საქართველოს პრეზიდენტი, რუმინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ კონსტანცაში, საზღვაო პორტის აღმასრულებელ დირექტორს, ფლორინ ვიზანს შეხვდა, რომელმაც კონსტანცას პორტში უმასპინძლა.
შეხვედრისას ისაუბრეს რუმინეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებასა და საზღვაო-საბორნე გადაზიდვის ხაზების ჩამოყალიბების შესახებ. ამჟამად, საქართველოს მხოლოდ უკრაინასა და ბულგარეთთან აქვს პირდაპირი, რეგულარული საბორნე გადაზიდვები, თუმცა ევროკავშირთან ლურჯი საზღვრის არსებობის პირობებში, უმნიშვნელოვანესია საბორნე გადაზიდვები დაიწყოს რუმინეთის მიმართულებითაც.
როგორც საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ივანე აბაშიძემ განაცხადა, პრეზიდენტის ვიზიტი კონსტანცას პორტში მნიშვნელოვანია, რამდენადაც საქართველოსა და რუმინეთს შორის საზღვაო გადაზიდვებისა და საზღვაო კავშირების უზრუნველყოფა, ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
,,საქართველოს პრეზიდენტმა ვიზიტის ფარგლებში ხაზი გაუსვა საზღვაო სფეროში საქართველოსა და რუმინეთს შორის ფიზიკური კავშირების აუცილებლობას და ამ მიმართულებით ჩვენ ვგეგმავთ, რომ ძალიან მალე, ძალიან კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას და
თან ამ პროცესს ხელი შევუწყოთ ბათუმს, ფოთსა და კონსტანცას შორის საბორნე გადაჯდომის მიმართულებით. ეს მოიტანს მეტ ექსპორტს, მეტ კავშირს ევროკავშირთან, რამდენადაც, შავი ზღვა ჩვენსა და რუმინეთს შორის არის ლურჯი საზღვარი, რომელიც გვაერთიანებს ევროკავშირთან და ეს არის ერთადერთი პირდაპირი ფიზიკური კავშირი, რომელიც ჩვენ გვაქვს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან.
აქედან გამომდინარე, ჩვენი საბორნე მიმოსვლა, რომელიც იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში დაიწყება, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელი, რომელიც საქართველოსთვის და ზოგადად, მთლიანად სამხრეთ-კავკასიასა და შუა აზიისთვის იქნება მნიშვნელოვანი", - განაცხადა ივანე აბაშიძემ.