ამ საღამოს მინდა მოგესალმოთ დიდი სიყვარულითა და დიდი ემოციით. დღევანდელი დღე საქართველოს ისტორიაში ძალიან დასამახსოვრებელი დღე იქნება ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის.
დღეს დაიბადა ჩემი შვილიშვილი- გაბრიელი და ალბათ, ყველაფერი ამ ცხოვრებაში ნიშანია. ნიშანი იმისა, რომ მოდის ახალი მომავალი, მოდის ახალი საქართველო. ის საქართველო, რომელიც დღეს დგას ჩემს წინ არის თავისუფალი საქართველო. აქ არავინ არ არის ძალით მოსული, არავინ არ არის მოსული იმიტომ, რომ არმოსვლის შემთხვევაში სამსახურს დაკარგავს. არავინ არ არის მოსული არც ერთი სტუდენტი იმიტომ, რომ უთხრეს რომ თუ არა სტიპენდიაც არ გექნება. არაფერია იმაზე ძვირფასი, ვიდრე თავისუფლება.
არაფერი არ არის უფრო ძვირფასი, ვიდრე თავისუფლება და მშვიდობა.
დღეს აქ შეკრებილია საზოგადოება, ის პიროვნებები, ის ქართველები, რომლებიც მშვიდობიანად, ღირსეულად და ქართულად შედიან ევროპაში.
დღეს აქ დგას ხვალინდელი საქართველო, დღეს აქ დგას გუშინდელი საქართველო, ოღონდ არა ის გუშინდელი, საბჭოთა კლანჭებში ჩაძირული საქართველო, არამედ ის თავისუფალი, ჩვენი წინაპრებისა და ჩვენი ღირსეული ისტორიის საქართველო. ის საქართველო და ეს საქართველო ერთია და ორივე ერთად შევა ევროპაში.
მინდა აქედან მივმართო მაია სანდუს. მაია, დღეს იმედი მაქვს იქნება შენი გამარჯვების დღე და ევროპული რეფერენდუმის გამარჯვების დღე. ჩვენ ერთად შევალთ ევროპაში!
მინდა აქედან მივმართო ვოლოდიმირ ზელენსკის და ვუთხრა, რომ ჩვენ ვიცით, რომ ის ჩვენთვის იბრძვის და იქნება გამარჯვებული და ერთად შევალთ ევროპაში.
მინდა მივმართო ჩვენს პარტნიორებს, ევროპელებს თუ ამერიკელებს და ვუთხრა, რომ ჩვენ ვიქნებით ისეთი პარტნიორი და ისეთი მოკავშირე, როგორიც არც დასიზმრებიათ, როცა შევალთ ევროპაში და ჩვენ შევალთ ევროპაში! და არ მინდა თქვენგან ამ დღეებში გავიგო ,,თუ" ან ,,რომ". ყველაფერი ნათელია, საქართველო უკვე გამარჯვებულია! გამარჯვებულია მისი მომავალი! მადლობა თქვენ!