პრეზიდენტმა მიხეილ (მიხა) ხელაშვილს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა, ლელა ვეფხვაძე კი ღირსების მედლით დააჯილდოვა

პრეზიდენტმა სახალხო პოეტს, ანტისაბჭოთა პარტიზანული მოძრაობის მონაწილეს, ,,შეფიცულთა რაზმის“ წევრს მიხეილ (მიხა) ხელაშვილს სიკვდილის შემდეგ ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა. ასევე, 9 აპრილთან დაკავშირებით, ღირსების მედლით დაჯილდოვდა 1989 წლის 9 აპრილის მონაწილე, უსინათლო მომღერალი ლელა ვეფხვაძე.

"მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველა ადამიანს ამ სითბოსთვის. მე ყოველთვის ვგრძნობ ადამიანებისგან გაღებულ სითბოს, სიყვარულს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ სალომეს, ჩემს საყვარელ პრეზიდენტს და მინდა ვუთხრა, რომ ვეცდები ეს ჯილდო ვატარო ღირსეულად, ვეცდები ნამდვილად ვიყო ისეთი შვილი, როგორიც ჩვენს ქვეყანას შეეფერება, როგორსაც იმსახურებს ეს დალოცვილი და მადლიანი ქვეყანა",- აღნიშნა ლელა ვეფხვაძემ.

მიხეილ (მიხა) ხელაშვილის ეროვნული გმირის ორდენი ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა, სადაც მიხა ხელაშვილის პირადი არქივია დაცული.

,,მიხა ხელაშვილის ეროვნული გმირის ორდენს ეროვნულ ბიბლიოთეკას რომ გადასცემენ, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეროვნულ ბიბლიოთეკაში მიხა ხელაშვილის პირადი არქივია დაცული, ის ფოტოც, რომელიც მას სიკვდილის შემდეგ გადაუღეს და აკრძალული იყო მისი დაკრძალვა. ეს ფოტოც ჩვენთან არის დაცული. მე მიხარია, რომ გამოვეცით მიხა ხელაშვილის სრული კრებული. ხვალიდან ეს ორდენი წიგნის მუზეუმში იქნება დასვენებული და ყველა ქართველს შეეძლება ნახოს.“ - აღნიშნა ლევან თაქთაქიშვილმა, ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორმა.

დაჯილდოების ცერემონია დღეს, ორბელიანების სასახლის ეზოში გაიმართა, რომელიც 9 აპრილთან დაკავშირებით ყველა მოქალაქისათვის ღია იყო. 

სხვა სიახლეები