პრეზიდენტი - მე ვრჩები თქვენს პრეზიდენტად! არ არსებობს ლეგიტიმური პარლამენტი, რომელიც აირჩევს ახალ პრეზიდენტს - ჩემი მანდატი გრძელდება მანამ, სანამ არ იქნება ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი, რომელიც ლეგიტიმურად აირჩევს პრეზიდენტს, ვინც უნდა შემცვალოს მე!

მოგესალმებით!

ძალიან მეამაყებით!

მეამაყება საქართველო!

შედგა ეროვნული თანხმობა მთავარ საკითხზე - არ შეიძლება ვინმემ წაართვას საქართველოს დამოუკიდებლობა, არ შეიძლება ვინმემ დააბრუნოს საქართველო რუსეთში, არ შეიძლება ვინმემ წაართვას საქართველოს ნება და ევროპული მომავალი.

ეს ეროვნული თანხმობა შედგა ყველგან, სადაც შეიძლებოდა და ყოველ წუთს ჩანს, რომ ეროვნული თანხმობა უფრო და უფრო ძლიერდება: საკმარისია ვახსენოთ, რომ თუნდაც დღეს დიპლომატიურ კორპუსში, ბიზნესში, ფოთის პორტში.... ყოველდღიურად ძლიერდება ეს ეროვნული თანხმობა. ეს არის ჩვენი ძალა!

მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ აქაც, პრეზიდენტთან, რომელიც დღეს ერთადერთი დამოუკიდებელი, ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი, რაც დარჩა ამ ქვეყანაში, აქაც შედგა ეროვნული თანხმობა. ჩემთან, ჩემს ირგვლივ, იმისთვის, რომ თქვენ გემსახუროთ ხვალ შეიკრიბება ერთი მხრივ საზოგადოება და მეორე მხრივ, პოლიტიკური პარტიები და ერთად ვმართავთ პროცესის იმ პოლიტიკურ ნაწილს, რომელსაც თქვენ მართავთ გარეთ, ქუჩაში და მართავთ ყველგან, სადაც ხართ, საზოგადოების სხვადასხვა სფეროში.

ჩვენ ერთად გავაკეთებთ ამ საქმეს, ჩვენ ერთად წარმოვადგენთ იმ მომავალს, რომელსაც ძალიან მალე მივაღწევთ ახალი არჩევნებით. ახალი საქართველო, რომელიც დაიბრუნებს თავის ევროპულ გზას, დამოუკიდებლობასა და რაც მთავარია თავისი განვითარების თავისუფალ გზას, რომელსაც არავის არ დავუთმობთ.

ხვალ ჩვენ კიდევ შევხვდებით. ხვალ ჩემთან ერთად იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც მე მოვიწვიე და რომლებთან ერთადაც ამ პოლიტიკური პროცესის სათავეში ვიქნები, რადგან მე ვრჩები თქვენს პრეზიდენტად. არ არსებობს ლეგიტიმური პარლამენტი, მაშასადამე, არალეგიტიმური პარლამენტი ვერ აირჩევს ახალ პრეზიდენტს; მაშასადამე, ინაუგურაცია ვერ იქნება და ჩემი მანდატი გრძელდება მანამ, სანამ არ იქნება ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი, რომელიც ლეგიტიმურად აირჩევს მას, ვინც უნდა შემცვალოს მე; მე ვარ და ვიქნები თქვენთან ერთად.