოოდ გამოააშკარავა, რომ აღნიშნული კანდიდატი ერთადერთი და უალტერნატივოა არამხოლოდ მთავრობისთვის, არამედ მმართველი პარტიისთვისაც. ის, რაც ნამდვილად ემსახურებოდა და იცავდა ეროვნული ბანკის ინტერესებს იყო პრეზიდენტის ვეტო; რაც აზიანებს ბანკისა და ქვეყნის რეპუტაციას კი, მმართველი პარტიის მხრიდან ვეტოს დაძლევის მუქარაა.