საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ლიეტუვის პირველი ლედი დიანა ნაუსედიენი ვილნიუსში უკრაინულ ცენტრს ეწვივნენ, რომლის მიზანიც ომის დროს უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა რეაბილიტაციაა.
ცენტრი 2022 წლის ივნისში ლიეტუვისა და უკრაინის პირველი ლედების ინიციატივით დაარსდა და მისი მიზანია ასევე უკრაინელებისათვის ღია და საგანმანათლებლო სივრცის შექმნა, ფსიქოლოგიური და სამედიცინო სერვისების მიწოდება, ბავშვებისთვის სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა, სხვადასხვა ენების სწავლება და ლიეტუვაში უკრაინული კულტურული მემკვიდრეობის განვითარება.
ლიეტუვის პირველმა ლედიმ საქართველოს პრეზიდენტს ცენტრის მუშაობის სპეციფიკა გააცნო და აღნიშნა, რომ ცენტრი, რომელიც თანამშრომლობის ხიდების აშენებას ცდილობს მუდმივად გრძნობს საერთაშორისო მხარდაჭერას და საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტიც ამის დადასტურებაა.
მან მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს საჩუქრებისათვის და საქართველოს ელჩს ცენტრის სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობისთვისა და მხარდაჭერისთვის.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქართველი ხალხი სრულიად სოლიდარულია უკრაინისა და უკარაინელი ხალხის მიმართ, რაც ძალიან თვალსაჩინოა, თუნდაც თბილისის ქუჩებში.
საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინელ ბავშვებს საქართველოდან ჩატანილი საჩუქრები: საბავშვო წიგნები და ქართული ტრადიციული ტკბილეული გადასცა.