ძალიან მაგარია საქართველო და ძალიან მაგარია მისი საზოგადოება! არავინ არ არის მზად, შეეგუოს გარუსებულ საქართველოს, კონსტიტუციაწართმეულ საქართველოს, არალეგიტიმურ მთავრობისა და პარლამენტის ხელში მყოფ საქართველოს, ამიტომ ხართ დღეს ძალიან ბევრნი.
გიყურებთ, რუსთაველზე, გიყურებთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში: ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, ახმეტაში, ლაგოდეხსა და თელავში. არნახულია, რომ ასე ერთდროულად და სპონტანურად, ამ ფორმით, მშვიდობიანად, უაღრესად მშვიდობიანად გამოდიოდნენ საქართველოს მოქალაქეები.
უპირველესად, მინდა მივმართო სამართალდამცავებს, პოლიციელებს - ვიცი, რომ რაც შეუძლია ყველაფერს აკეთებს საპატრულო პოლიციას და მინდა, ამისათვის მადლობა ვუთხრა მათ.
მინდა მოგმართოთ დანარჩენებს - არ აწიოთ ხელი არც ახალგაზრდებზე და არც საქართველოს სხვა მოქალაქეებზე, თავი შეიკავეთ და თქვენი მოვალეობა დაიცავით. არაფერი არ ხდება არც რუსთაველზე, არც სხვა ქალაქებში რაც თქვენს ჩართულობასა და დარბევას საჭიროებს, ამიტომ ეს თქვენი პასუხისმგებლობაა, მხოლოდ თქვენი და თქვენი უფროსების. მათაც იფიქრონ ამაზე!
მინდა, ასევე, მივმართო ადამიანებს, ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენი დიასპორის წევრებს, რომლებიც სოლიდარობით გამოდიან ბერლინში, პარიზში, ვაშინგტონში, პოზნანში, ბრიუსელსა და სტრასბურგში.
ეს არის ძალიან დიდი მოძრაობა, რომელიც მოითხოვს, რომ ჩვენი საგარეო უწყება, ჩვენი დიპლომატიური კორპუსი გახდეს ამ პროცესის სრულიად თანამონაწილე და ნელ-ნელ ხდება კიდეც და ამ პროტესტსაც აქვს თავისი შედეგი. დღეს ვნახეთ, რომ უკვე საგარეო საქმეთა სამინისტროს 155 თანამშრომელი გაემიჯნა ჩვენს ახალ, პრორუსულ პოლიტიკას და გამოხატა თავის პროტესტი ხელმოწერებით, ასევე, გადადგა ჩვენი ელჩი ბულგარეთში და სხვებმა, ხუთ სხვა ქალაქში გამოხატეს ასევე, თავიანთი პროტესტი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, ევროკავშირის დედაქალაქებში, სადაც ისინი უნდა წარმოადგენდნენ საქართველოს ევროპულ მომავალს და არა დროებით, თუ ძალიან დიდი ხნით შეჩერებულ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს.
თავდაცვის სამინისტროში ორმოცზე მეტი თანამშრომელი ასევე შეუერთდა პროტესტს და ამის შესახებ განაცხადი გააკეთა, ესეც ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ მე, როგორც უმაღლესი მთავარსარდალი ვგულშემატკივრობ იმ მდგომარეობას, რომელშიც იმყოფება ჩვენი ჯარი, როცა მას ეუბნებიან, რომ ის ჩვენი პარტნიორები არ არიან სანდო პარტნიორები, შეურაცხყოფას აყენებენ ჩვენს პარტნიორებს, ეს კი მათთვის კიდევ უფრო მიუღებელია.
რაც ეხება უაღრესად მნიშვნელოვან სექტორს, განათლების სფეროს, იქ ოთხას ორმოცდაათზე მეტი თანამშრომელი უკვე შეუერთდა პროტესტს, რაც უკვე ძალიან მნიშვნელოვანი მონაცემია.
ჩვიდმეტი მოსამართლე და ორი რაიონული სასამართლოს მოსამართლე, ისინი გაემიჯნნენ კიდევ ერთხელ ამ პრორუსულ პოლიტიკას.
იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოდან ასზე მეტი თანამშრომელი, საკონსტიტუციო სასამართლოს თექვსმეტი თანამშრომელი, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ორმოცდაორი თანამშრომელი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სენატის ცხრა წევრი. ეს ძალიან დიდი მოძრაობაა, რომელიც დაწყებულია საჯარო სექტორში, სახელმწიფო სექტორში, რომელიც ნელ-ნელა მოიცავს მთლიანად საქართველოს. ეს იმას ნიშნავს, რომ იქ სადაც ყველაზე მეტად ემსახურებიან სახელმწიფოს, მის მომავალსა და ინტერესებს, იქ ეს პროტესტი გაჩნდა და აღარ გაჩერდება.
აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ ადამიანები, რომელიც იქ მუშაობენ მაინცდამაინც უნდა გადადგნენ. არა, ეს ადამიანები უნდა დარჩნენ თავიანთ ადგილას, რადგან ხვალაც ემსახურონ ქვეყანას და სახელმწიფოს, მაგრამ უნდა გამოთქვან თავიანთი პროტესტი.
მე დღეს შევხვდი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას და შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ვინც ამ საჯაროდ ნათქვამი პროტესტის გამო იქნებიან დასჯილნი, ეს ორგანიზაციები [სამართლებრივად] დაიცავენ მათ.
ასევე, დროებით შეჩერდა სასწავლო პროცესი რამდენიმე კერძო უნივერსიტეტში: ჯიპა, ბტუ, კავკასიის უნივერსიტეტი, სულხან-საბას უნივერსიტეტი, ალტერბრიჯი..
კიდევ მინდა ვახსენო და ეს ძალიან საყურადღებოა ჩემთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, პოლიტიკური პარტიებისთვის და ზოგადად, საზოგადოებისთვის, რომ გუშინდელი აქციის შემდეგ დაკავებულია 43 ადამიანი, ჩვენ ისინი არ გვავიწყდება, მათი ბედი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ეს მთელი ჩვენი საზოგადოების პასუხისმგებლობაა - მე ვგრძნობ პირადად ამ პასუხისმგებლობას.
ეს ძალიან დიდი აქციაა, რომელიც მოიცავს მთელ ქვეყანას. ეს არის ძალიან დიდი პროტესტი, რომელიც მოიცავს მთელ ქვეყანას. ჩვენ, ყველა, ამ პროტესტის ერთგული ვართ. ჩვენ ყველა ერთად ვართ ამ პროტესტში.
წინააღმდეგობის მოძრაობა დაწყებულია! დაწყებულია თქვენს მიერ, არავის მითითებით, არავის მოთხოვნით, სპონტანურად. ეს არის მშვიდობიანი და კონსტიტუციური წინააღმდეგობის მოძრაობა, რომლის მიმართაც მეც სოლიდარული ვარ. თქვენ გვერდით ვართ და ჩვენ ვართ ყველანი ერთად, სანამ საქართველო არ მიაღწევს თავის მიზანს, დაუბრუნდეს ევროპულ გზას, მიაღწიოს ახალ არჩევნებს და მიაღწიოს იმას, რომ მისი მიმავალი ერთხელ და სამუდამოდ იყოს დაცული.