ქალ ბიზნესლიდერთა ფედერაციამ ,,ქალები მომავლისთვის“ საქართველოს პრეზიდენტს საერთაშორისო მიმართულებით გამოხატული სწორი პოზიციისათვის მადლობა გადაუხადა

ქალ ბიზნესლიდერთა ფედერაციამ ,,ქალები მომავლისთვის“ საქართველოს პრეზიდენტს საერთაშორისო მიმართულებით გამოხატული სწორი პოზიციისათვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა დღეს ორბელიანების სასახლეში შედგა. 

საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, იმ აგრესიას, რომელსაც რუსეთი ჩვენი მეგობარი ქვეყნის მიმართ ახორციელებს და უკრაინის მიმართ სოლიდარობას.

,,მინდა ყველა წევრის სახელით მადლობა გადაგიხადოთ ამ ძალიან რთულ სიტუაციაში, საერთაშორისო, თუ შიდა დონეზე საქართველოს თითოეული მისი მოქალაქის პოზიციის სწორად დაფიქსირებისათვის.

ბიზნესი და პოლიტიკა დღეს  როგორც არასდროს ისეა ერთმანეთზე გადაჯაჭვული და ჩვენ პირდაპირ ვართ დაკავშირებულები იმ პროცესებზე, რაც დღეს მიდის ჩვენს მეზობელ ქვეყნებში და რა თქმა უნდა, თქვენთან ერთად ჩვენც კრიტიკულად და რადიკალურად ვგმობთ იმ აგრესიას, რომელსაც რუსეთი ჩვენი მეგობარი ქვეყნის მიმართ ახორციელებს. 

თქვენთან, როგორც პირველ ქალ პრეზიდენტთან შეხვედრა თითოეული ჩვენი წევრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.  გვინდა იცოდეთ, რომ არსებობს ჩვენი პლატფორმა, რომლის გამოყენებითაც ჩვენ შეგვიძლია ერთად ვიზრუნოთ და ვიმუშაოთ ეკონომიკური უსაფრთხოებისა და პოლიტიკის საკითხებზე“ - განაცხადა ფედერაციის თავმჯდომარემ ნინა კობახიძემ. 

შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე თბილისში, მაისში, პრეზიდენტის ინიციატივით, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე დაგეგმილ ქალ ლიდერთა საერთაშორისო კონფერენციას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქალი ლიდერები პოლიტიკის, ეკონომიკისა და კულტურის სფეროებიდან და  მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ქალების როლზე იმსჯელებენ. 

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე საქართველოდან გაკეთებული გზავნილი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. 

ნინა კობახიძემ ფედერაციის სახელით მხარდაჭერა გამოუცხადა ქალთა საერთაშორისო ფორუმს, როგორც ფინანსური კუთხით, ასევე მსხვილი და მაღალი დონის ინვესტორების მოწვევის მიმართულებითაც.

შეხვედრისას განხილული იქნა ასევე ევროკავშირში საქართველოს დაჩქარებული ინტეგრაციის საკითხი, როგორც ახალი შესაძლებლობის ფანჯარა და ჩვენი ქვეყნების მიმართ ევროპელი ლიდერების ახალი განწყობა.

პრეზიდენტმა სურვილი გამოთქვა, რომ ევროინტეგრაციის ეს დაჩქარებული პროცესი ერთგვარად ეროვნული თანხმობის პროცესის ნაწილი გახდეს და ამ პროცესში ხაზი გაუსვა  ქალ ბიზნესლიდერთა ფედერაცის ჩართულობის მნიშვნელობას.

 

სხვა სიახლეები