საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამოსცა განკარგულება ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრის ორ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის გამოცხადებისა და შესაბამისი საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ.
კონკურსი ცხადდება 2022 წლის აგვისტოში ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს ორი წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნული პოზიციებით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ 2022 წლის 26 ივლისის ჩათვლით საბუთები წარადგინონ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მისამართზე: ქ. თბილისი, ათონელის ქ. N25 (საფოსტო ყუთის მეშვეობით) ან გამოაგზავნონ ელ.ფოსტაზე: info@president.gov.ge
ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის" მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ"-,,ვ" ქვეპუნქტებისა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს და აქვს არანაკლებ 5 წლის შრომითი გამოცდილება.
ცესკოს წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ყოფილა საარჩევნო კომისიაში პარტიის მიერ დანიშნული წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან მისი წარმომადგენელი, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, აქვს არანაკლებ 5 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება და წარსადგენი დოკუმენტების სრული ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე: