საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა საზოგადოებას, საჯარო მოხელეებს, პოლიციას, ჯარს, ელჩებს: არ შეგუება, არ დანებება, წინააღმდეგობა! - მე ამის ერთგული ვიქნები ბოლომდე!

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების გადაწყვეტილების შესახებ პრემიერ - მინისტრის განცხადების შემდეგ, საგანგებო შეხვედრები ჩანიშნა დიპლომატიური კორპუსთან და ოპოზიციურ, პოლიტიკურ პარტიებთან. შეხვედრების შემდეგ კი, პრეზიდენტმა პარტიებთან ერთად საჯარო განცხადება გააკეთა:

,,მინდა მივესალმო ჩვენს საზოგადოებას, მესმის რა ემოციებით და რა განწყობებით ხართ დღეს, რადგან მეც და თქვენც ყველა იმავეს განვიცდით. დღეს წერტილი დაესვა იმ საკონსტიტუციო გადატრიალებას, რომელიც უკვე რამდენიმე კვირის, თუ თვის წინ დაიწყო.

დღეს წერტილი დაესვა მსვლელობას ევროპიდან რუსეთისკენ. ყველა, ვისაც რაღაც ეჭვი ჰქონდა, რომ შეიძლება მაინც სხვა ახსნა არსებობდა, დღეს ეს ყველა ეჭვი გაიფანტა. 

დღეს ამ არარსებულმა ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს ომი გამოუცხადა და არა მშვიდობა!  ომი გამოუცხადა საკუთარ წარსულს და საკუთარ მომავალს, ჩვენს და ჩვენი საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნის მომავალს, რადგან ამ გზაზე არ არსებობს არც საქართველოს სახელმწიფოებრიობა, არც მისი დამოუკიდებლობა, არც მომავალი, ამ გზაზე რუსეთია!

მე დღეს დავიბარე დიპლომატიური კორპუსი და ვუთხარი, რომ ცოტა დააგვიანეს შეფასებები, ელოდებოდნენ, რომ შეიძლება რაღაც მაინცაა დასამტკიცებელი. არაფერი აღარ არის დასამტკიცებელი და ეს კიდევ ერთხელ ვუთხარი მათ. ყველაფერი დამტკიცებულია, ყველაფერი ნათელია და თუ ვინმე ვერ და არ ხედავს, რომ ნათელია, ის მაინც უნდა დაინახოს, რომ პუტინმა, ამ ყველაფრის მიმართ, რამდენიმე წუთში გამოთქვა საკუთარი კმაყოფილება და ხელისუფლებას დაუფასა მორჩილება. ეს არის მტკიცებულება იმისა, რაც დღეს ხდება. 

დიპლომატებს მივმართე და ვთხოვე, რომ ახლავე მიიღონ ყველა ის გადაწყვეტილება, რაც ამდენ ხანს უნდა მიეღოთ და დაგვეხმარონ ჩვენი ხალხის ერთადერთ მოთხოვნაში - ახალი არჩევნების დანიშვნასა და ჩატარებაში. ეს არის ჩვენი გამოსავალი და ეს არის ის, რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით. ამიტომ მოვიწვიე პოლიტიკური პარტიები, სხვადასხვა მოძრაობა, ვინც შეძლო დღეს აქამდე მოსვლა. ვიცი, რომ ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია აქციებზეა, ხალხი ქუჩაში სპონტანურად გამოდის, მივმართე პოლიტიკურ პარტიებს, რომ ახლა აღარ არის დრო: მე ჩემი აზრი მაქვს, ჩემი გზა მაქვს, ჩემი ხედვა მაქვს, ჩემი სურვილები მაქვს - ეს ყველაფერი დამთავრდა! დღეს ამ გამოწვევის წინაშე - ან ერთად ვართ, ან არ ვიქნებით და ეს ჩვენი პასუხისმგებლობა იქნება! 

მე ამათთან და თქვენთან ერთად ვიქნები, იმდენად რამდენადაც იქნებიან ერთიანნი და მიიღებენ ერთად კოორდინირებულ გადაწყვეტილებებს. 

არავინ სთხოვს პოლიტიკურ პარტიებს, უცებ გახდნენ ერთი პარტია, ეს ღმერთმა გვაშოროს, აღარ გვინდა ერთპარტიული სისტემა და ამას ჩამოვშორდებით საბოლოოდ, მაგრამ დღეს გვჭირდება გონივრული კოორდინირებულად მიღებული გადაწყვეტილებები.  ეს არის წინააღმდეგობის მოძრაობა და მე ვიქნები პრეზიდენტი ბოლომდე. დღეს მე ვარ ერთადერთი, ლეგიტიმური ინსტიტუტი ამ ქვეყანაში, მე ვარ ამ ქვეყნის ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი, მე ვარ ერთადერთი, რომელსაც ჩვენი საზოგადოების სახელით, უფლება აქვს დაელაპარაკოს მსოფლიოს, მე ამას ვაპირებ, ბოლომდე აქ ვიქნები, თქვენთან და საზოგადოებასთან ერთად ვიდგები აქ. 

მინდა მივმართო საზოგადოებას, მინდა მივმართო საჯარო მოხელეებს: დროა, თქვენი გადაწყვეტილება მიიღოთ. დროა, იფიქროთ, რა მომავალს უტოვებთ თქვენს შვილებს. დროა იფიქროთ, რა რეპუტაციას უტოვებთ თქვენს შვილებს, რას იფიქრებენ ისინი ხვალ და ზეგ, როცა თქვენს მიერ შექმნილ ამ შედეგში იცხოვრებენ. 

მესმის, რომ ძალიან რთული პირობებია, ვითომცდა ეკონომიკურად მზარდ ქვეყანაში, ძალიან რთულია, ვიცით რა პირობებში ცხოვრობენ ადამიანები, მაგრამ ღირსება, ქვეყანა და სამშობლო უფრო მნიშვნელოვანია.

მინდა მივმართო ელჩებს, ერთხელ უკვე მოგმართეთ - დღეს რაღას აკეთებთ, ვის ემსახურებით, რას ემსახურებით, სად ხართ, წარმოგიდგენიათ რა აბსურდში ცხოვრობთ? თქვენ არ გიჭირთ იქ ცხოვრება, თქვენ გაქვთ დანაზოგებიც, ყველაფერი გაქვთ და იფიქრეთ:- რომელ ქვეყანას, რუსეთს გინდათ ემსახუროთ? თუ ჩვენ, ყველამ, ჩვენს ადგილას ხმა არ ამოვიღეთ, ხვალ აქ რუსეთი იქნება!

მინდა მივმართო პოლიციას, ნამდვილ პოლიციას, იმ პოლიციას, რომელიც ემსახურება სახელმწიფოს: თქვენ, სახელმწიფოს გარეშე არაფერი ხართ, თქვენი მოვალეობა ამ სახელმწიფოში მოქალაქეების დაცვაა და არა მონების და არა რუსების და არა უცხოელების და არა მოღალატეების. ასე რომ, თქვენც აიღეთ თქვენს ხელში ის, რაც თქვენი გადასაწყვეტია.

მინდა მივმართო ქართულ ჯარს, მინდა მივმართო იმ ჯარს, რომელსაც დღეს ყველა მეტად სტკივა გული, რომელსაც დღეს არანაირი მოქმედება არ შეუძლია და არც ევალება, მაგრამ ის ყველაზე ერთგულია ამ ქვეყნის, ჯარს ყველაზე მეტად სტკივა გული, რომ ეს ქვეყანა იმ რუსეთს უბრუნდება, რომლიდანაც ძლივძლივობით გამოვედით, დავამტკიცეთ ჩვენი დამოუკიდებლობა. ამ სასახლეში გამოფენილია ჩვენი ეროვნული გმირების პორტრეტები, ეს გმირები იქნებიან აქ და ვერავინ ვერ ჩამოხსნის მათ, ისევე, როგორც ვერავინ წაგვართმევს ჩვენს დამოუკიდებლობას.

მოგმართავთ ყველას, ვინც დღეს სახლში ხართ, ვინც ქუჩაში ხართ - არ დაკარგოთ იმედი, არავინ გაბედოს და არ ჩაგიკლათ დღევანდელი პროტესტი. როგორი იქნება ეს პროტესტი სამართავია მომავალ დღეებში, ეს ამ დღეებში საზოგადოების, ამ გაერთიანებული ძალების ერთობლივად გადასაწყვეტია.

არ შეგუება, არ დანებება, წინააღმდეგობა და მე ამის ერთგული ვიქნები ბოლომდე, როგორც თქვენ!

დიდი მადლობა!"